კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აჩუქა ბიძინა ივანიშვილმა ემზარ კვიციანს ტრაქტორები და რატომ ენდო ის ტარიელ ონიანს #52

ემზარ კვიციანი ხანგრძლივი პაუზისა და რთული წლების შემდეგ, პოლიტიკას დაუბრუნდა, ამჯერად უკვე პარლამენტის დეპუტატის რანგში.   პოლიტიკის გამო,  დევნილობისა და პატიმრობის მძიმე დღეების გავლა მოუხდა. თუმცა როგორც ახლა ამბობს, ამ  განსაცდელების წყალობით,    ბევრი საიდუმლო ამოხსნა.  პატრიოტთა ალიანსის წევრი, ექსგუბერნატორი  დღეს ჩვენთან განვლილ წლებსა და  იმ ემოციებზე საუბრობს გულწრფელად,  რაც ქართული პოლიტიკის მძიმე კულისებმა  მას დაუტოვა. 
ემზარ კვიციანი: ორჯერ შეიძლება შესვლა ერთი და იგივე მდინარეში, მთავარია,  ერთი და იგივე ჭაობში არ შეხვიდე ორჯერ.  ის, რომ მეორედ აღმოვჩნდი პოლიტიკაში, ღმერთის ნება იყო. მე ვიყავი სარდალი, გუბერნატორი, თუმცა დეპუტატი არასდროს ვყოფილვარ.   ამ წლებში, რაც პოლიტიკას ჩამოვშორდი, იყო ბევრი სირთულე და თავგადასავალი, რამაც ბევრი რამ მასწავლა, მანახა და ბევრი საიდუმლოც ამომახსნევინა.  მაგალითად, ის, რომ  ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში წარმოდგენილი ხალხი, რომლებსაც პროდასავლურ ძალებად გამოყავთ საკუთარი თავი,  თურმე, სულაც არ არიან პროდასავლურები, უფრო მეტიც, პოლიტტექნოლოგიებისა და სხვათა შორის, ჟურნალისტების დახმარებით, იქმნიან ასეთ იმიჯს. გახსოვთ,  როგორ აუწიეს რეიტინგი მიხეილ სააკაშვილს? ტელეხიდში   დასვეს ჟირინოვსკისთან ერთად, რომელიც საქართველოში მტრის ხატი იყო.  ასეთი ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო  ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროიდან,   მიხეილ სააკაშვილის და მისი მეგობრების   დასავლური იმიჯის შესაქმნელად.  ახლა უკვე კარგად ვიცი ამ პოლიტტექნოლოგიების ფასი.  ადრე ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მიხეილ სააკაშვილი  იქნებოდა რუსეთის კაცი. ამიტომაც შეძლეს ჩემი გატყუება  კოდორის ხეობიდან, ან იმას ვიფიქრებდი, რომ მას ქურდებთან ექნებოდა ახლო კავშირი?  ტარიელ ონიანს იმიტომ კი არ ვენდე, რომ ქურდი იყო,  იმიტომ ვენდე, რომ სვანი იყო.  ქურდი ბევრია, მაგრამ მაინცდამაინც ახლო ურთიერთობა არავისთან მქონია,  ტარიელი ნათესავი იყო,  ჩემთვის სვანობა ყველაზე დიდი და  მყარი კავშირია. ის მიხეილ  სააკაშვილის დასახმარებლადაც იყო ჩამოსული თბილისში. 2003 წელს, რევოლუციის დროს მირეკავდა ხოლმე და მიშა სააკაშვილის მხარდაჭერას მთხოვდა, ამის გამო ჩვენ ვიკამათეთ კიდეც.   ჩვენი ურთიერთობა ცუდად დასრულდა, მან რაც გააკეთა, თითქოს ჩემს გადასარჩენად გააკეთა, მაგრამ მე გადარჩენა არ მჭირდებოდა.  ის წლები, რაც მე მოღალატის იარლიყით ვიცხოვრე, ჩემთვის   ყველაზე მძიმე  იყო. მაგას ბრძოლის ველზე სიკვდილი არ ჯობდა?!   ორი წელი ეგონა ჩემს ხალხს, რომ მე მათ ვუღალატე,  ამაზე საშინელება არაფერია. პატიმარი ვიყავი 11 თვე, მაგრამ ის პატიმრობა არაფერი იყო დევნილობასთან შედარებით. ციხის უფროსთან ვხუმრობდი ხოლმე, ჩემზე  უცნაური და ბედნიერი პატიმარი დედამიწაზე არ არსებობს,  სულ კარგ ხასიათზე ვარ-მეთქი.  ოღონდ ჩემს ქვეყანაში ვყოფილიყავი და პატიმრობას არ ვჩიოდი.    დღეს რომ არ უნდათ  ცილისწამებაზე პასუხისმგებლობის აღდგენა, არ არის სწორი.  ვინც ცილისწამების მსხვერპლი არ  გამხდარა, ის ვერ გაიგებს, რა ძნელია  იარლიყით ცხოვრება.  2005 წელს რომ გააუქმეს ცილისწამება, ვითომ ეუთოს  რეკომენდაციით, ეს სინამდვილეში  სწორედაც რომ რუსების დავალებით მოხდა.  ეს ვითომ არ იცოდნენ სპეცსამსახურებმა? ძალიან კარგად  იცოდნენ, მაგრამ  რუსეთი და ამერიკა ერთმანეთში არიან შეთანხმებული  და საქართველოს ისე იყენებენ, როგორც სჭირდებათ.    ხელისუფლებაშიც ის ხალხი მოჰყავთ, ვინც სჭირდებათ. 
– თქვენც კარგი პოლიტიკური ალღო აღმოგაჩნდათ, დევნილობის, პატიმრობის შემდეგ, დაუკავშირდით იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც პარლამენტში მოხვდა.
–  თვითონ დამიძახა „პატრიოტთა ალიანსმა”, სხვას არავის დაუძახია.   იცით, დავით თევზაძე ჩემი ძმაა,  მასთან ერთად ვიყავი. დათოს ჰქონდა თავისი მოძრაობა, მაგრამ მერე დათოც ჩვენთან დავპატიჟეთ. არ გამომყვა – მასთან ერთად იყო დიდი სამეგობრო, მათ ვერ დატოვებდა. ღირსეულად მოიქცა,   სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. „პატრიოტთა ალიანსმა”  ბევრი რამ გააკეთა  ჩემთვის, როდესაც   დევნილი ვიყავი. ძალიან იაქტიურეს, ჩემს  ოჯახს, ჩემს დას, ნორას, ძალიან ედგნენ გვერდში.  დავით თარხან-მოურავი ძალიან კარგი კაცია. ადრე ვიყავი ერთხელ შეხვედრილი.   ერთად ვიყავით ხელისუფლებაში, მაგრამ ახლო კავშირი არ გვქონია. როდესაც მე გუბერნატორი ვიყავი, დავითი ცოტა ხანი საბაჟოს უფროსი იყო. ახლობელმა დახმარება მთხოვა, დავითს დავურეკე. 5 წუთში გადაწყვიტა ყველაფერი. მას შემდეგ დიდი ხანი ერთმანეთი არც კი გვყავდა ნანახი.  ირმა ინაშვილიც გვიან გავიცანი – მებრძოლი, მაგარი პატრიოტი გოგოა. ეს ხალხი რომ არ ყოფილიყო, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება არ დასრულდებოდა. როცა მე დევნილი ვიყავი, ირმა ტელევიზიით  ხშირად   ამბობდა, რომ მე უკანონობის  მსხვერპლი ვარ. დარწმუნებული ვიყავი, რომ გავმართლდებოდი, მაგრამ თუ ეს ჩემს სიცოცხლეში მოხდებოდა,  ეს არ ვიცოდი. ჩემი ერთადერთი მიზანი ეს იყო.  სანამ წავიდოდი, ყველაზე ჭკვიანური, რაც გავაკეთე, მივედი პატრიარქთან, მას მოვუყევი ყველაფერი. კურთხევა ავიღე, დედა რომ დამესაფლავებინა.  2006 წლის ივლისი იყო. მოვუყევი პატრიარქს, ხელისუფლება რასაც აპირებდა. უკვე ვიცოდი, რომ  კოდორში აპირებდნენ ჯარების გადაყვანას. მახსოვს, პატრიარქი ადგა, მოვიდა ჩემთან ახლოს, მარცხენა ლოყაზე ხელი მომადო და მითხრა:   შვილო, ემზარ, სანამ კოდორი ჩაბარდება, თავს არ დაგანებებენ, შეეცადე, სისხლი არ დაიღვაროსო. მისმა ამ სიტყვებმა გადამარჩინა.  ის ორი წელი, როცა მე ხეობაში არ მიშვებდნენ, თბილისში ვიყავი.   მუშაობა დავიწყე, ფერმები გავაკეთე, ჯორივით ვმუშაობდი. კამეჩები მყავდა, უჯარმაში  ვხნავდი მიწებს. ორი ტრაქტორი მაჩუქა გენერალმა  თამაზ დუმბაძემ, მე არ ვიცოდი,  ვისი ტრაქტორები იყო. ცხონებულმა თამაზმა მითხრა: ეს ტრაქტორები ჩემი არაა, მაგრამ ვერ გეტყვი ვისიაო. მერე გავიგე, თურე ბიძინა ივანიშვილის ტრაქტორები იყო და მან მომცა. მაშინ, არც ვიცოდი ბიძინა ივანიშვილი ვინ იყო, მასზე წესიერად ორი სიტყვაც არ მქონდა გაგონილი. რადგან ტრაქტორები მქონდა, მეგობარმა ბენზინი და „სალიარკა” მომცა. ერთი ჰექტარის დახვნა მინდოდა,  მივაყოლე და ასი ჰექტარი მიწა დავხანი. იმ წელს  კარგი მოსავალი მივიღე. მერე უჯარმიდან კახეთში გადავედი სამუშაოდ. მე ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ცოტა ბიზნესის გამოცდილება მქონდა ომის შემდეგომი პერიოდიდან, სანამ სარდლად და გუბერნატორის მოადგილედ დავინიშნებოდი. ეს გამოცდილებაც გამომადგა. მაშინ ფიზიკუარადაც ბევრს ვმუშაობდი, ფუტკარიც მყავდა.  წალკაში სახლი ვიყიდე. ჩემი სოფელი საყდრიონი დღეს რომ ხალხით არის სავსე, ამაში ცოტა ჩემი წვლილიცაა. როცა მე იმ სოფელში მივედი, ხალხი ცოტა იყო.
–  ახლა, როდესაც პარლამენტარი გახდით, ბევრი  ხუმრობდა, ნახეთ, ახლა ემზარ კვიციანის  ხტომა პარლამენტში მაგიდებზეო. ეს ვერ დაგივიწყეს წარსულიდან.  ისიც მითხარით,  ჰგავს იმ პერიოდის ქართული პოლიტიკა დღევანდელს?
–  საშინლად ვგრძნობ თავს, ამ პარლამენტში გიგა ბოკერიას რომ ვხედავ.   ყველაზე მეტად მისი ყურება მიჭირს. მირჩევნია, ახლოს არ მოვიდეს ჩემთან, არ ვიცი, რა ჭკუაზე ვიქნები. ამას წინათ, სასადილოში,  მომიახლოვდა.  საჭმლის რიგში ვიდექი,  გავერიდე – წავედი, მაგიდასთან დავჯექი და იქ მომიტანეს მეგობრებმა საჭმელი.  ყველა ყველა და ის პარლამენტში არ უნდა იყოს. მის გამო,  ბევრი ადამიანის თავზე დატრიალდა უბედურება. მახსოვს, რას ლაპარაკობდა ჩემზე, ჩემს ოჯახზე. მან დაიწყო კოდორის ჩაბარება. ჩემი მაგიდაზე ახტომა  რომ ახსოვთ, გიგა ბოკერიას ჩადენილი საქმეები დაავიწყდა ვინმეს? რატომ არის ის კადრები დამალული, როცა მე პარლამენტში მაგიდაზე ვარ ამხტარი? მახსოვს, ვიღაცამ მომაწოდა იარაღი, „სტეჩკინი” იყო, დატენილი. ის დღე იყო, მიშა რომ შემოვარდა პარლამენტში, ან რა შემოვარდა, დაცვამ შემოიყვანა ძალით, ფეხებდაჭიმული.  მაგიდაზე იმიტომ ავედი, მინდოდა, ყველას დავენახე. იარაღი ჰაერში უნდა   გამესროლა, რომ შემეჩერებინა ყველაფერი, რაც დარბაზში ხდებოდა. უცებ მივხვდი, რომ იარაღი ჩემს ხელში შემთხვევით არ იყო მოხვედრილი. ეს როგორც კი გავიაზრე, არ ვისროლე – მაშინვე ჩამოვედი მაგიდიდან. მე ვერასდროს გავხდები დიპლომატი, რადგან პოლიტიკური დიპლომატია სინამდვილეში, თაღლითობაა და მეტი არაფერი. როცა ერთს ფიქრობენ, მეორეს - ამბობენ და მესამეს - აკეთებენ. მე ვერ ვიტყვი, რომ მაშინდელი პოლიტიკა ჰგავს დღევანდელს, ან საერთოდ   სადაა ქართული პოლიტიკა? როცა ხელისუფლებაში  საქართველოს მოსახლეობას  მოჰყავს ხალხი, ეს არის ქართული პოლიტიკა. ახლა სპეცსამსახურების ჩარევით მოხდა არჩევნები, მოსახლეობის აზრი და ნება გათვალისწინებული რომ ყოფილიყო, ნაციონალები კი არ შევიდოდნენ პარლამენტში 27 კაცით, ჩვენ, „პატრიოტთა ალიანსი” ვიქნებოდით წარმოდგენილი  40 კაცით  მაინც. რაც არის არის. ბოიკოტი იმიტომ არ გამოვაცხადეთ, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ იმ ცვლილებებში, რაც აუცილებლად გასატარებელია.    2014 წელს,  როცა ჩამოვედი და დამაკავეს, 18 წელი მომისაჯეს. სასამართლოზე აბსოლუტურად დავამტკიცე ყველაფერი.  6 წელი ამნისტიამ მომიხსნა, 12 წელი დამრჩა, მაგრამ  საპროცესო შეთანხმებით გამომიშვეს 11 თვეში,  არც არაფერი გადამიხდია.  მითხრეს, დათანხმდი იმ სასჯელს, რაც მოიხადეო. არც პრობაცია დამკისრებია, არც არაფერი.
– ნასამართლევი კაცის  ისტორია დეპუტატის მანდატმა შეცვალა.
– ასეთი მარტო მე ხომ არ ვარ. არ დამითვლია, მაგრამ პარლამენტში ნასამართლევი დეპუტატი მარტო მე არ ვარ – საკმაოდ ბევრნი არიან.   ჩემი ცხოვრება სულ ასე იყო – აღმართები, დაღმართები.   ცოტა ხანს მომასვენებს უფალი, მერე ისევ გამაწვალებს. პირველი ორი წელი დევნილობის დროს, სანამ კოდორს ჩააბარებდნენ,  ნამდვილი ჯოჯოხეთი გავიარე. ვერაფრით ვიფიქრებდი, რომ კოდორის ჩაბარება გადამარჩენდა.   რასაც მე ვამბობდი, ის დაინახა იმ ხალხმა, ვისაც ეგონა, რომ მე ვუღალატე, მივატოვე  და გავიქეცი. არავინ იცოდა, რომ ისეთი ხაფანგი მომიწყვეს, უკან დასახევი არ იყო.  ისეთი სარეკი, რაც მე მომიწყვეს,  მონადირე კაცი ვიყავი, ნადირისთვის არ მომიწყვია. არანაირი შანსი არ დამიტოვეს.  ხომ გახსოვთ,  ხმები გაავრცელეს, თითქოს მუცელში ვიყავი დაჭრილი. ეს ხმებიც სპეციალურად იყო დაყრილი – თუ ვერ გამიტყუებდნენ, დამჭრიდნენ და ისე წამიყვანდნენ. ანუ, ყველა ვარიანტში, რუსების მხარეს უნდა მოვხვედრილიყავი. ჩემი  ცოცხლად დარჩენა იმიტომ აწყობდათ, რომ კოდორს რომ ჩააბარებდნენ, ჩემთვის უნდა დაებრალებინათ. ეს იყო მათი გეგმა.  მერე იყო ჩემი დის პატიმრობა, რაც ძალიან მძიმედ გადავიტანე. ჩემთან სატელეფონო ზარების გამო ხალხი ციხეში მოხვდა. დღეს საცხოვრებელი ადგილები ვიცი, სადაც „მაიდანისთვის” ბორბლები აქვთ შეგროვილი, მაგრამ რა? არც  არაფერი - „სუსი” ხმას არ იღებს. 
– საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თქვენ დაცილდით მეუღლეს, რომელთანაც სამი შვილი და დიდი ხნის ოჯახური თანაცხოვრება გაკავშირებთ. რა გახდა თქვენი ოჯახის დანგრევის მიზეზი?
–  არც ეს მომხდარა შემთხვევით. არ მინდა, გადაჭარბებულად  ჩათვალოს  ვინმემ ჩემი ნათქვამი,  მაგრამ  დარწმუნებული ვარ,   ამ ამბავში  სპეცსამსახურების ხელი ურევია.   ჰკითხეთ მალხაზ გულაშვილს, როგორ უნდოდათ მისი ოჯახის დანგრევა. როცა ჩემმა მეუღლემ გაიგო, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ სიით უნდა მეყარა კენჭი, ძალიან გაუხარდა. თვითონ მომიყვანა პარტიის ოფისში. ისიც კი ვუთხარი, მე უკან გავიწევი, შენ  კარგი იურისტი  ხარ, შემოდი, პარტიაში. წინა ადგილას შენ იყავი, მე თუ გინდა, გარეთ დავრჩები-მეთქი.  გულწრფელად გეტყვით, მერჩია, ის გამეშვა წინ და მე სხვა გზები მეცადა.  თუ სხვა ცოლ-ქმარი არის ერთად პოლიტიკაში,  ჩვენი ერთად ყოფნა რატომ უნდა ყოფილიყო შეუძლებელი?  ერთ დღეში რაღაც მოხდა.  მან შეიცვალა აზრი, დამოკიდებულება.  ეს ისტორია ძალიან მძიმედ გადავიტანე. სამი დღე ლოგინიდან ვერ  ვდგებოდი. ეს არის ყველაზე დიდი დარტყმა, რაც მომაყენეს.  ციხიდან გათავისუფლებულს ძალიან ამირიეს  გონება.  ცოტა განერვიულებულიც ვიყავი, ჩვენს ურთიერთობაში სხვა   ადამიანები   ჩაერივნენ ცუდად.  სახელმწიფო და კანონმდებლობაც  კარგად უწყობს ხელს ოჯახის დანგრევას.  როცა მე და ჩემი მეუღლე წავედით კამათის შემდეგ  იუსტიციის სახლში განცხადების დასაწერად, რომ ვაპირებდით განქორწინებას, მოგვცეს 5 დღე. ამ პერიოდში თუ არ გადაიფიქრებ განქორწინებას,  5 დღეში  გაძლევენ განქორწინების საბუთს.  ხომ შეიძლება, ეს პერიოდი, უფრო ხანგრძლივი იყოს? ამოტომაცაა, რომ ყოველი მეორე  ოჯახი ინგრევა. ალბათ, ჩვენ ორივემ დავუშვით შეცდომები - მეც და ჩემმა ყოფილმა მეუღლემაც.   ის აჰყვა ხმებს, რომ თითქოს შვილს ველოდებოდი. საიდან უნდა დავლოდებოდი შვილს, 11 თვე ციხეში ვიყავი.  ახლა დროს ველოდები.   თვითონ კი ამბობს, რომ აღარ ვუყვარვარ, მაგრამ მე მიყვარდა, მიყვარს და მეყვარება ყოველთვის.   მან ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა. ცოლ-ქმარი ვიყავით, სხვანაირად ვერც იქნებოდა - ორი  ვაჟკაცი შვილი გვყავს და ულამაზესი ქალიშვილი.  
– ახლა მარტო ცხოვრობთ?
– კი, დროდადრო  ვნახულობ შვილებს,  რომლებიც დედასთან ცხოვრობენ იმ ერთადერთ  სახლში, რაც დაგვრჩა. დანარჩენი  ყველაფერი ჩამომართვა  მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ. ის  ერთადერთი სახლიც  დავუტოვე ჩემს ოჯახს  და წამოვედი. მე ჩემს ძმასთან ვარ.  ძნელია მარტო კაცის ცხოვრება. ადრე, როცა ცოლთან ერთად ვცხოვრობდი, ცოტას წავიცუღლუტებდი ხოლმე. ახლა სულ მარტო ვარ და  მინდა, დავამტკიცო, რომ არავინ მყოლია, როგორც ეუბნებოდნენ ჩემს ცოლს.  რაც არის ეს არის, ის ზუსტად ვიცი, რომ არასდროს არ უნდა თქვა - არასდროს.  ცხოვრება  სიურპრიზებით არის სავსე.   ეს საკუთარ თავზე კარგად მაქვს გამოცდილი.

скачать dle 11.3