რა მოსდის ქალს, როცა მასში ეჭვი ჩასახლდება და უხდის თუ არა ის ქმარს სამაგიეროს #1
ამბობენ, ყველაფერი წვრილმანებიდან იწყებაო – განსაკუთრებით ოჯახსა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაში. როცა ბზარი ჩნდება, როცა ერთმანეთის მიმართ ნდობას, პატივისცემას ვკარგავთ, აუცილებლად უნდა დავიწყოთ მიზეზების ძიება და ვკითხოთ საკუთარ თავს – როდის დაიწყო ეს? დამნაშავის ძიებას აზრი არა აქვს, რადგან, როგორც წესი, საკუთარ თავს არავინ იდანაშაულებს. მოდის ბრალდებების ნიაღვარი და სიტუაცია უფრო რთულდება. თუკი ის ისევ გიყვართ, თუ გრძნობთ, რომ მასაც უყვარხართ, მაშინ ღირს იბრძოლოთ ურთიერთობის გადასარჩენად, რადგან მის გარეშე დარჩენა მეტ ტკივილს მოგაყენებთ.
თათული (36 წლის): როცა საკუთარ სახლში, რომელიც შენი ყველაზე საიმედო თავშესაფარია და ეს ასეც უნდა იყოს, პოულობ ნივთებს, რომლებიც შენ არ გეკუთვნის, ფიქრობ, ჭკუიდან შეიშალე. არ ვიცი, როგორ უნდა ავხსნა ის განცდა, რომელიც მაშინ მქონდა. ყველაფერი ერთი შეხედვით უმნიშვნელო, თითქმის შეუმჩნეველი წვრილმანებით დაიწყო. მაგალითად, ერთ საღამოს იატაკზე რაღაც მბზინავი შევნიშნე – ავიღე და ხელში პომადა შემრჩა. წარმოიდგინეთ, ჩემი რეაქცია – ვიფიქრე ის, რასაც ყველა ქალი იფიქრებდა ჩემს ადგილას – რომ ქმარმა სახლში საყვარელი მოიყვანა. მეგონა, გავგიჟდებოდი. ოთახში მარტო ვიყავი. ყავას ვსვამდი. მშვიდი საღამო იყო და უცებ ფეხქვეშ მიწა შემერყა, ქვეყანა ამოტრიალდა და ჭერი ჩამომექცა.
– ხომ შეიძლებოდა, სხვა ვერსიაც დაგეშვათ?
– ალბათ, შეიძლებოდა, მაგრამ მე ვერ დავუშვი. ქალური და ბუნებრივი რეაქცია იყო. თან, ზუსტად რომ იცი, ეს პომადა შენი არასდროს ყოფილა.
– მეგობარსაც ხომ შეიძლებოდა, დარჩენოდა.
– არა. არ გამახსენდა არცერთი მეგობარი, ჩემს სახლში პომადა რომ წაესვა. ბევრი ვინერვიულე, ვიფიქრე... მერე პომადა გადავაგდე და შევეცადე, ეს ფაქტი დამევიწყებინა.
– ისე, რომ ქმრისთვის არაფერი გითქვამთ? არც მასთან ურთიერთობაში შეგცვლიათ რამე?
– ურთიერთობაში შემეცვალა. ვერ ვახერხებდი, რომ ისეთივე მოსიყვარულე ცოლი ვყოფილიყავი, როგორიც ადრე. დანახვისთანავე მახსენდებოდა ოთახში ნაპოვნი პომადა. ეს დამანგრეველია და ვერ ვუმკლავდები. არადა, ოჯახის გადარჩენაც მინდა. თავიდან უფრო მქონდა სურვილი, ქმარიც სახლიდან გამეგდო და ეს ცირკიც დამესრულებინა. მერე საღი აზრიც „ჩამერთო“.
– ეს რას ნიშნავს?
– გადავწყვიტე, მეფიქრა, რომ მომეჩვენა და პომადა სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა ჩემი ბინის იატაკზე. თითქოს დავმშვიდდი, მაგრამ, ხომ გეუბნებით, თავს მაინც ძალიან ცუდად ვგრძნობდი, მოუსვენრად. დავიწყე ჩემი ქმრის ჯიბეების ქექვა და თვალთვალი, ჯიბეების ამოტრიალება. საკმაოდ უხერხული და დამამცირებელი იყო ჩემთვის, მაგრამ მაინც ვაკეთებდი ამას. დისკომფორტი საკუთარ თავთან იწვევდა იმას, რომ გამუდმებით ვეჩხუბებოდი ქმარს. ცხადია, სხვა მიზეზების გამო, მაგრამ ეს პრობლემას არ შეცვლიდა. ნერვიულობა ადამიანების ხასიათს ცვლის. მეც მუდმივად გაღიზიანებული და განერვიულებული ვიყავი. ვერავის ველაპარაკებოდი ჩემს პრობლემაზე. ბოლოს მივხვდი, რომ ვიღაც უნდა მომეძებნა, ვისაც გულს გადავუშლიდი. ჩემი ბავშვობის მეგობარი – მამაკაცი შევარჩიე. შევარჩიე კი არა, ბუნებრივად და თავისთავად გამოვიდა ასე. შემთხვევით შევხვდით. გაგვიხარდა. კაფეში დამპატიჟა. საუბარი დავიწყეთ და ერთბაშად „მომაწვა“ – ამოვხეთქე! ტირილით მოვუყევი ჩემი ეჭვების შესახებ. შვება ვიგრძენი, თითქოს თავისუფლად ამოვისუნთქე. ისე კარგად გამიგო, მომინდა, კიდევ შევხვედროდი და დავლაპარაკებოდი.
– შეხვედრები დაიწყეთ?
– ჰო, ოღონდ მხოლოდ მეგობრული. ის მე მეხმარებოდა. ფაქტობრივად, თერაპიის კურსს გავდიოდი და აღარ ვფიქრობდი ქმრის უსინდისო საქციელზე.
– ქმარს რატომ არ დაელაპარაკეთ, რატომ არ მოსინჯეთ?
– იმიტომ, რომ ვიცოდი, ეს ლაპარაკი, სადამდეც მიმიყვანდა. საშინელ სამყაროში ვცხოვრობთ. გვინდა, კარგი რაღაც მოხდეს. ყველაფერს ვერ გააკონტროლებ, შეუძლებელია. რომ დავლაპარაკებოდი კიდეც, რა შედეგამდე მივიდოდი? დაიწყებდა ყველაფრის უარყოფას და ძალიან მაგრად ვიჩხუბებდით. თანაც, როგორც გითხარით, შემთხვევით მოხდა, რომ იმ ადამიანს შევხვდი. დავილაპარაკეთ, „ჩემიანი“ გახდა და შვება რომ ვიგრძენი, ქმრის მიმართ აგრესიაც შემინელდა. მაგრამ მოხდა სრულიად გაუთვალისწინებელი – ქმარმა დაიწყო ეჭვიანობა ჩემზე. პირველად გამიკვირდა. მოულოდნელი იყო და ცოტათი მესიამოვნა კიდეც. ვიფიქრე, როგორც იქნა, ჩემი ქმარი გამოფხიზლდა, გონზე მოვიდა და ახლა ნახავს, როგორია ეჭვიანობა-მეთქი.
– ანუ, პომადის ამბავი დაგავიწყდათ?
– არ დამვიწყებია, რა თქმა უნდა. სწორედ ამიტომაც ვგრძნობდი სიხარულს, რომ ქმარი დავაინტრიგე და ავანერვიულე. მაგრამ, მერე ამ ყველაფერმა საშიში ხასიათი მიიღო.
– რას გულისხმობთ?
– სულ გაგიჟდა ჩემი ქმარი. სახე დაკარგა. უხეშ, მოურიდებელ და არაადეკვატურ არსებად იქცა. ყოველდღიურად ისე იქცეოდა, რომ ნელ-ნელა თავს მაძულებდა. ერთ დღეს კი მივხვდი – ამდენი წლის განმავლობაში სრულიად უცხო ადამიანთან ვცხოვრობდი. ადამიანთან, რომელიც თურმე არც კი მყვარებია. მას არასდროს მოუსმენია ჩემთვის ისე, როგორც ჩემი მეგობარი მისმენდა. რა შესანიშნავი რამ ყოფილა, როცა გისმენენ.
– შეგიყვარდათ ის თქვენი მეგობარი?
– არა, არა, ეს სულ სხვა გრძნობაა. მაგრამ, მასთან ურთიერთობამ მიმახვედრა, რომ ჩემი ქმრისნაირი მამაკაცი არაფერში მჭირდება. უკვე ვფიქრობ, ოჯახი უნდა დავანგრიო. ეჭვი ოდნავადაც არ მეპარება იმაში, რომ პომადა მისი საყვარლის, ან ვინმე შემთხვევითი ქალის იყო.
– რატომ, ასე დარწმუნებით?
– იმიტომ, რომ ვხვდები, თავს დიდხანს ვიტყუებდი. ასე გაგრძელება აღარ მინდა. ჩემი ოჯახი კატასტროფის წინაშეა. ამას ვგრძნობ და რაც ყველაზე ცუდია, მისი გადარჩენა აღარ მინდა. სურვილი არ მაქვს.