როგორ განახორციელა ჯავშნოსნის არაორდინარული ძარცვა ქართველი რეციდივისტის ბანდამ #1
გაქცევა
1967 წლის 5 ივლისს, მორდოვიის ავტონომიური რესპუბლიკის ¹19 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიიდან 47 წლის ვიქტორ მენაბდე გაიქცა, რომელიც 15-წლიან სასჯელს იხდიდა და ინკასატორზე ჯგუფური თავდასხმისთვის იყო გასამართლებული. მენაბდე, მეტსახელად „რეზკი“ (მკვეთრი) რეციდივისტი იყო და მეოთხედ იხდიდა სასჯელს. პირველად ის 1946 წელს დააპატიმრეს აფთიაქის ძარცვისთვის თბილისში. მან ეგრეთ წოდებული „ზემელის“ აფთიაქიდან პენიცილინის ამპულები ძალით წაართვა აფთიაქარს. მართალია, ფული დაუტოვა, მაგრამ მოძალადე მაინც დააპატიმრეს და 4 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. იმავდროულად, არ გაითვალისწინეს, რომ მენაბდე მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო. მონაწილეობდა ბერლინის აღებაში და სამი საბრძოლო ორდენით იყო დაჯილდოებული. საქმე კი ის გახლდათ, რომ 26 წლის მენაბდე იმ დროს მივიდა აფთიაქში, როცა იკეტებოდა და აფთიაქარმა აღუნიკ არუთინოვამ მას პენიცილინის ამპულების გაცემაზე უარი განუცხადა. უთხრა, სამუშაო საათები დავასრულეო. ვიქტორს წამალი მძიმე ავადმყოფი, ერთადერთი გამზრდელი ბებიისთვის უნდოდა და ძალით აიღო თაროდან წამალი. ფული დახლზე დააგდო და სახლში წავიდა. არუთინოვა მილიციის მაიორ ვართან სარქისოვის მეუღლე იყო და სწორედ ქმრის „მეცადინეობით“ ჩასვეს ციხეში ფრონტის ქართველი გმირი. მან მთელი ვადა მოიხადა და 1950 წელს გათავისუფლდა. თუმცა, კანონსა და მთავრობაზე გულგატეხილი ახალგაზრდა ვაჟკაცი იოლად გადაიბირეს კრიმინალებმა და მას უკვე დამნაშავის ფსიქოლოგია ჰქონდა. მას შემდეგ მენაბდე ნამდვილი მძარცველი გახდა და ძირითადად ინკასაციებზე მუშაობდა. შეიძინა მეტსახელი „რეზკიც“, რადგან განსაკუთრებული სიმკვეთრით იყო გამორჩეული და მისი ნათლია არ შემცდარა. ¹19 ზონიდან კი ვიქტორ მენაბდე ღამით გაიქცა. მან სამი მავთულხლართი გადალახა. კოშკურის გუშაგს „კალაშნიკოვის“ სისტემის ავტომატი წაართვა და კოღოებით სავსე ხშირ ტყეში გაიქცა.
არაორდინარული ძარცვა
47 წლის გაქცეულ რეციდივისტ რეზკიზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა. მთელი საბჭოთა კავშირის მილიცია ფეხზე დადგა. თუმცა, ვიქტორ მენაბდეს ვერსად მიაგნეს – ცამ ჩაყლაპა თუ მიწამ, არავინ იცოდა. იმავდროულად, გამოცდილი ბოროტმოქმედი ქალაქ სოჭში კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობდა თავის საყვარელთან, ირინე პოკროვსკაიასთან და ოთხ მძარცველთან ერთად. ისინი იმ არაორდინარული დანაშაულისთვის ემზადებოდნენ, რომელმაც მთელი საბჭოეთი აალაპარაკა და ამის შესახებ უცხოური მასმედიაც იუწყებოდა. 1868 წლის 30 აგვისტოს მენაბდემ და მისი ბანდის ოთხმა წევრმა ქალაქ ადლერის აეროდრომის სათადარიგო სადგომიდან სატვირთო ვერტმფრენი „მი 12“ გაიტაცეს. სულ რაღაც თვე-ნახევრის გამოშვებული მხოლოდ 20 ცალი „მი 12-დან”, ერთ-ერთი ქალაქ ადლერს ეკუთვნოდა. ამ უზარმაზარ, მსოფლიოში იმ დროისთვის ყველაზე დიდ ვერტმფრენს მენაბდის ბანდის წევრი, პირველი კლასის მფრინავი, 41 წლის ოთარ ქოქრაშვილი მართავდა. ვერტმფრენი ადლერიდან სოჭის მიმართულებით გაფრინდა და ტუაფსესკენ მიმავალ ტრასას დაადგა, რომელზეც სახელმწიფო ბანკის დაჯავშნილი ავტომობილი მისრიალებდა. მანქანაში 6 მილიონი მანეთი იდო და 4 ინკასატორს ის ტუაფსეს საკონსერვო ქარხანასა და სხვა დაწესებულებების თანამშრომელთა ხელფასებისთვის მიჰქონდათ. ტრასის 49-ე კილომეტრზე, რეზკის ბანდის ორი წევრი – ვიტალი დემიჩი და არიან ბაბაევი სპეციალური ტროსებით დაეშვნენ ჯავშნოსანზე და მას კაუჭები გამოსდეს. შემდეგ მანქანა ჰაერში ასწიეს და შავი ზღვის შუაგულში, ათიოდე კილომეტრის მოშორებით გააქანეს, სადაც საშუალო ზომის ბარჟა ტივტივებდა. სწორედ ბარჟაზე დასვეს მანქანა. ვერტმფრენიდან ოთხნი გადმოვიდნენ და ქოქრაშვილმა საფრენი მანქანა წინასწარ შეთვალიერებულ მდელოზე დასვა. იქვე დატოვა და თვითონ წინასწარ შეთანხმებული ადგილისკენ გაემართა ქალაქ სოჭში. ამ დროს კი ბარჟაზე მყოფებმა ჯავშნოსანში მსხდომები მხუთავი გაზით მიაძინეს. მანქანა გახსნეს და 6 მილიონი მანეთი გაიტაცეს, რომელიც სწრაფმავალი კატერით ჩაიტანეს სოჭში. ინკასატორები კი ბარჟაზე, შუა ზღვაში დატოვეს და ყოველი შემთხვევისთვის, მათ ორი დღის სამყოფი საჭმელიც დაუტოვეს.
დანაშაული დილის 9 საათსა და 40 წუთზე მოხდა. შუადღეზე კი სოჭში უკვე მოსკოვიდან „კაგებეს“ სპეცჯგუფი ჩავიდა, რომელიც საგულდაგულოდ იძიებდა ამ უპრეცედენტო დანაშაულს და მძარცველთა მოძებნას ცდილობდა.
პოდპოლკოვნიკი კახიძე
„კაგებე“ თავდაპირველად ოთარ ქოქრაშვილს ეძებდა, რადგან „მი 12-ის“ ტარება მხოლოდ მას შეეძლო ადლერში, თანაც ვერტმფრენის გატაცების თვითმხილველებიც არსებობდნენ. მოგვიანებით, დანარჩენი მძარცველების იდენტიფიცირებაც მოხერხდა და მათ ინტენსიურად ეძებდნენ. ამ ღონისძიებას მოსკოვიდან ჩამოსული უშიშროების სპეცჯგუფის ქართველი პოდპოლკოვნიკი მერაბ კახიძე ხელმძღვანელობდა. მისი ხელქვეითები ბოროტმოქმედებს, ფაქტობრივად, ყოველ კუთხე-კუნჭულში ეძებდნენ, მაგრამ მაინც გამოეპარათ და 1968 წლის 4 სექტემბერს, ადლერი-თბილისის ავიარეისის ბორტზე 5 ბოროტმოქმედი ავიდა. ისინი ავტომატებითა და პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებულები. თან, ჯავშნოსნიდან გატაცებული 6 მილიონი მანეთი ჰქონდათ. მათ 58 მგზავრი მძევლად აიყვანეს და თურქეთში გაფრენა მოითხოვეს. ამ დანაშაულის გამო აღძრული სისხლის სამართლის საქმეში ვკითხულობთ: „პოდპოლკოვნიკი მერაბ კახიძე ერთ-ერთ გამტაცებელს, ბანდის მეთაურს, ვიქტორ მენაბდეს, იგივე რეზკის, რადიოკავშირით ესაუბრა ქართულ ენაზე:
– რას ითხოვთ? – ჰკითხა კახიძემ.
– თურქეთში გადასვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, თვითმფრინავს ავაფეთქებთ, – მიუგო მენაბდემ.
თხუთმეტწუთიანი დიალოგის შემდეგ, პოდპოლკოვნიკმა ხელმძღვანელებთან დასალაპარაკებლად მისვლა მოიმიზეზა და დიალოგი შეწყვიტა. ნახევარი საათის შემდეგ კი კვლავ ეთერში დაბრუნდა და რეზკის უთხრა:
– თანახმა ვართ, რომ თურქეთში გაგიშვათ და არც თურქები არიან წინააღმდეგნი, მაგრამ ერთი პირობით...
– რა პირობით? – იკითხა მენაბდემ.
– როგორც კი თვითმფრინავი სტამბულის აეროპორტში დაჯდება, მგზავრები ავიასალონში უნდა დატოვოთ. თქვენ კი თქვენი იარაღებით საფრენ ბილიკზე ჩახვიდეთ. იარაღი და ფული იქვე დატოვოთ და პოლიციას ჩაჰბარდეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სროლას აგიტეხენ და მგზავრებიც დაზიანდებიან.
– კარგი. თანახმა ვართ, – განუცხადა რეზკიმ პოდპოლკოვნიკს, რომელმაც უთხრა:
– საათ-ნახევარში სტამბულში იქნებით.
ადლერიდან აფრენილი თვითმფრინავი ზღვის თავზე კურსირებდა და ზუსტად 90 წუთის შემდეგ თურქული დროშებითა და ღერბებით მორთულ აეროპორტის დასაფრენ ბილიკზე დაეშვა, რომელზეც პოლიციის ოცეული იდგა. რეზკიმ და მისმა კოლეგებმა იარაღი და ფულით სავსე ტომრები იქვე დააწყვეს და პოლიციელებისკენ გაემართნენ, თან უხაროდათ, რადგან იცოდნენ, რომ თურქები მათ უკან არ დააბრუნებდნენ, რადგან საბჭოთა კავშირთან მსგავსი შეთანხმება არ ჰქონდათ. მას მერე, რაც მენაბდეს ულვაშა თურქმა ხელბორკილები დაადო და დანარჩენებიც გაკოჭეს, მოულოდნელად ქართულ ენაზე უთხრა:
– კეთილი იყოს შენი ფეხი თურქულ მიწაზე.
რეზკი რომ ყველაფერს მიხვდა, უკვე გვიან იყო. სტამბულის აეროპორტი, სინამდვილეში საბჭოთა სამხედრო ბაზა გახლდათ, რომელიც თურქულად „შემოსეს“; ულვაშა თურქი პოლიციელი კი – „კაგებეს“ ქართველი პოდპოლკოვნიკი მერაბ კახიძე. სწორედ კახიძის მოფიქრებული იყო ეს კარნავალი და მას ფულადი პრემია უბოძეს. მენაბდეს გაქცევისთვის 3 წელი დაუმატეს. მან ციხეში 18 წელი დაჰყო და1985 წლის ოქტომბერში, 65 წლის ასაკში გათავისუფლდა.