კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არჩია იტალიელმა გრაფინიამ ბაგრატიონს გაჰყოლოდა ცოლად და არა რომანოვს #46

1921 წლიდან ემიგრაციაში აღმოჩნდა არა ერთი მამულიშვილი. მათ შორის იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის, ტფილისის ყოფილი გენერალ-გუბერნატორი, პოლკოვნიკი შალვა მაღლაკელიძე. ის მეგობრობდა ბევრ ისეთ ადამიანთან, ვინც არ წყვეტდა ბრძოლას რუსების ხელიდან სამშობლოს გამოხსნისთვის. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ ირაკლი ბაგრატიონ-მუხრანელიც – ბაგრატიონთა მუხრანის განშტოების მეთაურის, გიორგის ვაჟი.
ირაკლი ბაგრატიონი დაიბადა 1909 წელს, ტფილისში, გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელის ოჯახში. დედა, ელენე ზლოტნიცკა, პოლონელი იყო წარმოშობით. დედამისს ჰყავდა ქართველი წინაპრებიც. ოჯახში კიდევ ორი შვილი იყო – მარიამი და ლეონიდა.
1930 წელს ირაკლის მამა, გიორგი ბაგრატიონი ბოლშევიკებმა დაიჭირეს და მეტეხის ციხეში ჩასვეს, თუმცა შემდეგ გამოუშვეს. ბიძის დანატოვარი დიდი სახლი ტფილისში (ახლანდელი, ლადო გუდიაშვილის მუზეუმის შენობა, ლ. გუდიაშვილის ქუჩაზე) ჩამოართვეს. ჩამოართვეს მჭადიჯვრის პატარა სასახლეც. ბაგრატიონ-მუხრანელების ოჯახმა მოახერხა, ემიგრაციაში წავიდა და ასე გადაირჩინეს თავი.
1940 წელს, რაღაც საქმეზე შალვა მაღლაკელიძე  რომში იყო. მას შეხვედრა ჰქონია იტალიის მეფესთანაც. იმ ხანებში რომში ჩასულა ირაკლი ბაგრატიონიც.
ირაკლი ბაგრატიონს კარგი ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის სამეფო დინასტიის ზოგიერთ წარმომადგენელთან. ზოგ მათგანთან მეგობრობდა კიდეც. შემდეგში ბაგრატიონები და რომანოვები დანათესავდნენ. იმ დროს ირაკლი ბაგრატიონი განქორწინებული ყოფილა პირველ ცოლთან.
ირაკლი ბაგრატიონს რომში ყოფნისას გაუცვნია იტალიელი გრაფინია, მარია-ანტუანეტა პასკუინი – გრაფ ჰუგო პასკუინის ასული. მარია-ანტუანეტა ლამაზი ქალი ყოფილა, თანაც შეძლებული ოჯახიდან. ალბათ, ბევრს უნდოდა მასზე დაქორწინება. თაყვანისმცემელთა შორის ყოფილა რომანოვთა სამეფო ოჯახის ერთ-ერთი წარმომადგენელი. მარია-ანტუანეტას და ირაკლი ბაგრატიონს შეჰყვარებიათ ერთმანეთი და 1940 წელს იქორწინეს კიდეც.
ქორწინების წინ მარია-ანტუანეტამ მიიღო მართლმადიდებლობა, სხვანაირად არც შეიძლებოდა – ბაგრატიონები არ ქორწინდებოდნენ სხვა სარწმუნოების წარმომადგენელზე. ამ ამბავს მოგვითხრობს შალვა მაღლაკელიძე:
„ახლა მოხდა, ჩემო ბატონო, საქმე ისე, რომ ჩამოსულია რომში ირაკლი ბაგრატიონი. ჩამოსულია როგორც წარმომადგენელი ცნობილი ფრანგული ფირმებისა - „რენოსი“ თუ „სიტროენის“, მათი „რეპრეზანტატია“. აქ, რომში იმყოფება აგრეთვე „ველიკი კნიაზი“ ანდრეი ანდრეიჩ რომანოვი. ეს რომანოვი, დიდი არისტოკრატი კაცი, თავს ევლება და ცოლად უნდა მოიყვანოს იტალიელი გრაფინია - მარია ტერეზია პასკვინი – დიდი სიმდიდრის პატრონი და ლამაზი ქალი. გრაფინია ერთხელ უკვე გათხოვილი ყოფილა, მაგრამ ეს გრაფინია - პაპის გრაფინიაა. რას ნიშნავს ახლა ეს: სამეფო გრაფინიასგან განსხვავებით ეს უფრო დაბალი რანგის გრაფინიაა. ასე რომ, მეფესთან, ვიქტორ-ემანუელთან მიღებებზე იგი ვერ ხვდება და თუკი რომანოვი მას ითხოვს, მას დაუშვებენ მეფის კარზე.
მთელი ეს მშიერი რუსის გენერლები ამის იმედად არიან, რომ მოიყვანს „ველიკი კნიაზი“ ამ მდიდარ ქალს და მათაც ეშველებათ. ამ დროს გააცნო ანდრეი ანდრეიჩმა გრაფინიას ირაკლი ბაგრატიონი. გააცნო როგორც „ბატონიშვილი“, „პრინცი“ და შეუყვარდა გრაფინიას ირაკლი ბაგრატიონი. რაღა ბევრი გავაგრძელო - წაართვა ირაკლიმ ეს გრაფინია რომანოვს. გადაწყდა მათი ჯვრისწერა. დაუწყო ამ გრაფინიას ქართულის სწავლება რაფო ივანიცკიმ. ჯვრისწერა მოხდა ამ რუსულ, მართლმადიდებლურ ეკლესიაში.
მეჯვარეები ვართ სამნი, ე. ი. მე ფრაკში გამოწყობილი, ქალაქ ტრიპოლის (მაშინ იტალიის მფლობელობაში იყო) გენარალ-გუბერნატორი და ... ანდრეი ანდრეიჩ რომანოვი! მორიგეობით გვეჭირა ჯვრისწერის დროს მათ თავზე გვირგვინი. ფილმიც კი გადაგვიღეს მაშინ. დაიბეჭდა გაზეთებში: „სონ ალტეს როიალში” – „ეგო კოროლევსკოე ვისოჩესტვო“ ირაკლი ბაგრატიონი ჯვარს იწერს გრაფინია პასკვინიზე, რომელიც ამით ხდება სადინასტიო გრაფინია და დაშვებული იქნება ვიქტორ-ემანუელთან მიღებაზე.
გაზეთებმა ისიც დაბეჭდეს, თუ ვინ იყვნენ მათი მეჯვარეები.
მხოლოდ პაპის გაზეთმა გააკრიტიკა გრაფინია: არ ყოფილა შემთხვევა, რომ კათოლიკე გრაფინია მართლმადიდებელს გაჰყოლოდესო და გაკიცხეს ამიტომ მისი ოჯახი. ირაკლის კი, რა უჭირდა, ჩემო ბატონო, – აქ, დუშეთში, ერთი მჭადიჯვარი იყო მისი მამული და ახლა უცებ მდიდარი გახდა, სასახლეები სიცილიაში და აიშვა თავი!
ომის დროს გერმანიაში მესტუმრნენ: ირაკლი და მისი მეუღლე და არმიასთან ერთად, თან გამომყვნენ ჩერნიგოვამდე - ჩვენ, ჩვენი ჭკუით, საქართველოში ვბრუნდებოდით. მე თვითონ ვარწმუნებდი ამაში ირაკლის. ქართველებში ხმა გავარდა: ირაკლი ბაგრატიონის გამეფება უნდაო მაღლაკელიძეს საქართველოში! მაგრამ ეს ასე არ იყო. თვითონ ირაკლის ომის მერე საქართველოს ელჩობა უნდოდა დასავლეთში“.
შალვა მაღლაკელიძეს ოდნავ ეშლება, ირაკლი ბაგრატიონის იტალიელ ცოლს ერქვა მარია-ანტუანეტა და არა მარია ტერეზა. მარია-ტერეზა იყო ირაკლი ბაგრატიონის შემდეგი მეუღლის დედა. შესაძლოა დიდი მთავრის სახელი, ან მამის სახელი არასწორად ახსოვდა მაღლაკელიძეს, რადგან ანდრეი ანდრეის ძე რომანოვი ემიგრაციაში დაიბადა 1923 წელს და მაშინ მხოლოდ 17 წლის იქნებოდა. იმ დროს ემიგრაციაში იყო არაერთი რომანოვი.
რაფიელ (რაფო) ივანეცკი იყო ინგილო, პუბლიცისტი,  ადვოკატი, დამთავრებული ჰქონდა სასულირო სემინარია. წერდა „რაფო ინგილოს“ ფსევდონიმით. გვარი ივანეცკი ყოფილა იმ რუსი მღვდლის გვარი, რომელსაც რაფო მოუნათლავს და რაფოსაც მისი გვარი აუღია. რომში გალობდა ერთადერთ მართლმადიდებლურ ეკლესიაში, რომელიც რუსული იყო და მაინც რუსებს აგინებდა, თურმე. ლანძღვას მხოლოდ იმიტომ ითმენდა ეკლესიის წინამძღვარი, რომ სტუდენტობის დროს გრიგოლ (გიგა) ნათაძესთან ერთად სწავლობდა და მეგობრობდა მასთან. ამიტომ პატივს სცემდა ქართველებს. გრიგოლ ნათაძე ცნობილი პიროვნება იყო – ჯერ ეროვნული საბჭოსა და მერე დამფუძნებელი კრების წევრი, დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერი, ისტორიკოსი. ირაკლი ბაგრატიონის ქორწინების აღსანიშნავად რაფო ინგილოს იტალიურ ენაზე გამოუცია საქართველოს ისტორია და „ვეფხისტყაოსნის“ მოკლე შინაარსი.
მარია-ანტუანეტა აღმოჩნდა თავდადებული ადამიანი. თურმე, მისთვის არ შეიძლებოდა მშობიარობა, რადგან ჯანმრთელობა არ უწყობდა ხელს და ექიმების თქმით, შეიძლება მშობიარობისას გარდაცვლილიყო. თუმცა, მარია-ანტუანეტა პასკუინი-ბაგრატიონისა არ შეუშინდა საფრთხეს, ოჯახის, მეუღლისა და ბაგრატიონებისადმი ერთგულებამ და ახალი სიცოცხლის, შვილის გაჩენის სურვილმა, ყველანაირი შიში დაძლია. 1944 წელს ირაკლი ბაგრატიონსა და მის მეუღლეს შეეძინათ ვაჟი, გიორგი.
სამწუხაროდ, გამართლდა ექიმების პროგნოზი და მარია-ანტუანეტა მშობიარობას გადაჰყვა.
დამწუხრებული ირაკლი ბაგრატიონი თავის პატარა ვაჟთან ერთად, გადასახლდა ესპანეთში. გამოარიდა პატარა გიორგი ომს. ესპანეთი არ იყო ჩართული მეორე მსოფლიო ომში. მის ტერიტორიაზე არ მიმდინარეობდა ბრძოლები და ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა იყო იმ დროს.
1946 წელს ირაკლი ბაგრატიონმა გაიცნო ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრი, მეფე ალფონსო მეცამეტეს დის, მარია ტერეზას ასული – მარია დე ლას მერსედეს ბავარიელი ბურბონი, ბავარიის ვიტელსბახთა საგვარეულო დინასტიის მეფეთა შთამომავლის, ფერდინანდის (ფერნანდოს) ქალიშვილი და ცოლად მოიყვანა. იმ დროს მონარქია ესპანეთში გაუქმებული იყო და ქვეყანას მართავდა კაუდილიო, გენერალი ფრანცისკო ფრანკო, რომელმაც შემდგომში ისევ აღადგინა მონარქია ესპანეთში. ამ ქორწინებიდან ირაკლი ბაგრატიონს შეეძინა კიდევ ორი შვილი: მარიამი და ბაგრატი.
1948 წელს ირაკლი ბაგრატიონის და, ლეონიდა ცოლად გაჰყვა რუსეთის ტახტის მემკვიდრეს, ვლადიმერ კირილეს ძე რომანოვს.

скачать dle 11.3