რატომ გაყიდეს ბავშვობაში მონღოლთა მომავალი ნოინი არღუნი და რატომ არ გაჰყვა მას ცოლად ქართველი გოგო #1
1251 წელს ჩინგიზიდმა უფლისწულებმა დიდ ყაენად დაამტკიცეს მანგუ (მუნქე). მის ტახტზე აყვანაში დიდი წვლილი შეიტანა ბათო ყაენმა. სამაგიეროდ, მანგუ ყაენმა, ფაქტობრივად, აღიარა ბათო ყაენი დასავლეთის ყაენად და დართო ნება, თავის ულუსში (საბატონოში, საყაენოში) ჩაეტარებინა აღწერა.
აღწერა დაიწყო 1254 წელს, ხელმძღვანელობდა ოირიდების (უირიდების) ტომის წარმომადგენელი, სახელად არღუნი. მასზე უცხოურ წყაროებში საინტერესო ინფორმაციებია გადმოცემული. მონღოლთა სამსახურში მყოფი ირანელი ისტორიკოსის, ჯუვეინის მიხედვით, არღუნის მამა ყოფილა ათასისთავი მონღოლთა არმიაში. მონღოლთა სამსახურში მყოფი ებრაული წარმოშობის გამაჰმადიანებული ისტორიკოსის, რაშიდ ად-დინის გადმოცემით კი არღუნის მამა ყოფილა ღატაკი და მოუწია თურმე, შვილი გაეყიდა, გაცვალა საჭმელში - ძროხის ბარკალში. ასე მოხვდა პატარა არღუნი ჯალაირების ტომის ხანთან, რომელმაც თავის შვილთან ერთად გააგზავნა დიდ ყაენ უგედეის პირად გვარდიაში სამსახურად. იქ მან ისწავლა უიღურული წერა-კითხვა, სხვა ენები და მიიღო კარგი განათლება. მცირეწლოვანი არღუნი გახდა ყაენ უგედეის მდივანი. შემდეგ დაინიშნა ხორასნის მმართველის თანაშემწედ და ბასკაკად, გადასახადების ამკრეფად. უგედეის გარდაცვალების მერე ყაენის ქვრივმა არღუნი დანიშნა ამუდარიიდან ანატოლიამდე საქმეების მმართველად. შემდეგმა ყაენმა, გუიუქმა კი გამოაგზავნა დასავლეთისკენ.
არღუნ აღა, მონღოლთა დროინდელი უცნობი ქართველი მემატიანის თქმით, ყოფილა სამართლიანი, მართლისმეტყველი, ღრმად გამგონე და განმზრახავი რჩეული. არღუნი საქმის მცოდნე კაცად მიიჩნეოდა და მთელ მონღოლთა იმპერიაში დიდი სახელი ჰქონდა. მუნქეს დროსაც დიდი გავლენა ჰქონდა არღუნ ნოინს. არღუნი კარგი სარდალიც აღმოჩნდა და ნოინობაც მიიღო.
ბათოს ბრძანებით არღუნმა მოვლო რუსეთი, ხაზარეთი, ოვსეთი, ყივჩაღეთი, აღმოსავლეთიდან ჩრდილოეთამდე და ხატაეთამდე, აღიწერა ყოველი ოჯახი, ადამიანი და ქონება. შემდეგ, არღუნ აღმწერი გააგზავნეს ყარაყორუმს, ახალ დიდ ყაენთან, ყუბილაისთან. მონღოლეთში და მის გარშემო დაპყრობილ ტერიტორიებზეც ჩაატარეს აღწერა. შემდეგ აღწერეს ჩინგიზ ყაენის კიდევ ერთი შვილის, ჩაღატას მიერ დაარსებული ულუსი შუა აზიაში. ასე აღწერეს ოთხივე ულუსი დიდი მონღოლური იმპერიისა.
აღწერების დაწყების პერიოდში საქართველო ბათოს გავლენის ქვეშ ითვლებოდა, რადგან მონღოლთა დიდი იმპერიის დასავლეთ სარდალი იყო ბათო. სწორედ მასთან გააგზავნეს მონღოლთა ნოინებმა ჩვენი ქვეყნის დაპყრობის შემდეგ საქართველოს ტახტის პრეტენდენტები – ჯერ დავით რუსუდანის ძე, მერე კი დავით ლაშას ძეც. ბათომ თავის თავზე არ აიღო მეფეების დამტკიცება და დიდ ყაენს გაუგზავნა ყარაყორუმში.
შემდგომში ჩვენს რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში, ადერბადაგანში, ერაყში, ირანში, წინა აზიისა და მცირე აზიის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა ახალი ულუსი (საყაენო), ჩინგიზ ყაენის სხვა შვილიშვილის – ჰულაგუ ილხანის (ყაენის) მეთაურობით და ჩვენი ქვეყანა ჰულაგუს დაემორჩილა. როგორც ჩანს, არღუნი გახდა ჰულაგუს ვეზირი.
აღწერის შედეგად დიდი გადასახადები შეაწერეს ჩვენს ქვეყანას მონღოლებმა. გლეხობა წელში წყდებოდა. ჩვენს წინაპრებს უწევდათ მონღოლთა ომებში სისხლისღვრა. ქართველები ძალიან გამწარდნენ. 1259 წელს აჯანყდა დავით მეექვსე ნარინი. საქართველოში საქმის მოგვარება დაევალა არღუნ აღას. არღუნმა ვერ მოახერხა ნარინის დამარცხება, რადგან რუსუდანის ძე დასავლეთ საქართველოში (აფხაზეთში) გადავიდა და ქუთათისში გამაგრდა. არღუნმა ვერ გაბედა აფხაზეთში გადასვლა, ჩინგიზ ყაენის შვილიშვილს, ირანში დამკვიდრებულ ჰულაგუს, დამატებითი ძალები სთხოვა. ამასობაში დავით ულუმ უარი უთხრა მონღოლებს გაჰყოლოდა სალაშქროდ ეგვიპტელების წინააღმდეგ და აჯანყებისთვის დაიწყო მზადება. ლაშას ძემ დიდებულებს თავისუფალი არჩევნის ნება მისცა, ვისაც გინდათ, ჩემთან დარჩით, ვისაც გინდათ, მონღოლებს გაჰყევით საომრადო.
დიდებულების დიდი ნაწილი მონღოლებს გაჰყვა. სამცხის მთავარმა სარგის ჯაყელმა უერთგულა მეფეს და სათავეში ჩაუდგა ჯარს, რომელიც უნდა შებრძოლებოდა მონღოლებს, ეგვიპტელებთან ბრძოლის შემდეგ უსათუოდ რომ შემოიჭრებოდნენ საქართველოში, აჯანყებული მეფის დასასჯელად. მონღოლები დამარცხდნენ ეგვიპტელებთან. მეფეზე გამწარებულმა ჰულაგუმ არღუნ ნოინი გამოაგზავნა ჩვენს ქვეყანაში ლაშას ძის დასამორჩილებლად. 20 000 მონღოლი შემოიჭრა საქართველოში. მეფის ერთგულ ქართველებს მხოლოდ 8 000 ჯარისკაცი შეუგროვებიათ. სარგისი სურამთან ახლოს, სოფელ შინდარასთან დაბანაკებულა, 1 500 რჩეული მეომარი გააგზავნა წინამებრძოლებად, რომლებიც ახალდაბის ხიდთან გადაეყარნენ მონღოლთა გაცილებით მრავალრიცხოვან ავანგარდს. ზამთარი ყოფილა, დეკემბერი. სარგისისა და დანარჩენი ქართველების მოცდის დრო არ იყო, მოულოდნელობის ეფექტი დაიკარგებოდა, და მერე მრავალრიცხოვანი მტერი ამას გამოიყენებდა. შეუტიეს ჩვენმა წინაპრებმა და გააქციეს თათრები, მრავალი სახელოვანი მეომარიც დაუხოცეს.
ამასობაში სარგისიც გამოჩნდა თავისი ძირითადი ძალებით. არღუნი გაქცევასაც კი აპირებდა თურმე, მაგრამ, მოღალატე ქართველებმა შეაჩერეს და უთხრეს, ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს მეფესა და მოძმეებსო.
ბრძოლა გაიმართა ქვიშხეთთან. თავიდან წარმატებას მიაღწიეს მეფის ერთგულმა მხედრებმა, მაგრამ, მოწინააღმდეგეს ბრძოლაში მონღოლთა ჩვეული ხერხი გამოუყენებია, ვითომ გაიქცნენ. სარგისის ნაწილები გამოეკიდნენ და ხაფანგში მოხვდნენ, სადაც რამდენიმე მხრიდან ისრები დაუშინეს მონღოლებმა. ამასობაში, მოღალატე ქართველებიც შეტევაზე გადავიდნენ. დამარცხებული სარგისი იძულებული გახდა, უკან დაეხია. მეფე დავით მეშვიდე აფხაზეთში (დასავლეთ საქართველოში) გადავიდა თავის მამიდაშვილთან, დავით ნარინთან.
აღმოსავლეთ საქართველო კიდევ უარეს მდგომარეობაში ჩავარდა. მონღოლებს ტყვედ ჩაუვარდათ დედოფალი გვანცა და პატარა უფლისწული დიმიტრი. არღუნ აღამ დაიმორჩილა აღმოსავლეთ საქართველო, მაგრამ დასავლეთში გადასვლა ისევ ვერ გაბედა.
დუშეთის რაიონში არის სოფელი არღუნი. სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით ადგილობრივებში გავცელებული ყოფილა ასეთი ლეგენდა:
„არღუნი ყოფილა თათრის ბელადი. იმას აუღია და დაუჭერია მთელი არაგვის ხეობა, ეგრე კიდევ დუშეთი და მთელი ეს შეყოლება სოფლები. იმას მოსწონებია ერთი გოგო, უნდა რო ცოლად შეირთოს. - მითხარი, რა გინდა და ყველაფერს შეგისრულებო, - ეუბნებოდა თურმე თათრის ბელადი. ამ გოგოს კიდევ: რა მინდა და დაგვეხსენო, აიყარე და წადი შენს ქვეყანაშიო. - მე აქედან მაშინ წავალ, შენ თუ ჩემი ცოლი გახდებიო. - თათრის ცოლობას სიკვდილი მირჩევნიაო, - უთქვამს თურმე ამ გოგოს და, პატარა ტბა არი, იქით გაქცეულა. მისულა ტბასთან და ეხვეწებოდა: ღმერთო, პირი შეუკარი, რო ურჯულოს ხელში არ ჩავუვარდე, არც მკვდარი, არც ცოცხალიო. გადავარდნილა და ტბასაც პირი შეუკრამს, გაწამებულა, აღარ იძვრის. მისულა თათრის ბელადი, დამჯდარა ტბის პირას და ელოდებოდა, იქნება წყალმა გვამი ამოაგდოსო. რო აღარა და აღარ გახსნა ამ ტბამ პირი, ამდგარა ეს ბელადი, გამწარებულს ცხენისათვის თავი წაუგდებინებია და ტბისთვის გაუტანებია. ხალხში ახლაც არი თქმულება, რო ის ქალი და ცხენი, რა ვიცი, როდის, ბაზალეთის ტბაში ამოუტანია. ეგ ორი ტბა თურმე ძირებით ერთიმეორეში გადის. იმის მერე ხალხს სოფლისათვის თათრის ბელადის სახელი დაურქმევია, რაკი ამ არღუნს ეს გოგო ძალიანა ჰყვარებია” (მთხრობელი ალექსი ჩოხელი, დუშეთი).
აქ უნდა იგულისხმებოდეს მონღოლთა წარჩინებული ნოინი არღუნი. ის მრავალგზის მოვიდა საქართველოში და სხვადასხვა კუთხეში საოკუპაციო საქმეებს აგვარებდა. მართალია, არღუნი ვერ ეღირსა დუშეთელი ქალის სიყვარულს, მაგრამ მაინც მოახერხა ქართველებთან დანათესავება.