კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ჩამოიყვანეს ნიკა ნიკვაშვილი დაძრული თვითმფრინავიდან და ვის გამო დაბრუნდა ის საქართველოში #1

მუსიკოსი ნიკა ნიკვაშვილი ცოტა ხნით სამშობლოს ესტუმრა. ის უკვე შვიდი წელია, რაც უცხოეთშია, ამჟამად კი პარიზში ცხოვრობს და კონსერვატორიაში, საორკესტრო ფაკულტეტზე სწავლობს. როგორია მისი პარიზული ცხოვრება და რატომ დაბრუნდა ის საქართველოში ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნიკა ნიკვაშვილი: საფრანგეთში ჩავაბარე კონსერვატორიაში და ვისწავლე საკომპოზიტორო ფაკულტეტზე, ახლა გავდივარ საორკესტროს. მოკლედ, პარიზში გადავედი საცხოვრებლად. ვიდრე კონსერვატორიაში დავიწყებდი სწავლას, მანამდე უფრო აქტიური პერიოდი მქონდა კონცერტების თვალსაზრისით. ახლა ვსწავლობ და ძალიან დატვირთული ვარ. იმდენად რთულია იქ სწავლა, რომ, ფაქტობრივად, მთელი ჩემი დრო, დილიდან საღამომდე სწავლას ეთმობა. ცოტა ხნის წინ ჩამოვედი საქართველოში. ჩამოსვლის მიზეზი ჩემთვის იმდენად ძვირფას ადამიანს ეხებოდა, რომ არ შეიძლებოდა, არ ჩამოვსულიყავი. ეს პიროვნება გახლავთ თამრიკო ჭოხონელიძე. მისი ვარსკვლავი გაიხსნა და ამ ამბავთან დაკავშირებით, დათო ოქიტაშვილმა ჩამომიყვანა. შემდეგ ამას  დაემატა ნინო სურგულაძის საქველმოქმედო კონცერტი და მოხდა ისე, რომ ახალ წელს საქართველოში შევხვდი. ორი წელია,  საქართველოში არ ვყოფილვარ ამ დღესასწაულზე.
– როგორია შენი პარიზული ცხოვრება?
– როგორ გითხრათ, რის გამოც საფრანგეთში ვიმყოფები, ეს სწავლაა. შესაბამისად, მეტი არც არაფერი ხდება. არ ვიცი, ამ ქვეყანაში რამდენი ხანი ვიცხოვრებ, წინასწარ არ ვგეგმავ მსგავს რაღაცეებს. თან, ცვლილებები მიყვარს. ახალი სიტუაცია, ახალი გარემო ჩემთვის, როგორც მუსიკოსისთვის, აუცილებელია – სიახლეები ზრდის ადამიანს. საფრანგეთი ძალიან კარგია სწავლის მხრივ. იქ არაჩვეულებრივი მუსიკალური სკოლაა. თუმცა, მეც კარგი საფუძველი მაქვს საქართველოდან. ხშირად მეკითხებიან,  სად გაიარე თავდაპირველი სკოლაო და მე სიამაყით ვამბობ, საქართველოში-მეთქი.
– ემიგრანტის ცხოვრება არც ისე მარტივია. რთული პერიოდი თუ გქონია?
– რასაკვირველია, როცა შენი ქვეყნის გარეთ ხარ, ყოველთვის გაქვს ნოსტალგია. ვისწავლე ცხოვრება მუდმივი მონატრებით. რომ წავედი, არც ისე პატარა ვიყავი, მაგრამ უცხო ქალაქი და უცხო ქვეყანა მაინც სულ სხვაა. შვიდი წელია, რაც ემიგრანტი მქვია. მოსკოვში ცხოვრება ძალიან გამიმარტივა ჩემმა მეგობარმა, ქალბატონმა მანანა თოდაძემ, რომელიც გვერდში დამიდგა. მისი დახმარებით გავემგზავრე მოსკოვში და დავიწყე ახალი ცხოვრება. რთულია, როცა ყველაფერი ისევ თავიდან გაქვს შესაქმნელი. მქონდა მომენტი, როცა ვფიქრობდი, როგორ შევძლებდი ამ ყოველივეს და ხომ არ დავბრუნებულიყავი, მაგრამ გადავლახე. შევძელი, მეცხოვრა დამოუკიდებლად, მხოლოდ საკუთარი შრომის ხარჯზე. არავისგან არავითარი დახმარება არ მიმიღია. არ მაქვს ისეთი ხასიათი, რომ ვინმეს რამე ვთხოვო. ყველაფერი თავისთავად აეწყო. მოსკოვში ბევრად რთულია კარიერის გაკეთება, ვიდრე საქართველოში. თავიდან ვუკრავდი ბარში, მყავდა მოსწავლეები, ვაორკესტრებდი კონცერტებს. ვმუშაობდი დღე და ღამე.
– როგორც ვიცით, პატრიარქთან ახლო ურთიერთობა გაქვს.
– არ ვმეგობრობთ, მაგრამ მაქვს მასთან ურთიერთობის ბედნიერება. ვიდრე, ბატონი ბიძინა კვერნაძე იყო ცოცხალი, მასთან ერთად ვესტუმრებოდი ხოლმე. ერთხელ ჩემი თითები რახმანინოვის თითებს შეადარა და მითხრა: მინდა, კიდევ უფრო დიდი წარმატება გისურვოო. ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის. ცოტა ხნის წინ, მის სიტყვებზე დავწერე ახალი ნაწარმოები. საპატრიარქოდან ქალბატონმა ნონამ მომცა პატრიარქის ტექსტი და მთხოვა, გამეკეთებინა მუსიკა. დიდი ხანი მქონდა ეს ტექსტი და ვფიქრობდი, რა შემექმნა. მერე პარიზში დავწერე და ახლა ჩამოვუტანე. პატრიარქს მოვასმენინე და ძალიან მოეწონა.
– გარდა მუსიკისა, კიდევ რა ხდება შენს  ცხოვრებაში?
– ერთადერთი, რაც არის, ვვარჯიშობ ხოლმე. იმდენად რთულია ჩემთვის ეს გრაფიკი, თითქმის სულ ვზივარ, ამიტომ დავიწყე ვარჯიში. თან, როცა სცენასთან გაქვს საქმე, სულ ფორმაში უნდა იყო. ასევე, ვმოგზაურობ. ჩემი სამოგზაურო თავგადასავლები ძირითადად იმას უკავშირდება, რომ ყველგან მაგვიანდება.  იყო შემთხვევა, როცა კონცერტზე სხვა ქალაქში მივფრინავდი და სულ სხვა თვითმფრინავში ჩავჯექი. დაძრული თვითმფრინავიდან ჩამომიყვანეს (იცინის), ჩემი კი გაფრენილი დამხვდა. მოკლედ, მთელი ღამე აეროპორტში გავატარე. იქ გავემზადე, ჩავიცვი და პირდაპირ ჩავედი კონცერტზე.
– ჯაბა ქარსელაძესთან დიდი ხანია, მეგობრობ?
– ჩვენი მეგობრობა ჯერ კიდევ თბილისში დაიწყო. როცა ახლო მეგობრები გავხდით, ის საფრანგეთში ცხოვრობდა, მე კიდევ – მოსკოვში. დღემდე კარგი ურთიერთობა გვაქვს. ის რომ არ ყოფილიყო საფრანგეთში, გამიჭირდებოდა იმის გადაწყვეტა, რომ კონსერვატორიაში იქ ჩამებარებინა. დიდი მხარდაჭერა მქონდა მისგან.  მან მომცა ამ ყოველივეს სტიმული. რომ არა ეს, ძალიან გამიჭირდებოდა.
– ბავშვობაში, შავი და თეთრი კლავიშების გამუდმებით ყურება მოსაბეზრებელი არ იყო?
– ეს იმდენად ჩემშია, რომ – არა. რაც ვცხოვრობ, პარალელურად მგონია, რომ სულ ვუკრავდი. ჩემს ოჯახში შენახულია კადრები, ინსტრუმენტს რომ ვერ ვწვდები, მაგრამ სწორ ჰარმონიას ვუკრავ. ბაღში ან ტელევიზორში რასაც მოვისმენდი, ზუსტი გამეორებით შემეძლო დაკვრა. არ მიყვარდა მეცადინეობა.  ნელი კეშელავა იყო ჩემი პედაგოგი, ძალიან მკაცრი  ქალბატონი. ოთხჯერ გამოვექეცი და დედაჩემმა მიმაბრუნა. სახაზავს მარტყამდა თითებზე  და დალურჯებული თითებით დავდიოდი (იცინის).  მაგრამ, სწორედ მან შემაჩვია პროფესიონალიზმს.
– სიმპათიურ მუსიკოსს ბევრი თაყვანისმცემელიც ეყოლება...
– არ ვიცი. მეც და ჩემი დაც კრიტიკულები ვართ საკუთარი თავის მიმართ. ორივეს გვგონია, რომ ჩვენზე ცუდი არავინ დადის დედამიწაზე. ერთმანეთს ვეუბნებით: „შე მახინჯო, რას გავხარ“ (იცინის). ამ ფონზე, ყურადღებას რომ ვგრძნობ, მიკვირს. მქონდა მომენტები, როცა ძალიან აქტიურობდნენ. მოსკოვში, სახლში ყვავილების გარეშე არ დავბუნებულვარ. თაიგულები მოჰქონდათ. აქ ნაკლებად იციან. ახლა რომ გამოვდიოდი, პეტერბურგიდან ჩამოვიდნენ ჩემი თაყვანისმცემლები. ძალიან სასიამოვნოა ეს მომენტი.
– პირად ურთიერთობებში რა ხდება?
– იმდენად დაკავებული ვარ ჩემი საქმით, რომ – არაფერი. კარიერასთან ერთად, პირადი ცხოვრება რთულია. ჩემი ცხოვრების რეჟიმი იმედენად დაძაბულია, ამ ეტაპზე, პარალელურად, პირადი არ შემიძლია... ვგულისხმობ სერიოზულ ურთიერთობას, შემდეგში რა იქნება, არ ვიცი.

скачать dle 11.3