კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდოდა მამა იოანე მთაწმინდელს დასავლეთის იბერთა ქვეყანაში გამგზავრება და რატომ არ გაუშვეს ის დაეჭვებულმა ბიზანტიის კეისრებმა #51

მეათე საუკუნის მეორე ნახევარში იმიერ-ტაოს სამეფოს ერთ-ერთი გამოჩენილი მოღვაწე, სარდალი ვარაზ-ვაჩე ჩორდვანელი განუდგა ამქვეყნიურ ცხოვრებას, ცოლ-შვილი სიმამრს და ცოლისძმებს ჩააბარა და ოთხთა ეკლესიაში ბერად შედგა. უწოდეს სახელად იოანე. იმ დროს ოთხთა ეკლესიაში მოღვაწეობდნენ ცნობილი წმიდა მამები – მოსე და გელასი. შემდეგ ულუმბოს მთაზე გაემგზავრა. არ გაუმხელია თავისი ვინაობა და თავმდაბლად უვლიდა ჯორებს.
961 წლიდან, იმიერ-ტაოს ხელმწიფე იყო დავით მესამე ბაგრატიონი.
ბიზანტიელებმა დავით მეფეს გადასცეს გარკვეული ტერიტორიები, სანაცვლოდ, დიდაზნაურთა შვილები მოითხოვეს მძევლად. მძევალთა შორის მოხვდა მამა იოანეს უმცროსი  ვაჟი, მცირეწლოვანი ექვთიმე (ეფთვიმე). ქართველ დიდებულთა შვილების მძევლად წაყვანით, ბიზანტია ცდილობდა, ქართული სახელმწიფოს ამბიციები შეეკავებინა.
შვილის მძევლობის ამბავი შეიტყო მამა იოანემ და მის დასახსნელად კონსტანტინოპოლში წავიდა. კეისრის კარზე პატივით მიიღეს ქართველთა მეფის ყოფილი თანამებრძოლი. იოანე ქართველმა (იბერმა) საყვედური უთხრა არა მხოლოდ სიმამრსა და ცოლისძმებს, თვით იმპერატორსაც. სხვა გზა არ ჰქონდა ბიზანტიის იმპერატორს და მამას დაუბრუნეს მცირეწლოვანი შვილი.
შემდეგში მამა იოანემ ულუმბო დატოვა და შვილთან ერთად ათონის მთაზე გადავიდა, დედით ქართველის (ლაზის), ათანასე დიდის ლავრაში. მალე ქართველების რიცხვმა იმატა ათონზე და გადაწყვიტეს, საკუთარი მონასტერი აეშენებინათ.
თავად ძალიან განათლებული იოანე ათონელი განსაკუთრებულად ზრდიდა ვაჟს -  ბავშვობიდანვე დაავალა ქართული სასულიერო ლიტერატურის გამდიდრებისთვის მიეძღვნა თავი. ჯერ ქართული ასწავლა კარგად, მერე ბერძნული.
დავით კურაპალატის კარზე მსახურობდა მამა იოანეს ძმა, სარდალი თორნიკე. გამოჩენილმა მხედართმთავარმა თორნიკემაც მიატოვა ყველაფერი, გაემგზავრა ათონზე და ბერად აღიკვეცა. ბიზანტიის სამეფო კარზე იცოდნენ მამა იოანეს ადგილსამყოფელი, ცნობილი მეომრებისა და სარდლების სამყოფელი, ისიც მეზობელი ქვეყნებისა, სამეფო კარს უნდა სცოდნოდა.
976 წელს ბარდა სკლიაროსმა მცირეწლოვანი კეისრების, ბასილი მეორისა და მისი თანამოსაყდრე უმცროსი ძმის, კონსტანტინეს წინააღმდეგ ომი წამოიწყო. ბიზანტიის სამეფო კარმა, დიდი თხოვნა-მუდარის შემდეგ დაიყოლია იოანე-თორნიკეყოფილი, მონაწილეობა მიეღო ბრძოლებში. იოანე-თორნიკემ დიდი საყვედურები აკადრა ბიზანტიის სამეფო კარს და პირადად დედოფალს, კეისრების დედას, საქართველოს წინააღმდეგ გატარებული პოლიტიკის გამო. დედოფალმა ბოდიში მოიხადა და აღუთქვა, თქვენი ქვეყნის ინტერესებს დავიცავო. თორნიკე გამოემგზავრა საქართველოში. დავით კურაპალატმა 12 000 მეომარი გამოიყვანა საომრად, იოანე-თორნიკე ჩაუყენა სათავეში და გააგზავნა მცირეწლოვანი კეისრების დასახმარებლად.
იოანე თორნიკეყოფილის ჯარმა, ბარდა ფოკას ჯართან ერთად დაამარცხა ბარდა სკლიაროსის არმია. დიდი ნადავლის ნაწილი მეომრებს გაუნაწილეს, ნაწილი კი, იოანე-თორნიკეს გადასცეს. ქართველებმა ამ თანხით მონასტრის მშენებლობა წამოიწყეს ათონზე.
ათონზე ადამიანები მომრავლდნენ, დაპირისპირებაც იყო, ბერძნებსა და სხვებს შორის. იოანე თორნიკეყოფილის გარდაცვალების შემდეგ, მამა იოანემ გადაწყვიტა, თავის შვილთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად, ათონიდან ესპანეთში წასულიყო, რადგან სმენოდა, რომ იქ ქართველების მონათესავე, არც თუ მცირერიცხოვანი ხალხი ცხოვრობსო.
ძველი დროიდან ცნობილი იყო რომ არსებობდა ორი იბერია, ერთი კავკასიაში და მეორე – ესპანეთში, პირინეებში. პირინეებისა და კავკასიის იბერების ნათესაობის თეორია იმ დროსაც არსებობდა. შემდეგში ამ თეორიამ განვითარება ჰპოვა და უკვე ახალ დროში ბასკურ-ქართული ნათესაობის თეორია იშვა. მკვლევრები ბევრ პარალელს პოულობენ, არსებობს მსგავსი გვარები და სხვა. როგორც ამბობენ, ჯერჯერობით დნმ-კვლევებმა ეს თეორია ვერ დაადასტურა.
ძველ ქართულ ტექსტებში, იბერიის ნაცვლად უფრო ქართლი ან საქართველო გვხვდება, იბერის მაგიერ კი – ქართველი. ამიტომ, ტექსტში წერია სპანიის ქართველნი და არა იბერნი.
მამა იოანეს უნდოდა, თავისი თვალით ენახა ესპანეთის იბერები, ანუ ჩვენი მონათესავეები. ის დიდი პატრიოტი იყო, ჯერ ერისკაცობის დროს ღირსეულად ემსახურა სამშობლოს, ბერობაშიც სამშობლოს ინტერესებს ემსახურებოდა. შვილიც სპეციალურად მწერლად და მთარგმნელად გაზარდა, რათა მას შეევსო ის ნაკლულება, რაც ჩვენს ერს ჰქონდა წმიდა წიგნების თარგმნის საქმეში. იმ დროს ითვლებოდა, რომ ბევრი წიგნი გვაკლდა, ან თუ თარგმნილი იყო, შეიძლება, შეცდომები ჰქონდა და ორთოდოქსიას სცილდებოდა.
ვინ იცის, იქნებ დიდი გეგმებიც ჰქონდა მამა იოანეს, იქნებ ახალი მოკავშირეების მოძიებასაც შეეცდებოდა „სპანიის ქართველების“ სახით. კულტურულ კავშირებსაც გააბამდა.
ამ მიზნით, თავის შვილთან, ეფთვიმესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად, გაემგზავდა საპორტო ციხე-ქალაქ ავიდოსში, რომელიც ზღვისპირას მდებარეობდა, დარდანელის სრუტეში. იქიდან მიცურავდა გემები დასავლეთისკენ. ავედოსიდან აპირებდა მამა იოანე გემით გამგზავრებას ესპანეთისკენ. ავიდოსის თემს მეთაურობდა იმპერატორის სპეციალური მოხელე, სტრატიგი, რომელიც იცავდა კონსტანტინოპოლს დარდანელის სრუტის მხრიდან და  აკონტროლებდა კონსტანტინოპოლისკენ მომავალ გემებს, მათგან ბაჟს იღებდა. ბასილი იმპერატორი, რომელიც ტახტის დაკარგვას გადაარჩინა თორნიკე ყოფილმა, წამოზრდილიყო და ცდილობდა ყველაფრის გაკონტროლებას. 
მთელ ბიზანტაში იცნობდნენ მამა იოანეს. ავიდოსის სტრატიგიც იცნობდა ჩვენი ეკლესიის სიამაყეს და პირადად მოუნახულებია. ეტყობა, დაზვერვა კარგად მუშაობდა ბიზანტიაში და ყველაფრის საქმის კურსში იყვნენ – ვინ მიემგზავრებოდა და ვინ მოდიოდა. დიდხანს სთხოვდა სტრატიგი ნუ წახვალ, მამაო, ჩვენი ქვეყნიდანო. როცა ნახა, ნეტარ იოანეს მყარად ჰქონდა გამგზავრება გადაწყვეტილი, უკანასკნელი არგუმენტი უთხრა:
„წმინდა მამაო, ხომ იცი, როგორ უყვარხარ შენ ჩვენს მეფეებს. რომ გაგიშვა, გამიწყრებიან და მკაცრად დამსჯიან. მივწერ მეფეებს და დაველოდები მათ პასუხს, როგორც მიბრძანებენ, ისე მოვიქცევი.“
კონსტანტინოპოლიდან ბრძანება მოუვიდა სტრატიგს, ნეტარი მამა დედაქალაქში ჩამოგვიყვანეო.
როცა სასახლეში მივიდა წმიდა იოანე, ბასილი კეისარმა და მისმა ძმამ, თანაკეისარმა კონსტანტინემ სიყვარულით საყვედური უთხრეს ქართველთა ყოფილ სარდალს:
„წმიდა მამაო, ჩვენ დიდი სიყვარული გვაქვს თქვენი, რატომ მიბრძანდებით ჩვენი ქვეყნიდან სადღაც, უცხო ქვეყანაში?“
ნეტარმა იოანემ მიუგო:
-  „ღვთისმსახურო და თვითმპყრობელო მეფენო! გლახაკი ერისკაცი ვიყავი, ცოდვილი, ვისურვე უცხოებაში წასვლა და სულის ცხონებაზე ზრუნვა. გლახაკი ცხოვრებით ვცხოვრობდი ათონზე. არ ვიცი, როგორ მოხდა, მოვიდა თორნიკე და მას მოჰყვა ბევრი ადამიანი, და საერო ცხოვრებიდან მოტანილ შფოთსა და შუღლში ჩავვარდით. მნებავს, ამას გავერიდო, ჩემი სულისათვის ზრუნვას შევუდგე“.
ბიზანტიის მეფეებმა კარგა ხანს სასახლეში დაიტოვეს მამა იოანე, ეფთვიმესთან და რამდენიმე მოწაფესთან ერთად. რა თქმა უნდა, ისეთ გაქნილ პოლიტოკოსებს, როგორადაც ქცეულიყვნენ ბასილი და კონსტანტინე, არ ესიამოვნებოდათ მამა იოანეს გეგმები. რასაკვირველია, პოლიტიკურად იეჭვიანებდნენ კიდეც. ისინი საქართველოს სამეფოებს უყურებდნენ, როგორც მეტოქეებს აღმოსავლეთში. მეტიც, მათი გაუქმებაც ჰქონდათ ჩაფიქრებული და ბიზანტიისთვის შეერთება. ყოველი ქართველიც მეტოქედ მიაჩნდათ, ამიტომ, ძველი მეომრისა და ყოფილი პოლიტიკოსის ესპანეთში წასვლა არ აწყობდათ. დიდხანს ეხვეწებოდნენ და არწმუნებდნენ, კვლავ ათონზე გამგზავრებულიყო.
არ გაუშვეს ბასილი ბულგართმმუსვრელმა და კონსტანტინემ მამა იოანე ესპანეთის იბერიაში. რაღა უნდა ექნა ბერს. იმპერატორებმა დიდძალი საჩუქრები უბოძეს და პატივით გაამგზავრეს კვლავ ათონის მთაზე. მოხუცი იყო ჩვენი ეკლესიის წმიდანი უკვე. დაბრუნდა ივერთა მონასტერში და მალე დასნეულდა კიდეც ნიკრისის ქართაგან (ნიკრისის ქარი, სახსრებისა და ქსოვილების დაავადება).

скачать dle 11.3