კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მსოფლიოში სულ მშვილდის რვა სახეობა არსებობს, მეცხრე შეიძლება, საქართველოშია #1

ლეონარდო და ვინჩის ნორჩ მეცნიერთა გამოგონებათა კონკურსზე, რომელიც ჯერ რესპუბლიკის მასშტაბით ჩატარდა, ხოლო რამდენიმე წლის შემდეგ, საერთაშორისო სახე მიიღო, ბაჩუკი ჩხარტიშვილმა გამარჯვება მოიპოვა. მან საქართველოში პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო 36 ქვეყანას შორის, მეორე ადგილზე გავიდა. ბაჩუკი გურულია, თბილისში სამი წლის წინ ჩამოვიდა სასწავლებლად. ამჟამად სტუდენტია და იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობს. მისი გამოგონებული მშვილდი ყველას ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. ახალგაზრდა გამომგონებელი თავისი ცხოვრების შესახებ, თავად გიამბობთ.
ბაჩუკი ჩხარტიშვილი: 20 წლის ვარ, თბილისში დავიბადე,  თუმცა გურიაში გავიზარდე. ვცხოვრობდი ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში, სადაც დავამთავრე წყალწმინდის საჯარო სკოლა. შემდეგ ჩავაბარე გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში. ბავშვობიდან ჯარისკაცობა მინდოდა, მაგრამ მამა იყო ამის წინააღმდეგი. ამიტომ, იარაღისა და სამართლიანობის სიყვარულმა გადამაწყვეტინა იურიდიულზე სწავლა. რაც შეეხება გამოგონებას, მის მიმართ ინტერესი სკოლის ასაკიდან დაიწყო. მშვილდით რომ დავინტერესდი ფილმების გავლენა იყო. როცა ვნახე ფილმი „რემბო 2“, მაშინ მომინდა, მეც შემექმნა ზუსტად ისეთი მშვილდი, როგორიც იქ იყო. მერე გავაკეთე ნახაზები. ახლა ვიხსენებ, ძალიან საშინელი იყო თითოეული მათგანი (იცინის). მე-8 კლასიდან, როცა უკვე დანა, ხერხი, სალაშინი და მსგავსი იარაღები მანდეს, დავიწყე სერიოზული მუშაობა. ჩემ ირგვლივ მყოფები ამ ყოველივეს სერიოზულად ვერ აღიქვამდნენ. მეზობლები, ახლობლები მეუბნებოდნენ: რა მშვილდი, თავი დაანებე და როგორც ჩვეულებრივმა ბავშვმა, ისე ითამაშეო. ცოტა რომ წამოვიზარდე – უფრო სერიოზულ რამეს მოჰკიდე ხელიო. თუმცა, ვაკეთებდი იმას, რაც მინდოდა და მათ დაცინვას ყურადღებას არ ვაქცევდი (იცინის).
– პირველი მშვილდი როგორი იყო? რითაა შენი მშვილდი გამორჩეული?
– პირველი იყო ჩვეულებრივი, მოღუნული ტოტი, რომელსაც გაჭიმული ჰქონდა ძაფი, ანუ ლარი (იცინის), ისრად ვიყენებდი თხილის სწორ ჯოხს. სულ პირველად რომ გავისროლე, ისარი იმის ნაცვლად, რომ სწორად წასულიყო, რაღაც ტალღები გააკეთა. ამან გადამაწყვეტინა მისი დახვეწა. თან, მაშინ სპეციალური საშუალებები ჩემთვის მიუწვდომელი იყო. თბილისში რომ ჩამოვედი, მერე გავიგე, რომ თურმე მაგარი წებოები არსებობს (იცინის). როცა უკვე ინტერნეტზე მქონდა წვდომა, ბევრი ინფორმაცია მოვიპოვე მშვილდზე. ვნახე, რომ აშშ-ში საკმაოდ დახვეწილი მოწყობილობები ჰქონდათ, თუმცა მექანიზმი ყველასი ერთია. მე გავაუმჯობესე ეს და მექანიზმი შევცვალე: ჩვეულებრივ მშვილდზე სამი ლარია გაბმული, რომლებიც ერთმანეთის საწინააღმდეგოდ მოძრაობს. გაქნევა, დარტყმის ძალა და უკუგაქნევა ისარს საშუალებას აძლევს, უფრო შორს წავიდეს. მე შევცვალე სიძლიერის მექანიზმი – 160 მეტრ მანძილზე შეუძლია, ისარს გაფრენა.
– ნორჩ გამომგონებელთა კონკურსში მონაწილეობა თავად გადაწყვიტე?
– კონკურსზე წასასვლელად პირველი მიწვევა მე–11 კლასში მომივიდა, თუმცა მანამდე, მასწავლებლები სულ მეჩხუბებოდნენ, დაანებე მაგ მშვილდს თავი და ისწავლეო, მაგრამ მაინც არ ვანებებდი (იცინის). სულ ვხაზავდი. მიწვევა მოვიდა სკოლაში, რუსთავში ტარდებოდა კონკურსი და ვისაც რაიმე გამოგონება ჰქონდა, სურვილისამებრ უნდა წარედგინა. ფიზიკის მასწავლებელმა, თამრიკო შალამბერიძემ, მითხრა, სულ, რომ ხაზავ, გააკეთე რამე, იქნებ გამოგივიდეს და წადიო. ეს ჩემთვის იყო ბიძგი.  ამიტომ, მადლობა მას. პირველად, მშვილდი რომ გავაკეთე, ჩვეულებრივი იყო, არაფერი შემიცვლია. ეს რომ მივიტანე სკოლაში, ქართულის მასწავლებელმა: რა იარაღი დაგაქვს, რად გინდაო (იცინის). მერე მან მირჩია, თუ შევძლებდი, ჩემი დამემატებინა რამე, რათა განსხვავებული ყოფილიყო. კონკურსამდე ერთი თვე იყო დარჩენილი. ეს პერიოდი ყველაზე რთული იყო. ყოველდღე ვფიქრობდი, როგორ შემეცვალა მექანიზმი. ვცდიდი, არ მუშაობდა. არ ვიცი, თუ დამიჯერებთ, მაგრამ კონკურსამდე 3–4 დღით ადრე, დამესიზმრა, თუ რა უნდა შემეცვალა. დილით რომ ავდექი, სკოლაშიც არ წავედი.  10 საათზე იარაღებს მოვკიდე ხელი და საღამოს 6–ზე დავამთავრე მუშაობა. რომ მოვქაჩე და ისარი გავარდა, მერე მივიღე მყარი გადაწყვეტილება, წავსულიყავი. მეორე დღესვე გამოვემგზავრე თბილისში. მახსოვს რეგისტრაციის დღე – რომ მივიტანე ჩემი მშვილდი, ყველა უყურებდა. ზოგი ხელს იშვერდა, ზოგი დასცინოდა კიდეც (იცინის). გამარჯვებული კონკურისის დღესვე გამოვლინდა და პირველ ადგილზე გავედი.
– ელოდებოდი ამ გამარჯვებას? ამის შემდეგ იყო საერთაშორისო კონკურსი.
– დიახ, წელს ჩატარდა იგივე კონკურსის მეორე ტური. 36 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ შეგვაფასეს, მაგრამ მე გავედი მეორე ადგილზე, პირველობაც ქართველმა მოიპოვა, რაც ნამდვილად სასიამოვნოა. მაშინ, პირველ ადგილზე გასვლას არ ველოდებოდი. არც მქონია პრეტენზია პირველობაზე. ჩემი სახელი და გვარი რომ გამოაცხადეს, გამიკვირდა. სცენაზე რა შეგრძნება დამეუფლა, ვერ გეტყვით. ვერავის ვხედავდი, ავიღე პრიზი და ჩამოვედი. ოჯახის წევრებიც არ ელოდებოდნენ ამ გამარჯვებას, მარტო ბაბუას არ შეჰპარვია ეჭვი (იცინის). ისეთი კაცია, ყველაფერში მგულშემატკივრობს. ცუდ საქმესაც რომ მოვკიდო ხელი, მაინც მეტყვის, შენ გვერდით ვარ, ბოლომდე გააკეთეო. ჩვენი სოფელი პატარაა, ყველამ ყველაფერი იცოდა. ვინც მეუბნებოდა, რად გინდა, დაანებე თავიო და ასე შემდეგ, მერე უკვე ხელაწეულები მხვდებოდნენ.
– მშობლებს როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ? მაინც სკოლის გაცდენა გიწევდა ხოლმე და არ გიშლიდნენ ამ საქმიანობას?
– არასდროს შევუზღუდივარ მათ. რასაც ვაკეთებდი, სჯეროდათ, რომ ამით ზიანს არავის მივაყენებდი. მათმა ასეთმა დამოკიდებულებამაც შემიწყო ხელი. მეზობლების დაცინვას კიდევ, ყურადღებას არ ვაქცევდი, იმიტომ რომ, ვაკეთებდი იმას, რაც მსიამოვნებდა.
– რას აპირებ ამ იარაღით, კიდევ უნდა დახვეწო? შესყიდვა არავის შემოუთავაზებია?
– მინდა, პოპულარიზაცია გავუწიო 3D თამაშებს. მაგალითად, როგორიც არის „აირსოფტი“. ძალიან მაგარი იქნება, მსგავს რამეს მშვილდით თუ გავაკეთებთ. თავისუფლადაა  შესაძლებელი მისი გამოყენება სანადიროდ, სათევზაოდ... დაპატეტებული არაა ჩემი მშვილდი. კონკურსზე, „საქპატენტის” დირექტორი მოვიდა და დამიტოვა სავიზიტო ბარათი, შემეხმიანე და დაგიპატენტებო. მაგრამ, შემრცხვა დარეკვა. მსგავს სიტუაციებში ცოტა მორიდებული ვარ (იცინის). ახლა ბედის ანაბარად მაქვს ეს იარაღი. უცხოელს უნდოდა ეყიდა, 600 დოლარს მიხდიდა, მაგრამ ვერ შეველიე, პირველი იყო, ჩემი შვილობილია (იცინის). აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ მსოფლიოში სულ მშვილდის რვა სახეობა არსებობს, თუმცა მეცხრე შეიძლება, საქართველოში იყოს, რომელიც მესტიის მუზეუმშია შენახული. ჩვენთან აღმოჩენილია სამფრთიანი მშვილდი, თუმცა მას არავინ იკვლევს. ამას უნდა მიექცეს ყურადღება.
– ამ ყოველივეს გარდა, კიდევ რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– თავისუფალ დროს ვხატავ. გოგოების ხატვა მიყვარს. ხატვა ერთი გოგოს გამო დავიწყე, რომელიც მიყვარდა. ფოტოდან გადმოვიტანე ფურცელზე და მერე ვაჩუქე (იცინის), მაშინ ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი.
– მერე, როგორ დამთავრდა ეს ურთიერთობა?
– არც დაწყებულა. ცალმხრივად ვიყავი შეყვარებული, არ მითქვამს მისთვის და ამას დღემდე ვნანობ. თუმცა, ახლაც მაქვს შანსი, რომ ვუთხრა. ლექსებსაც ვწერ და იმედი მაქვს, უახლოეს მომავალში პირადად წავუკითხავ.

скачать dle 11.3