მოძღვარი გვირჩევს #1
კითხვა: სახლში მყავს ძაღლი. როგორც მითხრეს, სახლში ძაღლის ყოფნა სულიწმიდას დევნის. რამდენად შეესაბამება ეს სინამდვილეს?
პასუხი: ძაღლი ღვთის მიერ შექმნილი არსებაა ადამიანის მეგობრად და დარაჯად. მას თავისი დადებითი როლი აქვს სამყაროში, თუმცა, როგორც სხვა ცხოველების, ასევე არც ძაღლის ყოფნა არ შეიძლება საეკლესიო სიწმიდეებთან ახლოს. რაც შეეხება იმას, დევნის თუ არა სულიწმიდას, მისი განდევნა არაფერს შეუძლია. სულიწმიდას ადამიანი საკუთარი სურვილით შორდება, როდესაც ბოროტის სიახლოვეს ყოფნას ირჩევს. ზოგადად, ჯობია, ძაღლმა ეზოში იცხოვროს.
კითხვა: მყავს ურწმუნო ოჯახის წევრი. როგორ მოვიქცე, რომ მან ღმერთი იწამოს?
პასუხი: თქვენ შეგიძლიათ, მისთვის ილოცოთ, რათა უფლის მადლი შეეხოს მის გულს და გონება გაუნათოს. იყავით მასთან ტაქტიანი და არ იჩხუბოთ აღნიშნულ საკითხზე. მიეცით მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ქრისტიანი.
კითხვა: ყოველთვის სარწმუნოა თუ არა სინდისის ხმა?
პასუხი: სინდისის ხმას ყოველთვის უნდა ვუსმინოთ, რადგან მისი სახით ხშირად ჩვენი მფარველი ანგელოზი მოგვმართავს. ამასთანავე, აუცილებელია, სინდისის ხმა უფლის სიტყვას შეუთავსოთ და მას უფრო მართებულად აღიქვამთ.
კითხვა: არის თუ არა ყველა გონიერი ადამიანი ღვთისთვის მოსაწონი?
პასუხი: წმიდა მამათა გადმოცემით, შეიძლება, ადამიანს გონიერება ბოროტმა ძალამაც მიანიჭოს. თუმცა, სიმდაბლეს ვერასდროს მიანიჭებს. თუ ადამიანი არ არის თავმდაბალი, ის ვერ იქნება ღვთისთვის მოსაწონი.