როგორ მოხვდა „შავ სიაში“ სოფო ბედია და რის გამო დაანგრევს ის ოჯახს #52
ბოლო პერიოდში, სოფო ბედიამ საგრძნობლად შეიცვალა იმიჯი – დაიხვეწა, გალამაზდა და თავისი სტილი მოირგო. სცენაზეც ხშირად ჩანს და სატელევიზიო გადაცემებშიც ხშირად იწვევენ. თუმცა, იყო დრო, როცა კონცერტზე გამოსვლა ენატრებოდა და ოცნებობდა ახალი წლის კონცერტებში მონაწილეობაზე. ამბობენ, მისი ასეთი გააქტიურება, ქმრის, მიშა მესხის დამსახურებააო. ამის გამო, რამდენიმე მისი კოლეგა-მომღერალი სოფოზე განაწყენებულია. თუმცა, ამას თავად მომღერალი უარყოფს. ხოლო, რატომ სთხოვს სანტა კლაუსს სოფო ბედია ფინანსურ დახმარებას და რატომ უნდა მას პირად ცხოვრებაში ცვლილებების შეტანა, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
სოფო ბედია: გასული წელი ჩემთვის ცუდი ნამდვილად არ ყოფილა. ბევრი კონცერტი მქონდა და ყველა ჯანმრთელად მყავს ირგვლივ. ზოგადად, ბავშვობიდან განსაკუთრებულად მიყვარს ახალი წელი და ორი თვით ადრე ვემზადები მის დასახვედრად. მახსოვს, დიდი სიყვარულით ვაწყობდი ნაძვის ხეს და მერე მისი დაშლა და აღება მენანებოდა. ყოველთვის სხვანაირად ბედნიერი ვარ ამ დღეს. ვცდილობ, სახლი გავალამაზო და საჩუქრები შევურჩიო საყვარელ ადამიანებს. ყოველ წელს ვიკერავ ახალ საკონცერტო კაბას საახალწლოდ და მერე იმ ახალი კაბით ახლობლებთან დავდივარ სტუმრად. მეკვლედაც, ვის ოჯახშიც შევდივარ, ამბობენ, კარგი ფეხი გაქვსო (იცინის). თავად მე მეკვლედ არავის ვეპატიჟები. ჩემი შვილი, ნიკუშა შემოდის ტკბილეულით და ის ითვლება მეკვლედ. ყოველთვის მიყვარდა თოვლის ბაბუის მოტანილი თოჯინები და ჩურჩხელა, რომელზეც, დღესაც ჭკუა მეკეტება. ის, ჩემი სადღესასწაულო სუფრის შეუცვლელი ტკბილეულია. ახლა ჩემი სანტა, ჩემი ქმარია. მართლია, ბალიშის ქვეშ არ მახვედრებს საჩუქრებს, მაგრამ აუცილებლად მახარებს – ოქროს ბეჭედიც მაჩუქა, სამაჯურიც, სუნამოც და მანქანაც. მართალია, მანქანა მე არ მიჩუქებია, მაგრამ არც მე ჩამოვრჩები საჩუქრებში (იცინის). წელს მე და მიშამ საჩუქარი გავუკეთეთ ჩვენს თავს – რეორგანიზაცია დავგეგმეთ ოჯახში და ახალი წლისთვის, ახალი საძინებელი შევიძინეთ. შავ ფერებში იყო საძინებელი ოთახი და ახლა მინდა, ნათელი იყოს. მიშას ვეუბნები: აჰა, ნათელი დაგვადგა თავზე ამ წელს, როგორც იქნა-მეთქი (იცინის). ყოველთვის მე ვაწყობდი და ვრთავდი სახლში ნაძვის ხეს. შუშხუნების ანთებაც მიყვარდა, მთელი ღამე ვმღეროდი და ერთი სიტყვით, დიდი ახტაჯანა, ქალაბიჭა, გიჟი ბავშვი ვიყავი (იცინის). წელს პირველად, ჩემმა შვილმა ჩამანაცვლა. დილით ადრე ადგა და სიცხიანმა ააწყო ნაძვის ხე. მე არ ჩავრეულვარ. ადრე, ჩემს ოჯახთან ერთად მიყვარდა ახალი წლის დახვედრა, ახლა კი, ბოლო რამდენიმე წელია, ამას ვეღარ ვახერხებ, რადგან ქუჩაში ვხვდები. შესაბამისად, ჩემს სახლში სტუმრიანობა ვერ იქნება, რადგან, წელსაც, რამდენიმე კონცერტზე გამოვდივარ. არადა, ხალხი ნატრობს, ნეტავ, ქუჩაში, სცენაზე შევხვდეო. მე კი იმას ვფიქრობ: ნეტავ, ჩემს სახლში შევხვდე ახალ წელს-მეთქი. თუმცა, იყო დრო, მეც ვნატრობდი ახალი წლის ქუჩაში, სცენაზე შეხვედრას. პირველად, შარშან შევხვდი ქუჩის კონცერტზე ახალ წელს და წელსაც ასე მიწევს. ჯერ ქუჩაში ვმღერი და შემდეგ, ოთხ რესტორანში მაქვს გამოსვლა. მოკლედ, ამ ახალ წელს სერიოზული გადარბენა მაქვს.
– ამბობ, იყო დრო, როცა ვოცნებობდი ახალი წლის კონცერტებში მეც მიმეღო მონაწილეობა და ქუჩაში დავხვედროდი ახალ წელსო. თუმცა, ახლა, როცა ეს ოცნება აგიხდა, არაერთი შენი კოლეგის აგრესიას იმსახურებ და ამბობენ, ეს მეუღლის, მიშა მესხის ჩაწყობით ხდებაო. ამაზე რას მეტყვი?
– კიდევ ვამბობ, იყო დრო, როცა მენატრებოდა და ვოცნებობდი, საახალწლო კონცერტებზე დგომა, მაგრამ მაშინ არავის გახსენებია მომღერალი სოფო ბედია. ახლა, როცა მიშა მესხის ცოლი გავხდი, ახლა ხომ არ ავმღერდი? სანამ მას გავიცნობდი, მაშინაც ვმღეროდი. უბრალოდ, ჩვენი პოლიტიკური ხედვები ემთხვევა ერთმანეთს, სულ ესაა. თუმცა, არასდროს ვყოფილვარ პოლიტიზებული და ნაკლებად მაინტერესებდა პარტიული ცხოვრება. ვაღიარებ, დღეს ჩემი პოლიტიკური სიმპათია მყავს. რასაკვირველია, ჩემი ქმარი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და წარმომადგენელია და შესაძლოა, იფიქრონ, რომ ის მეხმარება. მაგრამ ის, რომ მე კონცერტზე გამოვდივარ, „ქართულ ოცნებასთან“ კავშირში, არანაირად არ არის. ვერ ვხვდები, რატომ უნდა იწვევდეს ეს ჩემს კოლეგებში აგრესიას? ადრე, ეგრეთ წოდებული „შავი სია“ ნამდვილად არსებობდა და მეც მოვიაზრებოდი მასში. თუმცა, რა კრიტერიუმით დამბლოკეს, ვერ ვხვდები. გასაგებია, წლები გადის, ვიხვეწებით, მაგრამ მგონია, მაშინაც კარგად ვმღეროდი და ახლაც. არც მაშინ ვყოფილვარ მახინჯი და არც სცენაზე დგომა მეშლებოდა. ამიტომ, ვერ ვხვდები, რატომ დავიბლოკე. ყველა მომღერალს უნდა ქუჩაში ახალი წლის ღამეს სიმღერა, მაგრამ იმის გამო, რომ სიაში ვერ მოხვდა და სხვა კოლეგაზე გადაიტანოს აგრესია, ეს არასწორია. ზოგი მომღერალი, მართალია თბილისში არა, მაგრამ სხვადასხვა რაიონში და ქალაქში ხომ იმღერებს ახალი წლის ღამეს, რა პრობლემაა?
– შენთვის რომ შემოეთავაზებინათ, მაგალითად, ზუგდიდში ან ქუთაისში გამოსვლა, დათანხმდებოდი?
– რომ არ ეთქვათ თბილისის კონცერტში ხარ ჩასმულიო, აუცილებლად წავიდოდი და ვიმღერებდი ზუგდიდში ან ქუთაისში. რატომ უნდა მეთქვა უარი?
– სოფო, ბოლო დროს საკმაოდ სექსუალური იმიჯი გაქვს და თამამი სამოსიც მოირგე. ამას ქმარი არ აპროტესტებს?
– რატომ უნდა გააპროტესტოს? ამაზე თამამად ჩაცმულიც დავდიოდი (იცინის). თუმცა, მიშას არ სიამოვნებს, როცა ღრმა დეკოლტე მაცვია და სულ მანიშნებს, აიწიეო (იცინის). სხვა მხრივ, არ აქვს პრეტენზიები. იცის, რომ მე სცენის მსახიობი ვარ და ფორმაში უნდა ვიყო. მიშას მოვწონვარ ისეთი, როგორიც ვარ, რაც მაცვია და როგორც გამოვიყურები. სხვათა შორის, მეც მიყვარს, როცა კარგად გამოვიყურები და არასდროს გამოვდივარ მოუწესრიგებელი სახლიდან.
– მიშა ეჭვიანი არ არის?
– ბევრს ჰგონია, მიშა ეჭვიანია, რადგან სულ ჩემს გვერდითაა. ეს ყურადღებიანობაა და ამას ეჭვიანობად უთვლიან. არც ის დადის ჩემ გარეშე სადმე და მეც მინდა, სულ იქ იყოს, სადაც მე ვარ. ასე რომ, ეჭვიანი არც მიშაა და არც მე. უბრალოდ, ერთმანეთის გარეშე არ გვსიამოვნებს ყოფნა.
– რომ გაიგო, შენი ქმარი სხვა ქალს ეფლირტავება, რა რეაქცია გექნება?
– იქვე დასრულდება ჩვენი თანაცხოვრება. ღალატს არ ვაპატიებ. ერთხელ თუ დახუჭე თვალი და კაცს ღალატი „გაუტარე“, ის ამას აუცილებლად გაიმეორებს. ღალატი, ჩემთვის უპატიებელია. ზოგადად, სიყვარულში ძალიან მომთხოვნი ვარ, მესაკუთრე, ამას მოვითხოვ ქმრისგანაც და ფლირტს სხვა ქალთან, ვერ ავიტან. თუმცა, ლამაზ ქალს რომ დავინახავ, ხანდახან მეც ვაყოლებ თვალს. ეს არ ითვლება ღალატად და ფლირტად. არც ასეთი ქაჯი ვარ, ეს ავუკრძალო ქმარს (იცინის). მიშას ტელეფონი გახსნილიც კი არ მაქვს, ვენდობი. თუმცა, თავად სულ ჩემს ტელეფონს ამოწმებს. იმიტომ კი არა, რომ არ მენდობა, უბრალოდ, ასეთია.
– 2017 წელს რა ნატვრა გაქვს, რომლის ახდენაც გსურს?
– მინდა, პირად ცხოვრებაში ცვლილება და თოვლის ბაბუას ვთხოვე, 2017 წელს შვილი მაჩუქოს და ჩემი სოლო, საიმიჯო კონცერტი დამიგეგმოს – ეს ორი ოცნება ამიხდინოს. ეს დავუწერე წერილში და იმედია, ამისრულებს (იცინის). ახლა, რომ დავფიქრდი, პირველი ოცნების ასახდენად მიშა-თოვლის ბაბუა მჭირდება, მეორე ოცნების ასახდენად კი, სანტა კლაუსის – სპონსორობა და ფინანსური დახმარება (იცინის).