ჰქონდა თუ არა რომანი ილო ბეროშვილს თაკო ჩორგოლაშვილთან და რატომ მოუწია მას სექსის დროს ლაპარაკი #51
პოპულარული შოუმენი და ტელეწამყვანი, ილო ბეროშვილი კადრს მიღმაც ისეთივე გულღია და მხიარულია, როგორიც – ეკრანზე. ის ხშირად ლაპარაკობდა თავის ყოფილ მეუღლესთან, ნელი აგირბასთან, შესაძლო შერიგებაზე და ამბობდა, რომ მის მიმართ გრძნობები დაშორების შემდეგაც ჰქონდა. როგორ შეხვდა ის ნელის გათხოვებას, როგორი ურთიერთობა აქვთ მათ ახლა, არის თუ არა მის ცხოვრებაში სხვა ადამიანი და როგორი გოგონები მოსწონს – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ილო გულახდილად გვესაუბრა
ილო ბეროშვილი: დედით ჩერქეზი ვარ. ყოველთვის სიამოვნებით აღვნიშნავ და ძალიან ვამაყობ ამით. თბილისში დავიბადე, ჩაჩავაში, მაგრამ მერე ჩერქეზეთში ვიზრდებოდი ბებიასთან. ენა ჩერქეზულად ავიდგი, რომელიც ძალიან რთულია და ამიტომ ვლაპარაკობ ახლა ყველა ენაზე. თუმცა, მიდრეკილებაც მაქვს. სკოლაში იქ ვსწავლობდი, დედა თბილისში იყო და იმ პერიოდში ბებია მეგონა დედაჩემი. დედა ფილოლოგია და მეც ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, კავკვასიური ენების განხრით. სწავლით თავს არ ვიკლავდი, რადგან იმ პერიოდში ფეხბურთით ვიყავი გატაცებული. ძალიან მიყვარდა და დღემდე მიმაჩნია, რომ ყველაზე მეტად ჩემი ადგილი ფეხბურთშია.
– ჩერქეზებიც და ქართველებიც ტრადიციების მიმდევარი ხალხია. შენ თუ გამოგყვა წინაპართა ტრადიციულობა?
– მათ უფრო ბევრი ტრადიცია აქვთ შენარჩუნებული, ვიდრე ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ ნელ-ნელა ენას კარგავენ. მე რომ ჩავდივარ და მათ ენაზე ვლაპარაკობ, ძალიან უხარიათ. მე ისეთი ტიპი არ ვარ, ვეთანხმები თუ არა ტრადიციას, მაინც გაუაზრებლად მივიღო. თუ რამენაირად დავეთანხმე და ჩემში ზის, რა თქმა უნდა, ვიღებ. პრობლემა, იცი, რა არის? როცა ადამიანი ამბობს, რომ მე ვარ ტრადიციული ან საერთოდ უარყოფს ამას, ამ დროს, საერთოდ არ აქვს გააზრებული მისი არსი. არის ტრადიციები, რომლებიც მომწონს ან – არ მომწონს. ძალიან მნიშვნელოვანია უფროსის პატივისცემა. მე, ნელიკოსთვის, ჩემი ცოლი რომ იყო, მშობლების თანდასწრებით არც მიკოცნია. თუ გოგოსთან სერიოზული ურთიერთობა არ მექნება, გასაცნობადაც არ მივიყვან სახლში. კავკასიელების სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია ძალიან მომწონს. ჩერქეზეთში არ არსებობდა, აეშენებინათ სახლი და მის წინ პატარა სასტუმრო არ მოეწყოთ ყოველგვარი კომფორტით სტუმრისთვის. კაცმა არ იცის, როდის გაუჭირდება ადამიანს და როდის მოგადგება კარს. შენ კი ვალდებული ხარ, უცხო ადამიანიც შეუშვა და მხოლოდ ერთი კვირის თავზე გაქვს უფლება, ჰკითხო: ვინ არის, თუ, რა თქმა უნდა, მანამდე თვითონ არ გეტყვის. ეს ტრადიციები საჭირო რომ არ ყოფილიყო, დროს ვერ გაუძლებდა. თუმცა, იყო ტრადიციები, დროთა განმავლობაში რომ აღმოიფხვრა. მაგალითად, ჩერქეზეთში მოხუცს მისივე ნებით, მთიდან აგორებდნენ, რათა ახალგაზრდას არ ენახა მოხუცის უძლურება. ბევრს რომ ჰგონია, რომ ქართული პურმარილი, მხოლოდ სმა-ჭამა, თამადობა, ნახევარი კილო კარაქის ყლაპვა და ერთმანეთთან შეჯიბრია – ეს არ არის ტრადიცია, სუფრა სპორტად აქციეს. ორ-სამჯერ მომიწია თამადობა. დიდი მნიშვნელობა აქვს, რა საზოგადოებაში თამადობ. ჩემი პროფესია მეხმარება, ივენთი თუ სხვა ღონისძიება წავიყვანო ისე, რომ ხალხი ავიყოლიო. მხოლოდ ის არ უნდა ილაპარაკო, რაც შენ მოგწონს. რაც მხოლოდ იმ ხალხს მოსწონს, რაღაც შუალედი უნდა იპოვო და დააბალანსო, რომ ორივე მხარისთვის მოსაწონი იყოს.
– როგორი ხარ შეყვარებული?
– ძირითადად, როცა ვკარგავ, მერე ვხვდები, როგორ ვარ ადამიანზე ემოციურად მიჯაჭვული. ახლა ჩემს ცხოვრებაში არავინაა. როგორც ამბობენ, საყვარელ ადამიანთან გიჟი და თბილი ვარ, მაგრამ საკმაოდ მძიმე ხასიათი მაქვს ხანდახან. ვისურვებდი, ურთიერთობაში მეტად ყურადღებიანი ვიყო. ასაკის მატებასთან ერთად, ვხვდები, თუ როგორ უნდა გაუფრთხილდე ურთიერთობას – უნდა მორწყა ყოველდღიურად. შენ შეიძლება, გეგონოს, ისედაც ხომ მიყვარს, რაღა საჭიროა რაღაცეებიო. მაგრამ, აუცილებელია ადამიანს შეახსენო, თუ როგორ გიყვარს, როგორი ძვირფასია შენთვის. ყოველდღე თუ არა, როგორც მინიმუმ, ოდნავ მაინც თუ გაგიჩნდება იმის სურვილი, რომ რაღაც თბილი უთხრა, ეს უნდა გააკეთო. კაცებს ამის სურვილი რომ უჩნდებათ, არ ამბობენ, აგრესიას კი უფრო ადვილად გამოხატავენ. ეს ძალიან „ტეხავს“, მით უმეტეს, თუ ხალხში ხარ. თუ იმის არ გერიდება, რომ ცოლს აგრესიულად მიმართო, ის რატომღა გერიდება, სიყვარულით მოექცე?! მე ვთქვი, რომ ნელიკოსთვის მშობლების თანდასწრებით არც კი მიკოცნია-მეთქი – ეს ბუნებრივად, ასე მიზის ხასიათში. მაგრამ, თუ ვხედავდი, რომ ეს მისთვის მნიშვნელოვანია, რაღაც სითბოს ყოველთვის გამოვხატავდი. პოზიტივის გამოხატვა უფრო არ უნდა „ტეხავდეს“, ვიდრე – ნეგატივის. სიყვარული გაუფერულდა. ურთიერთობას უფრო რაღაც თეორიებით უყურებენ – როგორი უნდა იყოს ურთიერთობა და არა ისე, თვითონ როგორც უნდათ. ორი კვირა არსად გავსულვართ და ნეტავ, რა ხდება? თუ ერთად კარგად ხართ, ნუ სვამ კითხვას, რა ხდებაო. ეს შენი და იმ ადამიანის სურვილიდან უნდა მოდიოდეს, რომელთანაც ხარ და არა სხვების მიბაძვით. იციან ხოლმე თქმა: რა უცნაური წყვილია, სახლიდან არ გამოდიანო. შენ რა იცი, იქნებ სახლში ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, სულ არ უნდათ, გარეთ გამოსვლა.
– შენი და ნელის შესაძლო შერიგებაზე საუბრობდი. ამბობდი, რომ მის მიმართ გრძნობები ისევ გაქვს. რა რეაქცია გქონდა, ნელის გათხოვების შესახებ რომ გაიგე?
– ნელი უკვე გათხოვილია და ახლა ვეღარ მექნება იგივე გრძნობა მის მიმართ. ვიცოდი, რომ ამ ადამიანთან იყო, თუმცა, თუ თხოვდებოდა, ეს არ ვიცოდი. ნელია ის, ვინც ყოველთვის მიწინასწარმეტყველებდა, რომ პოპულარული გავხდებოდი. რა პროგნოზიც გააკეთა, ის ახდა. „ჯეოსელის“ რეკლამის სატესტო ვარიანტი პირველად ნელის ვანახე – რას იტყვი-მეთქი და ძალიან მოეწონა. არც მე, არც „ჯეოსელიდან“, არც სარეკლამო კომპანიიდან, ვინც ეს რეკლამა დაამზადა, არავის წარმოდგენაც კი არ ჰქონია, რომ ამ დონეზე გახდებოდა პოპულარული და მხოლოდ ნელის სჯეროდა ამის. იმას რომ თავი დავანებოთ, ძალიან კარგი ადამიანია, ბედნიერებას და კარგად ყოფნას ვუსურვებ, რადგან ჩემი შვილების დედაა. ჩემი შვილების დედა რომ კარგად იქნება, ამაზე მეტად არაფერი გამიხარდება. იმას რა ჯობია, როცა ბავშვი შენთან ბედნიერი დედისგან მოდის. მე თუ შემეძლება, რაიმე წვლილი შევიტანო ნელის ბედნიერებაში, თუნდაც იმ დროს, როცა ის უკვე სხვასთანაა, ამისთვის ყოველთვის მზად ვარ. ვერ წარმომიდგენია, ორ ადამიანს ერთმანეთი უყვარდეს და ოდესმე საერთოდ არავინ აღარ იყვნენ ერთმანეთისთვის. ახლა ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს.
– როგორ ინაწილებთ ბავშვებზე მზრუნველობას?
– გვაინტერესებს ბავშვების კეთილდღეობა. ჩვენი დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ბავშვებისთვის ასე ჯობდა. ახლა ბავშვები ნახევარი თვე ჩემთან არიან, ნახევარი – ნელისთან. მიუხედავად ბევრი პრობლემისა, დაძაბული გრაფიკისა, ვერაფრით ვერ მოვახდენ იმ დროის კომპენსაციას, რასაც მათთან ვატარებ. ერთადერთი ისინი არიან, ვის სიყვარულშიც ასი პროცენტით დარწმუნებული ვარ. არავითარი შიში არ მაქვს, რომ ეს სიყვარული ოდესმე განელდება. ვცდილობ, სულ ერთად ვიყოთ და კარგი მამა ვიყო. ყველაზე ძალიან ის მიხარია, რომ ბავშვები ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე. მე და ნელი ორივე დედისერთები ვართ და საერთოდ პირველი შვილი რომ შეგვეძინა, ვთქვით, მეორეც აუცილებლად გვეყოლებოდა, ჩვენსავით რომ არ ყოფილიყო. ძალიან უვლიან და ზრუნავენ ერთმანეთზე. პატარა სულ უფროსს იცავს. მახსოვს, უმცროსი ცხრა თვის იყო და ტიროდა გაუჩერებლად. მე გავედი და საჭმელს ვუგრილებდი, თან, მესმის ტირილი. უცებ ბავშვი გაჩერდა, გამიკვირდა, თავისით არასდროს გაჩუმებულა. მივედი და ვხედავ, უფროსი დგას და ძილისპირულს უმღერის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ისეთი დედა ზრდის, როგორიც ნელია. ის ყოველთვის ბავშვების ინტერესებს უფრო წინ აყენებს, ვიდრე თავისას. ჯერ, როგორც დედა, ისე მოქმედებს და მერე – როგორც ნელი. მე ვერ ვახერხებდი ასე. ახლა ვცდილობ, მეც ასეთი ვიყო. ახლა ჩემი მთავარი ამოცანაა, კარგი მამობა. მით უმეტეს, გოგონები არიან და ცნობილი ფაქტია, რომ გოგონები მამისგან გამომდინარე არჩევენ მეორე ნახევარს. საუკეთესო ბაღში დამყავს – დღეს დიდი პრობლემაა საქართველში სკოლამდელი აღზრდა-განათლება. ვიცი, რომ გაიზრდებიან, აუცილებლად დამიფასებენ.
– ნელიმ სტატუსი დაწერა – ილო ბეროშვილს რომ მოეწონო, „ზაგარი” და დაბერილი ტუჩები უნდა გქონდესო, მართალია?
– ეს ნელიმ გაბრაზებულზე თქვა. ცოტა მეკაიფა და მეღადავა, თორემ თვითონაც იცის, რომ ასე არაა. რატომ უნდა მომწონდეს ტუჩებდაპრუწული და სოლარიუმიდან რომ ვერ გამოჰყავთ, ისეთი გოგონები?! ასეთები რომ მომწონდეს, ნელიკო არ მეყოლებოდა ცოლად. არასდროს მქონია ჩამოყალიბებული კრიტერიუმები, რომელშიც გოგო უნდა ჩაჯდეს. „უნდა“ ცუდი სიტყვაა – ვიტყვი იქიდან გამომდინარე, ცხოვრების განმავლობაში როგორიც მომწონებია. თუმცა, კაცმა არ იცის, ხვალ როგორი მომეწონება. ჩემთვის უმთავრესია, როცა გოგონა ძალიან კეთილია და ამას იუმორის გრძნობაც ემატება. ეს მის გონიერებაზე მეტყველებს. მიყვარს თვითმყოფადი გოგონები, მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალიზმით, შეიძლება, მცდარი, მაგრამ თავის აზრი რომ გააჩნიათ. გარეგნობაშიც მაქვს ჩემი კრიტერიუმები – კარგი ტანი უნდა ჰქონდეს, მიხვრა-მოხვრა. შეიძლება, ისე ეწეოდეს სიგარეტს, ამის გამოც კი მომეწონოს.
– შენზე და თაკო ჩორგოლაშვილის რომანზე ბევრს ჭორაობდნენ. შეესაბამება ეს სიმართლეს?
– ჩემსა და თაკო ჩორგოლაშვილს შორის იყო ფლირტი, ოღონდ, გადაცემისთვის და არა რეალურად. ეს იყო ჩვენი ღადაობა, რომელიც ამ პროექტს უხდებოდა. თაკოსგან სულ მქონდა „შუტკა“, რომ ფლირტის სახე ჰქონოდა. უცხოურ გადაცემებშიც მიღებულია ეს და ლამაზია. როცა ორ წამყვანს შორის „ქიმია“, სიყვარული და მსუბუქი ფლირტი იგრძნობა, სასიამოვნო და სახალისო ხდება გადაცემის ყურება. ეს სატელევიზიო პატარა ხრიკი იყო. მაგალითად, „ჯეოსელის“ რეკლამის დროს ასეთი ხრიკი გავაკეთე – მოვიგონე ლეგენდა, რომ თითქოს „ჯეოსელმა” თავის ქსელში მოძებნა და გამოავლინა ადამიანი, ვინც ყველაზე ბევრს ლაპარაკობდა და ეს ვიყავი მე – ასე მოხდა ჩემი და „ჯეოსელის“ დაკავშირება. რეალურად, ეს მხოლოდ ჩემი მოგონილი ლეგენდა იყო, რომელიც ხალხში ისე გავრცელდა, რომ ერთხელ სექსის დროს გოგო მთხოვდა, მელაპარაკეო. მეც ვცადე, დავიწყე, მაგრამ ვიფიქრე, აქაც ხომ არ ვილაპარაკებ-მეთქი და გავჩერდი. მას კი მოსწონდა, მაგრამ ჩემთვის არ იყო მაინცდამაინც სასიამოვნო.