როდის „აუშვა“ გიორგი მახარაძემ და როგორ ვერ ჩააბარა მან სიყვარულის გამოცდა #51
მაქსიმე სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ ერთ-ერთი ახალი პერსონაჟია, რომელიც კატოს მორიგი შეყვარებული გახდა. თუმცა, მისი ნათესავები მთელი მონდომებით ცდილობენ მათ დაშორებას და მაქსიმესთვის „ანგელოზივით გოგოს“ გარიგებას. მაქსიმეს როლს მსახიობი გიორგი მახარაძე ასრულებს და როგორც თავად ამბობს, საკუთარი გმირისგან განსხვავებით, ის პირად ცხოვრებაში ნათესავებს არ რევს. შეგახსენებთ, მსახიობი რამდენიმე წლის წინ დაშორდა მეუღლეს, მომღერალ მარიამ როინიშვილს, რომელთანაც ერთი შვილი ჰყავს და ახლა მსახიობ მარიამ ნადირაძესთან ერთად ცხოვრობს.
– გიორგი, ამბობენ, რომ მაქსიმე შენგან დიდად არ განსხვავდება. ასეა?
– მართლა? (იცინის). არა, მე და მაქსიმე სინამდვილეში ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან. მე ჩამოყალიბებული ვარ. ზუსტად ვიცი, რაც მინდა, რასაც მასზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. მაქვს პირადი ცხოვრება, სამსახური და ასე თუ ისე, დალაგებული მაქვს ეს ყველაფერი. თუმცა, მაქსიმეს შესახებაც რთულია რამის მტკიცებით თქმა, რადგან დროთა განმავლობაში, იქმნება ეს გმირი და მეც, ნელ-ნელა ვიგებ მის შესახებ.
– ნათესავები თუ არიან ასე შენს პირად ცხოვრებაში ჩართულები?
– როგორც სერიალში უწყვეტენ „მაქსიკოს“ ნათესავები: რა ქნას, ვისთან ერთად იყოს და ვინ მოიყვანოს ცოლად, ჩემს ცხოვრებაში ასე არ ხდება (იცინის). ჩემი პირადი ჩემივე გადასაწყვეტია. მაქსიმეც ასეთი რომ არ იყოს, გადაუწყვედნენ კიდეც დედა და დეიდა ყველაფერს, მაგრამ ჯერჯერობით, არ გამოსდით (იცინის).
– ერთი სერიოზული პრობლემა ჰქონდა მაქსიმეს – წაგებული თანხა, რაც დღეს ძალიან აქტუალური და მტკივნეული საკითხია. შენც თუ გქონია მსგავსი პრობლემა?
– ვალების მხრივ მეც რთული მდგომარეობა მაქვს, მაგრამ თამაშის გამო ბანკებში სესხები არ მაქვს. იმ დონეზე არასდროს მითამაშია, რომ ფულზე „ჩალიჩი“ დამჭირვებოდა (იცინის). მოყვარულის დონეზე კი, მაგალითად, ფეხბურთზე დადებული ფსონი დამიკარგავს, მაგრამ დიდი თანხა არასდროს წამიგია. მერე ამისთვის, რომ წავსულიყავი და რამე დამელომბარდებინა ან სესხი გამომეტანა (იცინის).
– მაქსიმესგან განსხვავებით, სინამდვილეში, როგორია შენი პირადი ცხოვრება?
– უკვე წელიწად-ნახევარია მე და მარიამ ნადირაძე ერთად ვცხოვრობთ. მანამდე, შეყვარებულობის პერიოდში, ცალ-ცალკე ვიყავით. რაღაც დროის შემდეგ კი, ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ, მაგრამ დაქორწინებას არ ვჩქარობთ. ჯერჯერობით ასე კარგად ვართ და მერე, ისევ ერთად გადავწყვეტთ, როდის გავხდებით ოფიციალური ცოლ-ქმარი. ახლა ჩვენთვის ცალკე, დამოუკიდებლად გვაქვს ბინა ნაქირავები და თავს ბედნიერად ვგრძნობთ.
– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
– ოთხი წელი ჯგუფელები ვიყავით, ორივე ერთი პროფესიის ვართ. თუმცა, მაშინ ორივეს ჩვენ-ჩვენი ცხოვრება გვქონდა. მე დაქორწინებული ვიყავი და მე და მარიამი მხოლოდ მეგობრები ვიყავით. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, ცოლს დავშორდი. მერე ერთ სპექტაკლში ერთად მოგვიწია თამაში და მახსოვს, მაშინ შევხედეთ ერთმანეთს სხვანაირად. მას შემდეგ, ჩვენ შორის ნელ-ნელა გაჩნდა სიყვარული და ახლა, როგორც ხედავთ, ერთად ვართ.
– ჩვენთან ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას ასე მარტივად არ ხვდებიან ხოლმე.
– 26-27 წლის, ზრდასრული, ჩამოყალიბებული ადამიანები ვართ და თვითონ ვწყვეტთ, რა გვინდა და რა – არა. თუ მოგვინდება, ოცი წელი ასე ვიცხოვრებთ ან ხვალვე გადავიხდით ქორწილს. თუმცა, საქართველოში ვცხოვრობთ და აქედან გამომდინარე, თავიდან იყო რაღაცეები, მაგრამ ეს რამდენიმე წლის წინანდელი ამბავია. თუმცა, ამით არასდროს ვინტერესდებოდი.
– შვილის შესახებ მომიყევი – როგორი გოგონაა და შენ როგორი მამა ხარ?
– ძალიან ნიჭიერი და ცოცხალი ბავშვია. წელს სკოლაში შევიყვანეთ და მოსწონს იქაურობა. საბალეტო სკოლაა და ბალეტი ძალიან უყვარს. სხვათა შორის, მისი ასაკისთვის ძალიან კარგი მონაცემებიც აქვს და თავის ტოლებთან შედარებით, წინაა. რაც შეეხება ჩვენი ურთიერთობის სიხშირეს, გადაღებების გამო, ელენეს ნახვას ისე ხშირად ვერ ვახერხებ, როგორც მინდა. მაგრამ, მომავალი წინაა და მაგის დროც მოვა, ყველაფერი დალაგდება და კარგად იქნება. თუმცა, ისე იშვიათადაც არ ვნახულობ, რომ აღარ ვახსოვდე (იცინის). ძალიან კარგი ურთიერთობაც გვაქვს და როცა ერთად ვართ, კარგად ვერთობით. მეუბნებიან და მეც ვფიქრობ, რომ მე მგავს, ხასიათითაც და ვიზუალურადაც. მგონი, მართლა მაგრად მგავს და მიხარია (იცინის).
– შენ როგორი ბავშვი იყავი?
– მშვიდი და წყნარი ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, პირიქით, სულ ვცანცარებდი (იცინის). ელენე ხასიათით კი მგავს, მაგრამ სკოლაში ჩემსავით არ იქცევა. მე პირველ კლასში უკვე დაუმორჩილებელი ბავშვი ვიყავი. თუმცა, სიცელქის მიუხედავად, მეშვიდე კლასამდე კარგად ვსწავლობდი, მაგრამ მერე „ავუშვი“ (იცინის). აი, მერვე კლასიდან გახშირდა სკოლიდან გამოგდებები და ახალ-ახალ სკოლებში გადასვლა. ამიტომ, მერვე კლასიდან მეცხრე კლასამდე ხუთი სკოლა მქონდა გამოცვლილი (იცინის). თავიდან 150-ე სკოლაში ვსწავლობდი, სადაც ბებიაჩემი ასწავლიდა. რაღაც სასწაული არ ჩამიდენია და ამიტომ არ გამოვუგდივართ, უბრალოდ, ცუდად ვიქცეოდი – გაკვეთილზე არ შევდიოდი ან როცა მინდიდა, მაშინ შევდიოდი. მერე უკვე ახალ სკოლას ვერ ვეგუებოდი და ზოგჯერ თვითონ მოვდიოდი, ზოგჯერ მათი სურვილით (იცინის). ერთ-ორ სკოლაში ისეთი წესრიგი იყო, დერეფანში სწრაფად ვერ გაივლიდი. იქ, რა თქმა უნდა, თვითონ მე ვერ გავჩერდებოდი. ბოლოს ისევ ჩემს სკოლაში დავბრუნდი და ის დავამთავრე. ეს სკოლის პერიოდში, მაგრამ ჩაბარების შემდეგ დავჭკვიანდი.
– სიყვარულის ამბებში როგორ იყავი?
– მეოთხე კლასში ერთი ჩემი კლასელი მიყვარდა. ეს გოგო ჩემს მეორე კლასელსაც უყვარდა. გოგომ ორივე ბიჭი დაგვაყენა და პირობები წამოგვიყენა. მე მითხრა, თუ გაკვეთილებზე ჭკვიანად მოიქცევი, არ გააცდენ და კარგად ისწავლი, მაშინ შენი შეყვარებული ვიქნები, თუ არა და მაშინ – იმისიო (იცინის). ვაიმე, შანსი მომეცა, რომ ჩემი შეყვარებული გამხდარიყო და მეორე დღეს უკვე მომზადებული მივედი – პირველივე გაკვეთილი ნასწავლი მქონდა (იცინის). წყნარად დავჯექი, ხელები ერთმანეთზე დავაწყვე და თან, ამ გოგოს ვუყურებ – ხომ ხედავს, რომ კარგად ვიქცევი-მეთქი. რამდენიმე გაკვეთილი და დასვენება „გავქაჩე“ ისე, რომ გარეთაც არ გავსულვარ. მითხრა, შემდეგ შესვენებაზე გეტყვი პასუხსო. ერთი გაკვეთილიც როგორღაც გავძელი და უცებ „გაიჩითა“ დიდი დასვენება (იცინის). აი, ეს გამოცდა კი ვეღარ ჩავაბარე და ასე მივიღე სიყვარულზე უარი (იცინის). თუმცა, როგორღაც გადავლახე ეს ამბავი. მეხუთე-მეექვსე კლასში დეპრესიები მქონდა, მაგრამ მერე გამოვედი მდგომარეობიდან და „გამეხსნა“ (იცინის).
– ეს პირველი სიყვარული იყო?
– არა, ბაღშიც მიყვარდა (იცინის). თან, მაგრად მიყვარდა ის გოგო. ფარიკაობა დავდგით და მახსოვს, ვისაც ვეფარიკავებოდი, იმასაც ეს უყვარდა. ისე ვიყავი შეყვარებული, რომ მთელი მონდომებით ვფარიკაობდი, შეიძლებოდა, მართლა დამერტყა მისთვის ხმალი (იცინის). მერე, მერვე კლასში ვიყავი, ერთი წლით უფროსი გოგო რომ შემიყვარდა და „დიდი გოგოს“ სიყვარული – ეს უკვე სერიოზული ამბავი იყო. მრცხვენოდა, ხელი რომ ჩამეკიდა. არც ველაპარაკებოდი, საჩუქარს თუ მივუტანდი, ისე მივაწვდიდი, რომ სიტყვასაც არ ვეტყოდი (იცინის).
– ახლა თუ გიყვართ შენ და მარიამს ერთმანეთისთვის საჩუქრების გაკეთება?
– კი და ძირითადად, მოულოდნელი საჩუქრები გვიყვარს. ჩემი დაბადების დღეზე მარიამმა ლოპოტაზე წამიყვანა სამი დღით, ყველაფერი წინასწარ ჰქონია მომზადებული. ძალიან მინდოდა „მოპედის” ყიდვა და ვაპირებდი კიდეც. სულ ვამბობდი: აი ახლა ვიყიდი-მეთქი და ამ დროს მარიამს უკვე ნაყიდი ჰქონია ისევ დაბადების დღისთვის. მანამდე რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. მაგრამ, მე იმდენი ვიძახე, „მოპედი” უნდა ვიყიდო-მეთქი, შეეშინდა, მეორე არ იყიდოსო და იძულებული გახდა, დაგეგმილზე ადრე ეთქვა: გეხვეწები, აღარ იყიდო, უკვე გყავს „მოპედიო” (იცინის). ძირითადად, როცა სიურპრიზის მოწყობა უნდა, მე არ ვაცლი და ვუშლი ხოლმე. სამაგიეროდ, მე გამომდის საჩუქრების ბოლომდე სიურპრიზად დატოვება (იცინის).
– შენი შვილი თუ იცნობს მარიამს და ურთიერთობა თუ აქვთ?
– კი იცნობს, მაგრამ ისე ხშირად ვერ ნახულობს, რომ ურთიერთობა ჰქონდეს. მერე და მერე, ვნახოთ.
– რადგან ბავშვს იშვიათად ნახულობ, ყოფილი მეუღლე უკმაყოფილებას არ გამოთქვამს?
– ჩემთვის არასდროს უთქვამს, რომ რამე პრეტენზია აქვს. თვითონ თუ ასე ფიქრობს, ეს მე არ ვიცი.