რით განსხვავდება კლიმაქტერული პერიოდი მამაკაცებსა და ქალებში და რა ტაბუ დაარღვიეს ქართველმა ქალებმა კლიმაქსის დროს #1
კლიმაქტერული პერიოდი ორგანიზმის ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესია, რაც ორგანიზმში უამრავ ცვლილებასთანაა დაკავშირებული. ბევრს წარმოდგენაც არ აქვს, რისი მაუწყებელია ის სიმპტომები, ამ პერიოდს რომ ახასიათებს, როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ისინი უსიტყვოდ იტანენ უსიამოვნებებს და ნაადრევ სიბერეზე იწყებენ წუწუნს. რა არის კლიმაქსის გამოვლენის ფორმები და რა გზას უნდა მიმართოთ, რომ ეს პერიოდი იოლად, მტანჯველი პროცესის გარეშე გადაიტანოთ, ამის შესახებ ცნობილი, მრავალპროფილური კლინიკა „ინოვას” გინეკოლოგ-რეპროდუქტოლოგს, თამთა ცაავას გავესაუბრეთ.
თამთა ცაავა: კლიმაქტერული პერიოდი: ქალებში – მენოპაუზა, მამაკაცებში – ანდროპაუზა ფიზიოლოგიური პროცესია, რომელიც დაკავშირებულია ქალის სასქესო ჰორმონის ესტროგენის განლევასთან და ასევე, მამაკაცებში – სასქესო ჰორმონის შემცირებასთან. ეს პროცესი ქალებში მიმდინარეობს 45-49 წლის ასაკში, მამაკაცებში – 60 წლის ზემოთ. ეს არის გარდაუვალი პროცესი ორგანიზმისთვის, ცხოვრების ერთ-ერთი ეტაპი, ისევე როგორც მოზრდილობა. ეს არ არის სიბერე, როგორც ბევრი მიიჩნევს, ეს არის ბუნებრივი ფიზიოლოგიური პროცესი.
– არსებობს მოსაზრება, რომ კლიმაქტერულ პერიოდს მამაკაცი უფრო რთულად იტანს, ვიდრე – ქალი.
– ეს არის დამოკიდებული ჩივილებზე, რომელიც გამოვლინდება კლიმაქტერულ პერიოდში. არ არის აუცილებელი, ყველას გამოხატული ჰქონდეს კლიმაქტერული სინდრომისთვის დამახასიათებელი ჩივილები. შესაძლოა, ადამიანმა ეს პროცესი გაიაროს აბსოლუტურად უმტკივნეულოდ. შეიძლება, მენოპაუზა ისე დადგეს, რომ ქალი მხოლოდ ციკლის შეწყვეტით მიხვდეს, რომ კლიმაქტერული პერიოდი დაეწყო, სხვა ჩივილები კი, შემდგომში განუვითარდეს. ჩივილების ხასიათი არის სამი ფორმის: მსუბუქი, საშუალო და მძიმე; ასევე, ადრეული, შუა და გვიანი პერიოდის ჩივილები. ქალებში კლიმაქტერული პერიოდის ჩივილები უფრო მეტადაა გამოხატული, ვიდრე – მამაკაცებში. საწყის ეტაპზე ირღვევა მენსტრუალური ციკლი და ასევე, იზრდება ყველაზე მეტად გავრცელებული ვაზომოტორული ჩივილები: ალები, ოფლიანობა, თავბრუხვევა, სახის შეწითლება, თავის ტკივილი, წონასწორობის დარღვევა ნებისმიერ მცირე ფიზიკურ დატვირთვაზე, ხასითის ცვალებადობა. შემდეგომ ეს ჩივილები გადადის უფრო რთულ ჩივილებში. ეს არის კარდიალური ტკივილები, იშემიური პროცესების გართულება. შემდგომში დისტროფიული პრობლემებია – კანის გაფერმკრთალება, თმის ცვენა, მოგვიანებით კი, ოსტეოპოროზი. ბოლო ნიშანია ცხიმის განლაგების ცვლილება. კლინიკურად გამოხატულია ცხიმის ზემო ნაწილზე გადანაწილებით – ქვემო და ზემო კიდურები უფრო თხელია და ცხიმი იმატებს მუცლის გარშემო. რადგან კლიმაქტერულ პერიოდში მამაკაცური ჰორმონი – ანდროგენი ჯერ კიდევ რჩება წარმოებაში, ქალებს სახეზე უვითარდებათ პათოლოგიური თმიანობა. მამაკაცების შემთხვევაში, ყველაზე მეტად გამოხატულია დეპრესიულობა, რაც ასევე, აღინიშნება ქალებშიც, ნევროზიული სინდრომი, ურთიერთობათაშორისი ქცევების დარღვევა. აგრესიულობა მამაკაცებში ყველაზე მეტად არის გამოხატული.
– არის მოსაზრება, რომ მარტოხელა ადამიანები ამ პროცესს უფრო მტკივნეულად განიცდიან და ძნელად იტანენ, ვიდრე ისინი, ვისაც ჰყავს სექსუალური პარტნიორი.
– რაც შეეხება სქესობრივ ცხოვრებას, ნევროზების უმეტესი ნაწილი დაკავშირებულია სექსუალურ ნევროზებთან. ამიტომ, არაპირდაპირი თეორიით, ვისაც კლიმაქტერულ პერიოდში სქესობრივი ცხოვრება აქვს – დაკვირვება ცხადყოფს, რომ ცოლიან მამაკაცებში ის უფრო მსუბუქად და ხშირად, შეუმჩნევლადაც კი მიმდინარეობს. მარტოხელა მამაკაცები ამ სინდრომს უფრო მტკივნეულად განიცდიან და ძნელად იტანენ. პოტენცია მეტწილად, თანდათან მცირდება, მაგრამ დასაშვებია სხვა ვარიანტებიც: ეგზალტაციური, როდესაც ეაკულაცია ჩქარდება და სქესობრივი აქტის ხანგრძლივობა მცირდება, და აჟიტირებულ-ნევრასთენიული, როდესაც სქესობრივი ფუნქციის დაქვეითებას, თან სდევს მკვეთრად გამოხატული ნეგატიური ემოციები. კლიმაქტერული პერიოდის დროს ქალთა 2/3-ში შეინიშნება სქესობრივი ფუნქციის დარღვევა. მათ ეკარგებათ სქესობრივი ცხოვრებისადმი ლტოლვა. ქალთა მცირე ნაწილში, 1/3-ში გამძაფრებულია სქესობრივი ლტოლვა და ყალიბდება ნიმფომანია. მამაკაცებში სექსუალური ურთიერთობის სურვილი მეტადაა გამოხატული. ამიტომაც არის მოსაზრება, რომ მარტოხელა მამაკაცები ამ პროცესს უფრო მტკივნეულად განიცდიან და ძნელად იტანენ, ვიდრე ისინი, ვისაც პარტნიორი ჰყავს. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ მამაკაცის სპერმა განაყოფიერების უნარს გვიანობამდე ინარჩუნებს, რასაც ვერ ვიტყვით ქალებზე – კლიმაქტერულ პერიოდში ქალებში ორსულობის შანსი მინიმალურია.
– განსაზღვარვს თუ არა ცხოვრების წესი, როგორ გადაიტანს ადამაინი კლიმაქტერულ პერიოდს?
– გარკვეულწილად, განსაზღვარვს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად, ეს არის გარდაუვალი პერიოდი. თუმცა, ადამიაინს ის გადააქვს მარტივად, ან პირიქით – რთულად, თავისი განვლილი ცხოვრების წესიდან გამომდინარეც. უპირველესად, ეს არის კოფეინის, ალკოჰოლის ნაკლები მოხმარება, ნაკლები სტრესდატვირთვები. ცხოვრების წესთან ერთად, მნიშვნელოვანია კვების კულტურა. ცნობილია, რომ იაპონელებში კლიმაქტერული პერიოდი იწყება გვიან, რადგან ისინი იკვებებიან ფიტოესტროგენების შემცველი პროდუქტით, როგორიცაა: სოია, ბრინჯი, ზღვის პროდუქტი. ერთ-ერთი ძველი კვლევის მიხედვით, იაპონელი ქალების იმ ნაწილს, რომელიც გადასახლებული იყო ამერიკაში და გადავიდნენ კვების ამერიკულ რეჟიმზე, კლიმაქტერული პერიოდი ეწყობოდათ იმ ასაკში, როცა ეწყებათ ჩვეულებრივ, თეთრი რასის ქალებს. მათ კი, ვინც დარჩა თავის ტრადიციულ კვებაზე, კლიმაქტერული პერიოდი ეწყებოდათ უფრო გვიან. გეოგრაფია ამასთან ნაწილობრივ არის კავშირში. ის დამოკიდებულია ტრადიციული კვების კულტურასთან. ჩვენთან ადრე, ქალებში კლიმაქტერული პერიოდის საწყისად ითვლებოდა 49 წელი. ახლა მოქმედებს ახალი მიდგომა, რომლის მიხედვითაც, ეს პერიოდი იწყება 45 წლის ასაკში. კლიმაქტერული პერიოდი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე თვე ან რამდენიმე წელი, 8-10 წელიც კი. ეს ძალიან ინდივიდუალურია. როგორც მენოპაუზა, ასევე ანდროპაუზა, შესაძლოა გახდეს მაპროვოცირებელი ფაქტორი გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, სიმსუქნისა თუ სხვა პათოლოგიების განვითარების მხრივ. განსაკუთრებით სახიფათოა გვიანი მენოპაუზა ქალებში, რაც შესაძლოა, სიმსივნური დაავადებების მაპროვოცირებელიც აღმოჩნდეს.
– როგორია კლიმაქტერული პერიოდის მკურნალობის თანამედროვე სტანდარტი დღეს მედიცინაში?
– საბედნიეროდ, ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა როგორც პაციენტთა ინფორმირებულობა, ასევე ექიმთან მიმართვიანობის შემთხვევები. თუმცა ეს სინდრომი მაინც მტანჯველი პროცესია, როგორც ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის. ზოგადად, მაინც შეიცვალა მიდგომა კლიმაქტერული პერიოდის მიმართ. თუ ადრე ითვლებოდა, რომ ქალებისთვის ეს იყო ნორმა და უნდა აეტანათ ის ჩივილები, რაც მენოპაუზას ახლავს, დღეს ქალთა უმეტესობა ექიმთან მიდის მკურნალობის ჩასატარებლად, რის შეემდეგაც ცხოვრების ხარისხი რჩება ისეთი, როგორიც იყო კლიმაქტერული პერიოდის დაწყებამდე. როგორც მენოპაუზა, ასევე ანდროპაუზა, კარგად ემორჩილება მკურნალობას. საჭიროა წინასწარი კვლევების ჩატარება დანიშნულებამდე, რომელიც განაპირობებს აბსოლუტურად უსაფრთხო პრეპარატის შერჩევას. მსუბუქი ფორმების დროს გამოიყენება მცენარეული ტიპის პრეპარატები, საშუალო და მძიმე ფორმების დროს კი, ჩანაცვლებითი თერაპია როგორც ქალებში, ასევე მამაკაცებში. ქალებისგან განსხვავებით მამაკაცებს, უფრო მაღალი ფსიქოემოციური ფონიდან გამომდინარე, ხშირად სჭირდებათ მკურნალობის პროცესში ნევროპათოლოგის ჩარევაც.