კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ მოკლა ის #52

ის მკვდარი იპოვეს – უფრო სწორად, მოკლული. გულში ჩაჭედებული ტყვიით... მერე რა, რომ მაწანწალა იყო. ყოველთვის ასე არ ყოფილა. ჰქონდა სახლი და ჰყავდა ცოლი. მერე ყველაფერი ბურუსმა შთანთქა.
ინსპექტორი კურტისკენ მიტრიალდა და დაეჭვებით ჰკითხა.
– კურტ, მომისმინე. ვის უნდა მოეკლა ჯო და რისთვის? მას ხომ სულს იქით არაფერი ებადა?
კურტმა მხრები აიჩეჩა და თავი სინანულით გადააქნია.
– არ ვიცი და ვცოფდები. თითქმის მეგობრები ვიყავით. ზოგჯერ სასმელი მიმქონდა მისთვის. საცოდავი, ვის რა დაუშვა? კურტმა ზურგი შეაქცია პოლიციელებს და ნელი ნაბიჯით გაუყვა ბილიკს. მერე ჩიკის – ნაცნობი ჩინელის ბარში შევიდა. მოკლულ ჯოს ჩიკიც იცნობდა. მან კურტს შეხედა და ამოიოხრა.
– მეც ძალიან შემეცოდა, – თავი დაუქნია კურტმა.
– რაღაც მინდა გითხრა, – ჩიკმა ხმას დაუწია, – თქვენ ხომ მეგობრები იყავით?
– მთლად მეგობრობასაც ვერ დავარქმევ იმას, რაც ჩვენ შორის იყო, მაგრამ მისი მკვლელის პოვნა მინდა.
– მეც მინდა, რომ მკვლელი იპოვო. შენ ეს შეგიძლია, ბოლოს და ბოლოს, პოლიციელი იყავი, თანაც კარგი პოლიციელი.
– რამე იცი? ნუღარ გამიწელავ, პირდაპირ მითხარი.
– მოკლედ, შეიძლება, ვცდები, მაგრამ ორი დღის წინ, ერთი ჩინელი მოკლეს. შეიძლება, იცი – ჰარი ცზე. სასმელებით მამარაგებდა. არ გაგიგია?
– არა, – უხალისოდ მიუგო კურტმა, – ჯოს მკვლელობასთან რა კავშირშია?
–  ვფიქრობ, რომ კავშირშია. ფიქრობენ, რომ ჰარის მკვლელობა ტონგა-ტონგის ბანდის ორგანიზებულია. მაგრამ, ჰარი ფეხებში არავის ებლანდებოდა. როცა ჯოს ჰარის მკვლელობაზე მოვუყევი, ასეთი ფრაზა თქვა: „აი, თურმე ვინ ყოფილა“... როგორ გგონია, ეს რას უნდა ნიშნავდეს?
– არ ვიცი. ჯოსთან მეგობრული დამოკიდებულება მქონდა, მაგრამ ის მოკვდა. მკვლელს პოლიციელები ეძებენ და იმედია, იპოვიან.
– ჰო, მაგრამ ჯო კეთილი იყო.
კურტმა მხრები აიჩეჩა.
– ჰო, კეთილები გაცილებით ადრე კვდებიან...
კურტი დილით სიცხემ გააღვიძა. მზე აუტანლად აჭერდა და ოფლიანი მაისური ტანზე ეკვროდა. რაღაც გადაწყვეტილება მიიღო და ჩაინათაუნისკენ გაემართა. პირველივე ბარში შევიდა. ჩინელმა ბარმენმა ხელი დაუქნია.
– გამარჯობა, კურტ.
– ის ჰარი...
– ჰარი ცზე?
– ჰო... ვინმე დარჩა?
– ცოლი... ლოტოს ცზე. თუ გინდა, მისამართს მოგცემ. უთხარი, რომ ჩემგან ხარ. ჯოს მკვლელი იპოვეს?
– არ ვიცი, მგონი, არა. გმადლობ, რომ დამეხმარე.
***
ქალს კუპრივით შავი, პრიალა თმა და მწვანე თვალები ჰქონდა.
– ჩარლი ლუს მეგობარი ვარ. შეიძლება, რამდენიმე კითხვა დაგისვათ?
ქალის ფაიფურისებრ სახეზე ერთი ნაკვთი არ შერხეულა. მხოლოდ თვალები ჰქონდა ცოცხალი და მოძრავი. აბრეშუმის პერანგი და მოკლე ქვედაკაბა ეცვა. კოხტა ფეხები ჰქონდა, თუმცა ტანდაბალი იყო.
– კურტ კენონი ვარ, როგორც უკვე გითხარით, ჩარლი ლუს მეგობარი. თქვენი მეუღლის შესახებ რამდენიმე შეკითხვას დაგისვამთ. რით იყო დაკავებული თქვენი მეუღლე?
– ექსპორტ-იმპორტით, პატარა ოფისიც ჰქონდა ჩაინათაუნში.
– როგორ მოკლეს თქვენი მეუღლე?
– დანით. სამშაბათს, ღამით.
– დღეს კი პარასკევია, – უფრო თავისთვის ჩაილაპარაკა კურტმა და ქალს ყურადღებით მიაშტერდა. რამე ეჭვი ხომ არ გაქვთ, ვის შეიძლებოდა, ეს გაეკეთებინა?
ქალმა გულგრილად შეხედა და მხრები აიჩეჩა.
– წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენ მტრები არ გვყავს.
– ჰო, მესმის.
– არა, არ გესმით, მისტერ კენონ, – მოულოდნელად გაცხარდა ქალი და მის თვალებში ველური ნაპერწკალი გაკრთა, – ჩემი ქმარი ბედნიერი იყო, ძალიან ბედნიერი და ერთი მიზეზიც კი არ არსებობდა მის მოსაკლავად.
– მისის ცზე. თქვენ კარგად არც იცით, რით იყო დაკავებული თქვენი მეუღლე. იქნებ ბიზნესში პრობლემები ჰქონდა, იქნებ ვინმე ემუქრებოდა.
– იქნებ, იქნებ... მისტერ კენონ, თქვენ ჩემი ქმრის მკვლელს ეძებთ?
– დიახ. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ.
ქალმა ისევ გულგრილად აიჩეჩა მხრები და სტუმარი კარამდე ისე მიაცილა, ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს.
კურტმა მთელი საღამო ჩინურ კლუბებში წანწალს მოანდომა. ცდილობდა, ჰარი ცზეს შესახებ მაქსიმალურად ბევრი გაეგო. მხიარულ, კომუნიკაბელურ, შეძლებულ ჩინელს საკმაოდ ბევრი მეგობარი აღმოაჩნდა, მტერი კი – არცერთი. გვიან მორგში შევიდა და ჯოს გვამის ნახვა მოითხოვა. მორგის დარაჯმა პოლიციისგან ნებართვა მოსთხოვა და კურტიც იძულებული გახდა, ინსპექტორ მაკდოუელისთვის დაერეკა.
– რა გინდა, კენონ? მაგ საქმეს ჩვენ ვიძიებთ და დახმარება არ გვჭირდება.
– მომისმინე, ჩვენ კოლეგები ვიყავით, რაღაც ეჭვები მაქვს და უნდა გადავამოწმო. ხომ არ იცი, ჰარი ცზე რომ მოკლეს, საფულე თან ჰქონდა.
– ჰქონდა, მაგრამ ფული შიგ არ ყოფილა. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ გაძარცვის მიზნით მოკლეს. იმ საღამოს უთამაშია. ცოლმა თქვა, რომ პოკერს ყოველ სამშაბათს თამაშობდა. ეტყობა, მთელი ფული წააგო.
– ესეც ცოლმა გითხრათ და თქვენ არ გადაამოწმეთ, იმ საღამოს ნამდვილად წააგო თუ არა? იქნებ მოიგო? კარგი, კარგი, ამას მე გავაკეთებ...
კურტმა გვამი მდუმარედ დაათვალიერა და გარდაცვლილის პირადი ნივთებიც გადაჩხრიკა. რასაც ეძებდა, იპოვა. დანისთვის ხელი არ უხლია, მდუმარედ და პირქუშად ეძებდა რაღაცას. პოკერის იმ კლუბშიც შეიარა, სადაც ჩინელები იკრიბებოდნენ და გვიან ინსპექტორ მაკდოუელს დაურეკა.
 – მისამართს გეტყვი და ერთ საათში იქ გელოდები. ცზეს ცოლს რამდენიმე შეკითხვა უნდა დავუსვა და მინდა, იქ იყო.
მაკდოუელმა რაღაც ჩაილაპარაკა და ბოლოს უხალისოდ უთხრა, კარგი, მოვალო.
ქალი ისეთივე უემოციო სახით დახვდათ.
– მისის ცზე, იარაღი გაქვთ? – პირდაპირ საქმეზე გადავიდა კურტი.
ქალმა ცოტა იყოყმანა, მერე თავი დაუქნია.
– შეიძლება, ვნახო?
– დიახ, – ქალი ოთახიდან გავიდა და ცოტა ხანში პატარა რევოლვერით ხელში დაბრუნდა.
– რატომ მოკალით ჯო? – მკაცრად ჰკითხა კურტმა. ქალმა სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა.
– მან ჩემი ქმარი მოკლა, ყელი გამოჭრა და გაძარცვა პარკში, როცა ჰარი სახლში ბრუნდებოდა. ჩვენ ვიცნობდით ჯოს, ჩემი ქმარი მას სასმელს აძლევდა ხოლმე.
– ვიცი. ჯოს პირად ნივთებში ძვირფასი ვისკის სანახევროდ დაცლილი ბოთლი ვიპოვე. ამ ვისკით თქვენი მეუღლე ვაჭრობდა. დანაც გვამის ნივთებში აღმოვაჩინე...
– მე მას მხოლოდ ერთი ტყვია ვესროლე, მხოლოდ ერთი და ისიც გულში. ქვითინებდა ქალი, – იმიტომ, რომ მან მე გული გამიპო...
მაკდოუელმა კურტს შეხედა.
– გმადლობ,  კოლეგავ.
– სამადლობელი არაფერია. ახლა იცი, რაც უნდა გააკეთო. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჯო ადამიანს მოკლავდა. ის ჩემი მეგობარი იყო.

скачать dle 11.3