რა სიმწარე ახსოვს კარგად ეკა ამირეჯიბს და როგორ ცდილობს ის გიორგი ბახუტაშვილისთვის კომფორტის შექმნას #1
მსახიობი და ტელეწამყვანი ეკა ამირეჯიბი ამჯერად კიდევ ერთი ახალი პროექტის – „შენ შეგიძლია ცეკვა“ – წამყვანად მოგვევლინა. გამომდინარე იქიდან, რომ წინა სეზონში თავად „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი მონაწილე იყო, კარგად იცის ახლანდელი კონკურსანტების ემოციური მდგომარეობა. ამიტომ, თითოეულ მათგანს განსაკუთრებულად გულშემატკივრობს. ეკას პარტნიორობას მსახიობი გიორგი ბახუტაშვილი უწევს, რომელმაც წამყვანის როლი პირველად მოირგო.
ეკა ამირეჯიბი: ცეკვასთან დაკავშირებული პროექტი ჩემთვის ძალიან ახლობელია. არ ვიცი, რამდენი დრო უნდა გავიდეს, რომ ამაზე მშვიდად და წყნარად ლაპარაკი შევძლო. „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ მონაწილეობიდან გამომდინარე, ყველაფერი გამოცდილი მაქვს – დაწყებული ტექნიკური მხარიდან, დამთავრებული ფიზიკური ტრავმებითა და ნერვიულობით. ამიტომ, ახლა ამ პროექტის კონკურსანტებს განსაკუთრებულად ვგულშემატკივრობ.
– რადგან ეს გზა უკვე გავლილი გაქვს, ალბათ, რჩევებსაც აძლევ მათ.
– მონაწილეები, რომლებიც პროექტში დარჩნენ, პროფესიონალი მოცეკვავეები არიან. ასე რომ, ამ თვალსაზრისით, ჩემი რჩევა არ სჭირდებათ. მაგრამ, ფსიქოლოგიურად ვურჩევ, იმ მომენტშიც კი, როცა ჰგონიათ, რომ ეს მათი მაქსიმუმია და მეტის გაკეთება აღარ შეუძლიათ, დაღლილობა და ტკივილი ამის საშუალებას აღარ აძლევთ, მაინც არ დანებდნენ და არ დაეცნენ. თუმცა, ფიზიკურად ისინი გაცილებით უკეთ არიან პროექტისთვის მზად, ვიდრე ჩვენ ვიყავით. ჩვენ, უხეშად რომ ვთქვა, ქუჩიდან მოვხვდით ცეკვაში. თუმცა, მე თავიდანვე, პროექტზე რომ დავთანხმდი, ილუზიები არ მქონია. ვიცოდი, რომ ის, რაც გარედან ძალიან ბრჭყვიალა ჩანდა, ძალიან ბევრ შრომას მოითხოვდა. ძალიან გამიჭირდა მონაწილეობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღება. ვიცნობ საკუთარ თავს, ვიცი, როგორი პასუხისმგებლიანიც ვარ და დათანხმების შემთხვევაში, ეს ძვირად დამიჯდებოდა. ასეც მოხდა. ძალიან ბევრი ტრავმა მქონდა, ყოველთვის პირველი მოვდიოდი და ბოლო მივდიოდი. იმ პერიოდში ძალიან ბევრ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი და მთელი ყურადღება ცეკვებისკენ მივმართე.
– ამ პროექტში შენ და გიორგი ბახუტაშვილი ხართ თანაწამყვანები. დასაწყისშივე იცოდი, ვინ იქნებოდა შენი მეწყვილე?
– არა, ამაზე საერთოდ არ გვქონია ლაპარაკი. მე, ფაქტობრივად, მარტომ გამოვიარე ნახევარი პროექტი. გიორგი პირდაპირი ეთერის რეჟიმიდან შემოგვიერთდა, რაც ძალიან მომწონს. სცენას უხდება გენდერული ბალანსი და ძალიან მიხარია, რომ ბახუტაა ჩემი პარტნიორი. მანამდეც გვქონია შეხება და ვფიქრობ, ძალიან ყოჩაღია, მით უმეტეს, რომ წამყვანი პირველადაა. თუმცა, ამის მიუხედავად, ძალიან მყარად დგას, ბრინჯივით ნამდვილად არ იბნევა (იცინის). არც ტექსტი ავიწყდება და ყველაფერს არაჩვეულებრივად ართმევს თავს, რისთვისაც ძალიან ბევრი კომპლიმენტი მას ჩემგან. დანარჩენი, მე, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რაც კი შემიძლია, მაქსიმალურად ვცდილობ, კომფორტი შევუქმნა.
– ბუნებრივია, პროექტს და სხვა საქმეებს ბევრი დრო მიაქვს. თუმცა, ახალი წლის დღეებია და თუ ახერხებ საახალწლო სამზადისში ჩართვას?
– ახალი წელი განსაკუთრებულად მიყვარს, გამორჩეულადაც ვემზადები, მაგრამ გრაფიკიდან გამომდინარე, როგორც წესი, ეს ბოლო დღეს ხდება. ყოველთვის ვცდილობ, მეგობრებისა და ოჯახის წევრებისთვის საჩუქრები ვიყიდო. ეს ის ტრადიციაა, რომელსაც არცერთ ახალ წელს არ ვარღვევ. ვცდილობ, ყველა ორიგინალური საჩუქრით გავახარო. აღნიშვნა ოჯახურ გარემოში მიყვარს, ახლობელ ადამიანებთან ერთად. შემდეგ კი მეგობრები გავდივართ სადმე, თუ, რა თქმა უნდა, წამყვანად არ ვმუშაობ. თუმცა, ძალიან მიჭირს ახალი წლის ღამის მუშაობისთვის გაწირვა. ამიტომ, თუ ძალიან მიმზიდველი წინადადება არაა, თავს ვიკავებ და ოჯახურ გარემოში ვრჩები.
– განსაკუთრებული საჩუქარი, რომელიც ახალ წელს მიგიღია...
– გააჩნია, ვინ გაჩუქებს, თორემ შეიძლება, ფოჩიანი კანფეტიც განსაკუთრებული იყოს (იცინის). ჩემთვის ახალი წელი ყოველთვის ჯადოსნურია, იმიტომ რომ, ჩემი მშობლები, არ ვიცი როგორ, მაგრამ ისე ოსტატურად ახერხებდნენ საჩუქრებისა და თოვლის ბაბუის ცერემონიალის ჩატარებას, ძალიან დიდხანს მჯეროდა თოვლის ბაბუის არსებობის. სიმართლე გითხრათ, ახლაც მინდა, ამის მჯეროდეს.
– როცა სიმართლე გაიგე, დიდი იმედგაცრუება იყო?
– არა, მაშინ უკვე იმხელა ვიყავი, აღარ მქონია იმედგაცრუება. იმ ასაკში ბავშვები კომბოსტოდან რომ არ ჩნდებიან, ეგეც გაგებული მქონდა. ამიტომ, იმდენად მტკივნეული აღარ იყო (იცინის). არადა, მართლა განსაკუთრებული თოვლის ბაბუა მყავდა. მგონი, ასეთი მხოლოდ ჩემი იყო. ეს დღეები ჩემთვის საოცარ ემოციებს უკაშირდება, რადგან საახალწლოდ მშობლები ყოველთვის ჯადოსნურ გარემოს მიქმნიდნენ ხოლმე.
– ახლა, როცა სიმართლე იცი, ვინ არის შენი თოვლის ბაბუა?
– ახლა უკვე ვარდისფერი სათვალით აღარ ვუყურებ ცხოვრებას (იცინის). თვითონ ვარ საკუთარი თავისა და სხვების თოვლის ბაბუაც. ასე რომ, ქალიც მე ვარ და კაციც (იცინის).
– შენ რომელი საჩუქარი გახსენდება გამორჩეულად?
– ერთ ახალ წელს მეორე სახლში, ბებიასთან შევხვდით. ძალიან ვნერვიულობდი, სხვა სახლში რომ ვიყავი, ჩემი თოვლის ბაბუა როგორ მომაგნებს-მეთქი?! ნერვიულობისგან სიცხე მომცა. მოკლედ, დიდ განცდებში ვიყავი. მივა ჩემთან თოვლის ბაბუა, კარს არავინ გაუღებს, კვალი აერევა, დავრჩები უსაჩუქროდ და ამის შემდეგ, აღარასდროს მოვა-მეთქი. არ დამავიწყდება მომენტი: კარზე ზარია, გავაღე და ვხედავ დგას ჩემი თოვლის ბაბუა, გარშემო უამრავი ჩანთით და მახსოვს, ჩემი ყვირილი: „მოვიდა, მაინც მოვიდა, მომაგნო“ (იცინის).
– ახალი წელი, შოუები, გადაცემა – ამდენი საქმით დაკავებული დასვენებას როდის ახერხებ?
– ყველაფერთან ერთად, ახლა ჩემი საქმეც წამოვიწყე და უკვე, ესეც დიდ დროს ითხოვს. გავაკეთე ჩემი ხაზი – „კეტრინის წინსაფრები“, რომელიც მამაკაცისთვისაცაა შექმნილი და ქალისთვისაც, თან, სახალისო, იუმორისტული წარწერებით. თუ ქალისას აწერია: „ქალი ვიცი კუხნაში“, კაცისას – „კაციც ვიცი კუხნაში“, „შენი საყელოცა ჭამს“ და ასე შემდეგ. ძალიან გამიკვირდა, ისე მალე აიტაცეს და უკვე სარგებლობს პოპულარობით. ზაფხულში დასასვენებლად ვიყავი წასული და ეტყობა, ცოტა ზედმეტიც მომივიდა – თბილისში „იდეებს რა ვუყო“ დავბრუნდი. ეს აზრი არ მასვენებდა და ბოლოს და ბოლოს, განვახორციელე კიდეც. ჰოდა, ახლა ამ ყველაფერს მე ვუძღვები, რაც ძალიან რთული აღმოჩნდა.
– ახლა როდის ან როგორ ისვენებ, რა არის შენთვის განტვირთვის საშუალება?
– ცხელი შხაპი (იცინის), მით უმეტეს, ცივი გადაღებების შემდეგ. ძალიან მიყვარს ქალაქგარეთ გასვლა, მუსიკა და სიმშვიდეში ყოფნა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩემ გარშემო სულ ქაოსია, ძირითადად, სიმშვიდისკენ ვისწრაფი. დასვენებაც ახლობელთა წრეში მირჩევნია. შოპინგიც მიყვარს, თუ ამის დრო და ფულია (იცინის).
– ამდენი პროექტისა და ბიზნესლედობის შემდეგ, წესით, ეგ პრობლემა არ უნდა გქონდეს.
– გავმდიდრდი – ტელეწამყვანობიდან ბიზნესლედობამდე (იცინის). იმდენი ფული მაქვს, სად წავიღო აღარ ვიცი, უკვე მუთაქებში მაქვს ჩაკერებული (იცინის).
– ბოლოს, მითხარი, როგორ შეაფასებ განვლილ წელს და რას ელი 2017-ისგან?
– 2016 წელი ძალიან, ძალიან რთული მქონდა. ალბათ, ყველაზე რთული, რაც კი აქამდე იყო. შევიცვალე არხი, ჯანმრთელობის პრობლემებიც მქონდა და ბევრი არასასიამოვნო რამ დაემთხვა ერთმანეთს. მაგრამ, მგონია, რომ ეს სირთულეები გადავლახე და დღეს უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე ვიყავი. გაჩერება არ შემიძლია, სულ ვცდილობ, რაღაც ახალი გავაკეთო. ამ წელს მინდა, ბევრი ვიმოგზაურო და კარგ კონცერტებს დავესწრო. ახლა ძალიან მინდა „ქოლდფლეის“ კონცერტზე მოხვედრა, რაც ჩემთვის ყველაზე მაგარი საჩუქარი იქნება. პირადი ცხოვრების თვალსაზრისით, ბევრი კარგიც იყო და ცუდიც. მინდა, 2017 სულ კარგი იყოს.