ბრძენი მრჩევლები #2
„ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“
რაკი პიროტექნიკის მოხმარება ჩვენს ქვეყანაში კანონით არ რეგულირდება, სისხლი კი გვიდუღს და სანახაობაც გვიტაცებს, არა მხოლოდ გაზის გაზრდილი გადასახდელი, თითოეული ახალი წლის დასაწყისის სავიზიტო ბარათი პიროტექნიკის გამოყენებით დაზიანებულებია, რომელთა შორისაც, სამწუხაროდ, არიან ბავშვებიც.
ხოლო, რადგან სავიზიტო ბარათად იქცა, ცხადია, თითოეულ ახალ წელს ვიწყებთ მსჯელობით, უნდა აიკრძალოს თუ არა პიროტექნიკის გამოყენება და სავსებით ბუნებრივია, რომ საზოგადოების ისრები სახელმწიფოსადმია მიმართული.
ან კი როგორ არ იქნება, როდესაც აკრძალვა-დაშვება, სწორედაც რომ, სახელმწიფოს პრეროგატივაა?!
თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ მოვლენებისადმი გაორებული დამოკიდებულება გვაქვს, არც ისაა გამორიცხული, პიროტექნიკის გამოყენებაზე შეზღუდვების დაწესების შემდეგ იმან აღგვაშფოთოს, რომ პიროტექნიკის შემომტან-გამყიდველები ულუკმაპუროდ დარჩებიან.
ასე, მაგალითად, ონლაინ-სესხების გაუქმება ჯერ მოვითხოვეთ, შემდეგ კი გავაპროტესტეთ.
მეორე მხრივ კი, თუ გავიხსენებთ, რომ, განსაკუთრებით, ბავშვებს ჰყავთ მშობლები (უკვე ზრდასრულებს კი თავიანთი სრულწლოვანი თავი), იქნებ ერთხელ მაინც საკუთარი თავიც დაგვედანაშაულებინა, თუ, რა თქმა უნდა, არ ვფიქრობთ, რომ ყველაფერი იმ სხვის პასუხისმგებლობაა და ჩვენ მხოლოდ რჩევების გაცემა გვევალება, თუ როგორ უნდა იზრუნოს ჩვენზე?! –