როგორ გლოვობდნენ ჩრდილოკორეელი სტუდენტები თავიანთი „უკვდავი“ ბელადის სიკვდილს #51
ცნობილი ქართველი კარდიოქირურგი, აკადემიკოსი ლეო ბოკერია ასეთ ისტორიას იხსენებს: „ჩემს უცხოელ სტუდენტებს შორის ჩრდილოკორეელთა ცხრაკაციანი ჯგუფი იყო. რვა სწავლობდა. მეცხრე კი – კიმ სოსანი, როგორც ამიხსნეს, მათი ზედამხედველი იყო. ყველა მათ ლექციას ესწრებოდა და თანამედროვე ენით რომ ვთქვათ, მონიტორინგს ახორციელებდა. საბჭოურად კი ის „კაგებეშნიკი“, ანუ კომუნისტური კორეის უშიშროების თანამშრომელი გახლდათ, რომელიც ექიმ-სტუდენტებს უცხოეთში სათვალთვალოდ გამოაყოლეს.
1994 წლის 8 ივლისია, პარასკევი. პარასკევობით ჩრდილოკორეელებს ორდინატურას ვუტარებდი და ჩვეულებისამებრ, საორდინატოროში რომ შევედი, ვხედავ – რვა ჩემი სტუდენტი ტირილ-გოდებასა და თვითგვემას მისცემიან. წივიან, კივიან, კედლებს თავით ასკდებიან, ბეტონისფილებიან იატაკს ეხეთქებიან და ისეთი გრძნობა დამრჩა, თვითდაზიანებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. მხოლოდ კიმ სოსანი იდგა ერთ ადგილზე. მას ხელში ბლოკნოტი და საწერ კალამი ეკავა და რაღაცეებს წერდა. ჩემს შემოსვლაზე არავის არანაირი რეაგირება არ ჰქონია და არც შეკითხვებზე მპასუხობდნენ. ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. თხუთმეტიოდე წუთის შემდეგ რვავე ჩემი სტუდენტი გასისხლიანებული და გრძნობადაკარგული დაეცა იატაკზე. მხოლოდ ამის შემდეგ მაუწყა რუსულად კარგად მოლაპარაკე კიმ სოსანმა, – ჩვენი უკვდავი ბელადი, კიმ ერ სენი გარდაიცვალა და სტუდენტები ამას გლოვობდნენო...
ამ მასიურ გლოვას საკმაოდ მძიმე შედეგები მოჰყვა. რვავეს ტვინის მძიმე ფორმის შერყევა აღმოაჩნდა. ორ მათგანს ხელის მოტეხილობები ჰქონდა, ერთს კი – ხერხემალი დაუზიანდა. ყველაზე ტრაგიკომიკური ის იყო, რომ ავტოკალამმომარჯვებული კიმ სოსანი თავის ბლოკნოტში იმას იწერდა, რაც შემდგომ თავისი უფროსობისთვის უნდა წარედგინა, თუ რომელი სტუდენტი გლოვობდა ყველაზე მეტად „უკვდავი, დიდი ჩრდილოკორეელი ბელადის“ გარდაცვალებას“.