ვინ დგას ქართველი სუნიტებისა და მართლმადიდებლების პერიოდული დაპირისპირების უკან და რატომ ნიშნავს დიდი კავკასიური ომის დაწყებას დასავლეთის მიერ საქართველოს დათმობა #1
ამერიკის 2016 წლის არჩევნების შედეგმა აჩვენა, რომ 2017 წლიდან, კერძოდ, როდესაც დონალდ ტრამპი ოფიციალურად შეუდგება თავისი უფლებამოსილების შესრულებას, მსოფლიოს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში მოუწევს ცხოვრება: ახლო აღმოსავლეთში საომარი მდგომარეობა გამწვავდა და რუსეთმა პოზიციები გაიმაგრა, ევროკავშირს ბზარი გაუჩნდა, ავანსცენაზე ახალი მოთამაშეები გამოვიდნენ, რაც გვაფიქრებინებს, რომ ახლებური გადანაწილების დროც დადგა. ჩვენთვის იმდენადაა საინტერესო ეს ამბები, რომ აუცილებლად შეგვეხება. შეგვიძლია თუ არა მოვლენებზე გავლენის მოხდენა და როგორ შეიძლება, შეგვეხოს დიდი გადანაწილების ახალი ტალღა, – ამ თემას კავკასიის ხალხთა კონფედერაციის თავმჯდომარესთან, ზაალ კასრელიშვილთან ერთად განვიხილავთ.
– რა სურათი მივიღეთ 2017 წლის დასაწყისში, ამერიკის არჩევნების შედეგიდან გამომდინარე?
– ტრამპის გამარჯვებით მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესები იწყება. თამამად შეიძლება, ითქვას, რომ დამთავრდა ლიბერალური დემოკრატიიის მმართველობის 35 წელი. წლები, როდესაც არსებობდა თემები, რომლებზეც საერთოდ არ შეიძლებოდა ლაპარაკი; მეტიც, საერთაშორისო მასშტაბით იკრძალებოდა პოლიტიკურ წრეებში ამაზე ხმამაღლა საუბარი და ეს ეხება: ლტოლვილების, ადამიანის უფლებების, მათ შორის, სექსუალური უმცირესობების თემებს, ეთნიკურ და პოლიტიკურ უმცირესობებს და ყველაზე მგრძნობიარეს – ტერორიზმსა და რელიგიურ საკითხებს. ტრამპის არჩევნებმა ეს სტერეოტიპები დაამსხვრია და ტრამპმა და მისმა გუნდმა, დამეთანხმებით, რომ ტრამპი მარტო ვერ გაიმარჯვებდა, უძლიერესი გუნდი ჰყავდა არჩევნების დროს და ძალიან კარგად გათვალეს, რა თემებზე უნდა ელაპარაკათ და როგორი ქვეტექსტები უნდა ჰქონოდათ. რითაც მოიგეს აშშ-ის საშუალო ფენის გული, საშუალო ფენისა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. ვფიქრობთ, ეს ტენდენცია გადაედება ევროპელებსაც და პოსტსაბჭოთა სივრცესაც. საშუალო ფენა ამ რეგიონებშიც აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს. ტრამპის გამარჯვებას მოჰყვა პოლიტიკური ვაკუუმი, რომელიც გამოიყენა რუსეთის პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ სირიაში პოზიციების გასაძლიერებლად. ძალიან უხეში მეთოდებით, დიდი სისხლისა და ნგრევის ფასად მოახერხა და ალეპო-დამასკოს მიმართულება გავლენის ქვეშ შეუნარჩუნა პრორუსულ ბაშარ ალ ასადს. პარალელურად, სირიაში შიიტებით დასახლებულ ტერიტორიაზე გავლენა გაუყო ირანს, ხოლო თურქმანებით დასახლებულ ტერიტორიაზე – თურქეთს. ეს რომ სამეულის გარიგება არ ყოფილიყო დასავლეთის წინააღმდეგ, სამივე ლიდერმა დასავლეთს შესთავაზა პროდასავლური ორიენტაციის ოპოზიციასა და ბაშარ ალ ასადის ხელისუფლებას შორის დიალოგში შუამავლობა. რუსეთის ხელმძღვანელობამ თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა ძალით და ტრამპის ოფიციალური ინაუგურაციის შემდეგ მოემზადა ამერიკასთან სასაუბროდ. რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებზეა დამოკიდებული ევროკავშირის ბედიც და ნებისმიერ შემთხვევაში ევროკავშირი ამ ფორმით აღარ დარჩება. რა ფორმას შეიძენს ის, როგორც ყველაზე დიდი კონტინენტი, დამოკიდებულია აშშ-რუსეთის მოლაპარაკებებზე.
– რაც შეეხება სირიას, ანუ ახლო აღმოსავლეთში გავლენების გადანაწილების ალბათობა გასაგებია, გადმოვინაცვლოთ ჩვენს რეგიონში, კავკასიაში.
– გამოკვეთილია, რა თემებზე იქნება მოლაპარაკებები აშშ-სა და რუსეთს შორის ახლო აღმოსავლეთში. ამის შემდეგ ან პარალელურად, დაიწყება საუბრები კავკასიაზეც, იმ მარტივი მიზეზით, რომ, დაახლოებით, იგივე გავლენებია კავკასიაშიც. პირობითად რომ ვთქვათ, რუსეთმა სტალინური ავტონომიები და სომხეთი წაიღო; თურქეთი თავის სტრატეგიულ პარტნიორებად მოიაზრებს აზერბაიჯანსა და ყველა სუნიტ მუსლიმანს, რომელიც ცხოვრობს როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში. საქართველო არის პროდასავლური ორიენტაციის და დოკუმენტურად აქვს გაცხადებული სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან. საქართველოსთან ურთიერთობაზე აქტიურად ლაპარაკობს ევროკავშირიც. ანუ დასავლეთს საქართველოსთან მიმართებაში ერთი აზრი აქვს. მეორე საკითხია: გაურთულდება თუ არა დასავლეთს საქმე ისე, რომ კავკასიისთვის აღარ ეცლება და მაშინ ისინი დატოვებენ ამ სივრცეს და ვერც აზერბაიჯანი, ვერც საქართველო და ვერც თურქეთი სტაბილურობის გარანტიებს ვერ მიიღებენ. ჩვენ ვფიქრობთ, საფრთხეები არსებობს ყარაბაღში და არა – ცხინვალსა და სოხუმში. თუ გამწვავდა ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა და ალბათ, გამწვავდება…
– მიუხედავად რუსეთ-თურქეთის მეგობრობისა?
– რუსეთი შესაძლოა, საერთოდ არ გამოჩნდეს და არენაზე გამოვიდეს ირანი, როგორც სომხეთის პარტნიორი აზერბაიჯანის წინააღმდეგ. მაშინ საქართველო იძულებული გახდება, მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანს პოლიტიკური განცხადებების დონეზე მაინც. აი, ეს საფრთხე არსებობს. თუმცა არის სხვა საფრთხეც: თუ დასავლეთში გაჩნდა სააკაშვილის დაბრუნების კორპორაციული ინტერესი. აღნიშვნის ღირსია პერიოდული ყოფითი დაპირისპირებები ქართველ სუნიტებსა და ქართველ მართლმადიდებლებს შორის. ეს არის მარცვალი, რომელიც შეიძლება, გამოიყენოს ქვეყნის გარეთ მათ, ვისაც სურს, რომ სუნიტები უჭერდნენ მხარს.
– რა პირობები შეიძლება, წაუყენოს რუსეთმა დასავლეთს კავკასიაში?
– კავკასია შავად უკვე გაყოფილია და რთული სათქმელია, შეეცდება თუ არა დასავლეთი ჩრდილო კავკასიის კარტის გათამაშებას ან რუსეთის ტერიტორიაზე ეთნიკური და რელიგიური თემის გააქტიურებას. ეს დამოკიდებულია ახალი, გლობალური თამაშის წესზე. თუმცა ვფიქრობთ, დღეს რუსეთს არ აქვს ისეთი უპირატესობა კავკასიაში, რომ პირობები წამოაყენოს. მან რაც შეძლო, წაიღო სააკაშვილის წყალობით. დასავლეთისთვისაც ხელსაყრელია ეს ვითარება: დაკონსერვებული კონფლიქტები მაინც სტაბილურობის გარანტია და პრობლემური ტერიტორიებიც მოიშორა ცხინვალის, სოხუმისა და ყარაბაღის სახით. ყველაფერი დამოკიდებულია არა იმდენად ტრამპისა და რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის ვაჭრობაზე, რამდენადაც საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობისა და აზერბაიჯანის გონივრულ შეთანხმებებზე.
საქართველოში მინდა, აღვნიშნო სამი უწყების აქტიურობა: თავდაცვის სამინისტროსი, რომელიც კვეთს სტრატეგიულ პარტნიორობას თურქეთთან, აზერბაიჯანთან და აშშ-სთან; საგარეო საქმეთა სამინიტროსი, რომელმაც გამოკვეთა სამეზობლო პოლიტიკის პრიორიტეტი, რაც აქამდეც უნდა გაკეთებულიყო და ჩვენი კოზირია და შინგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც მართებული პოზიცია აქვს როგორც დასავლეთთან, ისე მეზობლებთან და აფორმებს მათთან ტერორიზმისა და კრიმინალის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის ხელშეკრულებებს. სპეცსამახურები რას აკეთებენ, არავინ იცის, ეს დახურული თემაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ისინიც მუშაობენ ამ მიმართულებით და თუ არ მუშაობენ, ჩვენი თხოვნაა, სწორედ ამ მიმართულებით გააქტიურდნენ. დანარჩენი დეტალებია და გულწრფელად გითხრათ, არ ვაპირებთ ამ თემებზე ხმამაღლა საუბარს. ვნახოთ, რამდენად ქმედუნარიანი და ეფექტიანი იქნება მათი აქტიურობა ამ მიმართულებით, რადგან სწორედ ამ უწყებების საქმიანობაზეა დამოკიდებული, როგორ შედეგს მივიღებთ 2017 წელს.
– პირდაპირ ვიკითხავ: არის საშიშროება, რომ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ და უცებ, აღმოვჩნდეთ რუსული გავლენის ქვეშ?
– რომ არ ვიმკითხაოთ, პრაგმატულად განვიხილოთ საკითხი: თუ დასავლეთი უარს იტყვის საქართველოსთან ურთიერთობასა და პარტნიორობაზე, ის მთლიანად დაკარგავს კავკასიას.
– იმ ანეკდოტის არ იყოს, მე კი ვიცი, რომ სიმინდი არ ვარ, მაგარმ ქათმებმა თუ იციანო. იცის ეს დასავლეთმა?
– იცის… და უფრო მეტი რეგიონული საფრთხე გაჩნდება. ჯერ ერთი, რუსეთსა და თურქეთს შორის აღარ იქნება თბილი ურთიერთობა და ისინი კავკასიაში გავლენების მოპოვებისთვის ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ამას მოჰყვება გართულება რელიგიურ ნიადაგზე და რუსეთი იძულებული გახდება, ჩაერთოს ახალ, კავკასიურ ომში, მაშინ, როდესაც ახლო აღმოსავლეთში ომი არ დაუმთავრებია. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ბაშარ ალ ასადის პრეზიდენტობის შენარჩუნებაა საკმარისი, რომ სირიაში დალაგდეს ვითარება, ცდება. კავკასიურ კონფლიქტში ჩართვა რუსეთს აუფეთქებს სუნიტ მოსახლეობას. თუ არ ვცდები, მოსახლეობის 30 პროცენტი მუსლიმანი ჰყავს და მათგან აბსოლუტური უმრავლესობა სუნიტია.
– 30 პროცენტი კი გამოდის 40 მილიონზე მეტი.
– თათარსტანი, ბაშკოსტანი, ჩრდილოეთ კავკასია… ხელსაყრელია დასავლეთისთვის ახალი ომების კერები?! თუმცა რუსეთი დასუსტდება და იძულებული გახდება, საშინელი ლეტალური იარაღი გამოიყენოს. კიდევ უფრო მეტი კონფლიქტი ექნება დასავლეთთან, კიდევ უფრო დასუსტდება და ტრამპის ადმინისტრაციასთან ყველანაირი მოლაპარაკებების პერსპექტივა ჩაეშლება. ევროპელები ამ შემთხვევაში გაწევრიანდებიან ანგლოამერიკულ კავშირში და მივიღებთ იმ სურათს, რომელზეც ძალიან დიდ ხანია, ვლაპარაკობთ: ევროატლანტიკურ პოლიტიკურსა და ევროატლანტიკურ ეკონომიკურ სივრცეს. ევროპა და ამერიკა როგორც ჩრდილოეთი, ისე სამხრეთი, ორ მილიარდამდეა და მათ აკმაყოფილებთ ის მოცემულობა, რაც არის. დანარჩენი სამყარო ცეცხლში გახვეული იქნება. ეს ცუდი სცენარია. კარგი სცენარი კი ის იქნება, რომ ტრამპი და პუტინი შეთანხმდნენ სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებაზე. საქართველოშიც აღდგეს სამართლიანობა – ხელოვნურად ხელყოფილი ტერიტორიული მთლიანობა ისე დალაგდეს, როგორც ცივილიზებულ საზოგადოებას ეკადრება, აფხაზეთი და ცხინვალი დარჩნენ სტატუსებით; ასევე სტატუსებით დარჩეს სირიაში შიიტებითა და თურქმანებით დასახლებული ტერიტორიები; სტატუსი მიიღონ ქურთებმა თურქეთში და ამის შემდეგ რუსეთსა და ამერიკას შორის მხოლოდ სანქციები და ენერგომატარებლების ფასები იქნება განსახილველი. თუმცა ტრამპი ბიზნესმენია და, ვფიქრობ, ფასების შეთანხმებაზე არ დათანხმდება, ალბათ, ისევ ჯანმრთელ კონკურენციაზე იქნება საუბარი. მანამდე კი ყველაზე დიდი საფრთხე რადიკალური ისლამია.
– ესე იგი, ჩვენ ახლა დასავლეთის იმედზე ვართ მხოლოდ?
– დასავლეთი მიმხვდარია და ახლა სჭირდება უფრო კონკრეტული და ფორსირებული გადაწყვეტილებების მიღება საქართველოსთან მიმართებაში. იმედს გვაძლევს, რომ აშშ-ის 2017 წლის ბიუჯეტში საქართველო გათვალისწინებულია მთელი თავისი სიგრძე-სიგანით, როგორც აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორი. დანარჩენი ყველაფერი დამოკიდებულია ევროპელებზე. ჩვენი პოლიტიკური ხელმძღვანელობის გონიერებაზე, თავდადებასა და მათ ეფექტიან და დროულ გადაწყვეტილებებზე, რომ სასწრაფოდ აღმოიფხვრას სიდუხჭირე. წინააღმდეგ შემთხვევაში ამ უკმაყოფილების მუხტს აუცილებლად გამოიყენებს ვიღაც და ეს ვიღაც ვინ იქნება, ძალიან ძნელია ამის თქმა, იმიტომ რომ, ჩვენს ამ პრობლემაზე ყველას მიუწვდება ხელი სამეზობლოში.
– რუსეთი, თურქეთი, ირანი…
– სხვებიც. ამიტომ ვამბობთ, რომ მნიშვნელოვანია ეთნორეგიონული, სამეზობლო, კავკასიური პოლიტიკა. როგორ შეიძლება, რომ 1992 წლის სამხედრო გადატრიალებიდან მოყოლებული დღემდე ეს მიმართულება ფეხზე არ დამდგარიყო?! ამ მიმართულებით განვლილმა ოთხმა წელმაც ფუჭად ჩაიარა, მაშინ, როდესაც ეს არის ჩვენი კოზირი და გასაღები. მეორე მხრივ, თუ საქართველოს ხელისუფლება გადახრის ჯოხს რუსეთის სასარგებლოდ, ლარის კურსი კატასტროფულად დაეცემა და ორნიშნა გახდება, რასაც აუცილებლად მოჰყვება დიდი მღელვარება და აუცილებლად გამოჩნდებიან ახალი ტიპის პროდასავლური ორიენტაციის პოლიტიკური ლიდერები, რომლებიც, სავარაუდოდ, ხელისუფლებას შეცვლიან. არანაირ დახმარებას აღარ მიიღებს საქართველო. უკრაინა ჩვენზე ძლიერი და მდიდარი ქვეყანაა და რვა გრივნიდან 32 გრივნამდე გაიზარდა კურსი დოლართან მიმართებაში. ხომ წარმოგიდგენიათ, რა შეიძლება, მოხდეს საქართველოში?!
– ახალ პოლიტიკურ ლიდერებში ვის გულისხმობთ, მიხეილ სააკაშვილსაც და „ნაციონალურ მოძრაობასაც“?
– არავინ იცის, ვინ იქნება. ალბათ, „ნაციონალურ მოძრაობაზე“ ფსონი აღარ დაიდება, თუმცა სააკაშვილი რეზერვად შეიძლება გამოიყენონ რაღაც დონეზე, როგორც ამრევი.