როგორ დაბეჭდეს თეთრ სახლში ზურაბ გომელაურის ნახატით საშობაო მოსაწვევები და მისი რა ნამუშევრები აქვთ მის უწმიდესობას, ალ პაჩინოს, სლავა ზაიცევს, ვანესა რედგრეივსა და ბიძინა ივანიშვილს #52
ზურა გომელაურის სიკეთით, სიყვარულით, სითბოთი, სიმშვიდით, საოცარად ლამაზი ფერებით სავსე ნახატები არავის ტოვებს გულგრილს, მათ შორის, პატარა ბავშვებსაც კი. ამიტომაც წლებია, მისი ნახატები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც ძალიან პოპულარულია და უკვე ბევრი ცნობილი თუ უცნობი ადამიანის საკუთრებას წარმოადგენს. არ შეიძლება, მხატვრის ზღაპრულ სამყაროში ერთხელ შედგა ფეხი და არ მოგინდეს, მისი სიკეთით სავსე, საოცრად ცოცხალი ნახატებიდან; მისი კეთილი, ფერადი, ლამაზი პერსონაჟებიდან, ერთი მაინც არ გახდეს შენი საკუთრება.
ზურა გომელაური: ხატვა დაახლოებით 5 წლის ასაკში დავიწყე. დიდხანს დავდიოდი პიონერთა სასახლეში. როდესაც სამხატვრო აკადემიაში ვაპირებდი ჩაბარებას, იმ პერიოდში, ხატვის პედაგოგის ფაკულტეტი სულხან-საბა ორბელიანის სახელობის პედაგოგიურ უნივერსიტეტში გადაიტანეს, რომლის რექტორიც როინ მეტრეველი გახლდათ. ეს იყო შემოქმედებითი წლები, ყველაფრის უფლება გვქონდა: კედლებზე ხატვის... მოკლედ, ყველაფრის საშუალებას გვაძლევდნენ. ინსტიტუტი რომ დავამთავრე, სახელოსნოში დავიწყე მუშაობა და მას შემდეგ გაუჩერებლად ვმუშაობ. 12 წლის ვიყავი, პიონერთა სასახლეში რომ მქონდა პირველი გამოფენა, შემდეგ ტალინში მოეწყო, ზაარბრიუკენში. გერმანიაში საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა გამოფენამ. პირველივე დღეს შვიდი ნახატი გაიყიდა. მეუბნებოდნენ: ასეთი რამ არ ხდებაო.
– საკმაოდ თავმდაბალი ხართ. არ გიყვართ თქვენს წარმატებებზე ხმამაღლა საუბარი...
– არასდროს მიყვარდა იმის აღნიშვნა, თუ რას ამბობდნენ ჩემზე, როგორ მაქებდნენ. მაგრამ, ერთ რამეს ვნანობ ძალიან. რეზო თაბუკაშვილი და მედეა ჯაფარიძე ჩვენი ოჯახის მეგობრები იყვნენ. ხშირად მოდიოდნენ ჩვენთან, მოსწონდათ ჩემი ნამუშევრები. ქალბატონმა მედეამ მთხოვა, პორტრეტი დამიხატეო. მაშინ საკმაოდ პატარა ვიყავი და იმდენად ლამაზი იყო მედეა, მომერიდა მისი დახატვა. მეუბნებოდა: ოღონდ დამხატე და გემრიელ ხაჭაპურს გამოგიცხობო. რეზომ მითხრა: იცოდე, ძალიან გემრიელ ხაჭაპურს აცხობს, არ უთხრა უარიო. მაგრამ, ჩემთვის იმდენად პატივსაცემი და ლამაზი ქალბატონი იყო, რომ ვერ შევეჭიდე, ვერ შევბედე მისი დახატვა.
– თქვენი მეუღლეც ხელოვანია. ადვილია ორი ხელოვანის თანაცხოვრება?
– მე და ჩემმა მეუღლემ ერთმანეთი მერაბ ბერძენიშვილთან გავიცანით – ორივეს პედაგოგი იყო. ბატონი მერაბი საოცარი ადამიანი გახლდათ – ჩემთვის ცხოვრების, შეიძლება ითქვას, ყველაფრის მასწავლებელი. სანამ გარდაიცვლებოდა, სულ მქონდა მასთან ურთიერთობა. მე და ჩემი მეუღლე ყოველ წელს მივდიოდით მის დაბადების დღეზე. მარწყვის ტორტი უყვარდა და ბევრი წელი ვუკეთებდით ტორტს. თვითონ აქეთ გვატანდა საჩუქრებს. ბევრ რამეზე ვსაუბრობდით, საოცარი ადამიანი იყო. განსაკუთრებით ქვეყნის მომავალზე წუხდა. ეს იყო მისი სადარდებელი. რაც შეეხება ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობას, ბევრი წლის წინ დაიწყო და დღემდე ერთად ვართ. რთული არ არის ორი ხელოვანის თანაცხოვრება. ყველაფერი ადვილია, როცა ერთმანეთი უყვართ. ჩვენ მოგვწონს ერთმანეთის ნამუშევრები, მაგრამ ერთმანეთის საქმეში არ ვერევით. გვყავს შვილი – სალომე, რომელიც ასევე ხელოვანია და მინანქრისგან ძალიან ლამაზ ნამუშევრებს ქმნის.
– თქვენი ნახატები ძალიან მიყვარს, იმდენი სითბო, სიკეთე, სიყვარული მოდის მათგან. სადღაც ამოვიკითხე, ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი წერდა: თუ გინდათ, ჯანსაღი ფსიქიკის შვილები გაგეზარდოთ, ოთახში ზურა გომელაურის ნახატები დაკიდეთო და მას ნამდვილად ვეთანხმები.
– მეც გამიგია ასეთი რამ. ვცდილობ, ნახატებიდან სიკეთე, დადებითი აურა მოდიოდეს. რომ ამბობენ, ხელოვნება ხელოვნებისთვისო, მე ასე არ ვფიქრობ. ჩემთვის ხელოვნება ადამიანებისთვისაა. ამიტომ, როცა მუშაობ, ფიქრობ – ეს ვიღაცის ოჯახში უნდა შევიდეს, ამიტომ ცდილობ, იმ ადამიანს, ოჯახს კეთილი სურვილები გაუგზავნო. ხშირად უთქვამთ: ბავშვი ვერ ლაპარაკობს, ვერ დადის და თქვენი ნახატისკენ მიიწევს, უნდა, რომ აიღოსო. თუ ბავშვებს მოსწონთ, ესე იგი ძალიან კარგი გამოსულა. ცხოველები მიყვარს: ირმები, ლომები, ხარი – ჩვენი ქართული სიმბოლიკა. ამიტომაც, უფრო აქ ვტრიალებ. ძალიან დამაინტერესა ქართულმა მითოლოგიამ და ორნამენტიკამ. მერე უკვე ჩემებურად მოხდა ტრანსფორმაცია, სხვა ფორმა შეიძინა, ყველაფერი ერთად არის უკვე.
– როგორი ხართ მუშაობის პროცესში, როგორ იქმნება ეს საოცარი ნამუშევრები?
– მუშაობის პროცესში ვცდილობ, ვიყო მშვიდი. აფორიაქებულს არც მუშაობა შემიძლია და არც ურთიერთობა. ვერ გააკეთებ ისეთ ნამუშევარს, როგორიც გინდა. ამიტომ, ასეთ დროს ვცდილობ, დავმშვიდდე, დავლაგდე და მერე დავიწყო ხატვა. მე უნდა ვიყო კარგ ხასიათზე, რომ ჩემმა ნახატმა სხვაც კარგ ხასიათზე დააყენოს, კეთილი ნამუშევრები რომ გამოვიდეს.
– თბილისში, ძალიან ბევრ ოჯახშია თქვენი ნახატები. ასევე უცხოეთშიც...
– ასე მოხდა. ბევრი წლებია, იყიდება. დაახლოებით 18 წლის ვიყავი, ჩემი პირველი ნამუშევარი რომ გაიყიდა. ჩემ გარშემო ყოველთვის ტრიალებდა ხალხი. წლების წინ, ძალიან მეხმარებოდნენ რობერტ ბარძიმაშვილი და მისი მეუღლე, ყიდიდნენ ჩემს ნამუშევრებს. ჯერ კიდევ ზვიად გამსახურდიას პერიოდში მოდიოდნენ ვიღაცეები სახელოსნოში, ყიდულობდნენ ნახატებს. რუსეთიდანაც ჩამოდიოდნენ და უცხოელებიც იყვნენ. მე ჩემს თავს არაფერს ვაბრალებ, ეს ღმერთის წყალობაა. მისი წყალობით ხდებოდა და ხდება ყველაფერი.
– მის უწმიდესობასაც აქვს თქვენი ნამუშევრები?
– პატრიარქთან დიდი სიყვარული და უდიდესი რიდი მაკავშირებს. ღვთის წყალობით, ხშირად ვხვდებით მის უწმიდესობას. ვცდილობ, მის ჩატარებულ საღამოს ლოცვებს დავესწრო ან თუ დრო მაქვს, მაშინვე მასთან გავრბივარ. ჩემი რამდენიმე ნამუშევარი აქვს: ხარი, თეთრი ლომი... კიდევ არის სხვა ნამუშევრები. ძალიან ყურადღებიანი ადამიანია, მთელი ინტერესით გამომკითხა: როგორ გავაკეთე, როგორ ვმუშაობ. მიხარია, რომ მოსწონს ჩემი ნამუშევრები. სულ მაქებს, ასე ამბობს – შესანიშნავიაო. მეც მაჩუქა ღვთისმშობლის ხატი და კიდევ ყავის ჭიქა: ამით დალიე ყავაო. ზოგადად, ძალიან ბევრ ყავას ვსვამ. ეს ჭიქა პატარაა და ალბათ, ამით მიმანიშნა, რომ ცოტა ყავა დალიეო.
– ალ პაჩინოსაც აქვს თქვენი ნახატი. როგორ მოხვდა მასთან?
– ქეთი დოლიძემ მითხრა: ჩემი თვალით ვნახე, შენი ნახატი ალ პაჩინოს განსაკუთრებულ ადგილას უკიდიაო. თეატრმა აჩუქა და როგორც ჩანს, მოეწონა. თუ არ ვცდები, ქართული თემატიკაა. ვანესა რედგრეივს რომ აქვს ჩემი ნახატი, ვიცი, ასევე, სლავა ზაიცევს. ახლაც ჩამოდიან მისი მეგობრები და ყიდულობენ ჩემს ნახატებს. ერთი კვირის წინ ნიკიტა მიხალკოვის ცოლი იყო მოსული და იყიდა ნახატები. მთელ ოჯახს აქვს უკვე და ახლა შვილიშვილებისთვისაც იყიდა.
– პოლიტიკოსებსაც უყვართ თქვენი ნახატები?
– ბევრ პოლიტიკოსს აქვს ჩემი ნახატები.
– ბიძინა ივანიშვილთან ნამდვილად იქნება.
– კი, აქვს ბიძინა ივანიშვილს ჩემი სამი ნახატი: თეთრი ხარი, წითელ-ოქროსფერში თევზი და მესამე?.. არ მახსოვს. ვიცი, რომ მოეწონა, რადგან დამირეკეს და მითხრეს, მოეწონაო. რაინერ კუბერა გერმანიის ბუნდესტაგის გავლენიანი პირი იყო, წლების განმავლობაში ჩვენს მთავრობას ეხმარებოდა. მას აქვს ჩემი რამდენიმე ნამუშევარი. ედუარდ შევარდნაძესთან რომ ჩამოდიოდა, აუცილებლად ჩემთანაც მოდიოდა სახელოსნოში. სხვათა შორის, ნათია აბრამიამ მითხრა: ლონდონში უფრო პოპულარული ხარ, ვიდრე თბილისში. იქ ძალიან ბევრ ოჯახს აქვს შენი ნახატებიო. მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ლონდონში ნამყოფი. ამერიკაშიც ძალიან ბევრს აქვს ჩემი ნახატები. საბჭოთა კავშირში ამერიკის პირველი ელჩი იყო – ჯეკ მეტლოკი. მას აქვს ჩემი ნახატი. მახსოვს, მითხრეს: თეთრ სახლში საშობაო მიღება გვაქვს, მოსაწვევების დაბეჭდვა გვინდა და თუ შეიძლება, თქვენი ნახატით გავაკეთოთო. რა თქმა უნდა, თანხმობა მივეცი და მერე დაბეჭდეს.
– როგორ ვიცი, თქვენი ერთი ნახატი ამერიკაში, ერთ-ერთ ცნობილ გალერეა-მუზეუმში, მუდმივ ექსპოზიციაშია გამოფენილი.
– საკმაოდ დიდი ნახატი იყიდა ლოს-ანჯელესის სახელმწიფო გალერეამ და გამოფენიალია შაგალის გვერდით, მუდმივ ექსპოზიციაში. მე საკუთარი თვალით არ მინახავს, ამიტომ არ მიყვარს ასეთ რაღაცეებზე ლაპარაკი. ასლან აბაშიძესთან მუშაობდა სულიკო ემირიძე, რომელმაც ჩემთან მოიყვანა ამერიკელი პროფესორი. მან იყიდა ნახატი და შემდეგ ამ გალერეას გადასცა. სულიკო მიყვებოდა: ჩავედი და ჩემი თვალით ვნახე, როგორ ეკიდა შაგალის გვერდითო. კიოლნში არის ლუდვიგის მუზეუმი. მათ აქვთ ჩემი პატარა ნახატი. ეს ჩემი თვალით მაქვს ნანახი... სიმართლე გითხრათ, ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ ქართველებს აქვთ ჩემი ნახატები და მათ მოსწონთ.