Marigold-ის მედია-კარნავალი თქვენი საახალწლო განწყობისათვის #1
მოდის სახლმა Marigold-მა მედია-კარნავალი გამართა. „მადლიერების დღე” – ასე ეწოდა ღონისძიებას, რომელიც წელს უკვე მეხუთედ აღინიშნა. რადიოს, პრესის, საინფორმაციო სააგენტოებისა და ტელევიზიის ჟურნალისტებმა სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი მულტფილმებისა და კინოფილმების პერსონაჟთა ფორმები მოირგეს და ფოტოკამერების წინ, ჯერ ახალ თბილისში, შემდეგ კი Creator bar-ში იპოზიორეს. მათ მუსიკალურ განწყობაზე ბენდი „ლაბირინთი“ ზრუნავდა. ჟურნალისტებისთვის Marigold-მა სხვადასხვა პრიზებიც გაათამაშა.
თამარ ნადირაძე (მოდის სახლ Marigold-ის დამფუძნებელი): ყველაფერი 5 წლის წინ დაიწყო. საზოგადოებამ არ იცის, რამდენი უძილო ღამეა თითოეული ჟურნალისტის ცხოვრებაში. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ, თუმცა ხალხი ამას ნაკლებად ხედავს. ჩვენ მოვინდომეთ, რომ ყველა ჟურნალისტი კადრში მოგვექცია. Marigold-მა ჟურნალისტებისთვის სხვადასხვა კინოფილმიდან თუ მულტფილმიდან კოსტიუმები შექმნა. გადავწყვიტეთ, ერთი დღით ბავშვობაში დაგვებრუნებინეთ და გაგვემხიარულებინეთ. ამ ღონისძიების ყველაზე დიდი ხიბლი ისაა, რომ დღეს ჟურნალისტები, გადატვირთული გრაფიკის გამო ერთმანეთთან ვერ კონტაქტობთ. მედია-კარნავალზე კი რამდენიმე საათს ატარებთ ერთად და ერთმანეთი გიყვართ. ასევე, გვაქვს პროექტი, რომლის ფარგლებშიც, საქორწილო კაბებში განწყობილ ჟურნალისტებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა რაიონში დავდივართ. ასე რომ, გაზაფხულზე კვლავ შევხვდებით და საქორწილო კაბებს მოირგებთ!
თეა გუნთაიშვილი (Marigold-ის პიარმენეჯერი): ამ ღონისძიებას 5 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. კინოფილმებიდან და მულტფილმებიდან უკვე 100-მდე გმირის კოსტიუმი გვაქვს. პრესის, ტელევიზიისა თუ რადიოს ჟურნალისტებთან ერთად, ზღაპრის გმირებად ვიქცევით და ერთი დღით ბავშვობაში ვბრუნდებით.
– რა არის ამ პროექტის მთავარი მიზანი?
– ამ პროექტის ავტორი მე გახლავართ და „მადლიერების დღე“ ჰქვია. გვინდა, მედიაკარნავალით თქვენდამი მადლიერება გამოვხატოთ. ჩემი ოცნება იყო, თეატრის მხატვარი ვყოფილიყავი. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ პროფესიით გრაფიკოსი ვარ, თუმცა ოცნება Marigold-ში ავისრულე. თამარ ნადირაძემ მომცა საშუალება, შემექმნა კოლექცია და დღეს ბედნიერი ვარ იმით, რომ ჩემთან ერთად, სხვებსაც ვაბედნიერებ. მედიაკარნავალი, ტრადიციისამებრ, დეკემბერში, წინასაახალწლოდ ტარდება. სურვილი გვაქვს, ჟურნალისტებს პირველებმა მოგილოცოთ ახალი წელი და გვიხარია, რომ ეს ყველაფერი კარგად გამოგვდის. აქცენტს მხოლოდ ცნობად სახეებზე არ ვაკეთებთ. ყოველ წელს ყველა იმ ჟურნალისტს ვარგებთ კოსტიუმს, ვინც კადრს მიღმა დგას და საზოგადოებისთვის უცნობია. ამ დროს კი შრომას დებს ის თავის საქმიანობაში.