კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეცვალეს სტალინი მისი ორეულით კრემლში გამართულ საზეიმო ბანკეტზე #1

სტალინის 70 წლის იუბილესადმი მზადებამ, რომელსაც თავად იოსებ ბესარიონოვიჩი ეწინააღმდეგებოდა და პოლიტბიუროს დაჟინებული მოთხოვნით განხორციელდა, კულმინაციას 20 დეკემბერს მიაღწია. მთელი ჩვენი ქვეყნის ყველა დასახლებული პუნქტი სტალინის სურათებით იყო მოფენილი. პრესის ყველა ორგანოში ბელადის გმირული ბიოგრაფია დაიბეჭდა. საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან მოსკოვში ჩამოვიდნენ დელეგაციები, რომლებსაც დიდ თეატრში გამართულ საზეიმო საღამოში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. დელეგაციები სოციალისტური ქვეყნებიდანაც ჩამოვიდნენ. ყველაზე წარმომადგენლობითი ჩინეთის დელეგაცია იყო, რომელსაც მაო ძედუნი ხელმძღვანელობდა. ისინი სტალინმა თავის კაბინეტში მიიღო. მაომ ბელადს ძალიან ემოციურად მიულოცა დაბადების დღე და უთხრა: „ჩვენო დიდო მამაო, ფოლადისებურ ჯანმრთელობას და ძალიან, ძალიან დიდი ხნის სიცოცხლეს გისურვებ. შენ ჩვენი ბურჯი ხარ და მთელი დედამიწის ჩაგრულ ხალხს შენი იმედი და რწმენა აქვს. გაიხარე, ჩვენო დიდო მამავ და კვლავ და კვლავ დიადი გამარჯვებებისკენ გაგვიძეხი“. მისალმების შემდეგ მაო და მისი თანმხლები პირები სტალინმა გრძელ მაგიდასთან დასხა, თავად კი თავში დაჯდა და ემოციურ ჩინელებს მადლობა გადაუხადა კეთილი სურვილებისთვის...
ასეთ ემოციურ სცენებს მე ბევრჯერ შევსწრებივარ და მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არცერთ შემთხვევაში, არანაირ გადაჭარბებას ან არტისტობას არ ჰქონია ადგილი. ადამიანები მთელი გულწრფელობით გამოხატავდნენ სტალინის მიმართ სიყვარულსა და პატივისცემას. საბჭოთა ბელადი იმდენად დიდი და ლეგენდარული პიროვნება იყო, რომ მისდამი თაყვანისცემის სურვილი ადამიანებს ბუნებრივად უჩნდებოდათ... ჩინელებთან საუბარი დაახლოებით 50 წუთს გაგრძელდა. სტუმრები თვალს ვერ სწყვეტდნენ სტალინს,  რომელიც ჩინეთში არსებულ სირთულეებზე ამომწურავ ინფორმაციას ფლობდა და ისეთ საკითხებსაც შეეხო, თავად ჩინელებსაც კი მწირი წარმოდგენა რომ ჰქონდათ. საუბრის შემდეგ სტალინმა ჩინელები კარებამდე მიაცილა და საიუბილეო სუფრაზე დაპატიჟა.
21 დეკემბერს ძალიან ციოდა. ტემპერატურა მინუს 23 გრადუსი იყო, მაგრამ მოსკოვის ქუჩები ათეულათასობით ადამიანით გაივსო, რომლებიც დიდი სტალინის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილ მიტინგებს მართავდნენ. მოსახლეობა მთელი ოჯახებით იყო გარეთ გამოსული. საზეიმო სიტყვით გამოსვლის იმდენი მსურველი იყო, თითოეულს ნახევარი წუთი რომ ელაპარაკა, მიტინგები რამდენიმე საუკუნე გაგრძელდებოდა... დიდ თეატრში საზეიმო საღამო 19 საათზე დაიწყო. მისალმებები 2 საათი გაგრძელდა, მერე კი საზეიმო კონცერტი გაიმართა. საიუბილეო საღამოზე ქალაქ გორის სამკაციანი დელეგაცია ცალკე იყო წარმოდგენილი და მათ ყველაზე ბოლოს მისცეს სიტყვა. საქმე ისაა, რომ სამივე გორელი  – ანტონ გაგნიძე, ბეჟან ხარატიშვილი და პარმენ ბესტაევი, სტალინის ბავშვობის მეგობარი და თანაკლასელი იყო. ეს ერთგვარი სიურპრიზი გახლდათ, რომელიც ბერიამ მოუმზადა სტალინს. გორელები საკმაოდ მხნედ გამოიყურებოდნენ, მშვენივრად მეტყველებდნენ და თავიანთი მოკლე მილოცვები რომ დაამთავრეს, დიდი თეატრის ერთ-ერთმა თანამშრომელმა მათ გიტარა მიუტანა და პარმენ ბესტაევს გადასცა. სტალინი სამთავრობო ლოჟის ცენტრში იჯდა და მოღიმარი სახით უმზერდა თავისი ბავშვობის მეგობრებს. ისინი კი პარმენს უყურებდნენ და უცინოდნენ, სანამ ის გიტარას აწყობდა. ძალიან მალე ბესტაევს უკვე მზად ჰქონდა ინსტრუმენტი და მან თავის მეგობარს რაღაც გადაუჩურჩულა. ამის შემდეგ ანტონ გაგნიძე სამთავრობო ლოჟისკენ შეტრიალდა და გასუსულ დარბაზში სტალინს უთხრა: „ჩამო, სოსელო, ბავშვობა გავიხსენოთ და ჩვენი საყვარელი სიმღერა ვიმღეროთ“.
სტალინი, რომელსაც ღიმილი არ მოსცილებია სახიდან და ეტყობოდა, ასეთ შემოთავაზებას ელოდა, დინჯად წამოდგა სავარძლიდან და სულ მალე უკვე სცენაზე იყო. ალბათ, ძალიან ცოტა ვინმე თუ მიხვდა, რა ხდებოდა და ისეთი სიჩუმე გამეფდა, მართლაც ბუზის გაფრენის ხმას გაიგონებდით. მეგობრებმა სტალინი შუაში მოიქციეს და უეცრად „სულიკო“ აჟღერდა. ოთხმა მეგობარმა (სტალინის ჩათვლით) სიმღერა დაიწყო. სანამ მღეროდნენ, დარბაზში სამარისებური სიჩუმე იდგა. როგორც კი „სულიკოს“ ბოლო აკორდი შეწყდა, დიდ თეატრში ისეთი ხანგრძლივი და მქუხარე ტაში გაისმა, რომ უზარმაზარმა ჭაღმა რხევა დაიწყო. სტალინმა თავისი სამივე მეგობარი გადაკოცნა და მათთან ერთად დატოვა სცენა. საზეიმო კონცერტის მსვლელობისას სტალინის სამივე მეგობარი უკვე სამთავრობო ლოჟაში იყო, ბელადის გვერდით ისხდნენ და იქიდან ადევნებდნენ თვალს ამ ბრწყინვალე სანახაობას. კონცერტის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე, სტალინმა ვლასიკი იხმო და უთხრა:
– კრემლში, საზეიმო ბანკეტზე რომელიმე ჩემი ორეული გაუშვით. მე კი ჩემს მეგობრებთან ერთად კუნცევოში უნდა ვიქეიფო...
ერთ-ერთი ორეული სასწრაფოდ მოვამზადეთ და ინსტრუქტაჟი ჩავუტარეთ. როდესაც უკვე ყველაფერი მოგვარებული იყო, ჩუმად ჩავსხედით მანქანებში და კუნცევოსკენ ავიღეთ გეზი. სუფრასთან, რომელსაც სტალინი და მისი სამი გორელი მეგობარი უსხდნენ, არც მე და არც ვლასიკი არ დავმსხდარვართ, რადგან ასე გვიბრძანა სტალინმა. თუმცა, ოთახიდან მხიარული ხმები გამოდიოდა და ისე ტკბილად მღეროდნენ, რომ მათი მოსმენა დიდ სიამოვნებას მგვრიდა. მეგობრების ქეიფი დაღამებამდე გაგრძელდა. როცა სუფრა აიშალა, სტალინმა მანქანამდე მიაცილა თავისი ბავშვობის მეგობრები, თითოეულს მხურვალედ გადაეხვია და მხოლოდ მას მერე შებრუნდა შენობაში, როდესაც ისინი წავიდნენ. უკვე შენობაში სტალინმა მე და ვლასიკი თავის ოთახში გვიხმო, პატარა ალბომიდან სურათი ამოიღო და გვიჩვენა. სურათზე ოთხი პატარა ბავშვი იყო აღბეჭდილი, რომლებიც ეკლესიის წინ იდგნენ. სტალინს გაეღიმა და გვითხრა:
– ეს სურათი სამოცი წლის წინაა გადაღებული და მე და ის სამი მეგობარი ვართ, რომლებიც ახლახან გავაცილე. მაშინ საეკლესიო გუნდში ვმღეროდით ოთხივე და ეს ფოტოც სწორედ ერთ-ერთი გალობის შემდეგ გადავიღეთო...
სტალინს მეტი არაფერი უთქვამს. სურათი ალბომში დააბრუნა. ჩვენ დაგვითხოვა, თავად კი დასაძინებლად დაწვა.
მიხეილ თევდორაძის მოგონებების მიხედვით მოამზადა

скачать dle 11.3