კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აპირებს დონალდ ტრამპი აშშ-დან გატანილი კაპიტალის დაბრუნებას და უმუშევრობის დაძლევას მსოფლიო ვალუტების ხარჯზე #52

ლარის გაუფასურებას, ცხადია, საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს: ეს პროცესი არც ემოციების ნაკლებობას უჩივის და არც აზრთა სხვადასხვაობის. მეორე მხრივ, ზოგადად, თითქმის ყველა ვალუტა გაუფასურდა (მეტნაკლებობით), რაც პირდაპირ უკავშირდება მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, თუმცა ჩვენს ლარს იმპორტდამოკიდებულებაც ამძიმებს. დიდი ალბათობით, პროცესი გაგრძელდება, ვინაიდან დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, ბოლომდე აასრულებს თავის წინასაარჩევნო დაპირებას ამერიკული კაპიტალის სამშობლოში დაბრუნების შესახებ (ამის წყალობითაც შეძლო მან გამარჯვება), რაც იმას ნიშნავს, რომ დოლარი ძვირი სანახავი გახდება, ანუ ყველას გაუძვირდება. როგორია ვალუტების მომავალი ახალ პოლიტიკურ-ეკონომიკურ რეალობაში და, მათ შორის, ამ ჩვენი ლარისაც, –  თემას ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად განვიხილავთ.
–  როგორი ვითარებაა ჩვენ გარშემო რეგიონში ეროვნულ ვალუტებთან მიმართებაში: ქართული ლარი კონტექსტიდან ამოვარდნილად უფასურდება თუ მიჰყვება მსოფლიოს სავალუტო რეალობას? და, საერთოდაც, ლარი არის იმ ტიპის ვალუტა, რომ მაინცდამაინც, ფეხდაფეხ მიჰყვეს ზოგად ტენდენციას?
– მახსენდება ძველი ისტორია. გასული საუკუნის 60-იან წლებში, ცნობილმა ნორვეგიელმა მოგზაურმა დაასაბუთა, რომ საზღვაო კატასტროფებისას ადამიანთა უმეტესობა იღუპება არა კატასტროფით, არამედ პანიკური შიშით იმ სიტუაციაში არასწორი ქცევის გამო. პირდაპირი ანალოგია არ არის, თუმცა გარკვეული მსგავსება შეინიშნება. კარგი ქართული ანდაზაა: ისე არ წვიმს, როგორც ქუხსო. საქართველო არ არის გამონაკლისი გლობალურ პროცესებში, მათ შორის, ამერიკულ დოლართან ეროვნული ვალუტების კურსების მიმართებითაც. ჩვენ უფრო პოლიტიკურ აქცენტებზე გადავიტანეთ ყურადღება, თუმცა თვითონ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებში იყო რამდენიმე აქცენტი.
– ამერიკული კაპიტალის სამშობლოში დაბრუნება?
– კაპიტალის დაბრუნება: 2,4 ტრილიონი დოლარის დაბრუნებაზეა ლაპარაკი. ცხადია, ეს რესურსი ერთბაშად არ მიაწყდება ამერიკის სანაპიროებს, მაგრამ შექმნის ტრენდს. თანაც, ტრამპმა განაცხადა, რომ ის აპირებს, გააუქმოს ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება, რომელსაც კლინტონმა 22 წლის წინათ მოაწერა ხელი. ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს, თუმცა ჩანს ერთი რამ: ტრამპი აპირებს რეალური სექტორის განვითარებას ამერიკაში და იმ პროცესისთვის ბოლოს მოღებას, რომელსაც მან უწოდა: ჩვენგან გავიდა კაპიტალი და შემოვიდა ნარკოტიკები და უმუშევრობა. მექსიკაში საშუალო ხელფასია 950 დოლარი, ამერიკაში –  4 000 დოლარი და როდესაც კაპიტალს არანაირი ბარიერი არ აქვს, ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ურჩევნია, გავიდეს სამხრეთში, იქ შექმნას პროდუქცია და შემდეგ მზა პროდუქცია შეიტანოს. ამის გამო, ამერიკის შიდა რეგიონები დაკნინდა და ამის მაგალითია დეტროიტი, რომელიც თავის დროზე ამერიკული ოცნების განსახიერებას წარმოადგენდა. დღეს კი დაკნინებული და ნარკომანებისა და უმუშევრების თავშეყრის ადგილია.
– „ვიქტორია სიქრითიდან“ გამოწერილ ტანსაცმელს აწერია, რომ ჩინეთშია დამზადებული, თუმცა ნამდვილად „ვიქტორია სიქრითის“ პროდუქციაა.
– არათუ ამერიკაში, ბუკინგემის სასახლესთან ელიზაბეტ მეორის სურათს ან რამე სამახსოვრო სუვენირს თუ შეიძენთ, გადმოატრიალებთ, წაიკითხავთ, რომ ჩინეთშია დამზადებული. ასეთი სევდიანი ხუმრობაცაა: უფალმა სამყარო შექმნა ექვს დღეში, ყველაფერი დანარჩენი კი ჩინელებმა აწარმოესო. ერთი სიტყვით, ტრამპმა ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგა.
– გადადგა უკვე კონკრეტული ნაბიჯები თუ უკვე ამუშავდა მისი წინასაარჩევნო დაპირება, რადგან ითქვა?
– ნაბიჯებიც გადაიდგა: მაგალითად, წლების განმავლობაში ფედერალურ სარეზერვო სისტემას განაკვეთები ჰქონდა სიმბოლურად ძალიან დაბალ დონეზე: 0,25 პროცენტი, შარშან აიწია 0,50-მდე, 14 დეკემბრიდან კი გახდა 0,75 პროცენტი. ანუ კომერციული სექტორისთვის დოლარების მიწოდება გააძვირა. ჩვენთან 6,5 პროცენტია ეროვნული ბანკის რეფინანსირების პროცენტი, თუმცა ჩვენი და ამერიკის შედარება უადგილოა. ჩვენთან გლობალური მასშტაბით დაიწყება პროცესი, როდესაც დოლარზე მოთხოვნა გადააჭარბებს მიწოდებას. ტრამპის პოლიტიკაა: ჩემი ოქრო ჩემთან, ანუ ამერიკის ფინანსური რესურსი ამერიკის ეკონომიკას. დასაფიქრებელია, რას მოიტანს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში, რადგან მსოფლიო ცივილიზაცია ვაჭრობის განვითარებით ჩამოყალიბდა. მაგრამ განჭვრეტად მომავალში ძლიერი დოლარის ეპოქაში მოგვიწევს ცხოვრება.
– და რას ნიშნავს ეს?
– ავიღოთ მსხვილი ვალუტები: 30 ივნისიდან დღემდე ევროს დევალვაციამ  შეადგინა 7,1 პროცენტი, იენის დევალვაციამ –  13,4 პროცენტი, თურქული ლირისამ –  20, 2 პროცენტი, ქართული ლარი კი გაუფასურდა 17 პროცენტით. ამდენად, გადაჭარაბებული იქნება იმის თქმა, რომ რამე განსაკუთრებული მოუვიდა ლარს.
– მესმის, გლობალური ეკონომიკის გავლენა, რომ ჩვენთან იმპორტი რამდენჯერმე აჭარბებს ექსპორტს, მაგრამ ჩვენი ეკონომიკა ისეთი მოცულობისაც ხომ არ არის, რომ სავალუტო რყევები ასე უმალ აისახოს მასზე?
– იაპონიის იენაზე ვერავინ იტყვის, რომ მისი ეკონომიკა სუსტია, მაგრამ ისიც გაუფასურდა 13,4 პროცენტით, თურქეთში გაცილებიც მეტად დაეცა ლირა. თურქეთი ჩვენი ძირითადი საგარეო სავაჭრო პარტნიორია და ეს ნიშნავს თურქული საქონლის გაიაფებას საქართველოს შიგა ბაზარზე. ეს, ერთი შეხედვით, თითქოს კარგი პროცესია, მაგრამ თურქული საქონლის სიიაფე არ ნიშნავს, რომ მუქთად მოგცემენ. მის შეძენას გარკვეული თანხა სჭირდება. თუ ჰიპოთეტურ სცენარს წარმოვივდგენთ, რომ იმდენად იაფია თურქული საქონელი, ადგილობრივი წარმოება გააჩერა, ადგილობრივმა მოსახლეობამ საიდან უნდა იშოვოს ფული, რომ ის იაფი საქონელი შეიძინოს?!
– საიდანაც მანამდე შოულობდა, სანამ გაიფდებოდა?
– ანუ გარკვეული პროპორცია უნდა იყოს დაცული. მე ახლა ერთ ციფრს დაგისახელებთ, რომელიც, ვფიქრობ, მკითხველისთვის საინტერესო იქნება: ჩვენ დიდწილად იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ, მშპ-ს 60 პროცენტი მოდის იმპორტზე და შეიძლება, ესეცაა ერთი მიზეზი იმისა, რომ მეტად მგრძნობიარეა ჩვენი ვალუტა დოლარის მიმართ, თორემ თურქეთის იმპორტის მაჩვენებელი მშპ-სთან არის 23 პროცენტი. ანუ თურქეთისთვის, იმპორტის მცირე მოცულობის გამო მთლიან შიგა პროდუქტთან, ვალუტის გაუფასურების გავლენა მთელ ეკონომიკაზე, ფასების მატებაზე, ისეთი დიდი არ არის, როგორც ჩვენთან. ასე რომ, ჩვენთან, პირობითად, 10-პროცენტიანი დევალვაცია შეიძლება, უფრო მგრძნობიარე იყოს, ვიდრე თურქეთში ლირის 20-პროცენტიანი დევალვაცია. ამდენად, შესაძლოა, არაპოპულარულ განცხადებას ვაკეთებ, მაგრამ კურსის დაჭერა არ უნდა იყოს ხელისუფლების ამოცანა. ხელისუფლების ამოცანა უნდა იყოს მონიტორინგი, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკაში ისეთი იმპულსების წახალისებას, რომ მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა არ შემცირდეს. პირობითად, თუ პენსიონერს თავისი პენსიით შეუძლია, შეიძინოს 20 კილოგრამი ხორცი, ეს ციფრი არ უნდა შემცირდეს.
– და როგორ? ფასებს როგორ დაარეგულირებს თუ პენსია უნდა გაზარდოს? ანუ რა კონკრეტული ნიბიჯები უნდა გადადგას?
– ჩვენ უნდა წავახალისოთ ადგილობრივი წარმოება და გადასახადები შევუმციროთ. ავიღოთ ერთი მილიონი ღირებულების ადგილობრივი საქონლის წარმოება და ერთი მილიონის იმპორტირებული საქონელი. ყოველი ერთი მილიონი დოლარის ღირებულების იმპორტის შემთხვევაში, ჩვენ ვკარგავთ, დაახლოებით, 60-65 სამუშაო ადგილს, ის ფული რომ ქვეყნის ეკონომიკაში ჩაგვედო და შეგვეძინა ან შეგვექმნა ადგილობრივი  პროდუქცია, შევქმნიდით 60-65 სამუშაო ადგილს. ლაპარაკია მაღალტექნოლოგიურ სამუშაო ადგილებზე, წლიურად 20 000  ლარის რესურსი რომ სჭირდება. ჩვენი იმპორტის მაჩვენებელი 7 მილირად დოლარზე მეტია. ჰიპოთეტური ვარიანტი რომ დავუშვათ, თუმცა არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც არ აქვს იმპორტი, უარი ვთქვათ იმპორტზე და ადგილზე ვაწარმოოთ პროდუქცია, იმავე მოცულობის პროდუქციის წარმოებისთვის 450 000 სამუშაო ძალა დაგვჭირდებოდა. დღეს ოფიციალურად რამდენი უმუშევარია?! 300 000. როდესაც იმპორტზე ვართ ორიენტირებულები, ხელს ვუწყობთ იმ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას, საიდანაც ჩამოგვაქვს საქონელი, ხელს ვუწყობთ იმ ქვეყნის ბიუჯეტის შევსებას და ჩვენი ქვეყანა გვრჩება განზე. ამიტომ ადგილობრივ ბიზნესს სჭირდება წახალისება. აი, ეს არის ერთ-ერთი ძირითადი გზა საიმისოდ, რომ შევძლოთ კონკურენტუნარიანობის გაძლიერება. რაღა შორს მივდივართ: ჩვენ გვაქვს ნახევარი მილიარდი დოლარის ოდენობის უარყოფითი სალდო აგროსასურსათო პროდუქციაზე. ესე იგი, ჩვენ რომ ნულოვანი სალდო გვქონდეს, 500 მილიონი დოლარი დარჩებოდა საქართველოში და ლარის კურსიც უფრო დაბალი და ღირსეული იქნებოდა.
– ფასების გაძვირებაზე ჯერ არ ასახულა, ვგულისხმობ ჰიპერმარკეტებსა და სუპერმარკეტებს, თუმცა თამბაქო გაძვირდა უკვე…
– ყველა ის საქონელი, რომლებზეც დაანონსებულია აქციზის განაკვეთის ზრდა, უკვე გაძვირდება. მართალია, ინფლაცია ეკონომიკური კატეგორიაა, მაგრამ ეს არის ყველაზე სუბიექტური ეკონომიკური კატეგორია. მის სიდიდეში აისახება არა მხოლოდ ის, რაც უკვე მოხდა და ხდება, არამედ ისიც, რაც შეიძლება, მოხდეს მომავალში. ამიტომ, თუ აქვს მწარმოებელს, ბიზნესმენსა თუ მომხმარებელს, ურჩევნია, ახლა, ახალ წლამდე, ოდნავ უფრო ძვირად შეიძინოს,  სანამ მომავალ წელს მაინც მეტად გაძვირდება, ამით კი თანხა დაზოგოს. მყიდველიც თადარიგს იჭერს იმ საქონელზე, რომელიც მაინც გაძვირდება გარკვეული თარიღის შემდეგ.
– სურსათის ფასებზე ლარის კურსი როდის აისახება? თუმცა, როგორც ადრე მითხარით, ფასები არ იზრდება ზუსტად იმდენითვე, რამდენითაც ეცემა ეროვნული ვალუტა.
– ეს იგივეა, სუფრაზე რომ შეეკითხოთ ადამიანს, რამდენი ჭიქის შემდეგ გრძნობ სიმთვრალესო.
– ყველა განსხვავებულად.
–  რა თქმა უნდა, ფასები გაიზრდება. საერთოდ, კაცობრიობის ისტორია არის ფასების ზრდისა და ინფლაციის ისტორია. რომ შევადაროთ: ამერიკულ დოლარს დღეს აქვს 16-ჯერ ნაკლები მსყიდველობითუნარიანობა, რაც ჰქონდა ასი წლის წინათ. ეს შეუქცევადი პროცესია, მაგრამ ცალსახად შემიძლია, გითხრათ, როგორც ეკონომისტმა, რომ ფასების ზრდის ტენდენცია მნიშვნელოვნად ჩამორჩება ლარის გაუფასურებას. შესაძლოა, ცალკეულ საქონელზე, რომელიც არ არის ფართო მოხმარების, მყისიერად გაიზარდოს, მაგრამ ეს გავლენას ვერ მოახდენს ფასების საერთო დონეზე. მაგალითად, გაიზარდოს ბილეთების ფასი რომელიმე ჩამოსული მეგავარსკვლავის კონცერტზე. ამდენად, გარკვეული მოთმინებითა და რაციონალური მიდგომით უნდა ვიხელმძღვანელოთ. იმიტომ რომ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველი 25 წელიწადი აღინიშნება, მეტ-ნაკლებად წარმატებითა თუ წარუმატებლობით, საფინანსო ინსტიტუტების ფორმირებით და კიდევ 25 წელიწადი გვჭირდება, რომ ჩამოვყალიბდეთ, როგორც საბაზრო ეკონომიკის მენტალობის მქონე ერი. რომელმაც იცის რაციონალიზმი და მოვლენებს აფასებს არა მარტო ემოციურად, არამედ რაციონალურად. ყოველ შემთხვევაში, არ არის აუცილებელი, ერკვეოდეს ჰეჯირებაში, მაგრამ ეცოდინება საბაზრო ეკონომიკის ძირითადი ანაბანა.
– მაშინ რა აზრი აქვს ეროვნული ბანკის მიერ დოლარების გამოტანას გასაყიდად? თქვენი შეფასებებიდან გამოვიტანე დასკვნა, რომ ამას აზრი მაინც არ აქვს და უბრალოდ, სავალუტო რეზერვებს ვანიავებთ?
– არც უმაგისობაა… თუმცა, როდესაც საზოგადოების დიდი ნაწილი ეგზალტირებულია… ხომ გახსოვთ, რა გადაწყვეტილება მიიღო პილატე პონტოელმა, ქრისტე რომ უნდა გაესამართლებინა?!
– ხელები დაიბანა.
– დაახლოებით, ასევე იქცევა ეროვნული ბანკიც. საზოგადოების დიდი ნაწილის მოთხოვნაა, რომ შევინარჩუნოთ ის კურსი, რაც არის. მართალია, ეს ირაციონალური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეროვნული ბანკი ჩათრევას ჩაყოლას ამჯობინებს. არ ვისურვებდი ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობის ადგილზე ყოფნას, მიუხედავად მათი მაღალი ხელფასებისა.

скачать dle 11.3