საბედისწერო ცხვირსახოცი #1
ჯონ ბარი – მილიარდერი და საკმაოდ ცნობილი პიროვნება, არა მხოლოდ ბომონდურ წრეებში, ვიღაცამ ხიდიდან გადააგდო. ბარი წყალში არ ჩავარდნილა, ხიდის ქვეშ მდგარ ბარჟაზე დაეცა და სიკვდილის წინ მარტო იმის თქმა მოასწრო, რომ მოკლეს, თან ცხვირსახოციც ახსენა. ხროტინით რამდენჯერმე გაიმეორა – ცხვირსახოცი! ინსპექტორ კოლმენს დრო არ დაუკარგავს და დილითვე მიადგა ბარის ქვრივს ძვირფას სასახლეში. ლილიან ბარი ულამაზესი გახლდათ. მის გულწრფელ მწუხარებაში სიყალბე არ შეინიშნებოდა.
– იპოვეთ ჩემი ქმრის მკვლელი, მისტერ კოლმენ... ჩემი ჯონი... ვერ წარმომიდგენია, რომ აღარ არის.
– მისის ბარი. ვიცი, რომ ძნელია, მაგრამ რამდენიმე შეკითხვაზე უნდა მიპასუხოთ.
– დიახ, რა თქმა უნდა.
– ბევრი თაყვანისმცემელი გყავთ?
– ლამაზ ქალს, მით უმეტეს, მდიდარს თაყვანისმცემელი ყოველთვის ბევრი ჰყავს, მისტერ კოლმენ.
– რომელიმე მათგანს ხომ ვერ გამოარჩევდით?
ქალი დაფიქრდა და თავი გააქნია.
– მეუღლის ქონების ერთადერთი მემკვიდრე ხართ. კოლოსალური სიმდიდრის პატრონი გახდით. იქნებ ვინმემ, თქვენ გვერდით ადგილი გაათავისუფლა?
– არ ვიცი, მისტერ კოლმენ.
– ბოლო დროს ცხვირსახოცი ხომ არ დაგიკარგავთ?
ქალის ლამაზ თვალებში გაოცება გაკრთა.
– ცხვირსახოცი? მისტერ კოლმენ, იცით, რამდენი ცხვირსახოცი მაქვს?
– ვხვდები, მაგრამ იქნებ გაქვთ რომელიმე განსაკუთრებული?
ქალი ჩაფიქრდა და წამოიძახა:
– რა თქმა უნდა. ჩემი მეუღლის ნაჩუქარი... ათი ცალი ცხვირსახოცი, ნამდვილი, ბრიუსელური მაქმანით. თითო ასეთი ცხვირსახოცი ოცი დოლარი მაინც ღირს. ახლავე ვეტყვი მოახლეს, აქ მომიტანოს.
მისის ბარიმ ზარი დარეკა. ოთახში ახალგაზრდა ქალი შემოვიდა და ქალბატონს მდაბლად დაუკრა თავი.
– მერი, ჩემი ცხვირსახოცები მომიტანე, ბრიუსელური მაქმანით. მჭირდება.
ინსპექტორის დაკვირვებულ თვალს არ გამოჰპარვია, რომ ცხვირსახოცების ხსენებაზე მოახლე გაფითრდა. დამფრთხალმა შეხედა ქალბატონს, მაგრამ ცხვირსახოცების მოსატანად მაინც წავიდა.
– მისის ბარი, ეს მოახლე დიდი ხანია, გყავთ?
– არც ისე, ორი თვე იქნება. ჩემი წინა მოახლე გათხოვდა. ლორდმა სტოუნფორდმა დამითმო მერი. მითხრა, რომ ინგლისში დიდი ხანი ცხოვრობდა მის ოჯახში და სანდოა.
– ლორდი სტოუნფორდი ვინ არის? – დაინტერესდა ინსპექტორი.
– ძალიან სიმპათიური, ზრდილი, თავდაჭერილი ახალგაზრდა კაცია. ნათესავად ეკუთვნის ახლახან გარდაცვლილ მილიონერ გრინს.
– რას მეუბნები? იმ მილიონერ გრინს, სამი კვირის წინ ასევე ხიდიდან რომ გადააგდეს? უცნაურია. დარწმუნებული ვარ, ცხვირსახოცებში ერთს ვერ აღმოაჩენთ.
მოახლის მოტანილ ყუთში მართლაც არ აღმოჩნდა ერთი ცხვირსახოცი.
– სად არის მერი, ცხვირსახოცი?
– წარმოდგენა არ მაქვს, ქალბატონო, – მოახლე უკვე კანკალებდა, – არ ვიცოდი, ასეთი ძვირფასი თუ იქნებოდა თქვენთვის. მეტ ყურადღებას მივაქცევდი. იქნებ ჩემი წინამორბედის ხელში დაიკარგა?
ინსპექტორმა მისის ბარის ანიშნა და ლილიანიც მიხვდა, რა უნდა გაეკეთებინა.
– კარგი. წადი, მერი.
მოახლე რომ გავიდა, ლილიანი ინსპექტორთან მივიდა და ორივე ხელი დაუჭირა.
– ღვთის გულისთვის, მითხარით, საიდან იცოდით, რომ ერთი ცხვირსახოცი დაკარგული იქნებოდა?
– ჯერჯერობით, ამ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ. მითხარით, თქვენი მეუღლე ეჭვიანი იყო?
– დიახ, ძალიან.
– კარგი. გასაგებია, ქალბატონო. მოახლეს არაფერი ჰკითხოთ და აგრძნობინოთ. შეეცადეთ, არ დააფრთხოთ.
– შევეცდები. მისტერ კოლმენ, იპოვით მკვლელს?
– ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის.
ინსპექტორი დიასახლისს დაემშვიდობა. სანამ სახლიდან გავიდოდა, შვეიცარს ხელში შეუმჩნევლად ოქროს მონეტა ჩაუდო და მასთან საუბრით კმაყოფილმა სასახლე დატოვა.
ბინდდებოდა. მდიდრულ უბანში, გარდაცვლილი ბარის სასახლესთან ვიღაც მაწანწალა მივიდა და იქვე, ბუჩქებში მიწვა. ეტყობოდა, მთვრალი იყო. რამდენიმე წუთში, სახლთან კიდევ ერთი მამაკაცი გამოჩნდა. არც ის გამოიყურებოდა ისე, როგორც ამ უბანში მცხოვრებს შეეფერება. გარდა იმისა, რომ გახუნებული, ჭუჭყიანი ტანსაცმელი ეცვა, სახითაც ავაზაკს ჰგავდა. მან სასახლის კარიბჭესთან, შორიახლოს ამოირჩია ადგილი და ლოდინი დაიწყო. მალე სასახლის ბაღის უკანა მხრიდან ქალი გამოვიდა და მასთან მივიდა.
– ტომი, რა კარგი ქენი, რომ მოხვედი... საყვარელო, საქმე ცუდად არის. მგონი, ჩაგვავლეს. გუშინ ქალბატონთან ინსპექტორი იყო.
– ნუ სულელობ, მერი. სანამ ჩაგვავლებენ, შორს ვიქნებით. ხვალ დილას სტოუნფორდი თანხის დარჩენილ ნაწილსაც გადმომცემს და აქედან შორს გავემგზავრებით.
– ტომი, ხომ იცი, როგორ მიყვარხარ...
– მერი, აქ აღარ მოვალ. ხვალ საღამოს კი ჩვენს ტავერნაში გელოდები.
***
პოლიციამ ლორდი სტოუნფორდი მაშინ დააკავა, როცა ფულით სავსე კონვერტის გადაცემას ტომი მორისთვის – ცნობილი დაქირავებული მკვლელისთვის ცდილობდა. იქვე დაადეს ხელბორკილი ტომისაც. მერის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ფსევდო ლორდი სტოუნფორდი კი მესამე მკვლელობის ორგანიზებაშიც დაადანაშაულეს. გაირკვა, რომ ექვსი თვის წინ, ასევე, ხიდიდან გადაგდებული და ამოუცნობი გვამი მილიონერი დევიდ გრინის ნამდვილ ნათესავს, ვინმე პოლ სტოუნფორდს ეკუთვნოდა, ვისი ადგილიც შემდეგ ყალბმა ლორდმა დაიკავა. მოახლე მერი ჯერ მისი საყვარელი იყო, შემდეგ ქალმა ტომი მორი გაიცნო და ცოლადაც გაჰყვა. სწორედ მერის ეკუთვნოდა იდეა, სტოუნფორდი მისის ბარის დაახლოებოდა. შემდეგ მისი ქმრის ეჭვიანი ბუნებით ისარგებლეს, მილიარდერი ხიდზე გამოიტყუეს და ტომმა ის ხიდიდან გადააგდო. ქვრივთან დაახლოება კი უფრო ადვილი იქნებოდა. უნუგეშოდ მყოფი ლილიანის მოხიბვლა ნამდვილად არ გაუჭირდებოდა ცრუ ლორდს. ცოლად შეირთავდა და მის უზარმაზარ ქონებასაც დაეპატრონებოდა.
ჯონ ბარი ძალიან ეღობებოდა გზაზე „შეყვარებულ ლორდს“ და თავიდან მოიშორეს. საბედისწერო როლი ძვირფასმა ცხვირსახოცმა შეასრულა. ეჭვიან ბარის ის ცოლის ღალატის დამადასტურებელ ნივთმტკიცებად წარუდგინეს და იმაშიც დაარწმუნეს, რომ ლილიანი საყვარელს სწორედ ხიდზე ხვდებოდა. ჯონ ბარის რისხვისა და ეჭვიანობისგან სიფრთხილე დაავიწყდა – მივიდა ხიდზე, სადაც თავის სიკვდილს შეხვდა. მოკლულის უკანასკნელი სიტყვები „ლილიანი“ და „ცხვირსახოცი“ ინსპექტორისთვის ის მთავარი ღერძი აღმოჩნდა, რომელზეც გამოძიება ააგო და შედეგამდეც მივიდა.