კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიყვარული რეანიმაციაში #1

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-52(835)

 ადამიანებს ყოველთვის სადღაც ეჩქარებათ. უნდათ, დრო რაც შეიძლება მალე გავიდეს, დასრულდეს დამღლელი სამუშაო დღე, სასწრაფოდ მოახლოვდეს პაემნის ან საყვარელი სერიალის ეთერში გასვლის საათი. ამასობაში კი სიცოცხლის ძვირფასი წლები ისე გვეპარება, როგორც ხელისგულებში ჩაგროვილი წყალი თითებშუა. მერე დგება მომენტი, როცა თითოეული წუთი ძალიან ძვირად გვიღირს, მაგრამ უკვე გვიანია, შემაძრწუნებლად გვიანი.
***
დავითი საწოლის კიდეზე იჯდა და მძინარე ცოლს სევდანარევი ბედნიერებით უყურებდა. ასეთ წუთებში ყრუ ტკივილს გრძნობდა. ცისიას ღაწვების ჯანსაღი, ახალგაზრდული ვარდისფერი, გაბუტული, ბავშვური ტუჩები და სახის მშვიდი გამომეტყველება საკუთარ ასაკს ახსენებდა. ამოიოხრა და ცისიას ფრთხილად გადაუსვა თმაზე ხელი.
– რომელი საათია? – ძილში ჩაილაპარაკა გოგომ. მისი ხელი ჩაბღუჯა და ლოყის ქვეშ ამოიდო.
– ჯერ ადრეა, დაიძინე. არ მინდოდა, გამეღვიძებინე.
– არა უშავს, – თვალგაუხელელად გაუღიმა ცისიამ, – მე ყოველთვის ვგრძნობ, როცა მიყურებ. ეს ისეთი სასიამოვნოა...
– კარგი. მე უნდა წავიდე. ვეცდები, ადრე დავბრუნდე. თუ მანქანა დაგჭირდება, დამირეკე და ანდროს გამოგიგზავნი.
ცისიამ თვალები გაახილა და ქმარს საყვედურით შეხედა.
– ეს იმას ნიშნავს, რომ დღესაც ვერ გავაკეთებთ იმას, რასაც დამპირდი?
დავითმა დამნაშავე ბავშვივით გაუღიმა.
– საყვარელო, ყველანაირად ვეცდები, მთავარია, ოპერაცია ზედმეტი გართულებების გარეშე დასრულდეს.
– ჰო, რა თქმა უნდა. წინასწარ ხომ ვერაფერს იტყვი. როგორც წესი, ოპერაცია იმაზე დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ვარაუდობ და დღესაც ვერსად წავალთ. ისინი კი ორ დღეში ჩამოდიან. ასე არ გითხრა შენმა სიძემ?
– ორი დღე საკმარისი დროა იმისთვის, რომ თბილისის ყველა პრესტიჟული სავაჭრო ცენტრი შემოვიაროთ. ასე რომ, ნუ ნერვიულობ.
– უცებ რომ გაუთვალისწინებელი რაღაც მოხდეს? ისეთი პაციენტი მოგიყვანონ, რომელსაც მთელი შენი ყურადღება დასჭირდება?
– ცისია, არ გინდა. დრამატიზება საჭირო არ არის. ყველაფერს მოვასწრებთ. აი, ნახავ. დღეს რა გეგმები გაქვს?
ცისიამ მხრები აიჩეჩა.
– შენ დაგელოდები.
– არ მინდა, სახლში იჯდე მოწყენილი. გაისეირნე. თუ გინდა, დედაშენს ესტუმრე.
ცისიამ შუბლზე ჩამოშლილი თმა შეისწორა, – ჰო, აჯობებს, მივიდე. მართალი ხარ. წვეულებამდე ერთი კვირაც არ დარჩა...
დავითი დაიხარა და ცოლს აკოცა.
– ჩემი ჭკვიანი გოგო. როგორც კი გავთავისუფლდები, მაშინვე დაგირეკავ და გამოგივლი.
ცისიამ მხრები აიჩეჩა.
– თუ სხვას ვერაფერს შემომთავაზებ, რა გაეწყობა.
***
ანდრო სწრაფად შეიმოსა საოპერაციოსთვის განკუთვნილი ტანსაცმლით. ხელებს რომ იბანდა, წინასაოპერაციო ოთახში დავითი შემოვიდა.
– კარგია, დღეს ერთად ვიმუშავებთ, – მხარზე ხელი დაჰკრა ბიჭს და წყლის ნაკადს ხელები შეუშვირა.
– საინტერესო შემთხვევაა. ყველაფერს კარგად დააკვირდი. თუ რამე დაგაინტერესებს, მკითხე. მინდა, კარგი მასწავლებელი ვიყო.
ანდრომ მადლიერი ღიმილით დაუქნია თავი.
– მეგონა, დღესაც თქვენს მეუღლეს დავჭირდებოდი.
– დედამისთან დავტოვე. თუ სადმე მოუნდება გასვლა, მამამისი წაიყვანს. მერე კი მე მივაკითხავ. არ მინდა, შენი კეთილგანწყობით ბოროტად ვისარგებლო.
– არა, რას ბრძანებთ. პრობლემა არ არის.
– გმადლობ, ანდრო.
ბიჭმა მხოლოდ თავი დაუქნია და საოპერაციოში შესასვლელი კარი გააღო.
***
ცისიამ ყავა ფრთხილად მოსვა და კაცს ხელზე მოეფერა.
– შენნაირ ყავას მაინც ვერავინ ადუღებს, მამა... მომენატრება ხოლმე. დავითი  დილაობით უკვეთავს და პირდაპირ სახლში მოაქვთ ჩვენთვის, მაგრამ ასეთი მაინც არ არის.
დალიმ კარადიდან ნამცხვრით სავსე თეფში გამოიღო და წინ დაუდგა.
– ესეც შენი საყვარელი ვაშლის ღვეზელი. გულმა მიგრძნო, რომ მოხვიდოდი.
– დე... საოცრება ხარ. ძალიან გამიმართლა მშობლებშიც და ქმარშიც.
დალიმ ირონიულად ჩაიცინა.
– აჯობებს, გავჩუმდე, თორემ ყოველთვის, როცა შენს ქმარზე იწყებ ლაპარაკს, მახსენდება, როგორ გაჰყევი ცოლად მამისტოლა კაცს და ნერვები მეშლება. ცხოვრება აღარ მიხარია.
– დედა, ჩემი ცხოვრება მე უნდა მიხაროდეს და არა შენ. როცა ამას მიხვდები, ყველაფერი კარგად იქნება.
ქალმა სასოწარკვეთით გადახედა ქმარს.
– ირაკლი, გესმის, რას ამბობს?
კაცმა მზერა მოარიდა.
– პირი შეკარით ჩემ წინააღმდეგ? ირაკლი, ცისია, როგორ არ გრცხვენიათ? მე ხომ დედა ვარ და არ შემიძლია, მშვიდად ვუყურო, როგორ უშვებს ჩემი შვილი შეცდომას შეცდომაზე.
– დედა, საქორწინო კაბა უკვე ნაყიდი მაქვს და სტუმრებთან მოსაწვევები გაგზავნილია. ასეც რომ არ იყოს, მაინც არ გადავიფიქრებდი, – მტკიცედ მიუგო ცისიამ.
– სწორედ ეგ არის პრობლემა, მაგრამ რაღა გავაკეთო. ყველა რესურსი ამოვწურე.
– ჰოდა, ძალიანაც კარგი. უფრო მხიარულ თემებზე ვილაპარაკებთ და ეს შესანიშნავია, – ცისიამ ნამცხვრის ნაჭერს ხელი სტაცა და პირისკენ გააქანა,  – ორ დღეში დავითის სიძე, შვილი და შვილიშვილები ჩამოდიან ევროპიდან, – წამოსცდა უნებლიეთ და მაშინვე ინანა. დალიმ მრავალმნიშვნელოვნად გადახედა ქმარს და თავიც ისე გადააქნია, რომ ცისია შეწუხდა.
– ახლა არ დაიწყო.
– არ ვიწყებ, მაგრამ ის გოგო, ალბათ, შენი ტოლია ან ცოტა უფროსიც კი. როგორ გგონია, მოეწონება შენნაირი დედინაცვალი?
ცისია დაიღრიჯა.
– რა საზიზღარი სიტყვაა... დედინაცვალი... უკეთესი ვერაფერი მოიფიქრე? ყველა ბოროტი ზღაპარი ერთად გამახსენდა, რაც კი დედინაცვალზე წამიკითხავს.
– ხედავ? გინდა თუ არა, მოგწონს თუ არა, რეალობა ეს არის, – წარბი შეიკრა დალიმ, – მოგიწევს, თვალი გაუსწორო. შენს ადგილას მოვემზადებოდი იმ გოგოსთან შესახვედრად. საწყალი, არ ვისურვებდი მის ადგილას ყოფნას.
– დედა! – შეჰყვირა ცისიამ, – არ უნდა მოვსულიყავი?
– რატომ? პირიქით, აჯობებს, ჩემგან მოისმინო, ვიდრე სხვისგან, სეირის მაყურებლისგან.
– დალი, აცადე ბავშვს ნამცხვრის ჭამა და ყავის დალევა, – ვეღარ მოითმინა კაცმა, – ცისია აღარ მოვა და ისევ წუწუნს დაიწყებ, რომ გენატრება.
– ჰო, ასეა, მაგრამ რეალობა ამით არ იცვლება, – ამოიოხრა ქალმა, – კაბის ასარჩევად მაინც წაგეყვანე. მარტო რას შეარჩევდი? სხვისი აზრი არ გაინტერესებს?
– სხვისი აზრი მოვისმინე და გავითვალისწინე, – შეგიძლია, მშვიდად იყო.
– ჰო? მაღაზიის გამყიდვლის? – ირონიით იკითხა ქალმა.
– არა, შენ წარმოიდგინე, მშვენიერი ახალგაზრდა მამაკაცის აზრი მოვისმინე და სხვათა შორის, გავითვალისწინე.
– ვინ მამაკაცის? გამვლელი ხომ არ გააჩერე ქუჩაში?
– დავითის ასისტენტია, უფრო სწორად მოსწავლე. მე, რადგან საჭესთან ისევ ვერ ვჯდები, დავითმა მას სთხოვა, ჩემი მძღოლის მოვალეობა გასწიოს.
– ღმერთო ჩემო, – ქალმა ხელები ასწია და თვალები ჭერს მიაპყრო, – ირაკლი, გესმის?
– დალი, დალი... ცისია, ისე, დედაშენი მართალია. მე რატომ არ დამირეკე?
– იმიტომ, რომ ვალდებული არ ხარ. მართალია, არც ანდროა ვალდებული, მაგრამ ისეთი მხიარული ბიჭია, ძალიან მართობს.
– ანდრო ვინღაა? – დალიმ ამოიოხრა.
– დედა, ანდრო ჰქვია დავითის ასისტენტს. რა დაგემართა?
– მე რა დამემართა? მე? ცისია, ნეტავ, როდის მიხვდები, რა გააკეთე.
ირაკლიმ საყვედურით შეხედა ცოლს და შვილს ყავა კიდევ დაუსხა.
***
„გაბოროტდა, გაავდა“... – ადამიანებზე მაშინ ამბობენ, როცა ამაში დამნაშავე მისი ცხოვრებაა. თუმცა, ალბათ, ადამიანში უნდა იდოს ბოროტების მარცვალი, რომ მერე გაღვივდეს, ნელ-ნელა გაფუვდეს და ფესვი გაიდგას. იქნებ, უბრალოდ, თითოეულ ჩვენგანში თავიდანვე დევს როგორც სიკეთის, ისე ბოროტების საწყისი და მერე სიტუაციურად ან ერთი იწყებს დომინირებას, ან მეორე...
ნიამ კაბა შეიკრა და სარკეში საკუთარ გამოსახულებას ჩააშტერდა.
– ძალიან ლამაზი და გამომწვევად სექსუალური ხარ, – ანდრო უკნიდან მიუახლოვდა და მოშიშვლებულ კისერზე აკოცა, – გადარევ საცოდავ სოსოს.
– მარტო სოსოს? – ამრეზით ჰკითხა ნიამ და ტუჩებზე პომადა წაისვა, – ნამდვილად არ ვარ მაგ ლოქოზე ორიენტირებული.
– სოსოზე იმიტომ გითხარი, რომ ბოლო დროს ერთგული ძაღლივით გიქიცინებს კუდს და ისე გიყურებს, თითქოს შენი ჩაყლაპვა უნდოდეს.
– და, შენ ეს ამბავი გაწუხებს? – ჩაიცინა ნიამ და ბიჭს თვალებში შეხედა.
ანდრომ მხრები აიჩეჩა.
– სულაც არა. მხოლოდ ვხალისობ. ისე, სოსოს შესაფერისი თიკოა.
– შენი საქმე არ არის, ვინ ვისი შესაფერისია. ის მითხარი, ცისიასთან როგორ გაქვს საქმე. პროგრესი შეინიშნება?
– მერე როგორი. ამ ორი კვირის განმავლობაში მის უახლოეს მეგობრად ვიქეცი. თუ იცი, ვის „საიმედო“ მხარზე გამოიტირა ქმრის ქალიშვილზე დაგროვილი წყენა? ისეთი დაუცველი და საწყალი იყო, წვიმაში გაწუწული კნუტივით მომეკედლა. შემეცოდა.
ნიამ წარბაწეულმა შეხედა, რაღაცას რომ ჩაიფიქრებს ადამიანი, ისეთი გამოხედვა ჰქონდა.
– შენ რაღაც მოიფიქრე? რაღაც საშინელება... ასეა? – მიუხვდა ანდრო.
– წარმოვიდგინე, როგორი შესანიშნავი მოკავშირე იქნებოდა დავითის ქალიშვილი. შენი მონაყოლიდან ვხვდები, რომ დედინაცვალი სძულს.
– ჰო, აშკარად არ ეხატება გულზე... მთელი სამყარო ცისიას წინააღმდეგ ამხედრდა. დედამისსაც კი არ ესმის მისი. არადა, ისეთი რა დააშავა, რაც სხვას არ გაუკეთებია. უყვარდა კაცი და ცოლად გაჰყვა.
– სხვისი კაცი შეუყვარდა. აი, სად შეეშალა, – დაუზუსტა ნიამ, – არ მიყვარს, როცა იმას ეხებიან, რაც ჩემს საკუთრებად მიმაჩნია.
ანდრომ მხრებში მოჰკიდა ხელი და თავისკენ მიატრიალა.
– მომისმინე, მეც შენს საკუთრებად ხომ არ მიგაჩნივარ?
– დამშვიდდი, არა. ანუ, ცისიას საწოლში შეთრევის სურვილი უკვე გაგიჩნდა თუ არა?!
 ბიჭი მოიღუშა.
– ამ კითხვაზე არ გიპასუხებ. ვერ ვიტან, როცა ჩემს პირადში იქექებიან.
– მე მაქვს ამისი უფლება, რადგან ამ კითხვაზე პასუხი ჩვენი გეგმის ნაწილია.
– დამშვიდდი. დავითს გულს ისე მოვუკლავთ, ინანებს, საერთოდ რომ შეგხვდათ შენ და ცისიას. თიკოს უნდა გავუაროთ?
– ჰო. მთხოვა, სალონის შემდეგ მასთან გამევლო და წვეულებაზე ერთად წავსულიყავით. მე შენთან წამოვედი, რომ გველაპარაკა. ბოლო დღეები საერთოდ ვერ ვნახეთ. ეწყინება.
– გუკასაც აღარ ხვდება...
– ჰო. მათი ურთიერთობა ხომ თავიდანვე არ იყო გათვლილი დროსა და სტაბილურობაზე, – მხრები აიჩეჩა ნიამ, – არც არიან ერთმანეთის შესაფერისები. ნათელი იყო, რომ ვერ „გაქაჩავდნენ“.
– გუკა ცუდი ბიჭი არ არის, – მეგობარს გამოესარჩლა ანდრო.
– მე არ მითქვამს, ცუდია-მეთქი. უბრალოდ, თიკოს იმას ვერ მისცემს, რაც მას მართლა უნდა. კარგია, რომ დროზე გაარკვიეს ყველაფერი. ახლა თიკოსაც არ ეტკინება გული.
– წვეულებაზე კავალერი არ ეყოლება...
– არა უშავს, რამეს მოვიფიქრებთ. ყველაფერი გახსოვს, რაზეც შევთანხმდით?
– ჰო. მაგრამ ისიც არ უნდა დაგავიწყდეს, რომ წინასწარ ყველაფერს ვერ გათვლი. ვნახოთ, რა გამოგვივა.
– მინდა, როგორმე დავითის ქალიშვილს დავუახლოვდე.
– ფრთხილად იყავი, დავითმა არაფერი შეგამჩნიოს.
– მაგაზე ნერვიულობა აღარ ღირს. საერთოდ ვერც მამჩნევს, უკვე კარგა ხანია, მისთვის არ ვარსებობ.
– ეს შენ გგონია ასე, – ჩაიცინა ანდრომ, – ისეთი დაძაბულია, როცა მის სიახლოვეს ხარ. შენ არ უკვირდები, მაგრამ მე შემიძლია, ზუსტად გითხრა, რას გრძნობს, როცა არ იმჩნევს.
– არ მითხრა, რომ განიცდის, რაც დამიშავა. კარგი, წავიდეთ. ერთი სული მაქვს, ტრიუმფით დავტკბე.
***
რას გრძნობს ადამიანი, რომელიც რამდენიმე ათეული წყვილი თვალის მზერის ობიექტი ხდება? კომფორტულად ნამდვილად ვერ იქნება, თუნდაც სხეული რამდენიმე ათას ლარად ღირებული ტანსაცმლით ჰქონდეს „შეფუთული“. ყურადღების ცენტრში ყოფნა სასიამოვნო არასდროს არის, მაშინაც კი, როცა ყველაფერი გააკეთე, ყურადღების არეალში მოსახვედრად.
***
ანდრომ შამპანურის ორი ბოკალი აიღო და განმარტოებით მდგარ ცისიას მიუახლოვდა.
– პატარძალმა მოიწყინა? ეს ხომ შენი დღეა. ისეთი ლამაზი ხარ. პატარა პრინცესა... ყველა მოხიბლულია.
– სწორედ მაგაშია საქმე, – ამოიოხრა ცისიამ. კაბის გაშლილი ბოლოები შეისწორა და ბოკალი გამოართვა, – თავს პატარა გოგოდ ვგრძნობ. ეს ხალხი ისე მიყურებს – ზოგი სიბრალულით, ზოგიც... – ცისიამ შამპანური მოსვა, – ცუდი იდეა იყო წვეულების მოწყობა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3