მკვლელი ეძებს ფარმაცევტს #52
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-51(834)
გუგულიმ კოლეგები ნუკას ბინის ახლოს დატოვა და გააფრთხილა, თუკი გამოქცეულ ტიტე ბუკიას შენიშნავდნენ, არავითარ შემთხვევაში არ გაეხსნათ ცეცხლი. რაც არ უნდა დასჯდომოდათ, ცოცხალი აეყვანათ.
– ყურადღებით იყავით, ბიჭებო და რაც გითხარით, არ დაგავიწყდეთ. მე წავედი. აბა, თქვენ იცით, – უთხრა დესიატკამ ხელქვეითებს და კიბეებს აუყვა.
გუგული და მისი კოლეგები რომ ნუკას სახლს მიადგნენ, ანა კიკვაძე და ვანიკო მიქაძე მასთან იყვნენ და პერიმეტრზე საიდუმლოდ დაყენებული ვიდეოთვალის საშუალებით არაფერი გამოჰპარვიათ.
– ანა, მე მგონი, ახალი სტუმრები გამოჩნდნენ. შეხედე! – უთხრა ვანიკომ თავის კურატორს და რვა ნაწილად გაყოფილი ლეპტოპის ეკრანის ერთ-ერთ კუთხეზე მიანიშნა.
– აბა, ერთი გაადიდე ეს კადრი, – უთხრა ტიტემ ვანიკოს და ეკრანს მიაჩერდა.
ვანიკომ კადრი გაადიდა და სანამ ტიტე ხმას ამოიღებდა, ანამ დაასწრო და თქვა:
– თუ არ ვცდები, ეს გუგული ჭაჭიაა.
– არ ცდები. მართალი ხარ. დესიატკა გვესტუმრა, – თქვა ტიტემ.
– რა ვქნათ? – შიშნარევი ხმით იკითხა ნუკამ, – კარი არ გავუღოთ, ვითომ სახლში არ ვართ.
– არავითარ შემთხვევაში, ტიტე სამალავში შევა. გუგულის კი შემოვუშვებთ, რომ გავიგოთ, რა სურს. სადისტი და ყველაფერზე ხელის მომწერი კი არის, მაგრამ ჩემი აზრით, იმდენი ჭკუა ეყოფა, ჩვენ წინაშე არ სცადოს კანონის დარღვევა და ძალადობა, – თქვა ანა კიკვაძემ და ტიტეს მიუბრუნდა, – დაიმალე!
– რომ სცადოს და ყველა დაგვხოცოს? – არ ცხრებოდა ნუკა.
– ნუ გეშინია. ყველაფერი კარგად იქნება, – მიუგო ანამ დაქალს. ვანიკომ კი მონიტორისკენ გაიშვირა ხელი და თქვა:
– ორნი იქვე დატოვა და აქ მარტო მოდის.
– ეგ იმიტომ, რომ ვინიცობაა, ტიტე გაიქცეს, აიყვანონ, – განუმარტა ანამ სტაჟიორს და ტიტეს მიუბრუნდა:
– რაღას უდგეხარ. მოგვადგა უკვე? მიდი, დაიმალე!
ტიტე სამალავში შევიდა. კარზე ზარის ხმა გაისმა და ნუკა გასაღებად გაემართა. ანა და ვანიკო სასტუმრო ოთახში, სავარძლებზე მოკალათდნენ და გააბოლეს.
ნახევარიოდე წუთის შემდეგ სასტუმრო ოთახში ნუკა და გუგული შემოვიდნენ. დესიატკა ნუკასთან ცნობილ ჟურნალისტთან შეხვედრას არ ელოდა და ბრაზი მოერია. თუმცა, თავი მოთოკა და ანასა და ვანიკოს მიესალმა.
– დაბრძანდით, ქალბატონო გუგული, – უთხრა ნუკამ დაუპატიჟებელ სტუმარს და დესიატკა რომ სავარძელში ჩაეშვა, დააყოლა, – ყავას მიირთმევთ?
– არა. გმადლობთ. მე თქვენთან საკმაოდ დელიკატური და სასწრაფო საქმე მაქვს, – მიუგო გუგულიმ მასპინძელს და დაამატა, – ჰო, მართლა, დამავიწყდა, საკუთარი თავი წარმომედგინა თქვენთვის. მე შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული განყოფილების თანამშრომელი ვარ.
– გასაგებია და ძალიან კარგი, ქალბატონო გუგული, – უთხრა დესიატკას ნუკამ, რომელსაც საბოლოოდ გაუქრა შიში. თავდაჯერება მოემატა და მტკიცედ ლაპარაკობდა, – გისმენთ. ბრძანეთ, რა სასწრაფო და კონფიდენციალურ-დელიკატური საქმე გაქვთ ჩემთან.
დესიატკამ ანასა და ვანიკოს შეავლო მზერა და მასპინძელს უთხრა:
– პირისპირ მინდა, გესაუბროთ.
ანასა და ვანიკოს ნუკამაც გახედა და დაუპატიჟებელ სტუმარს მიუგო:
– ესენი ჩემი უახლოესი მეგობრები არიან და მათგან დასამალი არაფერი მაქვს. ასე რომ, მათ წინაშე მოგიწევთ საუბარი.
– და, მაინც, იქნებ, პირისპირ ვისაუბროთ. ყველას, მით უმეტეს, ქალს, აქვს ისეთი საიდუმლო, რომელსაც მხოლოდ პირადად ინახავს და არავის უმხელს, თვით უახლოეს ადამიანებსაც კი. ამიტომ, იქნებ, ცოტა ხნით სასაუბროდ განვმარტოვდეთ?
– ბოდიშს გიხდით, ქალბატონო გუგული, მაგრამ ჩემი მეგობრების თანდასწრებით მოგიწევთ ჩემთან საუბარი, – გაუმეორა ნუკამ დესიატკას, რომელსაც ჩაეღიმა და მიუგო:
– კეთილი, რადგან ასეა, მაშინ აქ გეტყვით ჩემს სათქმელს.
– გისმენთ. მთელი გულისყურით გისმენთ, – ღიმილით თქვა ნუკამ და სიგარეტი გააბოლა.
– რამდენიმე კითხვა მაქვს თქვენს მეგობართან დაკავშირებით?
– რომელ მეგობართან დაკავშირებით? – ღიმილით იკითხა ნუკამ.
– მაიორ ტიტე ბუკიას ვგულისხმობ, – თქვა დესიატკამ.
– მკითხეთ, – თქვა ნუკამ, რომელსაც სახიდან ღიმილი არ მოსცილებია.
– როგორც ჩვენთვის ცნობილია, მაიორ ბუკიასთან თქვენ ახლო, ანუ ინტიმური კავშირი გაქვთ. მართალია? – ჰკითხა გუგულიმ ნუკას.
– დიახ. აბსოლუტური სიმართლეა. მერე რა? – კვლავ ღიმილით თქვა ნუკამ.
– თუ არის თქვენთვის ცნობილი, რომ მაიორი ბუკია ჩვენ მიერ იძებნება?
– იძებნება? – გაიმეორა ნუკამ.
– დიახ.
– არა. საიდან?! პირველად მესმის. რაც უცხოეთიდან ჩამოვედი, ტიტეს არ შევხვედრივარ.
– როგორ, ამდენი ხნის უნახავი მეგობრის ნახვის სურვილი არ გქონიათ? ან, მან როგორ არ მოგინახულათ?
– ტიტემ არც იცის, რომ ჩამოვედი, თორემ აუცილებლად მოვიდოდა. ჩემი გამგზავრების წინ მე და ტიტემ სერიოზულად ვიჩხუბეთ და გადავწყვიტე, მასთან ურთიერთობა გავწყვიტო. აი, ამიტომ არ შევატყობინე ჩემი ჩამოსვლის ამბავი, თორემ სიმართლე გითხრათ, მართლაც ძალიან მომენატრა.
– თუ საიდუმლო არაა, ტიტეს რატომ ეჩხუბეთ?
– რატომ და ვუთხარი – ან ცოლს გაშორდი და ჩემთან იყავი, ან მე დამშორდი და ოჯახში დარჩი-მეთქი. მან კი, დრო მინდა მოსაფიქრებლადო. რა დრო უნდა ამას. აღარ შემიძლია ასეთი ცხოვრება, არც იქით ვარ და არც აქეთ. ჩვენი ამბავი ქვეყანამ იცის. აი, თქვენც კი ჩემთან მოიკითხეთ ტიტე. მრცხვენია და მეტი ძალა აღარ მაქვს, – თქვა ნუკამ და დააყოლა, – რა დააშავა ტიტემ, რატომ ეძებთ?
– შიდა გამოძიებას ემალება. ერთი მოქალაქე უჩივის. ამბობს, ქრთამი აიღოო და უნდა დავაპირისპიროთ. სიმართლე გითხრათ, დიდი არაფერია და არც საშიშროება ემუქრება, მაგრამ აუცილებელი პროცედურებია ჩასატარებელი და უნდა მოვძებნოთ.
– ტიტე და ქრთამი? – თავი გააქნია ნუკამ, – წარმოუდგენელია.
– გეთანხმებით, – თქვა გუგულიმ და ნუკას ჰკითხა:
– ესე იგი, თქვენთან არაა და არც გინახავთ?
– არა. ხომ გითხარით. თუ არ გჯერათ, შეგიძლიათ, სახლის ყველა კუთხე-კუნჭული გაჩხრიკოთ.
– არა, რას ბრძანებთ. როგორ არ მჯერა, – თქვა დესიატკამ, – შემთხვევით, ის ხომ არ იცით, სად შეიძლება, იმალებოდეს – მაგალითად, ნათესავთან ან ძმაკაცთან და ასე შემდეგ.
– წარმოდგენა არ მაქვს, ქალბატონო გუგული. მე არც ტიტეს ძმაკაცებსა და მეგობრებს ვიცნობ და არც მის ნათესავებს. მას ჩემთვის არავინ გაუცნია. ერთადაც კი არსად ვყოფილვართ. ახლაღა ვხვდები, რომ ის ჩემთან მხოლოდ, მაპატიეთ და სექსისთვის მოდიოდა და არ ვუყვარდი, – სინანულით თქვა ნუკამ. ხელი ჩაიქნია და თვალზე ცრემლები მოადგა.
– კარგი. მეტს აღარ შეგაწუხებთ, ყველაფერი გასაგებია და წავალ, – თქვა გუგული ჭაჭიამ და სავარძლიდან წამოდგომა დააპირა, მაგრამ ამ დროს ანა კიკვაძემ ჰკითხა:
– მართლა ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი ტიტე ბუკია, თუ სხვა საქმისთვის ეძებთ?
– რა სხვა საქმისთვის, რაზე გაქვთ მაინც ეჭვი? – კითხვა შეუბრუნა დესიატკამ ჟურნალისტს.
– ჯერჯერობით არ ვიცი, მაგრამ ასე მგონია, მაიორი ტიტე ბუკია უფრო მძიმე დანაშაულისთვისაა ძებნილი, ვიდრე ეს ქრთამის აღებაა.
– რა მძიმე დანაშაულისთვის, ნუ შემშალე, ანა? თუ რამე იცი, მითხარი და არაფერი დამიმალო, – „აღშფოთდა“ ნუკა, ლოყებზე ხელები შემოიწყო და ხან ანას უყურებდა, ხან გუგული ჭაჭიას.
– მე რომ რამე ვიცოდე, იცი, არ დაგიმალავდი, – უთხრა ნუკას ანამ და დესიატკას მიუბრუნდა:
– დღეს მე თქვენს მინისტრთან დიდი ინტერვიუ ჩავწერე და ეგ ამბავი რომ მცოდნოდა, აუცილებლად დავუსვამდი შეკითხვას მაიორ ბუკიაზე. იქნებ გაგვიმხილოთ სიმართლე?
– მე უკვე გითხარით, – მხრები აიჩეჩა დესიატკამ. სავარძლიდან წამოდგა და სანამ გავიდოდა, დააყოლა, – ნახვამდის.
– ნახვამდის, – მიუგო ნუკამ და დაუპატიჟებელი სტუმარი კარამდე მიაცილა. გუგულიმ კი, სანამ ნუკა კარს მიხურავდა, მასპინძელს უთხრა:
– თუ თქვენი მეგობარი გამოჩნდა ან დარეკა, უმჯობესია, შემატყობინოთ. მერწმუნეთ, ეს მისთვისაც კარგია და თქვენთვისაც. აი, ჩემი ნომერი და დამირეკეთ, – დესიატკამ ნუკას მობილური ტელეფონის ნომერი მისცა და წავიდა.
ოთახში შებრუნებულმა ნუკამ ანას და ვანიკოს უთხრა:
– მე მგონი, ბოლომდე არ დამიჯერა. მობილურის ნომერი მომცა და მითხრა, თუ გამოჩნდეს, დამირეკეო.
– არ დაიჯერა და ნუ დაიჯერა. გელოდოს, როდის დაურეკავ, – მიუგო ანამ ნუკას. ვანიკომ კი, რომელიც ლეპტოპის მონიტორს თვალს არ აცილებდა, ქალებს უთხრა:
– წავიდნენ სამივენი. ატბოი!
სამალავიდან ტიტე გამოვიდა, ნუკას მიეფერა და უთხრა:
– შენგან კარგი მსახიობი გამოვიდოდა. დიდებულად შეასრულე შენი როლი და ტყუილად ფიქრობ, რომ დესიატკამ არ დაიჯერა. პირიქით, მე მგონი, კარგად გააცურე.
ნუკას გაეღიმა და ტიტეს უპასუხა:
– როგორ ხარ?
– მშვენივრად, – მიუგო ტიტემ საყვარელს და ანას ჰკითხა:
– რას იტყვი, ხომ მართლა კარგად ითამაშა ნუკამ?
ანას ჩაეცინა და ტიტეს უთხრა:
– მოკლედ, ასე, ჩემო კარგებო. ვანიკომ ვიდეოთვალი თქვენს კომპიუტერზე შეაერთა და ყურადღებით იყავით. გამორიცხული არაა, კიდევ ვინმე გეწვიოთ და ღირსეულად უნდა დახვდეთ. მე და ვანიკო კი წავალთ და თუ რაიმე საშიშროებას იგრძნობთ, იცით, სად და რით დამირეკოთ.
– სად მიდიხართ, ტელევიზიაში? – ჰკითხა ტიტემ ანას.
– ჯერ ტელევიზიაში. იქიდან კი გენო კოკაიას კორპუსთან. იქაურობას ვჩიჩმავ და თუ მოხერხდა, ვიდეოთვალს დავაყენებთ, – მიუგო ანამ ტიტეს და ხუთიოდე წუთის შემდეგ ჟურნალისტი და მისი ასისტენტი უკვე ტელევიზიისკენ მიქროდნენ.
მარტო რომ დარჩნენ, ნუკა ტიტეს მიუბრუნდა:
– ტიტე, მიყვარხარ!
– მეც, – მიუგო ტიტემ.
– ხომ არასდროს მიმატოვებ?
– არა.
– ტიტე, ხომ არ მატყუებ?
– არა, – მიუგო ტიტემ და ნუკა ხელში ატატებული გაიყვანა საძინებელში.
შუაღამე სრულდებოდა, როდესაც ანა და ვანიკო, გენო კოკაიას საცხოვრებელ კორპუსს მიადგნენ. სტაჟიორს, ვიდეოთვალისა და სხვა სპეციალური მოწყობილობების აღმომჩენი აპარატურა ჰქონდა. მათ ჯერ უნდა შეემოწმებინათ, „სუფთა“ იყო თუ არა იქაურობა და შემდეგ „ეჩალიჩათ,“ კოკაიას ბინაში თუ არა, ახლო პერიმეტრზე მაინც უნდა დაეყენებინათ სათვალთვალო-მოსასმენი აპარატურა. ქალ-ვაჟს სანიტარული სამსახურის სპეციალური უნიფორმა ეცვა – პირბადეები ეკეთათ და ისე იყვნენ შენიღბულები, რომ ვიდეოფირზე მათი პიროვნებების იდენტიფიკაცია არ მოხერხდებოდა. ვანიკოს ხელში სადეზინფექციო ინსტრუმენტი ეკავა, რომელზეც აღმოსაჩენი მოწყობილობაც იყო მიმაგრებული. ეს კი სტაჟიორს იმის საშუალებას აძლევდა, ერთდროულად, სადეზინფექციო სამუშაოც ეწარმოებინა და ძებნაც. ანას კი სანიტარული ჩანთა ჰქონდა მხარზე გადაკიდებული, რომელშიც ელექტროსიგნალების მიმღებ-აღმომჩენი იყო მოთავსებული. კოკაია ცხრასართულიანი კორპუსის მეცხრე სართულზე ცხოვრობდა და მთელი ფართი მის ფეშენებელურ ბინას ეკავა. „სანიტარ-ეპიდემიოლოგები“ ოც წუთში მორჩნენ საქმეს და მანქანაში დაბრუნდნენ. ვანიკომ მიმღები მოწყობილობის მონაცემები შეამოწმა და ანას უთხრა:
– მაგ კოკაიას თორმეტი ვიდეოთვალი აქვს დაყენებული კორპუსში და ყველაფერს აკონტროლებს. რა თქმა უნდა, ჩვენც დაგვაფიქსირა და გამორიცხული არაა, ახლა ვიდეოჩანაწერს უყურებს და ჩვენი პიროვნებების დადგენაზე იმტვრევს თავს.
– ესე იგი, ვიდეოთვალს ვერ დავაყენებთ, – თქვა ანამ.
– ვერა, – დაამატა ვანიკომ.
– რა ვქნათ?
– როგორც მოვილაპარაკეთ. „მფრინავი ობობა“ გამოვიყენოთ, – თქვა ვანიკომ და ჩანთიდან სპეციალური სათვალთვალო მოწყობილობა ამოიღო, რომელსაც „მფრინავი ობობა“ ეწოდებოდა.
„მფრინავი ობობა“ სპეციალური სატყორცნი მოწყობილობის მეშვეობით მაგრდებოდა სათვალთვალო ობიექტის ბინის, მანქანის ფანჯარაზე და სიგნალს 5 კილომეტრის მანძილზე გადასცემდა. სპეციალური დისტანციური პულტის მეშვეობით კი, გადაადგილება შეეძლო. ის, როგორც ვიდეოსიგნალს, ასევე აუდიოსიგნალსაც მკაფიოდ გადასცემდა და თავისი მინიატურული ზომისა და სპეციალური საფარის მეშვეობით, ფაქტობრივად, უჩინარი იყო. „მფრინავ ობობას“ თვითლიკვიდაციის ფუნქციაც ჰქონდა. საკმარისი იყო, დისტანციური პულტიდან სპეციალურ სიგნალის გაგზავნა, რომ „ობობა“ დნებოდა, ორთქლდებოდა და არანაირ კვალს არ ტოვებდა. ვანიკომ ეს მოწყობილობა ინტერნეტის ერთ-ერთ დახურულ საიტზე ნახა, თავადვე ააწყო და პირველად უნდა გამოეყენებინა.
– როგორ ფიქრობ, იმუშავებს შენი აწყობილი შპიონი ობობა? – ცოტა არ იყოს ირონიით და უნდობლად ჰკითხა ანამ თავის სტაჟიორს.
– კი, – მოკლედ მიუგო ბიჭმა, – წავედი. შენ კი აქ იყავი.
– მეც წამოვალ, – თქვა ანამ.
– შენ აქ მჭირდები. ხომ უნდა ნახო, მიმღები მიიღებს თუ არა სიგნალს? – უთხრა ვანიკომ ანას, მანქანიდან გადავიდა და მოირდაპირე სახლის სახურავისკენ აიღო გეზი.
– ფრთხილად და ყურადღებით იყავი, ვანიკო, – უთხრა ანამ ბიჭს, რომელიც თავდაჯერებული ნაბიჯებით მიდიოდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში