რა ნაბიჯის გადადგმის ეშინოდა ნათია რთველიაშვილ-მანგანს და რატომ მოუწევს მას მშობიარობამდე რამდენიმე ხანი მეუღლესთან განშორება #1
2016 წელი პროფესიონალი ბალერინისა და „რივერდანსის“ მოცეკვავე, ნათია რთველიაშვილი-მანგანისთვის განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი იყო. გარდა იმისა, რომ ამ წელს მას და მის მეუღლეს, პატრიკ მანგანს, „რივერდანსთან“ ერთად არაერთი გასტროლი ჰქონდათ, ნათია წლების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, როგორც ჟიურის წევრი პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა.“ მშვენიერი წყვილის ცხოვრებაში კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა – 2017 წლის გაზაფხულზე ისინი პატარა გოგონას მშობლები გახდებიან.
ნათია რთველიაშვილი-მანგანი: 2016 წელი კარგი და საინტერესო სიახლეებით იყო დატვირთული. ჯერ ამერიკაში მქონდა ტურნე „რივერდანსთან“ ერთად, რომელიც ივნისში დამთავრდა, შემდეგ ირლანდიაში ვიყავი ჩემს მეუღლესთან, პატრიკთან ერთად. სწორედ დუბლინში ყოფნისას დამიკავშირდნენ საქართველოდან და შემომთავაზეს ჟიურის წევრობა პროექტში „შენ შეგიძლია ცეკვა,” რაც ჩემთვის საკმაოდ საინტერესო იყო. ეს იმის საშუალებას მომცემდა, უფრო მეტი დრო გამეტარებინა საქართველოში, გამეცნო თუ როგორ სიტუაციაშია დღეს ჩვენს ქვეყანაში ცეკვის სფერო. ის, რომ ძალიან ბევრი მოცეკვავე გვყავს სხვადასხვა ჟანრში, ჩემთვის სასიამოვნო აღმოჩენა იყო. რაც აქ დამხვდა, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მიხარია, რომ 14 საუკეთესო ავარჩიეთ – ერთმანეთისგან განსხვავებულები გამორჩეული ინდივიდუალიზმით.
– ძალიან კარგ და სწორ შეფასებებს აკეთებ ხოლმე...
– თავიდან ცოტა ვნერვიულობდი, მაგრამ ყველაზე მეტად ვცდილობ, საკუთარ თავთან და მონაწილეებთან ვიყო მართალი. კრიტიკა აუცილებელია ზრდისთვის. ყველა მონაწილე შემიყვარდა და თითოეულის გაშვება ძალიან რთულია ჩემთვის. მაგრამ, ეს კონკურსია და ვიღაცამ ის უნდა დატოვოს. ჩემთვის მთავარია, გული არავის დავწყვიტო და ისეთი რამ არ ვუთხრა, ცეკვის სურვილი აღარ ჰქონდეს ან თვითშეფასება დაუქვეითდეს.
– არც ჟიურის სხვა წევრებს იცნობდი.
– ტელევიზორიდან ვიცნობდი დუტასაც და სალომესაც. სალომეს, როგორც მოცეკვავეს, დიდ პატივს ვცემდი. უკვე დავმეგობრდით, არაჩვეულებრივი ადამიანია, ისევე როგორც დუტა, რომელიც თბილი და ყურადღებიანია. რაც შეეხება ზაკს, ძალიან საყვარელია. ისეთი დადებითი პიროვნებაა, რომ სრული ბედნიერებისთვის, ყველას უნდა ჰყავდეს თითო ზაკი. გარდა ამისა, მის შეხედულებას ცეკვის მიმართ დიდ პატივს ვცემ. ყველაფერს სწორად აფასებს, პოზიტიურად უდგება.
– შენ და პატრიკს მოგიწიათ დროებით ცალ-ცალკე ყოფნა?
– დღეს ჩამოდის (ინტერვიუ ჩაწერილია 27 დეკემბერს – ავტორი) და ძალიან მიხარია. რაღაც პერიოდი ცალ-ცალკე ყოფნა მოგვიწია. როცა პროექტი დაიწყო, თავიდან ერთად ვიყავით თბილისში. მაგრამ, მერე მე, რაღაც კონტრაქტებზე უარი ვთქვი და მან, რა თქმა უნდა, გააგრძელა. ამიტომაც, მოუწია წასვლა. 3-4 კვირა მოგვიწია ცალ-ცალკე ყოფნა, მაგრამ როგორც კი ჩაწერებს მოვრჩით, მაშინვე გავფრინდი ამერიკაში. შემდეგ ლაივებისთვის დავბრუნდი. დღეს კი ჩამოდის და უკვე ლაივში უყურებს პროექტს.
– როგორია მისი შეფასებები?
– სულ მეუბნება: რა ლამაზი ხარ, რა კარგად გამოიყურებიო. მხოლოდ ზაკის ლაპარაკი ესმის. მეც ვცდილობ, სულ ქართულად ვილაპარაკო და არ ჩავურთო ინგლისური სიტყვები. ხანდახან, რომ გამიჭირდება და ჩავურთავ ინგლისურ სიტყვას, პატრიკს ჰგონია – ჩემ გამო თქვაო. პატრიკი მიყურებს ნიუ-იორკში და ინგლისური ერთი-ორი სიტყვა უნდა ვთქვა, რომ მან გაიგოსო. მიხარია, რომ მუდმივად მიდგას გვერდში. თავიდან ეს შემოთავაზება რომ მივიღე, ცოტა ვორჭოფობდი, რადგან გასტროლზეც უარი უნდა მეთქვა. თან, საქართველოში მანამდე არ მიმუშავია. მაგრამ, პატრიკი ყველანაირად მაგულიანებდა.
– თქვენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამ ხდება – სულ მალე პატარა გოგონას მშობლები გახდებით.
– მე და პატრიკი ველოდებით ბავშვს, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი მოვლენაა. 6 წელია, დაქორწინებულები ვართ, ყოველთვის გვინდოდა შვილი, მაგრამ, რადგან სულ გასტროლებზე გვიწევდა წასვლა, ამიტომ ვეღარ მოვიცალეთ ამისთვის. კიდევ ერთი ახალი კონტრაქტი – მოდი, ესეც დავამთავროთ, მერე კიდევ ახალი კონტრაქტი და ასე გაგრძელდა. წელს ვთქვით: კონტრაქტები შეიძლება, სულ გაგრძელდეს. ამიტომ, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, რომ ახლა ბავშვის ყოლის დროა და თუ ღმერთი გვაჩუქებს, უარს ვიტყვით კონტრაქტზე. თუ არადა, მანამდე გავაგრძელებთ, სანამ ეს ბედნიერება მოხდებაო. ისეთი გახარებულები ვიყავით ორივე, რომ პირველი ორი თვე ვერც კი ვიჯერებდით. მაგრამ, ექოსკოპიაზე გულისცემა რომ გავიგეთ, ყველაფერი ნათელი გახდა. ოჯახებიც, ორივეს მხრიდან ძალიან ბედნიერები არიან. ბაბუაც – დედის მამა, ყოველ ჩამოსვლაზე, „გამარჯობის“ მერე მეკითხებოდა: რას შვრები, ბავშვი? წელს, როგორც იქნა, გავახარე, რადგან არასდროს მოსწონდა ჩემი პასუხი: „ჯერ არა, ჯერ ვცეკვავ.” თავიდან 2 თვე ვცეკვავდი, მერე დაიწყო ეს პროექტი და კარგია, რომ დაემთხვა, რადგან მაინც ჩემი საქმით ვარ დაკავებული. იმიტომაც მეშინოდა ამ ნაბიჯის გადადგმას, მაშინ ცეკვისთვის უნდა დამენებებინა თავი, კარიერას ვერ გავაგრძელებდი. მაგრამ, მაინც სცენაზე ვარ, ჩემი პროფესიით ვმუშაობ. სულ მეგონა, ორსულად რომ ვიქნებოდი, სახლში მომიწევდა ყოფნა, მაგრამ ახლა, მგონი, ყველაზე მეტად ვჩანვარ საზოგადოების წინაშე.
– პატარა გოგონას ელოდებით...
– ძალიან გვიხარია. პატრიკს ერთი სული აქვს, როდის ჩამოვა და როგორც თავად ამბობს: თავის გოგონებს ჩაეხუტება. ორსულობა ძალიან კარგად მიდის. განსხვავებულად არ ვგრძნობ თავს, მხოლოდ ისაა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ – ჩემს სხეულში ბავშვს ვზრდი. რასაც მანამდე ვაკეთებდი, ყველაფერს ვაკეთებ, უბრალოდ, არ ვცეკვავ. თუმცა, ყოველდღე 40-45 წუთს მაინც ვცურავ. ზუსტად, ისეთივე ნათია ვარ, როგორიც ვიყავი 6 თვის წინ. მუცელი რომ არ იზრდებოდეს, ეჭვი შემეპარებოდა, ორსულად რომ ვარ. როგორც კი დამთავრდება პროექტი, დავბრუნდები სახლში, ამერიკაში და იქ გავაჩენ. ექიმი შერჩეული მყავს. ცოტა რომ წამოიზრდება, თბილისში ჩამოვიყვან. პროექტში თავიდანვე გავაფრთხილე რომ ორსულად ვიყავი, მაგრამ, რადგან მუცელი არ მეტყობოდა, ამიტომ ეს თემა არ წამოჭრილა. მეც 3-4 თვემდე ვცდილობდი, არ მესაუბრა ამ საკითხზე. ექიმების რჩევაცაა, რომ ჯობია, ამ პერიოდში ხშირად არ ისაუბრო ამ თემაზე. თუმცა, ახლობლებისთვის არ დამიმალავს.
– პატრიკი კიდევ უფრო ყურადღებიანი გახდა შენ მიმართ?
– პატრიკი იმდენად ყურადღებიანია, არც ვიცი, ამაზე მეტად როგორი უნდა გახდეს. როცა ბავშვზე ვსაუბრობთ, სხვანაირ ღიმილს ვატყობ სახეზე და თვითონაც იგივეს მეუბნება. სხვანაირი ემოციები გვაქვს, ამ თემაზე რომ ვსაუბრობთ. ამბობს, პატარა გოგონა რომ დაიბადება, ძალიან გავათამამებო. ექიმთანაც ყოველთვის დამყვება, ყველაფერშია ჩართული. ერთად ვიღებთ ყველა გადაწყვეტილებას. ახლა, ნიუ-იორკში რომ ჩავალ, ცოტა ხანს განშორება მოგვიწევს, რადგან 7 იანვარს „რივერდანსის“ ტური იწყება, სადაც მეც უნდა წავსულიყავი. 8 კვირით წავა, მარტში დაბრუნდება და მე აპრილში მიწევს მშობიარობა. ამერიკაში ყოველთვის ესწრებიან მამები მშობიარობას. თუმცა, ეს მისი არჩევანია და ვნახოთ, იმედია, გული არ წაუვა.
– ახალ წელს პირველად ხვდებით შენ და პატრიკი საქართველოში?
– ეს კიდევ დიდი მოვლენაა ჩვენთვის. 16 წლის შემდეგ პირველად ვხვდები ახალ წელს საქართველოში, შესაბამისად, პატრიკიც. ზამთარში სულ დაკავებული ვიყავი. ამერიკაში დეკემბერში „მაკნატუნები“ ძალიან პოპულარულია და თუ გასტროლზე არ ვიყავი, „მაკნატუნა“ მქონდა. ახალ წელს ბევრჯერ შევხვედრივარ სცენაზე. ახლა უკვე სამნი ვხვდებით ერთად ახალ წელს საქართველოში. ამერიკული შობა გამოვტოვე. პატრიკის ოჯახი კათოლიკურ შობას აღნიშნავს, მე აქედან, „სკაიპით“ შევუერთდი მათ.