გრძნობების მსხვერპლი?!
როცა მესამე ზედმეტია?
თუმცა ჩვენი იანვარი უხვადაა გაჯერებული დღესასწაულებით, რაც ჩვენც გვაძლევს ერთგვარად მოდუნების საშუალებას, ის, თუ რას გვიმზადებს განგება, წესითა და რიგით, 20 იანვარს უნდა გამოვლინდეს.
ჯერ ერთი, დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგება აშშ-ის პრეზიდენტის მოვალეობას, მეორე მხრივ, ასტანაში რუსეთ-თურქეთ-ირანის შეხვედრა გაიმართება სირიის კრიზისის დასარეგულირებლად (თუმცა ჩვენ იქ მაინც არავინ დაგვპატიჟებდა, მაგრამ, რაკი არც ჩვენი პარტნიორი დასავლელები მიუწვევიათ, ეს ფაქტი, ცოტა არ იყოს, გვძაბავს, ოღონდ მთლად ისეც ვერა, როგორც საწვავისა და თამბაქოს გაძვირება).
ცხადია, რომ ზემოხსენებული სამი (განსაკუთრებით, ის ერთი, ანუ ჩრდილოელი) პოზიციის განმტკიცებას ცდილობს, სანამ ამერიკის შეერთებულ შტატებს ოფიციალური პირველი პირი ეყოლება.
თვით ამერიკელ პოლიტოლოგთა აზრით, მოსკოვი შეეცდება ამერიკის პრეზიდენტთან ახალი ურთიერთობების გამოყენებას ვაშინგტონსა და თბილისს შორის კავშირის შესასუსტებლად. ამიტომაც გვირჩევენ, თუმცა რაღა ჩვენ, საქართველოს მთავრობას ურჩევენ, სწრაფად იმოქმედოს და არც ძალ-ღონე დაიშუროს, რომ ეს ჩვენი საქართველო პრეზიდენტ ტრამპსა და პუტინს შორის აღმოცენებულ ახალსა და თბილ გრძნობებს არ ემსხვერპლოს.
რაკი ვიცით, რომ გრძნობები ისეთი რამაა, „გადარია ტარიელიც“, რთული სათქმელია, ვივარგებთ თუ არა „მურმანის ეკლად“.
თუმცა პირადად მე, ტრადიციულად, ისევ ის მაღელვებს: რაკი არც ირან-თურქეთ-რუსეთს აქვს ნაკლები გრძნობები ჩვენი მისამართით, რომელიმე გულნაკლული არ დავტოვოთ.