პოტენციაასამაღლებელი #1
აუქციონის მოლოდინში
უკვე ბრმისთვისაც კი ნათელია, რომ აშშ-ის ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამ ჩვენს დედამიწას იმაზე დიდი რყევები ელის, ვიდრე ამერიკული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგმა მოჰგვარა.
და თუმცა რთული სათქმელია, ძლიერნი ამა სოფლისანი სტალინ-ჩერჩილ-რუზველტივით სახაზავით გადაინაწილებენ დედამიწას თუ უფრო მოკრძალებულ ფორმებს აირჩევენ, მაგრამ ფაქტია, რომ დიდი პოლიტიკური ვაჭრობისთვის ნიადაგი საფუძვლიანადაა შემზადებული.
ამასობაში კი, დონალდ ტრამპმა უკვე გააკრიტიკა ეს ჩვენი მშვიდობის მტრედი გაერო. არც მეტი, არც ნაკლები, ეს არის კლუბი, სადაც ხალხი სალაპარაკოდ და დროის სატარებლად იკრიბებაო (მოდი და – ნუ დაეთანხმები?!).
ერთი ისაა, რომ იქვე დასძინა – არადა, დიდი პოტენციალი აქვსო (გაეროსო, ცხადია)!
და, ვინაიდან დაგვპირდა, რომ 20 იანვრის (ანუ თავისი ინაუგურაციის) შემდეგ გაეროში ყველაფერი შეიცვლება, როგორც ჩანს, ამ პოტენციალის ამაღლებაზე აპირებს წამუშავებას.
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ უპოტენციალო ვერაფერში გამოვიყენეთ ქმედითად (თუმცა ჩვენი მხარდამჭერი რეზოლუციები მრავლად გამოუცხვია), იქნებ და – ჩვენც წაგვადგეს სასიკეთოდ პოტეციალამაღლებული?! –