წმიდა სწავლებანი #1
არ ისურვო საწუთრო სოფლის სიამოვნება და სიტკბოება – ეს არ უდრის სწრაფვას მარადიული და უხილავი სიკეთეებისაკენ: ის ერთია, ეს კი – სხვა. ბევრმა მოიძულა პირველი, მაგრამ ცოტა ვინმემ თუ შეიცნო მეორე.
***
მოიძულო და არ ეძებო ადამიანური დიდება – ეს არ არის ის, რაც აუცილებლად გადადის ღვთაებრივ დიდებაში. მათ შორის დიდი განსხვავებაა. რამეთუ პირველი ბევრმა უარყო იმათ შორისაც კი, ვინც დაქვემდებარებულია სხვა ვნებებს; მეორეს კი ბევრი ღვაწლითა და ძალისხმევითაც მხოლოდ ზოგიერთებმა მიაღწიეს.
***
არ არის ერთი და იგივე – დაკმაყოფილდე ღარიბი შესამოსელით, არ ისურვო ლამაზი ტანსაცმელი და შეიმოსო ღვთაებრივი ნათელი: ის ერთია – ეს მეორე. რამეთუ ტანსაცმელი ადვილად მოიძულა ზოგიერთმა ისეთმაც, ვინც ათასი სხვა ვნებით არის შეპყრობილი, ნათელი კი მხოლოდ იმათ შეიმოსეს, რომლებიც განუწყვეტლივ ეძებენ მას ყოველგვარი ჭირთათმენის გზით და მცნებების აღსრულების მეშვეობით გახდნენ ძენი ნათლისა და ძენი დღისა (შდრ. I თეს. 5,5)
***
ერთია თავმდაბლური სიტყვა და მეორე – თავი დამდაბლებული; ერთია სიმდაბლე, მეორეა – სიმდაბლის ყვავილი და სხვა არის კიდევ – მისი ნაყოფი; ერთია ამ ნაყოფის სილამაზე, მეორე – ამ სილამაზის სიტკბოება და სხვაა ამასთან შედარებით, იმ ნაყოფის ქმედება. აქედან, რაღაც გარკვეული ნაწილი, ჩვენზეა დამოკიდებული, დანარჩენი კი – არა. ჩვენზეა დამოკიდებული, ვიფიქროთ, ვიაზროვნოთ, ვიმსჯელოთ, ვილაპარაკოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც სიმდაბლემდე მიგვიყვანს. თვით წმინდა სიმდაბლე და მისი თვისებები, ბოძება და მისი გამოვლინებები – ღვთის ნიჭია და არა ჩვენი საკუთარი დამსახურება. ამას ვერავინ ვერასდროს ეღირსება, თუ მთელი გულმოდგინებით არ დათესავს საკუთარ თავში ყოველივე იმის თესლს, რაც მის ხელმწიფებაშია.
***
განშორება, ანუ ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა – არ არის იგივე, რაც ჭეშმარიტი მწირობაა: ეს სხვადასხვა რამ არის. პირველი – იმ მორწმუნეთათვის არის დამახასიათებელი, რომლებსაც, დაუდევრობის მიზეზით, დაუდგრომელი გონება აქეთ-იქით ატარებს, ან სიმხურვალის უხვებით, კიდევ უფრო მეტ ღვაწლს დაეძებენ. მეორე კი – სოფლისთვის და სოფლის საქმეთათვის ჯვარცმულთ ახასიათებს (იხ. გალ. 6,14), რომლებსაც სულ მუდამ მხოლოდ ღმერთთან და ანგელოზებთან ყოფნა სურთ და აღარასდროს უბრუნდებიან რამე ადამიანურს.
***
სხვა საქმეა, წინ აღუდგე მტრებს და ებრძოლო მათ და სხვა არის – დაამარცხო, დაიმორჩილო და მოაკვდინო ისინი. პირველი ახასიათებს მებრძოლებს და ღვაწლში კეთილშობილებს, მეორე კი – უვნებოებს და სრულყოფილებს.
***
ასეთია არსებობის ნათელში მავალ წმიდანთა ყველა ღვაწლი. ისინი კი, რომლებსაც ესმით, რომ ამ ღვაწლსგარეთ არიან, დაე, ნურავისგან ცდუნდებიან და ნუ მოიტყუებენ თავიანთ სულებს, არამედ იცოდნენ, რომ ამაოდ ვლენან, როგორც წყვდიადში.
***
სხვადასხვა მიზეზით მრავალი წარემართა ამისკენ, მაგრამ მათგან საკმაოდ მცირე ნაწილმა დაასრულა თავისი ღვაწლი ღვთის მოშიშებითა და სიყვარულით, და მხოლოდ ესენი წარემატებიან სწრაფად – ზეგარდმო მადლის შეწევნით – სათნოებათა ღვაწლში და ყოველთვის ისწრაფვიან დანიშნული მიზნისკენ. სხვები კი, წმიდა წერილის სიტყვებით, უგზოობაში დაეხეტებიან (იხ. ფსალ. 106, 40) შემდეგი სიტყვების თანახმად: და განვავლინენ იგინი საქმეთაებრ გულითა მათთასა, რათა ვიდოდიან საქმეთა შინა მათთა (ფსალ. 80, 13).
***
ვინც ეს ცდისეულად განიცადა, უკეთესისკენ სწრაფვით შეიცნობს ნათქვამის ძალას, ხოლო, ვისაც არ გამოუცდია, გაიგებს ყველაფერ იმას, რაც გრძნობითად არის ნათქვამი, ხოლო იმის შესახებ, რაც სულიერებითა და მჭვრეტელობით იქნება ნათქვამი, მხოლოდ თეორიული წარმოდგენა შეექმნება ან, უფრო სწორად, ამის შესახებ ის თავის გონებაში შეიდგენს ცრუ წარმოდგენებს და როგორც გზააბნეული, საკმაოდ შორს იქნება ნათქვამის ჭეშმარიტი აზრისგან.
***
როდესაც შენი უკვე დიდი შრომისა და ოფლის ფასად, თიხიერ სხეულზე ამაღლდი და მის საზრუნავებს განერინე, და სხეულს უკვე ატარებ, როგორც მსუბუქსა და სულიერს, აღარ გრძნობ არც დაღლას, არც შიმშილს, არც წყურვილს, და უფრო ნათლად, ვიდრე სარკეში, ჭვრეტ იმას, ვინც გონებაზე აღმატებულია; და როდესაც, ახლა უკვე ცრემლიანი და ღია თვალებით ხედავს იმას, ვინც არავის არასდროს უხილავს (იოანე 1, 18), და სული შენი მოწყლულია მისდამი სიყვარულით, და ცრემლშერეულ გოდებას, გალობას აღუვლენ მას, გამიხსენე მეც და ილოცე ჩემთვის, გულით მდაბლისთვის, რომელმაც მივაღწიე ღმერთთან თანაზიარებას და ურცხვენელ კადნიერებას, მასთან მიმართებით.