როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა ყოველი დღე ღმერთთან ურთიერთობით და რატომ გვებრძვის ეშმაკი განსაკუთრებით შუადღეს #52
„ჩვენ ღირსებაშელახული ადამიანები ვართ, რადგან ადამიანის მთავარი ღირსება მისი ხატებაა, რომელიც ღმერთმა ყველა ადამიანს უბოძა: ქართველს, რუსს, სომეხს, ყველა ეროვნების ადამიანს. ასევე, მათ უბოძა მსგავსების უნარი, რომ შენი ხატება არ დაიკარგოს და მსგავსებით შენი ხატება გაბრწყინდეს და მიემსგავსო შემოქმედ ღმერთს. დანარჩენი ყველაფერი მადლით ბოძებულია – ეპისკოპოსობა, მღვდლობა, ცოლობა, ქმრობა, ყველაფერი“, – ღმერთთან ურთიერთობის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):
– ბუნებით მიღებული ღირსება, ეს არის ხატება და მსგავსება უფლისა, ხოლო მადლით მიღებული – ეს არის ის, რაც ჩვენი ცხოვრებიდან, მოღვაწეობიდან გამომდინარე მივიღეთ. რადგან ჩვენი ღირსება შელახულია, ამიტომ ვინახავთ შობის მარხვას, ველოდებით მაცხოვრის შობას, რომ ჩვენი შელახული ღირსება აღდგეს და იმ პატივში, რომელშიც მანამდე ვიმყოფებოდით, დაგვაბრუნოს უფალმა. ამისთვის საჭიროა სიყვარული, სიმდაბლე, მარხვა, ყველა ის სათნოება, რაც მარხვაში უნდა შევიძინოთ ჩვენი სარწმუნოებიდან და ღვთის მოწყალებიდან გამომდინარე. როცა ადამიანი ვერ ხვდები, რატომ უნდა ადიდო ღმერთი, ან როგორ უნდა ადიდო, ან დადიხარ ეკლესიაში, მაგრამ გული გაქვს გატეხილი, დაღვრემილი დადიხარ, არ მგონია, მართალი იყო. როცა ადამიანი სახარებას კითხულობს, მას ღმერთი ესაუბრება. უნდა ვიცოდეთ, რომ, რაც სახარებაში წერია, ყველაფერი უნდა აღსრულდეს და როგორც ხედავთ, ეს ყველაფერი ნელ-ნელა სრულდება. მე არ ვიცი, როდის მოვა მეორედ განკაცებული იესო ქრისტე, რადგან თავად მაცხოვარი ამბობს: ეს არავინ იცის, გარდა ღმერთისა. მაგრამ, ის ვიცით, რომ ეს აუცილებლად მოხდება, აუცილებლად მოვა სიკვდილი, მაგრამ ყველანი გავურბივართ. არ გვგონია, რომ მოვკვდებით, ჩვენი მეზობელი, ჩვენი ნათესავი მოკვდება, მაგრამ ჩვენ – არა. ამიტომაც, ბევრი ადამიანი არც მარხულობს, არც ლოცულობს, ელოდება რაღაცას და მერე ისე უცბად აღესრულებიან, რომ „ვაისაც“ ვერ ამბობენ. ამიტომ, ნუ გადადებთ მარხვის შენახვას, აღსარების თქმას, ლოცვას, ზიარებას.
– როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა დილა უფალთან ურთიერთობით?
– ერთმა თანამედროვე მოძღვარმა დასავლეთ ევროპაში დაწერა „წერილი ღმერთისგან“, რომელიც წაუკითხა თავის მრევლს. ის, რაც აქ წერია, ყველას გვეხება. „მოგესალმები, როგორ ხარ“– ასე იწყება ეს წერილი. ვიღაც იტყვის, ღმერთი მესალმება? ყოველ დილას გადგათ ღმერთი თავზე და გეუბნებათ: დილა მშვიდობისა, ჩემო შვილო, როგორ გეძინა, როგორი აზრები გქონდა – აი, ამის განცდა უნდა გვქონდეს ყოველ დილით. მაგრამ, ადამიანს ეს არასდროს ახსოვს. რა თქმა უნდა, ხიბლში არ უნდა ჩავვარდეთ და არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ქრისტე დგას ჩვენ გვერდით და გვიყურებს. პავლე მოციქული ამბობს: მისი უხილავი, მარადიული ძალა, ქმნილებათა ხილვით შეიცნობაო. რომ გათენდა, მზე დაინახე, შენ დაინახე იესო ქრისტე და ხვდები, რომ ის შენთან არის. რადგან ხომ შეიძლება, არ გათენდეს, ტკივილებში, სნეულებაში გაიღვიძო. ამიტომ, როცა კარგად გათენდება, უნდა მიხვდე, რომ შენთან არის იესო ქრისტე, რომელიც გეკითხება, როგორ ხარ და შენ ამ დროს არაფერს პასუხობ, არაფერს ეუბნები. „მინდა დაგელაპარაკო, მაგრამ შენ დრო არ გაქვს, ამიტომ წერილს გწერ“. ღმერთი კარგად არის, მაგრამ, აბა, შეხედე შენს მშობლებს თვალებში, როგორ არიან ისინი. თუ შენ ცუდად ხარ, როგორ იქნებიან შენი მშობლები კარგად? ასეა ღმერთიც. შენ თუ პრობლემები გაწუხებს, ცუდად ხარ, ვერც ის იქნება კარგად. „მე გუშინაც ვიდექი შენს საწოლთან და გელოდებოდი, როდის გაიღვიძებდი, გელოდებოდი, რომ შენთვის ძალასა და საქმეებში დაჯერებულობა მომეცა და დამეჯილდოებინე ახალი დილით“. გელოდება უფალი, რომ უთხრა: „უფალო, შემიწყალე“ და მან მოგცეს ძალა, რომ ეს დღე მშვიდობიანდ, კარგად დასრულდეს. მაგრამ შენ კედლისკენ მიბრუნდი, რათა ძილი გაგეგრძელებინა რამდენიმე წუთით. ამას რამდენი ადამიანი აკეთებს, ხანდახან გვეზარება, ავდგეთ და გადავბრუნდ-გადმოვბრუნდებით ლუარსაბივით. „მე ისევ ვიდექი და გელოდებოდი, ისე, როგორც ადამიანები დედამიწაზე არასდროს ელოდებიან ხოლმე, არ ვჩქარობდი. მოგვიანებით, დრო საერთოდ არ დაგრჩა, იბანდი, იცვამდი და წახვედი. მაგრამ სარკეში შენმა ნაჩქარევმა, დაღლილმა მზერამ მიმახვედრა, რომ შენთან ყველაფერი კარგად არ არის“. ხანდახან საკუთარ მზერას დააკვირდით ხოლმე, რომელსაც ხშირად თვალს ვარიდებთ, რადგან არ მოგვწონს, არ ვაქცევთ ყურადღებას. როგორც უნდა გაექცე საკუთარ თავს, ღმერთს, მაინც ვერ გაექცევი ბოლომდე. სარკეში რომ ჩაიხედავ, არ არსებობს, საკუთარ თავში არ დაინახო სევდა, მწუხარება, ის პრობლემები, რომელსაც ხანდახან ყურადღებას არ ვაქცევთ და გარკვეულ საფარველს ვაფარებთ. „წამიერად შენი ფიქრების ხატება ჩემკენ გამოემართა და ვიფიქრე, რომ შენ ჩემთან დაიწყებდი საუბარს“.
– როგორ უნდა დაიწყოს ადამიანმა ღმერთთან საუბარი?
– ზოგჯერ პატარა სულიერების ნაპერწკალი გაიღვიძებს ხოლმე ჩვენში, გვინდა, უფალს რაღაც ვუთხრათ, ღმერთიც ამ დროს ჩვენკენ ტრიალდება, მაგრამ ჩვენ არ ვაქცევთ ყურადღებას, გავრბივართ. „მე მზად ვიყავი, ისევ მენუგეშებინე, მაგრამ შენ ისევ ერთობოდი ამაო საქმეებით. დღისითაც, ჩემო მეგობარო, ისევ და ისევ სულიერ საუბარში შენთან შემოსვლას ვცდილობდი, ერთი წამითაც არ დამიტოვებიხარ, მაგრამ შენი მზერა მე არ მეძებდა”. სამაგიეროდ, შენი მზერა ეძებდა ვიღაც კაცს, ქალს, რეკლამას, ძვირფას მანქანას, სახლს, ღმერთი კი გელოდებოდა, რომ მისთვის შეგეხედა, პირჯვარი მაინც გადაგეწერა. „გახსოვს საუზმე, გემრიელი საჭმელი? – ეს ჩემი საჩუქარი იყო“, როცა მაძღარი ხარ, არ გახსოვს ღმერთი, მაგრამ როგორც კი მოგშივდება, მაშინვე იტყვი: სად არის ღმერთი, რატომ მშია. შემდეგ სადილი, ისევ შენი მძიმე გამოხედვა. 90-ე ფსალმუნში ქრისტიანი ღმერთს ევედრება „ეშმაკისგან შუადღისა“. შუადღეს ადამიანი შედარებით მოცლით არის, ისვენებს და ამ დროს უამრავ ცოდვას სჩადის და ისეთი გადაღლილი იყავი შუადღეს, რომ მე ისევ არ გაგახსენდიო, – ამბობს ღმერთი. „ვიდექი შენ ზურგსუკან, ვიდექი იქვე და ველოდებოდი, თუ როდის დაძრავდი, თუნდაც ერთ სიტყვას და ბოლოს და ბოლოს, დაიწყებდი ჩემთან საუბარს – რაიმეს მთხოვდი და მეც დაგეხმარებოდი პრობლემების მოგვარებაში“. უამრავი პრობლემა გვაქვს, ჩვენისთანა დაცემულ ადამიანებს ვუყვებით და ერთ სიტყვას არ ვეტყვით უფალს: ღმერთო, დააჭკვიანე ჩემი ქმარი, შეეწიე, რომ დადგეს ფეხზე. „მაგრამ შენს აზრებს ისე შორს მიჰყავდი, რომ ჩემ მიმართ ისევ რჩებოდი ყრუდ და მუნჯად. მაგრამ, როდესაც შენთან ცუდი ამბავი მოვიდა, შენი თვალებიდან ნაკადულივით ცრემელები გადმოვიდა, იმის იმედით, რომ ოდესმე გამოგდგომოდი ბოლოს და ბოლოს. ოჰ, როგორ მინდოდა, ცრემლები შემეშრო შენთვის“. ყველაზე ძალიან რომ გაგიჭირდება, რა უნდა თქვა, თუ არა „უფალო, შემიწყალე“. უნდა სთხოვო ღმერთს დახმარება, ლოცვა დაიწყო, სინანული, ცოდვების მონანიება. მაგრამ, სამწუხაროდ, არც მაშინ ხდება ეს. „და საღამოს სამსახურიდან სახლში დაბრუნებული, შენ ისევ არ იყავი ჩემთან. ნაჩქარევი ვახშმის შემდეგ უეცრად, უდარდელად თავი ჩაყვინთე ტელევიზორთან. პროგრამებმა გაგართეს დიდხანს. ალბათ, ისინი მნიშვნელოვნად მიგაჩნია, ჩემზე უფრო მეტად. ალბათ, ისინი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ღმერთთან საუბარი. რატომ „მაიგნორებ“ მე. შენ უკვე ძალა გამოგელია, მე მესმის შენი, დაიღალე. რა სამწუხაროა, რომ არ მამჩნევ მე და ისევ მიდიხარ, იძინებ. მე კი რამდენის მოსმენა მინდოდა შენგან. აზრმა ჩემზე გაგიარა წამიერად, მაგრამ ეს იყო ძილქუშის სივრცე. რა სამწუხაროა, რომ ძილი მოგერია და ღრმად ჩაეფლე მის სიღრმეში. მთელი დღის განმავლობაში ჩემთვის სიტყვაც კი არ დაგცდენია. რისთვის არ გიყვარვარ ასე? მაგრამ მე ხვალ ისევ მოვალ, რომ ისევ გაკურთხო მეორე დღისთვის. იმისთვის არ დამიწერია ეს ყველაფერი, რომ გეწყინოს ან ტკვილი მოგაყენო, არამედ დაგეხმარო საქმით და რჩევით. მე ვეღარ ვაკავებ ჩემს სიყვარულს შენდამი, ჩვენი ურთიერთობის წყალობით, შენი სულიც და სხეულიც ჩემი გახდება, მე ვიქნები შენ გვერდით მუდამ და გელი. დამიჯერე, ორივე ერთად შევძლებთ ყველაფერს. სიყვარულით შენი მაცხოვარი იესო“. ეს ყველაფერი რეალობაა და რომ დგებით, მადლობა უთხარით ღმერთს; რომ გადიხართ სახლიდან, შემწეობა უთხარით მშობლებს, ღმერთს. საღამოს, შუადღისას თქვენი სული, მზერა, გონება მიაპყარით ღმერთს. ღმერთი არ დაიღლება ლოდინით, მაგრამ თქვენ დაიღლებით და ჩვენი ღირსება უფრო მეტად შეიბღალება. ამიტომ, გავაგრძელოთ საუბარი ღმერთთან.