გადავა თუ არა ეკლესიაში არსებული დაპირისპირებები დიდ საეკლესიო განხეთქილებაში და როგორი პოზიცია უნდა შეინარჩუნონ დღეს საერო პირებმა #1
ბოლო პერიოდში ეკლესიაში განვითარებულმა მოვლენებმა, არავინ დატოვა გულგრილი. სასულიერო პირები ერთმანეთს უკვე ღიად დაუპირისპირდნენ, რამაც ერში უკმაყოფილება და პროტესტი გამოიწვია. ასეთ რამეს წერს უკრაინის ეკლესიის წმიდა მამა კუკშა ველიჩკო: „უკანასკნელი ჟამი დგება. მალე ეკუმენისტური კრება ჩატარდება, სახელწოდებით – „წმიდა“. მაგრამ ეს იქნება სწორედ ის „მერვე კრება“ – უღმერთოთა თავყრილობა. მასზე ყველა „სარწმუნოებები“ ერთში შეიკრიბება. შემდეგ გაუქმდება მარხვები, მონაზვნობა მთლიანად განადგურდება, ეპისკოპოსები ცოლიანები შეიქმნებიან. ახალსტილური კალენდარი შემოტანილი იქნება „მსოფლიო ეკლესიაში”. იფხიზლეთ! ეცადეთ, იაროთ ღმრთის ტაძრებში, სანამ ჯერ კიდევ ჩვენნი არიან. მალე აქაც აღარ იქნება შესაძლებელი სიარული, ყველაფერი შეიცვლება. მხოლოდ რჩეულნი დაინახავენ ამას. ადამიანებს აიძულებენ ტაძარში სიარულს, მაგრამ ჩვენ იქ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიაროთ. გევედრებით, იდექით მტკიცედ, მართლმადიდებელ სარწმუნოებაში თქვენი ცხოვრების ბოლომდე და გადარჩებით.” ბოლო დროს ეკლესიაში გავრცელებული მოვლენების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).
– მამაო, თქვენ, როგორც სასულიერო პირი, როგორ შეაფასებთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს, რა ხდება დღეს საქართველოს ეკლესიის წიაღში?
– მინდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს თქვენი ჟურნალის დახმარებით მივულოცო აღსაყდრების 39 წლის იუბილე. ყველა ნორმალურ ქვეყანაში ნორმალური ქრისტიანები ასეთ თარიღებს და ასეთი ასაკის პატრიარქს ეპყრობიან მოწიწებითა და სიყვარულით. ამ ასაკში პატრიარქს სჭირდება მოფერება და იმ ღვაწლის დაფასება, რომელიც მან ამდენი ხნის განმავლობაში იტვირთა. გაგანია კომუნიზმის პერიოდში ახალგაზრდა ილია შიოლაშვილი გახდა კათოლიკოს-პატრიარქი. მან ჩაიბარა სუდარაგადაფარებული ეკლესია, 4 მღვდელმთავარი და 40-მდე სასულიერო პირი, რამდენიმე მოქმედი ეპარქია. სულს ღაფავდა ეკლესია და ახლა ჩვენ გვყავს 46 მღვდელმთავარი, ათასობით ეკლესია, სასულიერო აკადემიები, სემინარიები, მოქმედი ეკლესია-მონასტრები. მაგრამ ერს მაინც არ ეტყობა ჩვენი პატრიარქის ღვაწლი. სულ ახლახან სასულიერო პირები დაკავებულები იყვნენ ერთმანეთის ლანძღვა-გინებით სოციალურ ქსელში: შენ მწვალებელო, შენ სიმსივნევ და ასე შემდეგ. არ შეიძლება პირადი აზრის ასე დაფიქსირება არავის მხრიდან... თუმცა მე, იმედი მაქვს, ყველაფერი მალე დალაგდება სიყვარულითა და პატივისცემით, როგორც ეს ჩვენს ეკლესიას ახასიათებს.
– ძალიან ბევრი მამხილებელი რამ გაჟღერდა ბოლო დროს სასულიერო პირების წინააღმდეგ...
– ერმა და ბერმა უნდა გაითვალისწინოთ, რომ როგორც სახარებაში წერია, როცა შენი ძმა ცდება, უნდა მიხვიდე და უთხრა: შენ ცდები. თუ კიდევ ვერ გაიგო, მაშინ კიდევ ორი ძმა მიიყვანე... კიდევ თუ ვერ გაიგო, მაშინ მიდი ხუცესთან, ანუ მღვდელმთავართან... თუ კიდევ ვერ გაიგებს, იყოს შენთვის მწვალებელი და მებაჟე. სოციალურ ქსელში კი არ უნდა დადო პოსტი, იყვირო, რომ შენი ძმა მწვალებელია და ეკლესიაში გარკვეული არეულობა და შფოთი შემოიტანო. ეკლესიური ჭეშმარიტი დოგმატური სწავლებების მცდარად გაგება და ქადაგება არის მწვალებლობა. მე ვიცი, რომ ისინი ძალიან კარგი მამები არიან და იმედი მაქვს, მათ ეყოფათ სულიერება, შერიგდნენ, პატიება სთხოვონ ერთმანეთს. ჩვენი ეკლესია ძალიან ღირსეულად მოღვაწეობს და სხემობს, ისივე როგორც ბევრი მამა მის წიაღში. აქვე მინდა ვისაუბრო ერთ მნიშვნელოვან საკითხზე: ეს არის კრეტის კრება, რომელზეც არ წავიდა ჩვენი ეკლესია. ზოგი ამბობს, რომ ეს იყო „მერვე მსოფლიო კრება“; ზოგი ამბობს, რომ ეს არის „ყოველთა მართლმადიდებელთა კრება“. ჩემი აზრით, ეს იყო ეკუმენტისტური კრება, მოსინჯვა ძალების – აბა, ვინ როგორი მართლმადიდებელი ხართ, ვინ როგორ აზროვნებთ. ჩვენმა ეკლესიამ, ისევ ჩვენი პატრიარქის ახოვანი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ ჩვენ არც მარჯვნივ ვიხრებით და არც მარცხნივ. ეს უნდა ვიზეიმოთ, რომ ჩვენმა პატრიარქმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, ჩვენი ეკლესია გამოიყვანა ეკუმენისტური საბჭოდან და ახლაც, ამ სამარცხვინო კრებაში არ მივიღეთ მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ეს უნდა გვეზეიმა და სამწუხაროდ, არ უნდა გამოგვევლინა ჩვენი დაბალი სულიერება, დაბალი ინტელექტი.
– ამ ყველაფერმა საზოგადოება საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. ხალხს ვეღარ გაუგია, რომელ მხარეს წავიდეს, ვის დაუჯეროს. უმეტესობას აღარ უნდა ეკლესიისკენ გახედვა. რა არის ასეთ დროს გამოსავალი, როგორ უნდა მოიქცნენ უბრალო ადამიანები?
– მე ვთხოვ ყველას, რომ არ განიკითხოთ არცერთი მხარე. არავის უწოდოთ არც „ზილოტი ფანატიკოსი“ და არც „ლიბერალი“. ზილოტობა, ანუ მოშურნეობა, არ არის ცუდი, რადგან თუ მოშურნე არ ხარ, აბა რა მართლმადიდებელი ხარ?! თუ ლიბერალი არ ხარ, აბა, რა მართლმადიდებელი ხარ?! მაგრამ ჭეშმარიტი თავისუფალი აზროვნება უნდა გქონდეს, ისევე როგორც იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: სცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებს თქვენ. ქრისტე არის ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ გაგვათავისუფლა ჩვენ. და არა ის, რომ საწინააღმდეგო აზრის გაგონებისას ჩხუბს და დაპირისპირებას ვიწყებდეთ. თუ ვინმე ცდება – მე, ან ეკლესიის სხვა წევრი, უნდა მიხვიდეთ და სიყვარულით ამხილოთ. თუმცა, სამწუხაროდ, დღეს ასე არ ხდება და მომავალშიც, ალბათ, ბევრი ადამიანის ლუსტრირება მოხდება, ყველა საკუთარ სახეს გამოაჩენს, როდესაც დადგება მომავალი პატრიარქის არჩევის დრო. ამიტომ, როგორც პავლე მოციქული ეუბნება სულიერ შვილს ტიმოთეს: ვიდგეთ მტკიცედ და შეურყევლად. მტკიცედ დგომა ნიშნავს, რომ არ გადაიხრები არც მარცხნივ და არც მარჯვნივ, თავმდაბლობითა და სიყვარულით გააგრძელებ შენს ცხოვრებას. არავის ცხოვრება არ გაინტერესებს, ემორჩილები შენს პატრიარქს, შენს მოძღვარს, იცავ მცნებებს, არ განიკითხავ არავის, იცავ მარხვებს, ლოცულობ, შენც ცოდვებზე ტირი. ის ადამიანი, რომელიც თავის ცოდვებს ვერ ხედავს, სხვის ცოდვებს კარგად ამჩნევს. ამერიკაში მოღვაწე ერთმა მამამ ასეთ ადამიანებს, რომლებიც სხვის ცოდვებს ხედავენ, ვიდრე თავისას – „წმიდა ჯადოქრები უწოდა“. ერთი ქალბატონი მივიდა მასთან და უთხრა სხვა ადამიანზე: კვირას დაიჩოქა, არადა კვირას დაჩოქება არ შეიძლებაო. ის მეორე ადამიანიც მივიდა მოძღვართან: არ ვიცოდი, დაჩოქება რომ არ შეიძლებოდა, თუ დავაშავე, პატიებას ვითხოვო. წინამძღვარმა უთხრა პირველ ქალბატონს: შენც რომ გელოცა, ვერ დაინახავდი, მან დაიჩოქა თუ არაო. შენ რომ შენს ცოდვებზე არ ფიქრობ, შენს სივერაგეს ვერ ხედავ, იმიტომ ვერ ამჩნევ საკუთარ თვალში დირეს და სამაგიეროდ, საკუთრი ძმის თვალში ბეწვს ხედავ. ეს არის ძალიან ცუდი და სამწუხარო მდგომარეობა. იმედი მაქვს, ყველაფერი ჩაცხრება და განხეთქილება ეკლესიაში არ გახდება ტელევიზიების განხილვის საგანი. ერთხელ მოხდა ეკლესიაში დიდი განხეთქილება, დიდი სქიზმა, 1054 წელს, როცა დასავლეთის ლათინური ეკლესია გამოეყო დედაეკლესიას და შემდეგ, მე-17 საუკუნეში დასავლეთის კათოლიკური სამყაროდან იშვა პროტესტანტიზმი. ამის შემდეგ ეკლესიაში მსგავსი რამ არ მომხდარა. თუმცა, პატარ-პატარა დაპირისპირებები იყო და იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს დაპირისპირება არ გადავა სქიზმაში, რადგან ჩვენ ძალიან კარგი მამები და დედები გვყავს. მჯერა, რომ ყველაფერი მშვიდობით მოგვარდება და ეკლესიის მტრებს არ მიეცემათ ჭორაობის საბაბი, რადგან, სამწუხაროდ, სინოდის კრებები პარლამენტის სხდომებს დაემსგავსა. ჟურნალისტებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რაღაც ინტრიგა გაიგონ – ვიღაც მოხსნეს, ვიღაცა გადააყენეს. სულიერი წინსვლა, წმიდანების კანონიზაცია, სამწუხაროდ, არ აინტერესებთ. ეკლესიისგან კი ყველა მიიღებს მხოლოდ კურთხევას, დალოცვასა და სიყვარულს.