უნდა სჯეროდეთ თუ არა ბავშვებს თოვლის ბაბუის არსებობის და როდის კარგავენ ისინი მშობლების მიმართ ნდობას #51
ყოველ ახალ წელს მილიონობით ბავშვი დიდი სიხარულით ელოდება კეთილ სანტა კლაუსს, ან თოვლის ბაბუას, რომელმაც საჩუქრები და ბევრი, ბევრი სიხარული უნდა მოუტანოს. თითქმის ყველა ბავშვმა იცის, რომ სანტა კლაუსი ზღაპრულ ქვეყანაში, ლაპლანდიაში ცხოვრობს, სადაც წერილების მეშვეობით, საკუთარ სურვილებს უგზავნიან. ეს ლამაზი ზღაპარი ყველა ბავშვს სჯერა. უნდა სჯეროდეს თუ არა ბავშვს თოვლის ბაბუის არსებობის და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, ამ თემაზე ფსიქოლოგ ნინო თოფურიას ვესაუბრეთ.
– უნდა სჯეროდეს, თუ არა ბავშვს თოვლის ბაბუის არსებობის?
– ამ საკითხზე რადიკალური პასუხის გაცემა ცოტა რთულია. მე გეტყვით ჩემს სუბიექტურ მოსაზრებას და შემდეგ განვიხილოთ ორივე შემთხვევა. ვფიქრობ, ბავშვს უნდა სჯეროდეს თოვლის ბაბუის არსებობის. თავიდანვე არ უნდა დავაკისროთ მას დიდი პასუხისმგებლობა – ბავშვს უნდა ვაცადოთ ბავშვობა. ბავშვობა კი ზუსტად ზღაპრები, ფანტაზიები და წარმოსხვითი სამყაროა. აუცილებელია, ყველა ბავშვს თავისი ლამაზი სამყარო ჰქონდეს. ეს მათ ბევრ რამეში ეხმარება. ახლა ვიმსჯელოთ ორივე მხარეზე - კარგსა და ცუდზე. კარგია ის, რომ გარკვეულ ასაკამდე სჯერათ მისი. წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნოა საჩუქრის მოლოდინი, ნაძვის ხე, ახალი წელი. მსგავსი დღესასწაულები, უპირველეს ყოვლისა, კარგია ოჯახის წევრების ერთმანეთთან დაახლოებისთვის, ბავშვის ფანტაზიისა და წარმოსახვითი უნარის განვითარებისთვის. მაგარამ, მსგავსი არარეალური წარმოდგენები არ უნდა გაგრძელდეს დიდხანს. როცა ბავშვი იმ ასაკამდე მიდის, არჩევს რეალობას და წარმოსახვას, ხოლო მშობლები ისევ მას წარმოსახვით სამყაროში აბრუნებენ, ეს ცუდია. ამ დროს ბავშვს ხელი ეშლება, გაარკვიოს, კონკრეტულად რა არის რეალობა და რა წარმოსახვა.
– მაშინ, რა ასაკამდე უნდა სჯეროდეს ბავშვს?
– 3-4 წლის ბავშვი დაახლოებით ხვდება სიმართლეს. ამ ასაკიდან, ნელ-ნელა უნდა ვუთხრათ, რომ ფერიები, თოვლის ბაბუები და მსგავსი წარმოსახული პიროვნებები არ არსებობენ. თუმცა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ინდივიდუალური მახასიათებლები. გარკვეულ ასაკამდე ბავშვს სჭირდება, სჯეროდეს რაღაც ზებუნებრივის. 5 წლამდე ნებისმიერ ბავშვს ჰყავს წაროსახვითი მეგობარი. თოვლის ბაბუა რომც არ არსებობდეს, მაინც ეყოლება სხვა ვიღაც. ეს შეიძლება, იყოს სათამაშო ან ვინმე არარსებული. ამ ასაკში ბავშვებს ხშირად ტყუილებიც ახასიათებთ. ამბობენ ისეთ რაღაცეებს, რაც სინამდვილეში არ ხდება. ამას აკეთებენ იმიტომ, რომ ახლად ათვისებული უნარები გადმოგვცენ. სწორედ წარმოსახვა ეხმარება მათ ამ უნარების გადმოცემაში და ჩვენამდე მოტანაში. ის, რომ 13-14 წლის მოზარდს სჯეროდეს თოვლის ბაბუის არსებობის, ეს ძალიან ცუდია. ამ დროს ბავშვის განვითარება სწორად არ მიმდინარეობს და ის ცხოვრობს ილუზიების სამყაროში.
– როგორ უნდა ვუთხრათ ბავშვს, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს? ეს ხომ ტყუილთან არის დაკავშირებული.
– დიახ და ამისთვის არსებობს რამდენიმე გზა. როდესაც ბავშვს ვეუბნებით, თოვლის ბაბუა არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ამ დროს რეალობასა და წარმოსახვას შორის ვუშლით ზღვარს, მნიშვნელოვანი ხდება ნდობის ფაქტორიც. როცა ბავშვი ხვდება ტყუილს, მას უქრება ნდობა და ფიქრობს, ერთხელ თუ მომატყუა, მეორედაც შესაძლებელია, მომატყუოს. ამ შემთხვევაში, არასწორად გადადგმულმა ნაბიჯმა შესაძლებელია, მშობლების მიმართ ნდობის ფაქტორი შეამციროს. განვითარების მიხედვით, პატარას პირველი ნდობა სწორედ, მშობლების მიმართ უყალიბდება. წარმოიდგინეთ, თუ ეს ფუნდამენტი არ იქნება მყარი, მომავალში შესაძლებელია, ბავშვმა სხვების მიმართაც დაკარგოს ნდობა და ღრმად ვერ შევიდეს ადამიანებთან ურთიერთობაში. რაც იწვევს სტრესს. საბედნიეროდ, ამის პრევენცია შესაძლებელია. ბავშვს პირდაპირ არ უნდა ვუთხრათ, რომ ამდენი ხანი ტყუილში იცხოვრე და თოვლის ბაბუა არ არსებობს. პირველი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, თავიდანვე არ დააჯეროთ მას თოვლის ბაბუის არსებობა და უთხრათ, რომ თავად აჩუქეთ საჩუქრები. მეორე – აცადეთ, თავად მივიდეს იმ აზრამდე, რომ მიხვდეს რეალობას. 3-4 წლის ასაკში ბავშვს უკვე აქვს ეჭვები, ხოლო 5 წლიდან ზემოთ – 8 წლამდე, ის უკვე ხვდება, რომ თოვლის ბაბუა მართლა ლაპლანდიიდან არ მოდის და საჩუქრები მშობლებს მოაქვთ. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ბავშვებს რეალობის გაგებაში და პატარ-პატარა მინიშნებები მივცეთ. არის კიდევ მესამე ვარიანტი – მშობელმა უთხრას თავის პატარას, რომ – იცი, შენი თოვლის ბაბუა მე ვიყავი და არა ის, რომ თოვლის ბაბუა არასდროს არსებობდა. ბავშვებს სჯერათ და იმახსოვრებენ ყველაფერს ისე, როგორც ჩვენ ვეუბნებით. ეს საკითხი ისე უნდა განიხილოთ, რომ დღესასწაულმა თავისი პეწი არ დაკარგოს. გაცვალეთ როლები და ეთამაშეთ „საიდუმლო სანტა“. სიმართლე ბავშვს ისე უნდა უთხრათ, რომ ეს დღესასწაული მოსაწყენი არ გახდეს მისთვის – კვლავ ჰქონდეს იმ სიხარულის მოლოდინი, რასაც თოვლის ბაბუის არსებობა ანიჭებდა.
– თოვლის ბაბუის მიერ მოტანილ საჩუქარსაც ხომ თავისი დატვირთვა აქვს?
– რა თქმა უნდა, საჩუქრის მოლოდინის რეჟიმი საოცრებაა. სწორედ ეს არის ამ ამბის კარგი კუთხე – ემოცია და მოლოდნი. ამ დროს ბავშვის სქემაში იწერება: მე იმდენად კარგი ვარ, რომ საჩუქარი დავიმსახურე. ჩემთვის რაღაცას აკეთებენ. ხშირად გაგვიგია: შენ მთელი წელი კარგად იქცეოდი და დასაჩუქრდები. მოვიქეცი კარგად, მაჩუქეს საჩუქარი. ეს არის ბავშვის წახალისება, რომელიც მოტივაციაზე და თვითშეფასებაზეც კარგად მოქმედებს. თუმცა, ყველაფერში ზომიერებაა საჭირო.
– ზოგადად, ამ ჯადოსური ამბების – ზღაპრების, ჯადოქრების, ფერიებისა და ასე შემდეგ, როდემდე უნდა სჯეროდეს?
– როცა ბავშვი იბადება, კოგნიტური სქემა ცარიელი აქვს. მასში არ წერია ბევრი ინფორმაცია. ჩვენ თუ ვეტყვით, რომ მარტო თოვლის ბაბუები არსებობენ და ცრუ ფანტაზიებს მივაწვდით, კოგნიტური სქემა შეივსება ფანტაზიებით და შემდგომში ბავშვს გაუჭირდება რეალობის გარჩევა. ობიექტური სინამდვილე მისთვის არ იარსებებს, ექნება სუბიექტური სინამდვილე. ზღაპრები და ფანტაზია გვეხმარება იმაში, რომ რეალურ ცხოვრებასთან ადაპტაცია უკეთ გავიაროთ. ვენდოთ სამყაროს, გავიგოთ, ჩვენში რა უნარებია. ნამდვილად ჯობია, გარკვეულ მომენტში ცოტა სტრესი ჰქონდეს ბავშვს, ვიდრე ილუზიებში იცხოვროს. სტრესში ვიგულისხმე, თუნდაც იმის გაგება, რომ თოვლის ბაბუა არ არსებობს. კონკრეტულად განსაზღვრულ ასაკს ვერ გეტყვით. გააჩნია, ბავშვის განვითარება კარგად მიდის თუ არა. ბავშვი თუ სწორად ვითარდება, მაშინ, სასურველია, 6-7 წლის ასაკში გაიგოს, რომ ეს ჯადოსნური სამყარო არ არსებობს.