სად უწევდა ნოე სულაბერიძეს პანიკაში ჩავარდნილი ნინი ბადურაშვილის დაწყნარება და ვინ „შეაშინა“ მან საქართველოს სისხლიანი ტრადიციებით #1
რთულია, იპოვო ადამიანი, ვისაც მოგზაურობა არ უყვარს და სხვადასხვა ქვეყანასთან განსაკუთრებული თავგადასავლები არ აკავშირებს. ფრენა, უცხო ქვეყნის სიახლეები, საპირისპირო სქესის მიმზიდველი წარმომადგენლები, გართობა, მეგობრები – ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც სხვა ქვეყანაში გატარებულ დღეებს დაუვიწყარს ხდის. ამ თემაზე ამჯერად პროდიუსერ ნოე სულაბერიძეს ვესაუბრეთ.
– ნოე, სანამ მთავარ თემაზე გადავალთ, მითხარი, როგორ და ვისთან ერთად შეხვდი ახალ წელს?
– ახალ წელს ბავშვებთან, ეკასთან და დედასთან ერთად შევხვდი. ასეთი ტრადიცია გვაქვს – ყოველ ახალ წელს ერთად ვატარებთ. ეს პერიოდი მიყვარს, რადგან საახალწლო დღესასწაულების გარდა, 6 იანვარს ჩემი დაბადების დღეა და კარგად ვერთობი მეგობრებთან ერთად.
– გადავიდეთ ჩვენს ძირითადად თემაზე – მოგზაურობა. ყველაზე მაგარი თავგადასავლები რომელ ქვეყანასთან გაკავშირებს?
– სტოკჰოლმთან, მაგრამ ვერ მოგიყვები (იცინის). ისე, ჩემი ძირითადი თავგადასავლები აეროპორტს უკავშირდება, სულ გაუგებრობაში ვყვები. ბოლოს ინტერნეტით ვიყიდე ბილეთი და ეს იყო ინტერნეტით ბილეთის ყიდვის ჩემი ბოლო მცდელობა. სამი დღით წავედი და წამოსვლისას, აეროპორტში ბილეთი რომ მივაწოდე, მითხრეს: ერთ თვეში გამოგვიარეო. ერთხელ ბერლინში მივფრინავდი და როგორც ჩანს, ჩემს ტურაგენტს არასწორად ვუთხარი თარიღი. დილით მირეკავს, რეგისტაცია რატომ არ გაქვს გავლილიო. ამ დროს, მე მეგონა, რომ მეორე დღეს მივფრინავდი. ამჯერადაც და წინა შემთხვევაშიც, ბილეთის თავიდან ყიდვა მომიწია (იცინის).
– თვითმფრინავის შიში გაქვს?
– ფრენის არ მეშინია, მაგრამ ტურბულენტური ზონა არ მიყვარს (იცინის). ერთხელ მე და ნინი ბადურაშვილი მოვფრინავდით ლონდონიდან და საშინელ ტურბულენტურ ზონაში მოვყევით. რაც კი სასმელი ჰქონდათ სტიუარდესებს, ნინიმ ყველა ბოლომდე გამოცალა, მაგრამ არ უშველა. რაც უფრო თვრებოდა, მეტად ნერვიულობდა. მეც პანიკაში ვიყავი, მაგრამ ჩემი თავისთვის არ მეცალა, ნინის ვამშვიდებდი.
– დაკარგულხარ რომელიმე ქვეყანაში?
– ერთხელ რომში დავიკარგე. სტუდენტი ვიყავი და კონფერენციაზე წავედი. ორგანიზატორებმა გამაფრთხილეს, თუ უჩვენოდ სადმე მოხვდები, რუმინელებს და მოლდაველებს არ დაელაპარაკო, აქ ხულიგნებად ითვლებიანო. შემთხვევით დავიკარგე და აღმოვჩნდი, სადღაც, ქალაქის ბოლოს. ტყის გარდა გარშემო არაფერი ჩანდა. სამი ტიპი მომიახლოვდა და ვკითხე, ხომ არ იცოდნენ, როგორ მივსულიყავი ჩემს სასტუმრომდე. მითხრეს, არაო და წავიდნენ, მაგრამ მერე, ერთი მოტრიალდა და უი, გამახსენდა ეგ სასტუმრო, წამოდი, მეც იქით მივდივარ და მიგიყვანო. რაღაც „სტრანი“ ენაზე ლაპარაკობდა და ვკითხე, სადაური ხარ-მეთქი, რუმინელიო, მიპასუხა (იცინის). მარტო ვიყავი, მაგრამ ეთნიკურ ნიადაგზე უკან დახევა, საკუთარ თავთანაც „გამიტყდა“ და წავყევი. თუმცა ჯიბეში მუშტი მქონდა მომზადებული, ყოველი შემთხვევისთვის. ტყეში წამიყვანა, ეს გზა უნდა გავიაროთო. როცა ჩემს შესახებ მკითხა, ხუთ წუთში მოვუყევი, რომ ვიყავი საქართველოდან, რომელიც სისხლიანი ტრადიციების ქვეყანაა და რომ იქ, „ბოქსის” ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის ვიყავი ჩასული. ძალიან კმაყოფილი ვიყავი ჩემი თავით, ეს რუმინელი ჩემზე ორი ნაბიჯით წინ მიდიოდა და ხუთ წუთში მიმიყვანა ჩემს სასტუმროსთან (იცინის).
– ყველაზე ლამაზი გოგოები რომელ ქვეყანაში არიან?
– შვედეთში. ლამაზ ქართველ გოგოს არავინ მირჩევნია. გარეგნული სილამაზე შეიძლება ბევრ ერს ჰქონდეს, მაგრამ მენტალური ერთიანობა, კიდევ დამატებითი კომპონენტია, რომელიც მეტ სილამაზეს სძენთ. შვედები ამ თვალსაზრისით რაოდენობრივად ნამდვილად გამორჩეულები არიან. მეტროში რომ ჩაჯდები, გგონია, რომ ლამაზი გოგოები სერიული წარმოებისაა (იცინის).
– რთული „დასაკერები“ არიან შვედი გოგოები?
– არცერთ ქვეყანაში არ არსებობს რთულად და მარტივად „შესაბმელი“ გოგო. ყველაფერი ყოველთვის ძალიან ინდივიდუალურია. ნახევარ საქართველოს ჰგონია, უკრაინაში რომ ჩავლენ, ყველაფერი მარტივად იქნება. არადა, ასე არაა. ბანძი თუ ხარ, იქაც ბანძი ხარ და თუ „კაი ტიპი“ ხარ, ორივეგან ასეთი ხარ. საერთოდ, ძალიან მაღიზიანებს ასოციაცია, რომ თითქოს ქართველი მამაკაცები რუსეთსა და უკრაინაში იქაური ქალების „შესაკერად“ ჩადიან. ამაში „სიხამეს” ვხედავ, რაც ძალიან არ მომწონს.
– შენ არ ჩადიხარ ამის გამო?
– მქონდა პერიოდი, როცა მაგის გამო ჩავდიოდი. ალბათ, ათი წლის წინ, მაგრამ ახლა ვფიქრობ, უკრაინაში გოგოს გამო არ უნდა გაფრინდე. აქაც შეგიძლია, ჩამოიყვანო უკრაინელი გოგო და თან, საქართველოშიც ძალიან ბევრი კარგი გოგოა, ამისთვის უკრაინაში რომ არ ირბინო.
– სასიყვარულო თავგადასავლები რომელ ქვეყანასთან გაკავშირებს?
– სასიყვარულო თავგადასავალს რაც შეეხება, მიყვარდა გოგო, რომელიც მაშინ მოსკოვში, მაგრამ ახლა – კალიფორნიაში ცხოვრობს. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორია იყო, რომელსაც არასდროს ვყვები და არც ახლა მოვყვები (იცინის). თუმცა ეს დიდი ხნის წინ, ეკამდე იყო. ჩვენი ურთიერთობა ვერ შედგა, თუმცა ლამაზ ისტორიად დარჩა.
– მასთან კიდევ გაქვს ურთიერთობა?
– თუ ქალი შენს ცხოვრებაში რაღაცას წარმოადგენდა, ხშირად არა, მაგრამ შეიძლება, წელიწადში ერთხელ დაურეკო და მოიკითხო. ჩვენც ამ დონზე ვურთიერთობთ. ისე, ყველაზე დიდი სიხშირით, ისევ ეკასთან მაქვს ურთიერთობა.
– რომელ ცნობილ ადამიანებთან ერთად მოგზაურობ ხოლმე?
– მე და დიმა ობოლაძე ვიყავით რამდენჯერმე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე სხვადასხვა ქვეყანაში. ერთხელ, ლონდონში ვართ და ძალიან წვიმს. ქუჩაში მივდივართ და არ გვსიამოვნებს წვიმაში სიარული. დიმას ვუთხარი, ერთი ქოლგა ვიყიდოთ და ისე ვიაროთ-მეთქი. კაი, ბიჭო, გეები ხო არ ვართ, ერთი ქოლგით რომ დავიწყოთ სიარულიო, მითხრა (იცინის). ლონდონში ვართ, ვინ გიცნობს, ვის დაკარგვიხარ, რაში გაინტერესებს, ვინ რას იფიქრებს-მეთქი. მოკლედ, ვიყიდეთ ქოლგა, წვიმს და ჩვენც მივდივართ ასე რომანტიკულად ქუჩაში (იცინის). ორი ნაბიჯი არ გვაქვს გადადგმული და ვხედავ, პირდაპირ მოდის ბიძინა ბარათაშვილი და ყუბანა (იცინის). დიმას ყურში ვეუბნები, ეს ქოლგა არ შეიმჩნიო, რომ მოგვიახლოვდებიან, ლაპარაკი დაიწყე და არ გაჩერდე-მეთქი. მე ამ დროს ხან სიგარეტის და ხან რის გამო, ნელ-ნელა ვეცლებოდი ქოლგას და ბოლოს მარტო მას შევატოვე ხელში (იცინის). დიმასთან ერთად მოგზაურობა ძალიან მაგარია და ყოველთვის მიხაროდა მასთან ერთად სადმე წასვლა. სხვათა შორის, მოგზაურობაში ძალიან საყვარელი და კომფორტულია ნინა წკრიალაშვილიც. შეუძლია, ყველაფერში აგყვეს. ნინა წლების განმავლობაში ტრაბახობდა, რომ ძალიან მაგრად იცოდა ფრანგული და საფრანგეთში ყველას ფრანგულად ელაპარაკებოდა, ოღონდ არცერთ ფრანგს ნინას ფრანგული არ ესმოდა (იცინის).
– ცოტა ხნის წინ, „ფეისბუქზე“ დაწერე, სულელ ქალზე უარესი არაფერიაო. რას გულისხმობდი?
– რაც ყველაზე მეტად თვალშისაცემი და გამაღიზიანებელია ჩემთვის, ეს არის სულელი გოგოების ჭკვიანური პოსტები. როცა სინამდვილეში, კარგად იცი მისი ინტელექტუალური დიაპაზონი და უცბად ხედავ, იყენებს ისეთ სიტყვებს, პროფესორებიც რომ არ იყენებენ. განსაკუთრებით სასაცილოები მაშინ არიან, როცა რაღაცით აღშფოთდებიან ხოლმე. კი ბატონო, სულელი კაციც ძალიან სასაცილოა, მაგრამ სულელი კაცები ჭკვიანურ პოსტებს არ დებენ (იცინის).
– ბევრი სულელი გოგო გყავს მეგობრებში?
– კი (იცინის), მაგრამ ჭკვიანებიც ბევრია. ეს პოსტი რომ დავწერე, ზუსტად ვიცოდი, სხვა რამეს იფიქრებდნენ.