როგორ აწამა პირადად ლავრენტი ბერიამ თბილისის ერთ-ერთი დამანგრეველი #1
ლავრენტი ბერია რომ თავნებობას, მასთან შეუთანხმებელ საქციელსა და საერთოდ, მის უგულებელყოფას ვერ იტანდა, არავისთვისაა საიდუმლო და არც ისაა უცნობი, რომ ასეთ ხალხს ლავრენტი პავლოვიჩი უმკაცრესად სჯიდა... ისტორიკოსი ანატოლი ბაბაევსკი წერს: „1937 წლის დასაწყისში, ზუსტად შობა დღეს, პირადად ლავრენტი ბერიას დავალებითა და ინტერესით, „ენკავედეს“ ეზოში 51 წლის ევგენი ადმირალოვი დახვრიტეს. ის თბილისის ქალაქკომის ყოფილი თანამშრომელი იყო და ძველი შენობების დანგრევა-აღდგენის საკითხებს კურირებდა. ადმირალოვი 1936 წლის მიწურულს დააპატიმრა „ენკავედემ“. მასზე საბოტაჟის, ტერორიზმისა და მავნებლობის მუხლით აღძრეს საქმე და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს, რომელიც შობა დღეს მოიყვანეს სისრულეში. საქმე კი ის იყო, რომ სანამ საქართველოს ცეკას პირველი მდივანი, ლავრენტი ბერია ერთი კვირით მოსკოვში იმყოფებოდა, ადმირალოვის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, სასწრაფოდ დაანგრიეს ძველი ჰაუპტვახტისა და კალოუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის შენობები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე მდებარეობდა (დღეს იქ კინოთეატრი „რუსთაველია“). ბერიას ერთ-ერთი მოსამსახურე, კლარა ლატარია იხსენებდა: „რუსთაველის პროსპექტზე რომ ეკლესია დაანგრიეს, ამას დეიდა მართა (ბერიას დედა) ლამის გადაჰყვა. ისე ცუდად გახდა, რომ ერთი კვირა საწოლიდან ვერ დგებოდა. მას მე და ნინო (ბერიას მეუღლე ნინო გეგეჭკორი) ვუვლიდით. ხოლო, თავად ლავრენტი რომ დაბრუნდა თბილისში და გაიგო, რაშიც იყო საქმე, ტელეფონით სერგო გოგლიძეს დაურეკა და რადგან იქვე ვიდექი, ყველაფერი გავიგონე.
– სწრაფად აიყვანეთ ადმირალოვი და დამახვედრეთ. მე მალე მოვალ და პირადად დავკითხავ მაგ მასონ ნაბიჭვარსო...
დეიდა მართა სწორედ იმ დანგრეულ კალოუბნის წმიდა გიორგის ეკლესიაში დადიოდა სალოცავად და მისი განადგურება განსაკუთრებით მძიმედ განიცადა... “
სხვათა შორის, ევგენი ადმირალოვის ისტორია ბერიას მის ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე ერთ-ერთ ბრალდებად წარუდგინეს და ბრალი სადიზმსა და ადამიანის წამებაში დასდეს. სამწუხაროდ, ადმირალოვთან დაკავშირებული ფაქტები ნამდვილად დადასტურდა. სხვა საკითხია, თუ რამდენად „მართალი“ იყო დახვრეტილი ადმირალოვი. გენერალმა სერგო გოგლიძემ, 1953 წლის 19 დეკემბერს სასამართლოზე ასეთი ჩვენება მისცა: „ევგენი ადმირალოვი პირადად დავაპატიმრე და როგორც ბერიამ მიბრძანა, მას ჩემს კაბინეტში დავახვედრე. ბერიამ საშინელი მზერა ესროლა ადმირალოვს და კბილებში გამოსცრა:
– ქვევით ჩაათრიეთ, პირადად მივხედავ. აქ კაბინეტი არ დაისვაროსო.
დაკავებული ერთ-ერთ საკანში ჩავიყვანეთ. მალე ბერიაც ჩამოვიდა და პატიმრის ფეხებით კაუჭზე დაკიდება და მხოლოდ ტრუსებში დატოვება გვიბრძანა. შემდეგ კი მუხის კომბალი მოიმარჯვა და ადმირალოვს მთელ სხეულზე, ხუთიოდე წუთის განმავლობაში თითქმის შეუწყვეტლად ურტყა. ეს პროცედურა სამჯერ გაიმეორა, თან ეკითხებოდა, ვინ დაავალა ამის გაკეთება. ადმირალოვმა ოთხჯერ დაკარგა გონება. ბოლოს კი ნახევარი საათით დავასვენეთ და გამოტყდა, რომ ფრანკმასონებისგან ჰქონდა დავალებული ქართული კულტურის განადგურება. თითქმის სამსაათიანი დაკითხვის შემდეგ, ბერია წავიდა და მანამდე პირადად მე მითხრა:
– არ გადაამლაშოთ, სერგო და ეს მძორი არ შემოგაკვდეთ. სასამართლომდე უნდა იცოცხლოს, მერე კი ჭირსაც წაუღიაო.
ლავრენტი პავლოვიჩი უკიდურესად გააბრაზა ადმირალოვის საქციელმა და ასე სასტიკად იმიტომ მოექცა...“
ბერია, რა თქმა უნდა, არც ფრთიანი ანგელოზი იყო და არც უცოდველი კრავი. სისასტიკეებსაც სჩადიოდა, რასაც საქმის კეთების საჭიროებით ხსნიდა, თუმცა მისი ბრძანებით, საქართველოში ეკლესია არ დანგრეულა და არც სასულიერო მოღვაწეები გაუტარებიათ მასობრივ რეპრესიებში. თუმცა, მათ ბერიას დროსაც აპატიმრებდნენ. ძნელია იმის თქმა, რომ მარშალი ბერია მუხლებგადატყავებული მორწმუნე იყო და სტალინს რომ ეკლესიის დანგრევა ებრძანებინა, ასეთ რამეს არ ჩაიდენდაო. მაგრამ, ფაქტია, რომ ბერიას ბრძანებით, საქართველოში ეკლესიები არ დაუნგრევიათ და არც სტალინი ანგრევდა ქრისტიანულ ტაძრებს. სამაგიეროდ, ბერიამ უეჭველი სიკვდილისგან იხსნა ორი სასულიერო პირი და ასეთი რამ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად გააკეთა. ლავრენტი ბერიას ვაჟი, სერგო ბერია იხსენებდა: „მართა ბებია მიყვებოდა, თუ როგორ გადაარჩინა მამაჩემმა ორი სასულიერო პირი დახვრეტას 1924 წელს. იმ წელს საქართველოში მენშევიკური აჯანყება მოხდა და მთავრობას რომ ძალაუფლება ხელიდან არ გამოსცლოდათ, მოსკოვმა დამატებითი ძალები გამოგზავნა რესპუბლიკაში. იმ პერიოდში მამაჩემი „ჩეკას“ საიდუმლო-ოპერატიული განყოფილების უფროსი იყო და აჯანყებაში მონაწილეთა მოძებნა და დასჯა ევალებოდა. მისმა ხელქვეითებმა ინფორმაცია მიიღეს, რომ კალოუბნის წმიდა გიორგის ეკლესიის მღვდელი – მამა გიორგი და დიაკვანი ევაგრე, ანტისაბჭოურად განწყობილი ელემენტები იყვნენ. თანაუგრძნობდნენ აჯანყებულებს და მეტიც, თავიანთ სენაკებში ანტისაბჭოთა პროკლამაციებს მალავდნენ, ეს კი სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო. რაც მთავარია, ეს ინფორმაციები დადასტურდა და მღვდელიც და დიაკვანიც დააპატიმრეს, თან პროკლამაციებიც ამოიღეს. ბებია მართა დაპატიმრებული მამა გიორგის მრევლი იყო და თურმე ფოფოდია (მღვდლის ცოლი) ანასტასიას შეუტყობინებია მღვდლის ამბავი მისთვის. ბებიას მამაჩემისთვის უთხოვია, თუ შეეძლო, საქმე ისე მოეწყო, რომ სასულიერო პირები გაეთავისუფლებინათ. მართლაც, მეორე დილით მღვდელი და დიაკვანი გაათავისუფლეს. პროკლამაციები კი სადღაც გაქრა და ეს საქმე დაიხურა...“
დიაკვანი ევაგრე 1943 წელს ომში დაიღუპა. მღვდელი, მამა გიორგი კი, 1963 წელს გარდაიცვალა თბილისში. ამ საქმეში საგულისხმო ისაა, რომ დამსმენი, ვინც სასულიერო პირები „ჩაუშვა“, თავადაც ეკლესიის მსახური იყო, რომელიც უგზო-უკვლოდ გაქრა სწორედ იმ დღეს, როცა ციხიდან მღვდელი და დიაკვანი გამოუშვეს. ალბათ, ძნელი მისახვედრი არაა, რომ „ჩეკას“ დამსმენი სასულიერო პირი ბერიამ გაწირა და ეს იმიტომ გააკეთა, თავად არ გაშიფრულიყო. სამაგიეროდ, თავისი ხელქვეითები – ძმები ბაღჩო და ბოგდან ქობულოვები და სერგო გოგლიძე, რომლებიც სასულიერო პირების გათავისუფლების შესახებ ინფორმირებულები იყვნენ, დააწინაურეს და რაც უფრო მაღლა მიიწევდა ბერია, მით უფრო წინ მიიწევდნენ მისი ერთგული თანამშრომლებიც...
მიუხედავად იმისა, რომ ბერია პრაგმატული პიროვნება იყო და საქმისთვის შეეძლო, ალბათ, ნებისმიერი გაეწირა, თავად ძალიან აფასებდა ერთგულ ხალხს. ცდილობდა, ისინი და მათი ოჯახებიც აბსოლუტურად უზრუნველყოფილები ჰყოლოდა. ამის საუცხოო მაგალითია, ბერიას დაცვის წევრის, კაპიტან ონისე კაკულიას ისტორია. 1947 წელს მოსკოვში, ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში, ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია სრულდებოდა. წარმოდგენა რომ დამთავრდა, ბერია მუსიკოსებთან ჩავიდა, რომ მათთვის პირადად გამოეხატა თავისი თაყვანისცემა. უცებ, ერთ-ერთმა შემსრულებელმა, კონტრაბასისტმა დემიან კოლპაკოვმა ბერიას მიმართულებით ავტომატური ცეცხლი გახსნა ათიოდე მეტრის მანძილიდან. როგორც შემდგომ გაირკვა, იარაღი მას ინსტრუმენტის ფუტლარში ჰქონდა დამალული და ბერიას მოკვლას ჯერ კიდევ კონცერტის დროს აპირებდა, მაგრამ რადგან ბერია ლოჟაში იჯდა, ვერ მოახერხა. კოლპაკოვს 1937 წელს მამა და ძმა დაუხვრიტეს და მუსიკოსი მიიჩნევდა, რომ ეს ბერიას ბრალი იყო. ბერიას რომ ცეცხლი გაუხსნა, ონისე კაკულია ბერიას მთელი ტანით გადაეფარა და სიკვდილისგან იხსნა, თავად კი ორივე ხელის ძვლები დაეცხრილა. ექიმებმა მისთვის კიდურების შენარჩუნება ვერ მოახერხეს. განეიტრალებული მუსიკოსი გაასამართლეს და დახვრიტეს. ბერიამ კი თავის მხსნელს უპრეცედენტო რამ გაუკეთა. 1947 წელს, გაგანია ცივი ომის დროს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუშვა სამკურნალოდ, სადაც მას ხელის პროტეზები გაუკეთეს. კაკულიას სამუდამო პენსია დაუნიშნეს, მოსკოვის ცენტრში ბინა და ასევე, აგარაკიც მისცეს. ის ყველა სპეცპრივილეგიითაც სარგებლობდა. თუმცა, 1953 წლის აგვისტოში ინვალიდი კაკულია ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნის გამო „ცეერუს“ აგენტად მონათლეს და 1963 წლამდე ციხეში აყურყუტეს. ეს მხოლოდ იმისთვის, რომ ბერიას ერთგული იყო...“