რას წარმოადგენდა ოპერაცია „ტბა“, რომელშიც მარშალი ბერია პირადად მონაწილეობდა #2
საგულისხმო ფაქტია, რომ ლავრენტი ბერიას ურთულეს ოპერაციებში მონაწილეობა იტაცებდა და მთავრობის უმაღლეს პოსტებზე ყოფნის დროსაც, უშუალოდ არაერთ მისიაში მიუღია მონაწილეობა. ისტორიკოსი მარია კაზაკოვა წერს: „ჯერ კიდევ აზერბაიჯანის „ჩეკაში“, შემდგომ კი საქართველოს „ჩეკას“ მაღალ პოსტებზე ყოფნისას გაითქვა სახელი ბერიამ, როგორც უშიშარმა ადამიანმა, რომელიც რიგითი ოპერატიული თანამშრომლის სამუშაოსაც არ თაკილობდა და მხარში ედგა თავის ხელქვეითებს ურთულესი და ძალიან სახიფათო დავალებების შესრულების დროს.
1945 წლის ნოემბერში, როდესაც ბერია უკვე საბჭოთა კავშირის მარშალი იყო, ჩატარდა უნიკალური ოპერაცია, სახელწოდებით „ტბა.“ მასში პირადად მონაწილეობდა ლავრენტი ბერია. 2014 წელს განსაიდუმლოებულ „ენკავედეს“ არქივებში ვკითხულობთ, რომ შვეიცარიის მიუვალ ალპებში, 19-21 ნოემბერს ჩატარდა ოპერაცია „ტბა“, რომლის დამგეგმავი და ერთ-ერთი უშუალო შემსრულებელი ლავრენტი ბერია გახლდათ. ბერიას საქმეზე დახვრეტილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალ-ლეიტენანტი პავლე მეშიკი ასეთ ჩვენებას იძლეოდა ბერიას ფალსიფიცირებული სასამართლო პროცესის დახურულ სხდომაზე: „ლავრენტი პავლოვიჩმა 9 ნოემბერს თავის კაბინეტში გამომიძახა და მითხრა:
– პაველ, შენი ყველგანმავალი არწივი-ოფიცრები მოამზადე. ათ დღეში ძალიან საპასუხისმგებლო ზესაიდუმლო მისიის შესრულება მოგვიწევს შვეიცარიის ალპებში და მეც გეახლებითო.
შემდეგ ბერიამ განმიმარტა, რომ მას აქვს უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ კონკრეტულად სად გადამალეს ომწაგებულმა ფაშისტებმა მთელი თავიანთი ნახაზები, რომლებიც სარაკეტო მშენებლობას ეხებოდა. ასევე, უმაღლესი ხარისხის, კომპაქტური პოლიგრაფიული დანადგარები; განსაკუთრებული ხარისხის ქაღალდი და მისი დამზადების ტექნოლოგიის აღწერა, რითაც ფაშისტები ამერიკულ დოლარსა და ბრიტანულ გირვანქა სტერლინგს ბეჭდავდნენ 1942 წლიდან. ეს ყალბი ფული კი იმდენად მაღალი ხარისხის იყო, რომ ნამდვილისგან არაფრით გამოირჩეოდა და შესაძლებელი ხდებოდა, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში ფულის მასის შეტანით, ეკონომიკური დივერსია მოეწყოთ ამ ქვყნებისთვის. სწორედ ეკონომიკური დივერსიისთვის სჭირდებოდა ბერიას ეს დაზგები. თავად კი იმიტომ მონაწილეობდა ამ ზესაიდუმლო ოპერაციაში და მე და სხვა ჩემი კოლეგებიც იმიტომ ჩაგვრთო მასში, რომ გვენდობოდა, იცოდა, ინფორმაცია არსად გაჟონავდა. ჩემი აზრით, თავად სტალინიც არ იყო ინფორმირებული ამის შესახებ. 19-21 ნოემბერს, მეტყევეებისა და სამთო ტურისტების საფარით, ოთხი ათ-ათკაციანი ჯგუფი მიუვალ მარშრუტს შევუდექით და კლდეებს შორის ჩაკარგული ტბის გამოქვაბულებიდან, ზემოხსენებული ნახაზებისა და დაზგების გარდა, ფაშისტების მიერ გადამალული, თხუთმეტი მხატვრული ტილო-შედევრი ჩამოვიტანეთ ბარში. მათ შორის იყო და ვინჩის, მიქელანჯელოსა და ტიციანის ნახატები...“
ოპერაცია „ტბა“ ლავრენტი ბერიამ ფაშისტი გენერლის, რუდოლფ ფონ შრაივერის ინფორმაციის საფუძველზე ჩაატარა. სწორედ შრაივერი იყო იმ ოპერაციის ხელმძღვანელი, რომლის შედეგადაც, ყველა ეს ნივთი ტბის გამოქვაბულში გადამალეს. „რაიხის“ უმაღლეს ხელმძღვანელობასთან შეთანხმებისამებრ, შრაივერს თავის ოცეულთან ერთად, თავი უნდა აეფეთქებინა, რათა საიდუმლო არ გამჟღავნებულიყო. ფაშისტმა გენერალმა კი მხოლოდ საკუთარი ჯარისკაცები გაწირა და ისინი მთიან ბილიკზე მიმავალ მანქანაში ააფეთქა. თავად კი გამოიქცა და მიმალვა სცადა. თუმცა, ის საბჭოთა ქვედანაყოფმა „სმერშმა“ (სიკვდილი შპიონებს) შეიპყრო და მხოლოდ იმიტომ არ დახვრიტეს, რომ დაჟინებით ითხოვდა ბერიასთან შეხვედრას, მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ბერია ფონ შრაივერს შეხვდა და დაჰპირდა, რომ თუკი მისი ინფორმაცია სიმართლე იყო, არ დახვრეტდა. 22 ნოემბერს შვეიცარიის ალპებიდან დაბრუნებულმა ბერიამ კი, ფაშისტი გენერლის სასწრაფო ლიკვიდაციის ბრძანება გასცა, რაც „ლუბიანკის“ ჯურღმულებში სისრულეში მოიყვანეს.
1945 წლის 28 ნოემბერს, ლავრენტი ბერიას ძალისხმევით, „ლუბიანკის“ მიწისქვეშეთის ორ სართულზე უკვე ყალბი ფულის საბეჭდი და სპეციალური ქაღალდის დამამზადებელი საამქროები იყო მოწყობილი, სადაც დიდი რაოდენობით უმაღლესი ხარისხის ყალბ დოლარსა და გირვანქა სტერლინგს ბეჭდავდნენ. საამქროებში სპეციალურად შერჩეული პატიმრები მუშაობდნენ, რომლებიც, ფაქტობრივად, განწირულები იყვნენ. ყველა მათგანი (სულ 86 ადამიანი) მოგვიანებით, უკვე ხრუშჩოვის მთავრობამ დახოცა, რომ ყალბი ფულის საიდუმლო არ გამჟღავნებულიყო. ბერიასთან ერთად დახვრეტილი „ენკავედეს“ საგამომძიებლო ნაწილის უფროსი, ლევ ვლოდზიმირსკის ჩვენებიდან: „რადგან ბერია ძალიან მენდობოდა, 26 ნოემბერს მან კაბინეტში დამიბარა და მითხრა:
– ლევ ემილიანოვიჩ, შენთან საიდუმლო საქმე მაქვს, რომელიც პირადად უნდა შეასრულო.
– გისმენთ, ლავრენტი პავლოვიჩ, ბრძანეთ, – მივუგე მე.
ბერიამ დამავალა, რომ უშიშროების ხაზით გასამართლებულ პირებში უმაღლესი ხარისხის პოლიგრაფები მომეძებნა. მათი საქმეები არქივიდან ამომეღო და ეს ხალხი გენერალ კრასინისთვის გადამეცა, რომელიც ყალბი ფულის ბეჭდვას უძღვებოდა. თავად კი ოცდათხუთმეტი ადამიანის სია გადმომცა და მათი დაპატიმრება და ასევე, კრასინისთვის გადაცემა დამავალა. საერთო ჯამში, ოთხმოცდაექვსი ადამიანი მოგროვდა.“
ლავრენტი ბერიას უშუალო დავალებით, გენერალ-მაიორმა ივანე კრასინმა ლუბიანკის ლაბორატორიებში 4 მილიარდი დოლარი და 3 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დააბეჭინა თავის ხელქვეითებს. ბანკნოტებს ჯერ აძველებდნენ და ნახმარის სახეს აძლევდნენ, შემდეგ კი, დიპლომატებს, სავაჭრო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და საბჭოთა არალეგალ მზვერავებს აძლევდნენ. რა თქმა უნდა, არცერთმა მათგანმა არ იცოდა, რომ ყალბი ბანკნოტები ჰქონდა და შვიდი წლის განმავლობაში ერთი ყალბი ბანკნოტიც არავის გამოუაშკარავებია. ამგვარად, ეგრეთ წოდებულმა „ბერიას ბანკნოტებმა“ თავისი მისია შეასრულა და ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბრიტანეთს საკმაო ზიანი მიაყენა. ეს პროცესი 1953 წელს, ბერიას დაპატიმრებასთან ერთად შეწყდა. 86 ადამიანი და ორივე საამქრო, თავის მოწყობილობებიანად, გაანადგურეს. სამაგიეროდ, ბრწყინვალედ ვითარდებოდა საბჭოთა სარაკეტო მრეწველობა, რომელიც ასევე, ოპერაცია „ტბის“ შედეგად მოპოვებული ნახაზების მიხედვით ჩამოყალიბდა და ესეც ბერიას დამსახურება იყო. ნიკიტა ხრუშჩოვმა კი ის თვითონ მიიწერა – არც ბერია იყო ნახსენები და არც ფაშისტური ნახაზები, ურომლისოდაც არც საბჭოთა კოსმონავტიკა განვითარდებოდა და არც რაკეტმშენებლობა.
ბერია რომ ჰუმანისტი არ იყო, დიდი საიდუმლო არ არის, თუმცა, სწორედ ბერიას დამსახურებაა, რომ საბჭოთა კავშირი უძლიერეს სამხედრო „დერჟავად“ ჩამოყალიბდა მსოფლიოში“.