საქვითრო გასაჭირი #2
ანუ „ავტობუსი კარგად რო გაჩერდება, მაშინ ჩამოდი“
ისე დაგვებედა, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ყოველ იანვარს ქართული მედია-საშუალებები გვაწვდიან ინფორმაციას, რომ აბონენტებს დეკემბრის თვის გაზის გაზრდილი გადასახადი მიუვიდათ (ნოემბრის თვესთან შედარებითო). ამის შემდეგ ვმსჯელობთ, გაიზარდა თუ არა ბუნებრივი აირის ტარიფი და ვისმენთ განმარტებას („ყაზტრანსგაზთბილისისგან“), რომ გადასახდელი არ გაზრდილა, უბრალოდ, დეკემბერში უფრო ციოდა, ვიდრე ნოემბერში, ამიტომაც გაზის მოხმარებაც გაიზარდაო.
ამ განმარტების მიუხედავადაც, აბონენტთა ნაწილი ამტკიცებს, რომ მაინც გაცილებით მეტი გადასახდელი დაუთვალეს, თუმცა, რაკი გაზის მრიცხველი და მისი ჩვენება აბონენტისთვის ხელმისაწვდომია, ურიგო არ იქნებოდა, თუკი ჩვენებებსაც გადავამოწმებდით, მოხმარებული ბუნებრივი გაზის რაოდენობასაც (თვეების მიხედვით) და მეტიც, თვით იმასაც კი დავიანგარიშებდით, თუ რამდენ კუბურ მეტრს მოვიხმართ არა მხოლოდ ერთ საათში, თვით დღე-ღამეშიც კი.
ხოლო, რაკი არიან ისეთებიც, რომელთაც მიაჩნიათ, რომ გაზის გამათბობელი ხელსაწყოების სიმძლავრის აწევ-დაწევას საფასურთან კავშირი არ აქვს; ყოველი შემთხვევისთვის, ვიტყვი: გაზის გამათბობელ ხელსაწყოებს რომ მაღალ სიმძლავრეზე ამუშავებ, მრიცხველი უფრო სწრაფად ტრიალებს. მრიცხველი რომ უფრო სწრაფად ტრიალებს, უფრო მეტ გაზს მოიხმარ. უფრო მეტ გაზს რომ მოიხმარ, უფრო მეტს იხდი, ასე განსაჯეთ – თვით ძველი ტარიფითაც კი…
ერთი სიტყვით, „იმერული ესკიზების“ არ იყოს, ავტობუსი კარგად რომ გაჩერდება, მხოლოდ მაშინ უნდა ჩამოვიდეთ. –