კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი #2

საიდან ჩნდება ცოდვა
„დასაბამი ცოდვისაი არს ამპარტავანებაი“ (ზირ. 10,15), პირველი შინაგანი აზრი და მოძრაობა ბოროტებისკენ. თუმცა, შესაძლოა, ამპარტავნება იყოს ბოროტების ფესვი და ფუძეც. ვეცადოთ, განვეშოროთ ყველაზე დამღუპველ ვნებას – ამპარტავნებას, რათა ეშმაკის ტოლი განკითხვა და ისეთივე სასჯელი არ დავიტეხოთ თავს, არც მისი ტანჯვის თანაზიარნი გავხდეთ. რამეთუ, რამდენი კეთილი საქმეც არ უნდა აღვასრულოთ, ეს მანკიერება (ამპარტავნება) არ აძლევს მას ჩვენში მყარად დამკვიდრების საშუალებას, არამედ, რაღაც ფესვის მსგავსად, აბრკოლებს ის მტკიცე არსებობას. ეს შემდეგი მაგალითიდანაც ჩანს: გაიხსენე, რა საქმეებს სჩადიოდა ფარისეველი, მაგრამ ყოველივე ამან მას იოტისოდენა სარგებლობაც ვერ მოუტანა, რამეთუ არ აღმოფხვრა ფესვი, რომელმაც მოსპო კიდევაც ყველაფერი. ამპარტავნებისგან მოდის გლახაკთა უგულებელყოფა, ფულის სიყვარული, მთავრობისმოყვარება (ხელისუფლების მოყვარეობა) და დიდებისმოყვარება. ამპარტავანი მიდრეკილია შურისძიებისკენ, რამეთუ არ ძალუძს გულგრილად დაითმინოს წყენა არც მასზე მაღლა, არც მასზე დაბლა მდგომთაგან. ვისაც ამის უნარი არა აქვს, ვერც უბედურების გადატანას შეძლებს. რაკი ღმერთს უყვარს შემუსრვილი სული, ამპარტავნებს, პირიქით, წინ აღუდგება, მდაბალთ კი, თავის მადლს ანიჭებს. ამრიგად, არ არსებობს ამპარტავნების ტოლი ბოროტება. ადამიანს ის უტიფარ, ღმრთისმგმობ, ფიცის გამტეხ დემონად აქცევს და კაცის კვლის სურვილს აღძრავს მასში. ამპარტავანი ყოველთვის რაღაც წუხილს ჰყავს შეპყრობილი. სულ რაღაც სწყინს, რაღაცაზე ჩივის. მის ვნებას ვერაფერი აკმაყოფილებს. თუნდაც დაინახოს, რომ მეფე თავს იმცირებს მის წინაშე, თაყვანს სცემს და მოწიწებით ქედს უხრის, ესეც კი არ დააცხრობს, არამედ უფრო მეტად აღაგზნებს მის ვნებას. ასევეა, ხომ ვერცხლისმოყვარეც: რაც უფრო მეტს იძენს, მით უფრო მეტის მოხვეჭა სწყურია და ამპარტავანიც, რაც უფრო მეტ პატივს მიაგებენ, მით უფრო მეტად ესწრაფვის მას. მისი ამპარტავნება განუხრელად იზრდება: იმიტომაც არის ვნება, რომ არა აქვს საზღვარი – ის მხოლოდ მაშინ ცხრება, როდესაც ბოლოს მოუღებს მას, ვის სულსაც დაეპატრონა. განა ვერ ხედავ, რომ ის ადამიანები, ვისაც ეგრეთ წოდებული მგლის მადა აქვს, მუდამ დამშეულნი არიან? რამეთუ ეს, ექიმების მტკიცებით, არის ვნება, რომელიც ბუნებრივ საზღვრებს სცდება. სწორედ ასევე, ის ადამიანები, რომლებსაც მეტისმეტად მჩხრეკელი გონება აქვთ და სამეცნიერო კვლევისკენ არიან მიდრეკილნი, ვერ ახერხებენ შეჩერებას, რაც არ უნდა უზარმაზარ ცოდნას ფლობდნენ, რადგან ამ ვნებას არა აქვს საზღვარი. არც სიძვის ვნებით შეპყრობილთ ძალუძთ თავიანთი სურვილების მოთოკვა, რამეთუ ეს არის ვნება. იმასაც ვიტყვით, რომ თუმცა ვნებები ერთგვარი სნეულებაა, მაგრამ მათი განკურნება სრულიადაც არ არის შეუძლებელი. პირიქით, მათი წამლობა შესაძლებელია და კიდევ უფრო მეტადაც, ვიდრე ხორციელ სნეულებათა, თუკი მოვინდომებთ, დიახაც ძალგვიძს მათი ჩაქრობა.

როგორ გავიგოთ ფრაზა: „სიმდაბლე უპირატესობას მოყვასს ანიჭებს“
დიდი ბოროტებაა, როდესაც ჭეშმარიტ სარგებლობას კი არა, პირველობას ვესწრაფვით. ნურასდროს მოვინდომებთ პირველობას, არამედ მივდიოთ ნეტარი პავლეს რჩევას, რომელიც ამბობს: „ძმათმოყვარეობითა ურთიერთას მოწლედ (მოწყალებით, სიყვარულით) მოსურნე იყვენით: პატივისცემასა ურთიერთსა უსწრობდით“ (რომ. 12.10), და ვეცადოთ, დავიმდაბლოთ თავი. რამეთუ სწორედ ეს ანიჭებს ადამიანს პირველობას, როგორც მაცხოვარმა თქვა: „ყოველმან, რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, ამაღლდეს“ (ლკ. 14,II). ჭეშმარიტი სიმდაბლე ის არის, როდესაც  ვუთმობთ მათ, ვინც ერთი შეხედვით, ჩვენზე დაბლა დგას და უპირატესობას ვანიჭებთ მათ, ვინც ჩვენზე უარესი ჩანს. თუმცა, თუ განსჯის უნარს მოვუხმობთ, არც არავის მივიჩნევთ ჩვენზე უარესად, არამედ ყოველ ადამიანს ჩვენზე უკეთესად ვაღიარებთ. ამას საკუთარ თავზე კი არ ვამბობ, ვინც უთვალავ ცოდვაში ვარ ჩაძირული – არა, დაე, მან, ვინც თავის თავში აურაცხელ სათნოებას ხედავს, იცოდეს, რომ თუ თავს ყოველ ადამიანზე უარესად არ მიიჩნევს, ყველა მისი ღირსება არავითარ სარგებლობას არ მოუტანს, რამეთუ სიმდაბლე სწორედ ის არის, როდესაც მავანი, ვისაც აქვს სიამაყის მიზეზი, თავს იმდაბლებს, არარად აგდებს და თავმდაბლად იქცევა.
სწორედ მაშინ აღწევს ის ჭეშმარიტ სიმაღლეს, როგორც უფალმა აღგვითქვა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თვისი, ამაღლდეს“. მართლაც, არაფერს მოაქვს სულისთვის ისეთი სიმშვიდე და სიმყუდროვე, როგორიც თვინიერებას და თავმდაბლობას. ეს სიკეთე კი მისი მფლობელისთვის ყოველგვარ დიადემაზე უფრო ძვირფასია და ყოველგვარ დიდებასა და ბრწყინვალებაზე უფრო სასარგებლო. რამეთუ ვინ შეიძლება, იყოს უფრო ნეტარი, ვიდრე შინაგანი ბრძოლისგან თავისუფალი კაცი? თუნდაც ამა სოფლის ყველა სიკეთეს ვფლობდეთ, თუ ჩვენს სულში გულის სიტყვათა შფოთისგან ატეხილი ხმაური და ქარიშხალი დგას, მაშინ გარეგნულ სიმშვიდეს არავითარი სარგებლობა არ მოაქვს – ისევე, როგორც არაფერია იმ ქალაქზე უფრო ბედკრული, რომელსაც უთვალავი კედელი და ციხესიმაგრე იცავს, მაგრამ მისივე მკვიდრნი ღალატობენ. ამრიგად, პირველ ყოვლისა, იმას ვეცადოთ, რომ ჩვენი სული შფოთისგან შეუვალად ვაქციოთ, სიმშვიდის ნავსაყუდელში შევიყვანოთ და გავთავისუფლდეთ ყოველგვარი უსიამოვნო გრძნობისგან, რათა ჩვენ თვითონაც სრული მშვიდობით დავტკბეთ და ახლობლებთანაც თანხმობა გვქონდეს. რამეთუ სწორედ ესაა გონიერი არსების განმასხვავებელი თვისება, რომ იყოს მოკრძალებული, თვინიერი, შემწყნარებელი, მდაბალი, მშვიდი, არ აჰყვეს მონურ მრისხანებას ან რაიმე სხვა ვნებას.

скачать dle 11.3