კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ავიწყდებოდათ ქალებს ქმრები ირაკლი უჩანეიშვილის გვერდით და რა მსხვერპლის გაღება მოუწია მის ცოლს მეუღლის გამო #52

თბილისელი კაცისთვის დამახასიათებელი  დინჯი მიხვრა-მოხვრა, იუმორი, გადმოცემის კარგი უნარი და მთავარი – განუმეორებელი ხმის ტემბრი,  რითაც თავიდანვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ყველა პოეტს სურდა, მისი ლექსები ირაკლი უჩანეიშვილს წაეკითხა და კითხულობდა კიდეც. ჩვენს თაობას კარგად უნდა ახსოვდეს 80-იან წლებში, მსახიობი და თბილისის ნამდვილი სული და გული – ირაკლი უჩანეიშვილი, რომლის გვერდით ყოფნა ყველასთვის ზეიმი იყო. თბილისელებს ის კარგად გვახსოვს გიზო ნიშნიანიძის შემოქმედებითი საღამოდან „პაემანი ვერაზე,“ სიმღერით: „ავადა ვარ ავადა“... დღეს ამ საინტერესო კაცის დღიურებს, მათთვის, ვისაც ის ახსოვს და მისი დროის თბილისის ნოსტალგია აქვს, მსახიობის ქალიშვილი, თინიკო უჩანეიშვილი გადაგიშლით.     
„ირაკლი უჩანეიშვილის და მერცია გელაშვილის სიყვარულზე თბილისში ლეგენდები დადიოდა. ერთმანეთი წვეულებაზე გაიცნეს. მამას დანახვისთანავე მოეწონა, რადგან დედა ძალიან ლამაზი იყო. თურმე, მამამ დაინახა თუ არა, მაშინვე მასთან მივიდა და პირდაპირ უთხრა, შენ ჩემი ცოლი გახდებიო. მის სიტყვებზე დედას გაეცინა, ყურადღება არ მიაქცია. მამამ გაუმეორა. ნუ იცინი, მართალს გეუბნებიო. იმ წვეულებაზე მამამ როიალზე დაუკრა თავისი დაწერილი სიმღერა და ყველას გასაგონად დედას უთხრა, ამ სიმღერას თქვენ გიძღვნითო. როიალზე სურათები ჰქოდათ დადებული. მამას მეგობარმა ინსტრუმენტი ისე გაანძრია, რომ ფოტოები გადმოცვივდა. მამამ ამით ისარგებლა და დედაჩემის სურათი ჯიბეში ჩუმად ჩაიდო. ისე მოხიბლა მერცია, რომ ერთ წელიწადში ცოლად გაჰყვა. არადა დედა მოსკოვში უნდა წასულიყო და იქ გათხოვილიყო... რუსი დიპლომატი ჰყავდა თაყვანისმცემელი. დედას ბევრი ეტრფოდა (ავტორი – ლ. ოსაძე).  როცა დაოჯახდნენ, მამა 24 წლის იყო, დედა – 23-ის... მამას სიურპრიზები უყვარდა... რომანტიკულ საღამოებს უწყობდა, თუმცა ეჭვიანიც იყო. სუფრასთან ორივენი თუ მოხვდებოდნენ, იქიდან ადრე უნდა წამოსულიყვნენ, რადგან დედაჩემით იხიბლებოდნენ და მამა ამაზე ეჭვიანობდა. დედა მხოლოდ მამასთვის უნდა ყოფილიყო, სხვას არ უნდა ეცქირა მისთვის... მამა ყველა ქალს ხიბლავდა. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეს შეყვარებულების კორიანტელი ეხვია თავს. ყველა ქალის გულის მონადირება შეეძლო. მანდილოსნებს ავიწყდებოდათ, შეყვარებულებთან ან ქმრებთან ერთად რომ იყვნენ მისული და მამაჩემის გარშემო იკრიბებოდნენ. ის თავისი ხასიათით, იუმორით, სიმღერით ხიბლავდა მათ. მიუხედავად იმისა, რომ მეგობარი ქალები ჰყავდა, მისი ერთადერთი სიყვარული დედაჩემი გახლდათ. მამას ცხოვრებაში სხვა მხოლოდ გართობა იყო…
მამა საავიაციო ტექნიკუმში ხაზვას სწავლობდა და ტანსაცმლის თარგებს გვიხაზავდა. დედაჩემს ხან რას გამოუჭრიდა და ხან – რას. ერთხელ დედას ლამაზი ჩუსტები შეუკერა. შეეძლო ავტომანქანა დაეშალა და თავიდან აეწყო. ავტომობილები ძალიან უყვარდა, მაგრამ ერთი და იმავე მანქანით დიდხანს არ დადიოდა… მშობლები 18 წელი იყვნენ ერთად. დიდ სიყვარულს შენარჩუნება და გაფრთხილება უნდა. მათ ირგვლივ იყვნენ ადამიანები, რომლებსაც შურდათ ჩემი მშობლების დიდი სიყვარული. შურმა და ჭორებმა ზეგავლენა იქონია. ისინი ოფიციალურად გაშორდნენ, მაგრამ მაინც ერთად ვიყავით. სანამ ოფიციალურად გაიყრებოდნენ, დედამ ბოლო წლებში მამას თავისუფლება მისცა, რომ თავის საქმეში ხელი არ შეშლოდა.
მამას ასეთი ჩვევა ჰქონდა – ყველას რჩევას და აზრს მოისმენდა, მაგრამ ბოლოს მაინც ისე გააკეთებდა, როგორც თავად სურდა. ამიტომ, დედა მამას აღარ ეკამათებოდა. ერჩივნა, ყველაფერი ისე გაეკეთებინა, როგორც თავად მიიჩნევდა საჭიროდ. ამით დედამ ძალიან დიდი მსხვერპლი გაიღო... მამა ერთ ქალთან წავიდა, რომლის ვინაობის დასახელება არ მინდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ისიც მიატოვა და სხვასთან წავიდა. ბოლოს კი მარტო იყო. ბაგებში, თავისი ხელით აშენებულ სახლში ცხოვრობდა, მხოლოდ ერთი ნათესავი ეხმარებოდა. მამასთან რომ ავდიოდით, ჩვენთან ერთად დედაც ამოდიოდა. საუბრობდნენ, დემოკრატიული ოჯახი გვქონდა...
...ის სუფრა, სადაც მამა იჯდა და თამადობდა, სპექტაკლი იყო. იმდენად შემოქმედებითად მიჰყავდა ყველაფერი, რომ საზოგადოებას ავიწყდებოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილი. ნოდარ მგალობლიშვილი, თენგიზ არჩვაძე, ბუხუტი ზაქარიაძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი მამას განუყრელი მეგობრები იყვნენ. ბატონი ოთარი ჩემი ნათლია გახლდათ. მამა რომ გარდაიცვალა, ბატონმა ოთარმა გამიწია მამობა.
ერთხელ, ახლობლებთან ერთად, მამა რესტორანში ქეიფობდა. მათთან ახლოს ახალგაზრდებიც იყვნენ. მამამ გიტარაზე დაკვრა რომ დაიწყო, ერთ-ერთი მასთან მივიდა და უთხრა, ამ სიმღერას ცუდად მღერით, ირაკლი უჩანეიშვილივით უნდა იმღეროთო. მამას გაეცინა და უთხრა, თუ შემხვდება, გადავცემო... მფრინავობა ვასო გოძიაშვილმა გადააფიქრებინა. საავიაციო ტექნიკუმში სწავლის დროს კლუბში სპექტაკლი დადგეს, სადაც მამამ ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა. იმ სპექტაკლს ვასო გოძიაშვილი და აკაკი ხორავა (თუ არ მეშლება) ესწრებოდნენ. მათ მაშინვე შეამჩნიეს მამა და ბუმბერაზმა მსახიობებმა თეატრალურზე ჩაბარება ურჩიეს. მამას არასდროს უნანია პროფესიის შეცვლა... გიტარა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება არ ჰქონდა, ფორტეპიანოზე ჯაზის კომპოზიციებს შესანიშნავად უკრავდა. მუსიკალური ნიჭი დედისგან გამოჰყვა. ბებია თავის დროზე ქართული ხალხური ანსამბლის წევრი გახლდათ, არაჩვეულებრივად მღეროდა...
კინოზე მეტად თეატრი უყვარდა. მისთვის სცენა ყველაფერი იყო. ბოჰემურად ცხოვრობდა, მაგრამ სპექტაკლზე ან რეპეტიციაზე არასოდეს იგვიანებდა. არაჩვეულებრივი მეხსიერება ჰქონდა. ორჯერ წაიკითხავდა და ტექსტი იცოდა… ამით ცხოვრობდა, ის გმირი იყო, ვინც უნდა ეთამაშა. სპექტაკლში „იეთიმ გურჯი” იეთიმის არაჩვეულებრივი  სახე შექმნა, რომელიც შედევრად ითვლება. დღესაც ჰიტია მისი სიმღერა „ფიფქები”, რომელიც ლენა რეხვიაშვილთან ერთად შეასრულა. ფილმებიდან კი მხოლოდ კონსტანტინე პიპინაშვილის „ზღვის შვილებსა“ და ირინა პოვოლოცკაიას „საიდუმლო კედელს” გამოარჩევდა, სადაც მამასთან ერთად, სანდრო ჟორჟოლიანი და ანდრეი მირონოვიც თამაშობენ. რატომღაც ეს ფილმი საქართველოში არ აჩვენეს... ძალიან დასწყდა გული, როდესაც გიგა ლორთქიფანიძემ „დათა თუთაშხია” გადაიღო და როლი არ მისცა. ამ ფილმში თითქმის ყველა მსახიობია დაკავებული, მაგრამ რატომღაც მამასთვის ერთი პატარა როლი არ მოიძებნა... 63 წლის ასაკში ფილტვების კიბოთი გარდაიცვალა. ავად რომ გახდა, ქვეყანაში ცუდი პერიოდი იყო, 1991–1992 წლები. მიუხედავად იმისა, რომ აპოლიტიკური პიროვნება გახლდათ, საქართველოს ბედს ძალიან განიცდიდა. რამდენჯერმე სთხოვეს მიტინგზე გასვლა, მაგრამ ყოველთვის უარს ამბობდა. მიიჩნევდა, რომ პოლიტიკა მისი საქმე არ იყო. 1989 წლის 9 აპრილის ამბები მძიმედ გადაიტანა...
ავად იყო, მაგრამ თავის საქმეს არ ღალატობდა. მაინც ითამაშა თავისი ბოლო სპექტაკლი „მარტოობის დღესასწაული”. სიცოცხლის ბოლო წლებში მონაწილეობდა გიზო ნიშნიანიძის საღამოებზე „პაემანი ვერაზე”. ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა, საავადმყოფოში იწვა, მაგრამ გიზო ნიშნიანიძის საღამოზე მაინც მიდიოდა – ღამით საავადმყოფოდან იპარებოდა, რადგან იცოდა, რომ ფილარმონიაში მაყურებელი ელოდებოდა. იცოდა, რომ საშინელი სენი სჭირდა, მაგრამ მაინც მღეროდა, საჭესთანაც იჯდა. დაავადებას არ შეეპუა, თავის საქმეს ბოლომდე აკეთებდა“.

скачать dle 11.3