უფლებადაცული მკვდრები #52
რაკი, ზოგადად, პაპზე უფრო კათოლიკენი ვართ და შესაძლოა, იმიტომაც, რომ ერთ დროს „დემოკრატიის შუქურაც“ კი გვიწოდეს (და მერე რა, რომ ეს „შუქურა“ ღარიბი ნათესავივით დაყუდებულა „ნატოსა“ თუ ევროკავშირის კართან, ზედაც – ხელგაწვდილი?!), ჩვენებურ არასამთავრობოთა კოჰორტა ისეთ თემას გამოამზეურებს ხოლმე, რომ არ იცოდეთ, დემოკრატიის მებაირახტრეები ბრძანდებიან, დაინტერესებული ქვეყნების სპეცსამსახურები ეგონებოდა გულუბრყვილო ადამიანს.
ერთი სიტყვით, ამჯერად, ჩვეულებისამებრ, მეტად ამაღელვებელი და შთამბეჭდავი სახელწოდების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციამ (სახელდობრ, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“), არც მეტი, არც ნაკლები, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა, არც მეტი, არც ნაკლები, კონტრდაზვერვის (აი, უცხო ქვეყნის აგენტურასა და სპეცსამსახურებს რომ ებრძვის) საქმიანობის შესახებ კანონში რიგი მუხლების გასაუქმებლად (მეტად კეთილშობილური მოტივით: ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს არღვევსო; ჰოდა, რაკი, მათი აზრით, არღვევს, მათმა გულებმაც ვერ გაუძლო და სამართლის აღსრულება გადაწყვიტეს).
მეორე მხრივ, პარიზული ტერაქტის შემდეგ ევროკავშირმა სპეციალური მიმართვით მოუწოდა სახელმწიფოებს გაამკაცრონ კანონმდებლობა, რათა კონტრდაზვერვით სამსახურებს მეტი საშუალება მიეცეთ უფლებამოსილების განხორციელებისთვის.
თუმცა, ესეც რომ არ იყოს, თუ გავიხსენებთ, რომ ტერორიზმის ალყაში ვართ, იმას გარდა, რომ სახალიფოს რუკაზეც მოვიაზრებით (ერთი ისაა, რომ ჯერჯერობით ტერორისტებს იმდენადაც არ ვაინტერესებთ, ტერორისტული აქტები მოგვიწყონ, ოღონდ ეს სავსებით რეალური პერსპექტივაა, როცა და როგორც კი დასჭირდებათ) და, რაც მთავარია, ახლო აღმოსავლეთში ვითარება ისევ უკიდურესად გამწვავდა, რთული სათქმელია, რატომ შეუტიეს ამ ჩვენს სპეცსამსახურს დემოკრატიის დროშით?!
ვითომ – დაე, ტერორისტის მიერ მოკვდინებულები, მაგრამ უფლებადაცულები გადავბარგდეთ იმქვეყნად?! იმას გარდა, რომ ფრიად საინტერესოა, ნეტავ, ვისი ინეტერესი შეიძლება, იყოს ქართული სპეცსამსახურის კიდევ უფრო დასუსტება?!