რაზე მიანიშნებს ახალი წლის დღეებში მინის ჭურჭლის გატეხა და რისი კეთება გვეკრძალება ძველით ახალი წლის ღამესა და 19 იანვარს #2
ახალი წლის საზეიმო დღეები ყველასთვის გამორჩეულია. ამბობენ, ამ პერიოდში ჩათქმული სურვილები და ოცნებები აუცილებლად ხდებაო. თუმცა, ამ დღეებში, გარკვეულ აკრძალვებსაც აქვს ადგილი. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ პარაფსიქოლოგები და ბიოენერგეტიკოსები – გვაფრთხილებენ და რეკომენდაციებსაც გვაძლევენ. გავითვალსიწინებთ თუ არა, ეს მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული. თუ რისი გაკეთება გვეკრძალება ძველით ახალი წლის ღამეს და 19 იანვარამდე პერიოდში და როგორ გავხადოთ ჩვენი ცხოვრება სასიამოვნო პატარა ეზოთერიკულ-პარაფსიქოლოგიური ეშმაკობებით, ამაში პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ნაზის რჩევები დაგვეხმარება.
ნაზი: დამეთანხმებით, ყოველი ჩვენგანის ცხოვრება და ყოველდღიურობა სიურპრიზებითაა სავსე. თუმცა, ყველა თავისებურად მსჯელობს და ინდივიდუალურად უდგება იმ სასწაულებს, რაც მართლა ხდება ირგვლივ. ეზოთერიკული წეს-ჩვეულებების გათვალისწინება ახალი წლის დღეებში აუცილებელია. 19 იანვრამდე დედამიწაზე ძლიერი მაგიური ტალღები მოდის, რაც ადამიანის ბედ-იღბლის ცვლილებას განაპირობებს. თუ ამას გაითვალისწინებთ და ჩემს ნათქვამსაც დაიჯერებთ, მაშინ, შეგიძლიათ, თქვენი ყოფა, მთელი წლის განმავლობაში სასიკეთოდ შეცვალოთ. ოჯახის კეთილდღეობის, ადამიანებთან ურთიერთობის შესანარჩუნებლად, საქმესა და კარიერაში წარმატებისთვის, წვრილმან დეტალსაც კი მნიშვნელობა უნდა მიანიჭოთ. არ გამოგრჩეთ ის, რამაც შეიძლება თქვენი ცხოვრება უარესობისკენ შეცვალოს. ახლა ის დღეები დგას, როცა თითოეულ მოქმედებას და სიტყვას კონტროლი უნდა გაუწიოთ, რადგან 19 იანვრამდე საკმაოდ ძლიერ მუხტშია დედამიწა მოქცეული. ამ დროს თითოეული ჩვენგანის ბედ-იღბლის შეცვლა, როგორც უკეთესობის, ისე უარესობისკენ, საკმაოდ ადვილია. ახალი წლის დღეებში ბევრი სტუმარი შემოდის სახლში. ეს კი ბინის აურაზე მოქმედებს და თუ არ გაწმინდეთ ის უარყოფითი და ეგრეთ წოდებული, ჭუჭყიანი ენერგიებისგან, ამან შეიძლება, მთელი წელი პრობლემები შეგიქმნათ. მაგალითად, მინის ჭურჭელი ადვილად იღებს თვალს და თუ გატყდა ან გაიბზარა, ჩათვალეთ, რომ მან უარყოფითი ძალის შემოტევას ვერ გაუძლო, ცუდი ენერგეტიკა მოერია და „თავი მოიკლა”. გატეხილი ჭურჭლის ნატეხები, გაბზარული თეფში ან ჭიქა, სასწრაფოდ უნდა გაიტანოთ გარეთ და გადაყაროთ. არამც და არამც არ ჩაყაროთ ის სახლში დადგმულ ურნაში. ასევე, სტუმრების წასვლის შემდეგ, ბინა აუცილებლად დაალაგეთ სველი წესით და დასვრილი ჭურჭელიც გარეცხეთ. დილამდე მათი გაჩერება, კიდევ უფრო დაამძიმებს სახლის აურას. აქვე, იმასაც გეტყვით, რომ აუცილებელია, ყველა ოჯახში იდგას გამჭვირვალე ვაზა, რომელშიც ჩაყრილი იქნება შაქარი, ბრინჯი, ხურდა ფული და ვარდის ფურცლები. შაქარი სიტკბოა, ბრინჯი – დოვლათი და ბარაქა, ხურდა ფული – სიმდიდრე, ვარდის ფურცლები კი – სიყვარული. ყველაფერი ერთმანეთში არეული მინის ჭურჭელში ჩაყარეთ და სახლში დადგით. ეს შესაძლებლობას მოგცემთ, ყველა სფეროში წარმატებას მიაღწიოთ. ასევე, მოასწარით და 14 იანვრამდე გადაყარეთ ყველა უსარგებლო ნივთი ოჯახიდან, რომ მთელი წელი გათავისუფლდეთ ძველისგან და სასიკეთო ცლილებები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში.
– ბევრისგან მსმენია, ყველაფერი მაქვს, მაგრამ სიყვარულში არ მიმართლებსო. ამის გამოსასწორებლად თუ არის ეს პერიოდი კარგი და რა უნდა მოიმოქმედონ?
– არ არსებობს სიყვარულში წარუმატებელი ადამიანი. სიყვარულში გამართლება ნებისმიერს ელის, თუ ჭკუით იმოქმედებს. თუ სამსახურიც იშოვე, კარიერაც ააწყვე და ფულიც გაქვს, მაშინ სიყვარულში რა ხდება? პირადი ცხოვრების მოწყობა ისევეა შესაძლებელი, როგორც სხვა დანარჩენის. მაგრამ, თუ მაინც არ გიმართლებთ და გინდათ, ამ მხრივაც წაიწიოთ წინ, მაშინ ერთ პატარა წესს გასწავლით, რომელიც აუცილებლად გაჭრის. მოკლედ, 14 იანვარს, აიღეთ პატარა, წითელი ქსოვილი და შეკერეთ ტომსიკა. მასში ჩადეთ გიშრის ქვა და თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მფარველი ხის მერქნის პატარა ანათალი. ატარეთ ის მუდამ თან. გიშრის ქვა ცუდი თვალისგან დაგიცავთ, წითელი ტომსიკა სასურველი სასიყვარულო-რომანტიკული სიტუაციების მოზიდვაში დაგეხმარებათ, ხოლო თქვენი ხის მფარველობა, ბედის ხაზს გაგიხსნით. ეს მეთოდი არაერთმა სცადა და ბედსაც ეწია. ამან შეიძლება, დღეს და ხვალ არ გაჭრას, მაგრამ ზეგ, აუცილებლად მოგიტანთ სიკეთეს სიყვარულში. გულით და რწმენით ატარეთ ის და ბედი აუცილებლად გაგიღიმებთ.
– გამიგია, რომ ძველით ახალ წელს, არ შეიძლება გარკვეული მოქმედებები. ამაზე რას გვეტყვით?
– თუ გინდათ, მთელმა წელმა კარიერაში წარმატებულად და პრობლემების გარეშე ჩაიაროს, 14 იანვარს, ანუ ძველით ახალ წელს, შეხვდით ახალი ფეხსაცმლით. თუ სიყვარულში გინდათ გაგიმართლოთ, წითელ ფერებში გამოეწყვეთ, ხოლო, თუ ოჯახური იდილია გსურთ, მაშინ იისფერ ფერებში მორთეთ სახლი. ასევე, ძველით ახალ წელს არ დააკეროთ ტანსაცმელზე ღილი და არ დაკემსოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი წელი პრობლემები არ აგცდებათ. სურვილის ჩაფიქრებისას ნუ გამოიყენებთ ნაწილაკს „არ”: მაგალითად, იმის მაგივრად, რომ ჩაიფიქროთ „არ გავხდეთ ავად”, ჩაიფიქრეთ „ვიყოთ ჯანმრთელნი”. ძველით ახალ წელს, ზუსტად 12 საათზე, თავზე ხელი გადაუსვით ბავშვს და სურვილი ჩაუთქვით. ის აუცილებლად აგიხდებათ. იმისათვის კი, რომ დამდეგ წელს თავიდან აიცილოთ ზარალი, 14 იანვარს არ დაგავოთ სახლი და არ გადაყაროთ ნაგავი. 19 იანვრამდე ვალი არ აიღოთ და არც თავად გაასესხოთ ფული, თორემ მთელი წელი ფინანსური პრობლემები გექნებათ. ნუ შეხვდებით ძველით ახალ წელს ცარიელი ჯიბით – აუცილებლად გედოთ ფულის რომელიმე კუპიურა. ალბათ, ის, რაზეც მე ვისაუბრე, ბევრმა არ იცოდა. ჰოდა, ადამიანები იმისთვის ვართ დაბადებული, ერთმანეთს დავეხმაროთ, ცოდნა და გამოცდილება გავუზიაროთ. ამით კი ხელი შევუწყოთ ჩვენსავე მომავალს და გარშემო მყოფების ცხოვრებაც სასიკეთოდ შევცვალოთ. როცა ჩემს გამოცდილებასა და ეზოთერიკულ თუ პარაფსიქოლოგიურ ცოდნას სხვებს ვუზიარებ, ვხვდები, რომ ამით მათთვის სიკეთე მომაქვს, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს. ზოგადად, 14-დან 19 იანვრის ჩათვლით, უდიდესი პოზიტიური ენერგია მოდის და ეს ენერგია თქვენს სასიკეთოდ უნდა გამოიყენოთ. რასაკვირველია, ეს გაგიჭირდებათ, თუ არ იცით, როგორ მოიქცეთ და რა გააკეთოთ. თუ ამ დროს არ დაიზარებთ, შეასრულებთ გარკვეულ წესებს და ამას მთელი მონდომებით გააკეთებთ, მერწმუნეთ, უახლოეს მომავალში წარმატებებს ადვილად და იოლად მიაღწევთ.