როგორ ჰყავს ქეთა თოფურიას ხვიჩა კვარაცხელია კონტროლზე აყვანილი და როგორ გახდა ქართველი დიკაპრიო მოსკოვში ქართველი ფილიპ კირკოროვი #51
მომღერალი ხვიჩა კვარაცხელია ფართო საზოგადოებამ „ვოისიდან“ გაიცნო, სადაც ის ქეთა თოფურიას გუნდის წევრი იყო. დღეს ხვიჩა ნატო დუმბაძის ინიციატივით, მისი და ქეთას დახმარებით მოსკოვში ცხოვრობს და საკმაოდ დატვირთული, წარმატებული მუსიკალური კარიერა აქვს.
ხვიჩა კვარაცხელია: „ვოისი“ ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი გამოცდილება იყო. ძალიან ბევრი რამ მასწავლა, რაც ჩემი შესაძლებლობების რეალიზებაში გამომადგა. მანამ ვერ ვხვდებოდი, სიმღერა იყო თუ არა ჩემი. კომერციული თვალსაზრისით, მას სერიოზულად არ ვუყურებდი. შემდეგ უფრო თავდაჯერებული გავხდი, სცენაზე გამოსვლის შიშიც გადავლახე. თან, ისეთი ხალხი გავიცანი – ნატო დუმბაძე, ქეთა თოფურია, რომლებიც დღემდე მეხმარებიან და ამისთვის მათი მადლობელი ვარ. ქეთამ პირველივე ბგერაზე დააჭირა ღილაკს ხელი და სამი მწვრთნელიდან ქეთა ავირჩიე. ჩემს გამოსვლებს მაშინ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მაშინაც და ახლაც ვფიქრობ, რომ ქეთას არჩევა ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, რაც კი ცხოვრებაში მიმიღია. ძალიან მედგა გვერდში. ყველაზე თბილი, უშუალო ადამიანია, რომელიც მზად არის, ყოველთვის დაგეხმაროს.
– როგორც მივხვდი, „ვოისის“ შემდეგაც გაგრძელდა თქვენი ურთიერთობა და დღეს ქეთას დახმარებით, უკვე მოსკოვში ხარ.
– ქეთა ძალიან დაკავებულია, სულ კონცერტები, ფრენები აქვს. მაგრამ, მიმოწერა, დარეკვა, მოკითხვა სულ გვქონდა ერთმანეთთან. ბოლოს მივიღეთ გადაწყვეტილება, მე წავსულიყავი მოსკოვში. „ვოისიდან“ ორ თვეში იყო პროექტი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიმეღო. მაგრამ, იმის გამო, რომ საქართველოშიც რაღაც პროექტში ვაპირებდი მონაწილეობას, უარის თქმა მოგვიწია. შემდეგ საქართველოში რაღაცეები შეიცვალა, უარი ვთქვით იმ პროექტში მონაწილეობაზე და უკვე ველოდებოდით შესაფერის დროს, როცა მოსკოვში უნდა წავსულიყავი. გადავწყვიტეთ, ზაფხულში ჩავსულიყავი მოსკოვში. ორთვე-ნახევარია აქ ვარ და საკმაოდ მაღალი შედეგები გვაქვს, კვირაში 4 დღე კონცერტებია. აქაური შოუ-ბიზნესის წარმომადგენელები მიცნობენ, ჩემს პოსტებს აზიარებენ, რეკლამას მიკეთებენ.
– ვნახე, ფილიპ კირკოროვმა როგორ ატვირთა თავის „ინსტაგრამზე“ შენი კონცერტის პოსტერი.
– ჩემთვის ყველაზე დიდი შოკი იყო, როცა ფილიპ კირკოროვმა გააზიარა ჩემი ფოტოაფიშა. როგორც ყველგან, აქაც შოუ-ბიზნესის წარმომადგენელები ერთმანეთთან მეგობრობენ და ვიფიქრე: შეიძლება, ქეთამ სთხოვა – კონცერტი აქვს და ხომ არ გააზიარებო. დავურეკეთ ქეთას, ისიც შოკში იყო: მე არაფერი მითქვამს, თვითონ გააკეთებდა ამასო. საბოლოო ჯამში, როგორც გაირკვა, Crocus City Hall-ში, რომელიც მოსკოვში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზია, მქონდა კონცერტი. იქ ყოველდღე არიან მომღერლები, რადგან სულ რაღაც ღონისძიება, კორპორატიული წვეულება ტარდება და მომღერლები მონაწილეობენ. როგორც ჩანს, კირკოროვმა ჩემს ნამღერს მოკრა ყური, შემდეგ „კროკუს სიტი ჰოლის“ გვერდზე შევიდა, ჩემი აფიშა ნახა და თავის გვერდზე დადო: ბრწყინვალე მომღერალიაო. ფოტოს ქვეშ დაიდო კომენტარები. ბევრი წერდა: ძალიან გავხართ ერთმანეთს, შენი კლონიაო. პირადად მე, ჩვენ შორის გარეგნულ მსგავსებას ვერ ვამჩნევ. ისე, ვეღარ გავიგე, ლეონარდო დიკაპრიო ვარ, თუ ფილიპ კირკოროვი? „ვოისის“ დროს დიკაპრიო ვიყავი. ახლა, წვერი რომ მოვუშვი, კირკოროვს მამსგავსებენ. ახალი ჩამოსული ვიყავი მოსკოვში და ქეთამ წამიყვანა „მუზ ტევეს“ დაბადების დღის ავთერ ფართიზე. მე, ქეთა, მიმი შელია ვისხედით და უცებ ვალერია და მისი ქმარი მიქნევენ ხელს. გამიკვირდა: საიდან მიცნობენ, პირველად ვარ აქ-მეთქი. ქეთას ვკითხე: ქეთა, რა უნდათ, რატომ მიქნევენ ხელს-მეთქი. არ ვიციო, ვერ მიხვდა ისიც. მოვიდა ვალერია და მეუბნება: ბოდიში, კირკოროვი მეგონე, გამიკვირდა, ხელი რატომ არ დამიქნიაო.
– ხომ არ აპირებთ ფილიპ კირკოროვთან თანამშრომლობას?
– სამომავლოდ ჩვენს თანამშრომლობას არ გამოვრიცხავ. ქეთა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ბაზარზე ჩემი ადგილი დავიკავო. ამას საკმაოდ დიდი დრო სჭირდება. რამდენიმე საპროდიუსერო ჯგუფია, რომლებიც ამ ეტაპზე მომღერალს არ ეძებენ, მაგრამ ქეთას მხრიდან მათთან ურთიერთობა მაქვს და სამომავლოდ შეიძლება, ვიმუშაოთ კიდეც ერთად.
– რატომ გააკეთა ქეთამ შენზე არჩევანი და რატომ წაგიყვანა მოსკოვში სწორედ შენ?
– როდესაც „ვოისში“ ვიყავი, მაშინ ქეთამ თქვა: ხვიჩა უკვე მზა პროდუქტია იმისთვის, რომ მოკიდო ხელი, წაიყვანო და ფული იშოვოო. ეს კარგად მახსოვდა და თავიდან მე ვუთხარი: მოსკოვში მინდა წამოსვლა და რას მირჩევ-მეთქი. მერე უკვე თავად შემომთავაზა წასვლა და მიხარია, რომ ჩემზე გააკეთა არჩევანი. პირველ დღესვე შევხვდით ერთმანეთს, მოვიკითხეთ, დავაწყვეთ გეგმები, თუ როგორ უნდა წარიმართოს ჩემი კარიერა მოსკოვში და მივყვებით ახლა ამ გეგმას. მიუხედავად იმისა, რომ დატვირთული მუსიკალური კარიერა აქვს, ასევე, ახლახან გააკეთა თავისი ახალი კოლექციის ჩვენებაც და პატარა შვილი ჰყავს, მუდმივად მისი კონტროლის ქვეშ ვარ. შეიძლება, კვირა ისე გავიდეს, ვერ ვნახოთ ერთმანეთი, მაგრამ ტელეფონზე სულ ვკონტაქტობთ. როცა წასულია, მაშინ აქ ჰყავს ხალხი, ვისაც ჩააბარებს ხოლმე ჩემს თავს და ისინი ზრუნავენ ჩემზე.
– როგორც ვიცი, კონცერტები ხშირად გაქვს.
– მაქვს კონცერტები, რომელიც ნელ-ნელა მეხმარება რუსული მუსიკალური აუდიტორიის დაპყრობაში. ქართული სიმღერა არასდროს მიმღერია. აქ კი რამდენჯერმე მთხოვეს: იქნებ ქართული სიმღერა იმღეროო. ამან უფრო მეტი წარმატება მომიტანა, ვიდრე იმ სიმღერებმა, რასაც ვმღერი. ახლა ვფიქრობ, კიდევ ჩავწერო ახალ-ახალი სიმღერები. დაახლოებით 20-ზე მეტი კონცერტი მქონდა. სადაც ერთი-ორჯერ გამოვედი და ხალხისგან დადებითი ემოციები წამოვიდა, კიდევ მიმიწვიეს და შეიძლება ითქვას, რამდენიმე ადგილას უკვე რეზიდენტი მომღერალი ვარ. მაგალითად, „კროკუს სიტი ჰოლის“ რეზიდენტად ვითვლები, რადგან კვირაში ერთხელ მაინც მაქვს კონცერტი. ამიტომ, უფრო მეტი შემართებით ვარ. ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიური ცხოვრება მაქვს. ამისთვის უდიდესი მადლობა ქეთას და ნატო დუმბაძეს – ის რომ არ მყავდეს თბილისში, არ ვიქნებოდი ახლა მოსკოვში.
– ცოტა ხნის წინ ქეთას ჩვენებაზე იყავი.
– ქეთამ გადაწყვიტა, რომ ჯერჯერობით არ გააკეთოს მასშტაბური ჩვენება. უფრო პატარა აუდიტორიისთვის გააკეთა – მოდის კრიტიკოსებისთვის, დიზაინერებისთვის, მეგობრებისთვის. მაგრამ, უფრო მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ელოდებოდა, ფეხზეც კი იდგნენ. მეც ვიყავი მიწვეული სტუმარი. ძალიან ლამაზი, ექსტრავაგანტური კოლექციაა. დიზაინერის ხელწერა იგრძნობა. მიხვდები, რომ ეს ქეთა თოფურიას შექმნილია. მოსკოვში ქეთა დიდი სიყვარულით სარგებლობს და არა მხოლოდ მუსიკალურ სფეროში – ყველას მოსწონს, უყვარს. მოდის კრიტიკოსები, წამყვანი დიზაინერები სულ ეუბნებიან, რომ დიზაინერობა შეიძლება გახდეს მისი მეორე, ასევე წარმატებული საქმიანობა. ეს უკვე მისი მეორე კოლექციაა, რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობს რუსულ შოუ-ბიზნესში. კრიტიკოსების, წამყვანი დიზაინერების ინტერვიუები რომ მოვისმინე, ყველას მხრიდან მაღალი შეფასებები დაიმსახურა. ქეთას უყვარს ექსპერიმენტები და არ უყვარს ჩარჩოები. პირიქით, ცდილობს წარმოაჩინოს და გააკეთოს ის, რაც მისი ინტერესის სფეროშია. ალბათ, ჩვენებაზეც ღელავდა, თუმცა ისეთი პიროვნებაა, ყველაფერს იუმორით უყურებს და დიდად ვერ შეამჩნევ, ნერვიულობს თუ არა. ალბათ, იმაზე უფრო ღელავდა, რომ შვილს არ ჩასძინებოდა, რომელიც დედასთან ერთად უნდა გამოსულიყო ბოლოს „პაკლონზე”. მათ გამოსვლას დიდი ოვაციები მოჰყვა. ქეთა და მისი მეუღლე რუსულ შოუ-ბიზნესში ერთ-ერთ სამეფო წყვილად მიიჩნევა. განსაკუთრებით უყვართ მათი პატარა, რომელიც ძალიან საყვარელია და მშობლებს ძალიან ჰგავს. შესაბამისად, მათი გამოსვლა ჩვენებით გამოწვეულ ოვაციებს არაფრით ჩამოუვარდებოდა.
– ქეთას მეუღლესაც იცნობ?
– კი, ვიცნობ. თბილისშიც იყო ჩამოსული და ერთი-ორჯერ რესტორანში ვიყავით ყველა ერთად. ვერ იტყვი, რომ ძალიან ახლოს ვარ, მაგრამ კარგი ურთიერთობა მაქვს. რაც მთავარია, ოჯახური იდილია აქვთ და ერთმანეთს ყველაფერში უწყობენ ხელს.