როდის გაატარა მურაზ მურვანიძემ ორი კვირა სალვადორ დალის ლოგინში და რას ეძებდნენ მის სახლში ყაჩაღები ავტომატის მუქარით #1
მურაზ მურვანიძე მსოფლიოში აღიარებული ქართველი მხატვარია, თუმცა, სამწუხაროდ, მას ნაკლებად იცნობენ მშობლიურ ქვეყანაში. მაშინ, როცა მსოფლიოს უდიდესი სცენები დაიპყრო, დღემდე განუმეორებლად მიიჩნევენ და მისი შეცვლა ვერავინ შეძლო. მისმა ნახატმა საპატიო ადგილი დაიკავა სალვადორ დალის მუზეუმში, დალისავე ინიციატივით. ის არის ხელოვანი, რომელსაც აღფრთოვანებულმა ლაიზა მინელიმ სცენაზე ყვავილები მიართვა. მას პირადი მეგობრობა აკავშირებს მონსერატ კაბალიესთან და დღემდე უამრავ მიწვევას იღებს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ძალიან ცოტამ თუ იცის, რომ ბატონი მურაზი თბილისში, წმიდა გიორგის მონუმეტზე აღმართული საახალწლო დეკორაციისა და მთაწმინდის პარკის, „ბომბორას“ ავტორია. მურაზ მურვანიძე ყველასთვის საყვარელი ნატო და ანუკა მურვანიძეების მამაა.
მურაზ მურვანიძე: 1942-1944 წლებში, ომის დროს, მე უკვე ვხატავდი საბრძოლო თემატიკაზე. მაშინ დიდუბეში, ქურდების უბანში ვცხოვრობდით. მთხოვეს, „ნაკოლკა“ დამეხატა და დავუხატე. მერე „აკადემიაში“ წამიყვანეს. აკადემია ერქვა, თორემ სინამდვილეში კუნძული იყო მტკვარზე, სადაც მოდიოდნენ „ძველი ბიჭები“ და მე სვირინგებს ვუკეთებდი. მალე დამაწინაურეს და ასისტენტებიც ამიყვანეს (იცინის). ჯილდოდ ნაქურდალს მაძლევდნენ და სახლში მიმქონდა, მაგრამ ბაბუა ყველაფერს მიყრიდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ გარემოში გავიზარდე, პირადად მე, მურაბაც კი არ მომიპარავს ბებიასთვის. თუმცა, სათვალთვალოდ კი მტოვებდნენ ხოლმე, როცა რამის მოსაპარად მიდიოდნენ. მილიციას თუ დაინახავ, დაუსტვინეო, მეუბნებოდნენ და მეც ვასრულებდი, მაგრამ მოპარვით ცხოვრებაში არაფერი მომიპარავს. „ნაკოლკების“ პარალელურად, ვხატავდი. სკოლაში ოროსანი მოსწავლე ვიყავი. სწავლა არ მინდოდა, მაგრამ ძალიან ბევრი გამოგონება მქონდა, ძირითადად, თვითმფრინავებზე. მინდოდა, ავიაკონსტრუქტორი ვყოფილიყავი. შემდეგ აკადემიაში ჩავაბარე და იქ უკვე, ფრიადებზე ვსწავლობდი. მესამე კურსზე ვიყავი, როცა სტუდენტურ სპექტაკლში ჩავერთე. მუსიკა ვაჟა აზარაშვილმა დაწერა, რეჟისორი ნანა დემეტრაშვილი იყო და სამეულის მესამე წევრი მე გახლდით. ჩვენ სამმა თეატრალური მოღვაწეობა ერთად დავიწყეთ. პირველი სპექტაკლი გრიბოედოვის თეატრში გავაკეთეთ. ისე მოხდა, რომ პირველივე სპექტაკლზე „წლის საუკეთესო თეატრალური მხატვრობისთვის“ მივიღე პრემია. მაგრამ, საქართველოში ჩემი ასეთი წარმატება არ მოეწონათ. ცოტა ხანში ბლოკადაში მომაქციეს და სამუშაო აღარ მომცეს. ხომ იცით, ჩვენს ქვეყანაში კაცი თავს რომ ამოყოფს, მაშინვე ჩაქუჩი უნდა ჩაარტყან თავში. იმ პერიოდში ძლივს ვარსებობდი, მაგრამ მაინც ბევრს ვმუშაობდი. რადგან სამსახური აქ ვერ ვიშოვე, ქუთაისის თეატრში წავედი. ვიმუშავე უდიდეს პიროვნებასთან, აკაკი ვასაძესთან ერთად, მარჯანიშვილის თეატრში რამდენიმე საეტაპო სპექტაკლზე. ასევე, ოპერაში გავაკეთე უმნიშვნელოვანესი ნამუშევრები – „პორგი და ბესი“, რომელმაც ყველა ქვეყანაში ოქროს მედალი მიიღო, სადაც კი წავიღე. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ქართულ დეკორაციად ითვლება.
– საქართველოს მასშტაბებს როგორ გასცდით?
– ზუსტად „პორგის და ბესის“ დამსახურებით. მისი შექმნის გამო ოპერიდან გამომაგდეს – რატომ გავაკეთე ასეთი კარგი! სხვათა შორის, წლების შემდეგ, როცა უკვე სახელოვანი ჩამოვედი, როცა რუსეთში წერდნენ, რომ ერთადერთი მუსიკალური თეატრის მხატვარი დავრჩი და უკან მეპატიჟებოდნენ; როცა უამრავი შემოთავაზება მქონდა – საქართველოში ოპერიდან ისევ გამომაგდეს. საქართველოს ფარგლებს გარეთ გასვლის მიზეზი კი „პორგი და ბესი“ და „რომეო და ჯულიეტა“ გახდა. მათი მიზეზით, ოპერიდან გამოგდებული მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი მარინის თეატრის მთავარ მხატვრად დამნიშნეს. მსოფლიოში ხუთი დიდი თეატრია და მათ შორის, ერთ-ერთი მარინის თეატრია. ქვეყანა ჩალით არაა დახურული და რასაკვირველია, იქ მიხვდნენ, რომ ასეთი მხატვარი ქუჩაში არ უნდა ყოფილიყო. ამ თეატრში მოღვაწეობა ჩემთვის სასწაული პერიოდია. იქ ყველა საჭირო პირობა და აბსოლუტური თავისუფლება მქონდა შემოქმედებაში. ბევრ თეატრში მიმუშავია, მაგრამ არცერთ თეატრს არ უთქვამს ისეთი მადლობა, როგორიც მარინის თეატრმა მითხრა. დღემდე ამბობენ, რომ მეოცე საუკუნის უდიდესი მხატვარი ვარ და აქამდე ვერავინ შემცვალა, მიუხედავად იმისა, რომ იქ აღარაფერს ვაკეთებ. მუსიკალურ ოჯახში დავიბადე. დედა მუსიკის პედაგოგი იყო. ამიტომ ჩემში მხატვართან და გამომგონებელთან ერთად, მუსიკისადმი განსაკუთრებული დამოკიდებულებაცაა. თეატარში მე ყველაფერს მუსიკაზე ვაგებ. რასაც არცერთი მხატვარი არ აკეთებს. ლიბრეტოს წაიკითხავენ და შინაარსიდან გამომდინარე მუშაობენ. ჩემთვის ტექსტი არაა მთავარი, მთავარი მუსიკაა. ამიტომაც ვიღებ საოცარ შედეგს და ამიტომაც მთვლიან საუკეთესო სპეციალისტად. ჩემთვის ყველაზე ძვირფასი საჩუქარი იქ მუშაობისას, თეატრის კაპელდინერებისგან მივიღე. ეს ადამიანები დარბაზში შესულებს საკუთარი ადგილისკენ მიგითითებენ. მოხუცი, უგანათლებულესი ქალბატონები იყვნენ, მათზე ვგიჟდებოდი. რომ ხედავდნენ რამდენს ვაკეთებდი თეატრისთვის, ჩემი დაბადების დღისთვის მანეთ-მანეთი დადეს და მიყიდეს წიგნი „იტალიური მხატვრობა“. ტირილით გავსკდი, ცხოვრებაში ასეთი პრიზი არ მიმიღია. ჩემამდე შალიაპინს, მსოფლიო დონის უდიდეს ბანს მიართვეს ამ ქალბატონებმა საჩუქარი და მას შემდეგ – მე, რაც უდიდესი ბედნიერება იყო.
– ადამიანები, რომლებმაც თქვენს ცხოვრებაზე დიდი ზეგავლენა მოახდინეს.
– რამდენიმე ადამიანმა მართლაც დიდი ზეგავლენა მოახდინა ჩემს მსოფლმხედველობაზე. მათ შორის, პირველია სალვადორ დალი. მან შეცვალა ჩემი დამოკიდებულება მხატვრობისადმი. მაშინ არ მეგონა, თუ სიზმრების ხატვაც შეიძლებოდა. ჩვენ სხვანაირად გვასწავლიდნენ, ყველაფერი გასაგები და რეალისტური უნდა ყოფილიყო. დალის ნამუშევრებმა კი ყველაფერი სხვანაირად დამანახვა. მერე, პარიზში გავიცანი უმდიდრესი კაცი პიერ არჟილე. მას უდიდესი საგანძური აქვს და ულამაზესი სასახლე, რომელიც სავსეა სალვადორ დალის ნამუშევრებით. ფაქტობრივად, მუზეუმია. ის დალის ძალიან ახლო მეგობარი გახლდათ და ეს სახლიც, ფაქტობრივად, დალის იყო, იქ ცხოვრობდა. სასახლეში ორი კვირა მეც ვიცხოვრე, სალვადორის ლოგინში მეძინა. დავხატე მისი მეგობრის პორტრეტი, რომელიც ძალიან მოეწონათ მასაც და დალისაც. მანამდე უამრავ მხატვარს დაუხატავს, მაგრამ არცერთი არ მოსწონდათ. ჩემს ნახატზე თავად სალვადორმა უთხრა, მუზეუმში დაკიდეო და დღეს ის ნამუშევარი იმ მუზეუმშია. თავად სალვადორ დალის გარდა, იმ მუზეუმში არის: პიკასოს, დეკირიკოს, კოქტოს და მურვანიძის ნამუშევრები. ამ პორტრეტის გამო სალვადორისგან საჩუქარიც მივიღე – მისი ხუთი ნამუშევარი. ერთი მისი ავტოპორტრეტია, რომლის მიხედვითაც, მე დალის ქანდაკება გავაკეთე, თუმცა ცვლილებები შევიტანე. თავად საკუთარი თავი ძალიან მახინჯი დახატა. მე პატივი ვეცი, ლამაზი კაცი იყო და ლამაზი ქანდაკება გავუკეთე. მასში ჩემი თავიც ჩავსვი და ფაქტობრივად, ერთობლივი ნამუშევარია. ერთი პერიოდი ძალიან მიჭირდა და მისი რამდენიმე ნამუშევარი გავყიდე. მხოლოდ ეს ერთი დავიტოვე, მაგრამ ახლა, რასაც აქ ხედავთ, ორიგინალი არაა. ორიგინალისთვის სახლში შემომივარდნენ ავტომატებით. მედეა ჩახავა, ჩემი სიდედრი და მაკა მახარაძე იყვნენ იმ დროს აქ, მე უცხოეთში ვიყავი. ავტომატების მუქარით დაუწვენიათ და დალის პორტრეტს ეძებდნენ, თუმცა მაშინ აქ უკვე სხვა ნამუშევარი მქონდა. ორიგინალი მაკას ძმას მივეცი. ახლა მუზეუმში მივიტანე, რომ დაცული იყოს. თან, დალი საქართველოში არაა და ვუთხარი, რომ გამოეფინათ.
ლაიზა მინელი, ეს კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი შემოქმედია, რომელმაც ჩემზეც იქონია გავლენა. ჩემი სტუდენტობის პერიოდში ლაიზა მინელი ყველას უყვარდა. საოცარი იყო მისი პიროვნება, შემოქმედება, ენერგეტიკა. ვფიქრობ, მან ჩემს შემოქმედებაზეც იმოქმედა. მერე, როცა ამერიკაში წავედი, ვოცნებობდი მის კონცერტზე მოვხვედრილიყავი და მისთვის ყვავილები მიმერთმია. მაგრამ, სხვადასხვა მიზეზის გამო, ეს ოცნება ვერ ავიხდინე. 1989 წელს საოცარი ისტორია გადამხდა თავს: ნიუ-იორკში, „მეტროპოლიტენ ოპერაში“ პრემიერა მქონდა. დასასრულს სცენაზე გამოვედი და მაყურებელს თავი დავუკარი. ამ დროს მოვიდა ლაიზა მინელი და მომართვა ყვავილები. ეს ყველაზე გამორჩეული კურიოზია ჩემს ცხოვრებაში (იცინის).
ჭაბუკიანი – ქართველი, რომელმაც მსოფლიოზე უდიდესი გავლენა მოახდინა. იმისთანა მოცეკვავე კლასიკურ ბალეტში დღემდე არ ჰყოლია მსოფლიოს. საქართველოში არცერთი კულტურის მოღვაწე არ გვყავს, ვინც მსოფლიოში დღემდე საუკეთესოდ რჩება. ამიტომ, მას მივუძღვენი კომპოზიცია. ბალეტში ყოველთვის მამაკაცს აჰყავს ქალბატონი ხელში. მაგრამ, მე გამოვსახე მუზა, ცეკვის ქალღმერთი, რომელსაც ხელში ჰყავს ატაცებული თავის საყვარელი მამაკაცთა შორის. იმედია, ეს ქანდაკება ოდესმე ოპერის ბაღში დაიდგმება. ის ვახტანგ ჭაბუკიანს ეკუთვნის, რომელსაც დღემდე ვერ მივაგეთ საკადრისი პატივი.
– ბევრმა არ იცის, რომ თავისუფლების მოედანზე არსებული საახალწლო ნაძვის ხე თქვენია. ჩვენთან ასეთ ინოვაციებს ცოტა რთულად ხვდებიან. როგორი იყო ნაძვის ხის შეფასებები თავიდან?
– ბევრმა არ იცის, რომ ეს ნაძვის ხე ჩემია. მისი შექმნისთვის მაგინებდნენ: შე უღმერთო, რას აკეთებ, წმიდა გიორგიზე ნაძვის ხეს სვამო?! თუმცა მე სულ მაგინებენ, იმიტომ რომ, ქართველი ძალიან გაუნათლებელი და ამბიციური ერია. არსად მინახავს ისეთი რამ, რაც აქ ხდება. თბილისს ორი უდიდესი მტერი ჰყავდა და ჰყავს – ვინც შემოესია და დაანგრიეს და მეორე, ვინც ახლა აშენებს. სადღეგრძელოს ამოფარებულ ერს ვუწოდებ ქართველებს.
– თუმცა, ერთი სადღეგრძელო თქვენგან ისესხეს.
– კი – „ღმერთის კარდიოგრამა“. ძალიან მინდა, დიდი, ათმეტრიანი სურათი გავაკეთო და ზედ ულამაზესი კავკასიონი გამოვსახო – დიდებული და დინჯი. კავკასიონი ღმერთის კარდიოგრამაა. სულ ვოცნებობ პატარა სახლი გავიკეთო და იქ გადავიდე საცხოვრებლად.
– ახლა რაზე მუშაობთ?
– ახლა ბაქოში ვაკეთებ გამოფენას, რომელსაც ჩემს მეგობარს, რასტრაპოვიჩს – მსოფლიოს ამ უდიდეს მოვლენას ვუძღვნი. ჩვენ ერთად ვმუშაობდით და ძალიან დავმეგობრდით. იმდენად, რომ ციხეშიც ერთად ვიჯექით. ვიხულიგნეთ და ჩაგვსვეს, მაგრამ ვინაობა რომ გაიგეს, გამოგვიშვეს. თავად მერი მოვიდა და მერიაში გაშლილი სუფრით დამთავრდა ეს ყველაფერი (იცინის).
– მითხარით, შემოთავაზებები დღესაც მაქვსო. რას აპირებთ?
– არაფერს აღარ ვაპირებ. ჩემი მეგობრები და ოჯახი აქ ცხოვრობს, მე კი მათ გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ახლაც მქონდა შემთავაზებები მონტე-კარლოდან, უდიდესი რეჟისორის, ფრანკო ძეფირელისგან. მონტე-კარლოში ადრეც ვმუშაობდი მსოფლიო მუსიკალურ ასოციაციაში, რომელსაც ათი ადამიანი ჰყავდა დირექტორატში. ეს იყო მსოფლიო უძლიერესი ნაკრები: შოლტი, პრეტრი, რასტრაპოვიჩი, იეგუდიმ ენოხინი, როჯერო რაიმონდი, პლაჩიდო დომინგო, ლორინ მაზელი, ზუბინ მეტა, რიჩარდ პერიტი და თქვენი მონა მორჩილი – მურაზ მურვანიძე. სასწაული პირობები გვქონდა – საკუთარი თვითმფრინავი, რომლითაც დავდიოდით მთელ ევროპაში. ვაკეთებდით მუსიკალურ სპექტაკლებს და კონცერტებს ოთხი წლის განმავლობაში. იქ ვცხოვრობდი და ხშირი ურთიერთობა მქონდა პრინცის ოჯახთან. იქ ცხოვრებისას, ყოველ საღამოს, ას დოლარს ვაგებდი კაზინოში ოთხი წლის განმავლობაში. ერთხელ კაროლინას შევჩივლე ამის შესახებ და მიპასუხა: აბა, როგორ გინდა, ჩემმა ოჯახმა იცხოვროსო?! (იცინის).
სადაც ახლა ვმუშაობ, ეს ვირსალაძის ყოფილი სახელოსნოა. აქ ეპოქალური ნამუშევრებია შექმნილი. აქ რომ შემოვედი, ჩემს ცხოვრებაშიც იგივე გზა დაიწყო, რაც ვირსალაძემ გაიარა. ჩემს არცერთ ნამუშევარს არ ვყიდი. პირიქით, მინდა, სხვადასხვა ქვეყანაში რაც მაქვს, ისინიც აქ ჩამოვიტანო და მუზეუმი გავაკეთო. როცა მე აღარ ვიქნები, დარჩება ჩემი სახელობის მუზეუმი და საზოგადოებას საშუალება ექნება, აქ მოიყვანონ შვილები ესთეტიკის დონის ასამაღლებლად.