საახალწლო #1
– მე და თოვლის ბაბოს გვეკუთვნის წასვლა, ტო, შენზე უფროსი ვარ, გაიგე ბიჭოო?! – თქვა თოვლის პაპამ და თეთრ წვერზე ხელი ჩამოისვა.
– მე და თოვლის ბებო უნდა წავიდეთ, ჭოუ, შენზე მოხდენილი ვარ, დაა, ხურჯინი „სანკაში” უკვე ჩავჭვირთეო! – უპასუხა ბათუმელმა თოვლის ბაბუამ.
ბევრი იფიქრეს, როგორ წასულიყვნენ ორი მოსაწვევით ოთხნი და ბოლოს, შეთანხმდნენ – ცოლები დატოვეს და, პრემიერივით და პრეზიდენტივით, ცალ-ცალკე დელეგაციებით რომ დადიოდნენ საერთაშორისო ასამბლეებზე და მსოფლიოს აცინებდნენ, ისე მოთავსდნენ ორივე, ერთმანეთის გვერდით, სანტა–კლაუსის გამოგზავნილ, ირმებშებმულ, მფრინავ მარხილში. გადაიჭირეს უსაფრთხოების ღვედები და სულ ღიღინ–ღიღინით ჩაფრინდნენ ლაპლანდიაში. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, იმ მარხილში, თბილისში თავ–თავიანთი მარხილებით ჩამოსული, სომეხი ძმერ პაპი თავისი ძიუნანუშიკით და აზერბაიჯანელი დედე დონი თავისი ქარ ქიზით, ერთმანეთთან ზურგშექცევით ისხდნენ.
***
ლაპლანდია ევროპის უკიდურესი ჩრდილოეთით, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე, სამი სახელმწიფოს – ფინეთის, შვედეთისა და ნორვეგიის საზღვარზე მდებარეობს. აქ, ჩრდილოეთის ციალით განათებული ცის ქვეშ, ყოველთვის ნახავთ – ათიათასობით სანტა–კლაუსს, ასიათასობით ირემს და ბევრ თოვლს.
ქვეყანას მართავს ახალგამეფებული სანტა 2017 კლაუსების დინასტიიდან. სწორედ, მის ინაუგურაციაზე იკრიბებიან სანტა–კლაუსნი ყველა ქვეყნისა.
ლაპლანდიის დედაქალაქ სანტ–კლაუსბურგის აღმოსავლეთით, მეფის სასახლიდან 20 კილომეტრში, მდებარეობს აეროპორტი, რომლის ორივე ბილიკი – ასაფრენიც და დასაფრენიც, გადატვირთულია და ყოველ წუთში ერთხელ, ირმებშებმული მარხილი მიფრინავს შორეულ ქვეყანაში, ან ჩამოფრინდება დედამიწის ყოველი კუთხიდან.
***
მარხილი უსაფრთხოდ დაეშვა სანკტ–კლაუსბურგის აეროპორტში. ჩამოფრენის დარბაზში ამიერკავკასიის დელაგაციას სანტას წარმომადგენლები დახვდნენ, დასვეს ციგაზე და სასახლის მთავარ შესასვლელთან მიასრიალეს, სადაც სტუმრების რეგისტრაცია მიმდინარეობდა. ვის არ ნახავდით აქ: ამერიკელ სანტა–კლაუსს; იაპონელ სეგაცუ–სანს; ბრიტანელ ფაზერ კრისტმასს; ფრანგ პერ ნოელს; გერმანელ სანტ–ნიკოლაუსს; მონღოლ უვლინ უნგუნს; ფინელ იოულუპუკკის; იტალიელ ბაბბო–ნატალეს – წვერებიან ქალ–სანტას; ჩეხ მიკულაშს; ჩინელ შან დან ლაოჟენს; უკრაინელ დიდ მოროზს; ყაზახ აიაზ ატას; პოლონელ სვიატოი ნიკოლაის; შვედ იულტუმტეს და ბოლოს, არყისგან ცხვირაწილებულ დედ მოროზს, რომელსაც გვერდით სნეგუროჩკა, ხოლო, დათვის ბეწვის მოსასხამის შლეიფის ბოლოებით ხელში, აქეთ–იქიდან, ცხინვალელი არტხურონი და სოხუმელი ატცააბაბადუ, სეფექალებივით მოჰყვებოდნენ. ერთ საათზე მეტი დასჭირდათ თოვლის პაპას და თოვლის ბაბუას იმის მტკიცება, რომ ცოლ–ქმარი არ იყვნენ, და რომ საქართველოში ორი თოვლის კაცი იყო – ერთი აღმოსავლეთ საქართველოს წარმოადგენდა, ხოლო მეორე – დასავლეთს. ბოლოს, მხრები აიჩეჩეს...
– რად უნდა პატარა სახელმწიფოს ორი თოვლის კაცი, აგერ, ამხელა რუსეთი მარტო დედ მოროზითაა წარმოდგენილიო! – ხანჯლები ჩამოართვეს და შეუშვეს. აი, ცხინვალელი არტხურონი და სოხუმელი ატცააბაბადუ კი, მოსაწვევების არქონის გამო, გარეთ დატოვეს. ფოიეში შეკრებილებს, კიბეებით მაღლა აუძღვნენ დიდ საკონცერტო დარბაზში, სადაც ინაუგურაცია ტარდებოდა და პარტერში დასვეს. პარტერის აქეთ–იქიდან გადმოკიდებულ ლოჟებში საპატიო სტუმრები ისხდნენ: – მარჯვნივ, სამ ლოჟაში, თავიანთი ფიფქიებით, ამერიკელი სანტა–კლაუსი, გერმანელი სანკტ–ნიკოლაუსი და ფრანგი პერ ნოელი, მარცხენა ლოჟებში კი – რუსი დედ მოროზი, ჩინელი შან დან ლაოჟენი და ბრიტანელი ფაზერ კრისტმასი ისხდნენ. დედ მოროზი, ნაბახუსევზე, ალუბლის კომპოტს მიირთმევდა, ხოლო კურკებს, საინფორმაციო პროგრამისგან გაკეთებული მილაკიდან სულის შებერვით, პარტერში მსხდომებს ესროდა.
სცენა, საჩუქრებად ჩამოტანილი ნაძვის, სოჭის, ფიჭვის, კედრის ხეებით იყო მორთული. აქ, კიდევ, ნახავდით თოვლის ბაბუას ჩამოტანილ ჩიჩილაკს, იაკუტიელი ჩისხაანის ჩამოტანილ მორთულ ტუნდრის ბუჩქს – ქამეფიტს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ბედუინ ხიზირ ილიასის ჩამოტანილ მორთულ ბაობაბსაც კი.
პროგრამის მიხედვით, გარდა ინაუგურაციისა, გასანტების მეორე ეტაპის წარმატებით დასრულების გამო, ქართველი და უკრაინელი თოვლის კაცებისთვის უნდა მიენიჭებინათ, „სანტას” საპატიო წოდება – სანტა–თოვლის პაპა და სანტა–დიდ მოროზი.
– გმადლობთ, რომ ჩამობრძანდით ლაპლანდიაში, დამაფასეთ და ჩემს ინაუგურაციას ესწრებითო, – სამადლობელი სიტყვით გამოვიდა სანტა 2017.
– მთელ მსოფლიოში უნდა დავამყაროთ მშვიდობა. 2017 წელს, მშვიდობის წლად ვაცხადებ. ყველა სანტა თანასწორი იქნება, განურჩევლად სქესისა, ასაკისა, კანის ფერისა და უფლებამოსილების არეალის სიდიდისა. სანტობა შეეძლება ყველას, ვისაც ექნება: წრფელი გული, სანტას სამოსი, საჩუქრებით სავსე ტომარა, არ ატარებს იარაღს, ბუხრის მილში ძრომისას არ აწუხებს კლაუსტროფობია და კლეპტომანია – სხვისი ნივთების მითვისებისკენ მიდრეკილება. სანტა და ფიფქია შეიძლება, იყვნენ კაციც და ქალიც; შეიძლება, იყვნენ ორივე კაცი, ან ორივე ქალი; ან პირიქით – სანტა იყოს ქალი და ფიფქია – კაციო! – კიდევ ბევრი ილაპარაკა სანტა 2017–მა, მაგრამ, თავს აღარ შეგაწყენთ მისი გამოსვლის დეტალებით. ბოლოს, ქართველი და უკრაინელი თოვლის კაცების სანტად მიღების ჯერი დადგა, მაგრამ პარტერიდან:
– დურენ ტი, დურენო! – იღრიალა უკრაინელმა დიდ მოროზმა და ქუდჩაბღუჯული მარჯვენა ხელი მოხარხარე რუსი დედ მოროზისკენ გაიშვირა, ხოლო მარცხენათი, გადაპარსულ თავზე, ალუბლის კურკისგან დატოვებულ ვარდისფერ ლაქას დაუწყო ზელა. ატყდა ერთი ალიაქოთი. კენჭისყრის პროცედურა ჩაიშალა და მომავალი წლისთვის გადაიდო. დედ მოროზს კი, კურკების სასროლი მილი ხელნაკეთ ტერორისტულ იარაღად ჩაუთვალეს, ლაპლანდიიდან გააძევეს და ეკონომიკური ბლოკადაც გამოუცხადეს. ისე მოკურცხლა დედ მოროზმა, თავის სნეგუროჩკასთან ერთად, სამშობლოსაკენ, რომ სულ დაავიწყდა თავისი ცხინვალელი და სოხუმელი მხლებლების წაყვანა.
ჩასხდნენ მარხილში ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი თოვლის კაცები. ცოტა შემჭიდროვდნენ, ჩაისვეს დარცხვენილი და ყურებჩამოყრილი ატცააბაბადუ და არტხურონი და ღიღინ–ღიღინით ჩამოფრინდნენ თბილისში.
***
თბილისში, მთელი საქართველოდან შეკრებილიყვნენ თოვლის პაპები და ბაბუები, გაშლილ სუფრასთან ელოდნენ ლაპლანდიიდან დაბრუნებულებს. იყო მოკითხვა, ხვევნა–კოცნა. განსაკუთრებით, ცხინვალელი არტხურონისა და სოხუმელი ატცააბაბადუს ნახვა გაუხარდათ. სამი ჭიქის მერე კი, ხელგადახვეულები მღეროდნენ “მრავალჟამიერს”. საღამოს, სომეხი ძმერ პაპი და აზერბაიჯანელი დედე დონი მასპინძლებს გამოემშვიდობნენ და ჩასხდნენ მარხილებში. წითელ ხიდამდე გვერდიგვერდ იარეს. წითელ ხიდთან ერთმანეთს დაემშვიდობნენ და თავ–თავიანთ გზას დაადგნენ.
***
საქართველოს თოვლის კაცებმა კი ფიცი დადეს, რომ დღეიდან ერთად იქნებოდნენ და ყოველ ახალ წელს თბილისში შეხვდებოდნენ. ნოტარიუსი არ დასჭირვებიათ, რადგან თითოეულის სიტყვას კანონის ძალა ჰქონდა. დილამდე ქეიფს, კახურ „მრავალჟამიერს”, აჭარულ „განდაგანას”, მეგრულ „ჯანსულოს”, გურულ „კრიმანჭულს”, სვანურ „ლილეოს”, აფხაზურ „ვარადოს”, ცეკვა „ოსურს” – დანარჩენი, თქვენც ხომ იქ იყავით, იქნებ გამახსენოთ – ხელს ვერ უშლიდა კავკასიონის გადაღმიდან, გამძვინვარებული დათვის გაცოფებული ღრიალი.