რატომ ეძებდა ნინი ონიანს ქმარი ორი დღის განმავლობაში ქალაქში და რა პირადი მიზეზის გამო ამოჭრა ის მაია ასათიანმა გადაცემიდან #51
ნინი ონიანის გათხოვებამ დიდი ინტერესი გამოიწვია საზოგადოებაში. სოციალურ ქსელში ბევრი დაიწერა წყვილის შესახებ. თავად ნინი ამ თემაზე არ საუბრობდა და ინტერვიუებისგანაც თავს იკავებდა. როგორც ამბობს, გადაწყვიტა, ეს წელი ნაკლებად მიიქციოს ყურადღება და დროებით, აქტიურ ცხოვრებას ჩამოშორდეს. თუმცა, ამაში არ იგულისხმა კარიერა. ის, ისევ წარმატებით განაგრძობს „ქალთა სახეებში“ მუშოაბს. მისი ოჯახური ცხოვრების შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ.
– მეუღლეზე მოგვიყევი, როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– ძალიან რომანტიკულ გარემოში გავიცანი. კინოში რომ ხდება, ზუსტად ისე იყო. ოღონდ ამას მერე მივხვდი, იმ მომენტში, ვერა (იცინის). ეგვიპტეში, ზღვაზე გავიცანით ერთმანეთი. „ნანუკას შოუდან“ ვიყავი წასული და სადაც თავად ვაჟიკო მუშაობს იმ ტურისტულმა სააგენტომ წაგვიყვანა. რამდენიმე დღე ერთად გავატარეთ. საქართველოში რომ დავბრუნდით, ნომერი არ გამომართვა, თავი დაიფასა. სამაგიეროდ, მთელი ორი დღე მეძება ქალაქში (იცინის). ბოლოს მიპოვა და მერე ჩვეულებრივად გაგრძელდა ურთიერთობა – დამპატიჟა, წავედით-წამოვედით და ასე.
– მალე გადაწყვიტეთ დაქორწინება?
– ნახევარ წელში მოვასწარით ყველაფერი (იცინის). არ მიორჭოფია, ისე გავყევი ცოლად. არ ვიცი, ასე უცებ რამ მიმაღებინა გადაწყვეტილება. ადრეც მქონია მსგავსი შემთხვევები – ცოლად გამომყევი და ასე შემდეგ, მაგრამ ვერასოდეს ვდგამდი ამ ნაბიჯს. ზოგადად, ქართული კლასიკური გაგებით, არ ვარ ოჯახის ქალი. არასოდეს მდომებია გათხოვება, ქმარი, შვილები და ასე შემდეგ. პირიქით, ყოველთვის ვიყავი აქტიური, კარიერისტი და ბობოქარი ცხოვრება მქონდა. თავისით მოვიდა ეს ემოცია და მივხვდი, რომ მინდოდა ამ ნაბიჯის გადადგმა და მეც აღარ დავუდექი წინ. წლები მქონია ურთიერთობა ადამიანებთან და იმათ არ გავყოლივარ. თავად ძალიან თავდაჯერებულია და ამანაც მიბიძგა. თითქოს ეს ასეც უნდა მომხდარიყო. მითხრა: გამომყევი ცოლადო და მეც ვუპასუხე, კაი-მეთქი (იცინის).
– ხელის თხოვნის მომენტი როგორი იყო?
– მუხლზე არ დამდგარა და ისე არ უთხოვია ხელი (იცინის). მოვიდა და ბეჭედი მაჩუქა. არ არის ისეთი ტიპი, რომანტიული მუსიკისა და ვიოლინოების ფონზე, დამდგარიყო მუხლზე. ვხვდებოდი, რომ უკვე ამ ეტაპისკენ მიდოდა ჩვენი ურთიერთობა, მაგრამ მაინც მოულოდნელი იყო. არ მეგონა თუ 6 თვეში ყველაფერს გადავწყვეტდით.
– როგორ ჩაიარა ქორწილმა, თაფლობის თვემ?
– ქორწილი გვქონდა ვიწრო წრეში – 80 კაცი იყო სულ. მეგობრები და ძალიან ახლობლები იყვნენ. ზოგადად, არ მიყვარს დიდი შეკრებები. ისიამოვნა ყველამ. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, არავის უჩხუბია (იცინის). მე გავერთე ყველაზე მაგრად. ერთი წუთითაც კი არ დავმჯდარვარ, არაფერი მიჭამია. ყველა მაგიდასთან მივდიოდი და ვსვამდი. ძალიან რთული იყო ორგანიზება. არ მეგონა, ასეთი რთული თუ იქნებოდა, ვინ რომელ მაგიდასთან დამესვა. თავიდან მეგონა, მარტივია – 80 კაცი მოდის, 10 მაგიდა და მორჩა. თურმე, ასე არ არის. ბევრი ვინერვიულე, ბევრი წინააღმდეგობა გადავლახეთ, როგორც გვინდოდა, ისე არ გამოდიდოდა... მოკლედ, საბოლოოდ, ისე ჩატარდა ყველაფერი, როგორც გვსურდა. ქორწილის მერე, ორ დღეში გავფრინდით ევროპაში და არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ჯერ წავედით ჰოლანდიაში, მერე ბელგიაში, ბოლოს ისევ, ჰოლანდიაში დავბრუნდით.
– ყველაზე უცნაური საჩუქარი რა იყო?
– არაფერი. არ გამიმართლა და უცნაური საჩუქარი არ მოუტანიათ (იცინის). კლასიკურად სამკაულები, სუნამოები და მსგავსი რაღაცეები მაჩუქეს.
– როგორ მოირგე ცოლის როლი?
– რომ მეკითხებიან, როგორია ოჯახური ცხოვრებაო, არ ვიცი, რა ვუპასუხო. ისეთივეა, როგორიც მანამდე იყო. არაფერი შეცვლილა. ძალიან მეგობრულია ჩემი ბიჭი. პრობლემა არაფერზე მაქვს. ისევ ვმუშაობ, ისევ დავდივარ მეგობრებთან, ისევ მოდიან ისინი ჩემთან და ასე შემდეგ. მასაც ისეთივე ცხოვრება აქვს, როგორიც ჰქონდა. არ შემქმნია ბარიერები. თუმცა, როცა 27 წელი საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული და მარტო შენზე ზრუნავ, რთულია, უცებ სხვა რელსზე გადასვლა. ადამიანური მომენტია, რომ აღარ ხარ მარტო და ორი ადამიანის ნაცვლად გიწევს ფიქრი.
– კამათობთ ხოლმე?
– სულ ვკამათობთ, ქრონიკულ რეჟიმში. ძირითადად, სისულელეებზე, მაგრამ ვკამათობთ. შეგვიძლია, ვიკამათოთ სერიალზე. მაგალითად, ვაჟიკო უყურებს და მე ვეუბნები, ეს ცუდი ხარისხისაა და ნუ უყურებ, ნახე კარგი-მეთქი. ის, რაც კარგად მესმის, მინდა, მასაც გავაგებინო, მაგრამ ცოტა ჯიუტია (იცინის).
– ხასიათებით ჰგავხართ ერთმანეთს?
– რადიკალურად განსხვავებულები ვართ. საერთო ინტერესები გვაქვს, მაგრამ ხასიათით არ ვგავართ. ის ძალიან ეგოისტია (იცინის). როგორც თვითონ უნდა, ისე ჰგონია ყველაფერი. რომ ვუხსნი, ეს ასე არ არის-მეთქი, თავს არ იწუხებს, რომ გაიგოს. მაგრამ, ეს ხომ სისულელეა. აი, მსგავს რაღაცეებზე ვკამათობთ. შესაბამისად, სერიოზულიც არაფერია.
– როგორ რეაგირებს იმაზე, რომ ცნობილი ხარ და ბევრი თაყვანისმცემელი გყავს?
– თავიდან, რომ გავიცანი, საერთოდ არ იცოდა, ვინ ვიყავი. წარმოდგენა არ ჰქონდა ჩემზე. თბილისში, ნელ-ნელა მოვიდა აზრზე. მიხვდა, რომ მთლად ჩვეულებრივ სიტუაციასთანაც არ ჰქონდა საქმე. ძალიან ამაყი იყო და უხაროდა ჩვენი ურთიერთობა. იცით, როგორი მომენტი ჰქონდა? – აი, ჩემთან დადის (იცინის). სწორი რეაქციაა. ქართველი კაცებისგან განსხვავებით, კი არ დამმალა, პირიქით, ყველგან მატარებდა. მეც მსიამოვნებდა ეს მომენტი. რაღაც პატარა დისკომფორტი აქვს, მაგრამ მოსწონს ჩემი მდგომარეობა. ასე რომ არ იყოს, არც ვიქნებოდით ერთად. ყოველთვის ვამბობდი, არც მსახიობი მინდა გვერდით და არც საზოგადო მოღვაწე-მეთქი. მე, თუ ქაოსური სიტუაცია მაქვს, მინდოდა, ჩემი რჩეული რადიკალურად სხვანაირი ყოფილიყო, რომ სიმშვიდე მეპოვა. ამიტომ, ვიპოვე ისეთი, როგორიც მინდოდა.
– როგორი ურთიერთობა გაქვს მეუღლის მშობლებთან?
– ჩვეულებრივი. ვერ ვიტყვი, რომ დედამთილთან ვმეგობრობ და ვერც იმას ვიტყვი, არ ვმეგობრობ-მეთქი. მიჭირავს დისტანცია. ვფიქრობ, არის რაღაც ზღვარი, რომელსაც არ უნდა გადახვიდე მსგავს ურთიერთობებში. მამამთილი მყავს ძალიან კარგი. ვგიჟდები, ისე მიყვარს.
– რა მოხდა „პროფილთან“ დაკავშირებით?
– ძალიან გაბრაზებული ვარ. სხვა ჩემს ადგილზე, ამას თითზე დაიხვევდა, დაატრიალებდა და ერთ ამბავში იქნებოდა. დამირეკა პროდიუსერმა, მითხრა, რომ გადაცემა უნდა ჩაეწერათ და მივსულიყავით. არანაირი პრობლემა არ მქონდა და წავედი. მანამდე მაიას ტელევიზიიდან კი არა, ჩემი მეუღლის მხრიდან ვიცნობდი. მისი ტურისტულიდან მოგზაურობს ხოლმე. 18 კაცი ჩაგვწერეს. გამოვიდა პრომო და მივხვდი, რომ რაღაცაში იყო საქმე. ჩემ გარდა, ყველა ჩანდა პრომოში. შევეკითხე პროდიუსერს რა ხდება-მეთქი. მიპასუხა, შეცდომაა და არ მიმექცია ყურადღება. მოვიდა „პროფილის” დღე და აღმოჩნდა, რომ გადაცემაში საერთოდ აღარ ვიყავი. ეს ყველაფერი დიდი არაპროფესიონალიზმია. როცა პრეტენზია გაქვს, რომ წამყვან არხზე წამყვანი ჟურნალისტი ხარ, არ გეკადრება მსგავსი რამ. ჯერ საბავშვო ბაღი ხომ არ არის, ადამიანი მოგყავს, წერ და მერე ჭრი. დაახლოებით ვიცი, რაც ხდება. უბრალოდ, ეს იმდენად პირადულია, ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ მაიამ ხომ იცის თვითონ. გადაცემაში რომ არ ვიყავი, ისევ მივწერე პროდიუსერს: ხომ არ აფრენთ, გამაგებინეთ რა ხდება-მეთქი. პროდიუსერმა მითხრა სისულელე: პრომოში რომ არ იყავი და მერე სტატუსი დაწერე, ეგ წაიკითხა მაიამ და ამოგჭრაო. ანუ, რა გამოდის, ჩემ გამო თავიდან დაამონტაჟა გადაცემა? რა სისულელეა, ვის სჯერა ამის. ოთხი წელია, „რუსთავი 2-ში” ვმუშოაბ და ზეპირად ვიცი, რა ხდება. რა აზრი აქვს ჩემს კამათს, უბრალოდ, მაია ასათიანს რცხვენოდეს, ამხელა ქალია. პირადი ინტერესების გამო, რომ საქმეს აფუჭებ, შენი სირცხვილია – შენი რეპუტაციის შელახვაა და არა რესპონდენტის.