როგორ გაქრა 47 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება თბილისის ერთ-ერთი ფინანსური უწყების სეიფებიდან #51
მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება, შემთხვევითობაა, რისთვისაც წინასწარ გიხდით ბოდიშს.
თავდასხმა
გივი ბობოხიძე ერთ-ერთი მსხვილი ფინანსური დაწესებულების მფლობელი და მმართველი გახლდათ. დეკემბრის ერთ თოვლიან, ცივ საღამოს მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. 43 წლის ბობოხიძე ყოველგვარი დაცვის გარეშე გადაადგილდებოდა თავისი ბოლო მოდელის „ჯიპით.“ იმ დროს, როცა ავტოფარეხში მანქანა დააყენა და კარს კეტავდა, ზურგიდან სამი ტყვია ესროლეს. ბობოხიძე საბურთალოზე, ერთ ძველ კორპუსში ცხოვრობდა, რომელიც კომუნისტების დროს ფეშენებელურად ითვლებოდა და რვასართულიანი სახლის მთელი მეხუთე სართული ეკავა. საღამოს რვა საათი იყო. ქუჩაში ადამიანი არ ჭაჭანებდა და რომ არა ბობოხიძის კორპუსელი კოტე გეთიაშვილი, რომელსაც გივის გვერდით ჰქონდა ავტოფარეხი და თავდასხმიდან ხუთიოდე წუთის შემდეგ მოვიდა, ბობოხიძე გარდაიცვლებოდა... სწორედ კოტე გეთიაშვილმა მიიყვანა გივი ბობოხიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ექიმებმა მისი გადარჩენა შეძლეს.
„ბომჟი“ ვასოს ჩვენება
ბობოხიძის საქმეს პროკურატურის გამომძიებელი, ოთარ სხიერელი იძიებდა. გამოცდილი სხიერელი გაოცებული იყო იმ ფაქტით, რომ თავდამსხმელმა ბობოხიძის მოკვლა ვერ მოახერხა და თითქმის ასი პროცენტით იყო დარწმუნებული, რომ შემსრულებელი დილეტანტი იყო. ოთარმა პოლიციის ოპერრწმუნებულ პაატა გოგლიძეს უთხრა:
– აშკარაა, რომ თავდამსხმელი შეკვეთას ასრულებდა და დილეტანტიზმის გამო თავი ვერ მოაბა. ბობოხიძეს სამი ტყვია მოხვდა – კისერში, ყურსა და მარცხენა ზურგში. არცერთი მათგანი სასიკვდილო არ ყოფილა. მან, უბრალოდ, ბევრი სისხლი დაკარგა. თანაც, სამივე გასროლა, სავარაუდოდ, გადაჭრილი „გეკოს“ თოფიდანაა განხორციელებული. ქილერები ასეთ სათამაშოს არ ხმარობენ. „გლუშიტელად“ იმ კრეტინს „კოკა-კოლას” სამი ცალი პლასტმასის ბოთლი გამოუყენებია, რომლებიც შორიახლო აღმოვაჩინეთ და საქმეში დავურთეთ. მოკლედ ასე, ჩემო პაატა, იქნებ შენს აგენტურულ ქსელში გამოჩხრიკო ინფორმაცია ისეთ ადამიანზე, ვინც შეკვეთილ მკვლელობაზე, სავარაუდოდ პირველზე, გადაჭრილი „გეკოთი“ მიდის.
პოლიციის ოპერი პაატა გოგლიძე გამომძიებელ სხიერელზე არანაკლებ გამოცდილი და საზრიანი იყო. მან კარგად იცოდა როგორც იმ ადგილის ყველა კუთხე-კუნჭული, სადაც თავდასხმა მოხდა, ასევე, სრული ოპერატიული ვითარება. ამიტომ, გოგლიძემ არც აცია, არც აცხელა და „ბომჟ“ (მაწანწალა) ვასოს ჩაავლო. ის ხშირად იმ მშენებარე და დროებით შეჩერებულ კორპუსში ათევდა ღამეს, რომელიც ბობოხიძის ავტოფარეხის წინ მდებარეობდა. გოგლიძემ მაწანწალას საბურთალოს სხვა მშენებარე სახლის სარდაფში მიაგნო. დაამუშავა და გაიგო, რომ ის ბობოხიძეზე თავდასხმის თვითმხილველი იყო. გოგლიძემ ვასო სხიერელს მიუყვანა, რომელმაც ასეთი ჩვენება მისცა: „გასროლის ხმა არ გამიგონია. დავინახე მხოლოდ სილუეტი და თავდასხმის ამბავიც მხოლოდ მაშინ გავიგე. იქ პოლიცია რომ მოვიდა, მე შემეშინდა და იქიდან სხვაგან გადავბარგდი. სილუეტსაც კი მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ მოვკარი თვალი, რომ მობილურმა ტელეფონმა გაანათა სიბნელეში, რომელიც რეკავდა...“
სხიერელსაც კი, რომელიც დარწმუნებული იყო, თავდამსხმელი დილეტანტი იყო, არ სჯეროდა, რომ ქილერი საქმეზე ჩართული მობილურით მივიდა და გოგლიძეს უთხრა:
– თუ ვასოს არაფერი ეშლება და მართლა ქილერის მობილურმა დარეკა ან დაურეკეს, მაშინ ტუზი დაგვცემია...
შემკვეთი
მიუხედავად იმისა, რომ სხიერელს ეგონა, „ბომჟი“ ვასო ცდებოდა, მობილური ოპერატორების ანტენებიდან ამოღებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ ბობოხიძეზე თავდასხმის დროს ვინმე ზაზა აფაქიძემ ომარ კუტივაძესთან განახორციელა ზარი, რომელიც სულ რაღაც ათი წამი გრძელდებოდა, მაგრამ ეს საკმარისი აღმოჩნდა, რომ ქილერსა და შემკვეთზე გასულიყვნენ... საქმე კი ის გახლდათ, რომ ომარ კუტივაძე იმ ფინანსური დაწესებულების ადმინისტრატორი იყო, რომელიც გივი ბობოხიძეს ეკუთვნოდა. ზაზა აფაქიძე კი აფხაზეთიდან ლტოლვილი, უმუშევარი, 28 წლის ახალგაზრდა კაცი იყო და სხიერელის აზრით, სწორედ მან განახორციელა თავდასხმა ბობოხიძეზე კუტივაძის შეკვეთით. თუმცა, რა მიზეზით, ჯერჯერობით უცნობი იყო. პოლიცია ზაზა აფაქიძეს კუდზე დააჯდა და სამი დღე უთვალთვალებდა. მეოთხე დღეს კი აიყვანეს, დაემუქრნენ, რომ ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის სამუდამო პატიმრობას მიუსჯიდნენ და გივი ბობოხიძეზე თავდასხმის აღიარებითი ჩვენება დააწერინეს. აფაქიძეს ამოუღეს გადაჭრილი „გეკოს“ თოფიც, რომელიც გადამალული ჰქონდა და ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ სამი ტყვია გივი ბობოხიძეს სწორედ ამ იარაღიდან ესროლეს... აფაქიძემ მკვლელობის შემკვეთად ომარ კუტივაძე დაასახელა და პოლიციას განუცხადა, რომ ამ საქმეში ოთხი ათასი დოლარი აიღო. აფაქიძის ჩვენების საფუძველზე დააპატიმრეს 29 წლის ომარ კუტივაძეც, რომელიც თავიდან ყველაფერს უარყოფდა. ბოლოს კი თქვა, რომ ზაზა აფაქიძეს გივი ბობოხიძის მკვლელობა მან მართლაც შეუკვეთა.
გაძარცვული სეიფები
კუტივაძე სხიერელმა დაკითხა და ადმინისტრატორმა გამომძიებელს უთხრა:
– გივი ბობოხიძის მკვლელობის შეკვეთა იმიტომ დამჭირდა, რომ ჩვენი დაწესებულების სარდაფში მდებარე ორმოცდაათივე ინდივიდუალური სეიფი გაძარცვულია. განაწესით, სეიფებთან შესაღწევი კოდები და სათადარიგო გასაღები მმართველს აქვს. გივიმ კი წინა საღამოს მე გადმომცა ყველა გასაღები და კოდებიც გამიმხილა, რაც მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცოდით. მე ფინანსურ სირთულეებს განვიცდიდი და გადავწყვიტე, სეიფების გაძარცვა და გივის მოკვლა, რომ ჩემზე არ გამოსულიყვნენ.
კუტივაძემ ისიც აღიარა, რომ ერთ-ერთ სეიფში ჰეროინი ინახებოდა, რომელსაც შემდეგ ჩეჩნები რეალიზაციას უკეთებდნენ. გასაღები და კოდებიც სწორედ იმიტომ გადასცა კუტივაძეს ბობოხიძემ, რომ სეიფიდან ათი კილოგრამი ნარკოტიკი ამოეღო და ბათუმში ჩაეტანა. ბობოხიძის ფინანსური უწყების საცავში ძალიან ცნობილი ქართველები ინახავდნენ სხვადასხვა ძვირფას ნივთებს და როდესაც ზარალი დაითვალეს, აღმოჩნდა, რომ ორმოცდაათი სეიფიდან ორმოცდაშვიდი მილიონი დოლარის ქონება იყო გატანილი, აგრეთვე ათი კილოგრამი ჰეროინიც, რომელიც ჩეჩნებს ბათუმიდან ევროპაში უნდა გაეტანათ გემით.
ომარ კუტივაძე ორი დღის განმავლობაში არ ამბობდა, თუ სად წაიღო სეიფებიდან გატაცებული ქონება და ჰეროინი. ბოლოს კი აღიარა, რომ ეს ყველაფერი მან ცნობილ ავტორიტეტს, შალვა ოქროპირიძეს გადასცა და ეს დანაშაულიც, თავიდან ბოლომდე ოქროპირიძის მოფიქრებული იყო. პოლიციამ ოქროპირიძის ძებნა დაიწყო და ცნობილი ავტორიტეტი საკუთარ სახლში ჩამოხრჩობილი იპოვეს. მისი ბინისა და აგარაკის გაჩხრეკამ კი ვერანაირი შედეგი ვერ გამოიღო. ჰეროინი და ძვირფასეულობა უკვალოდ გაქრა. მოგვიანებით, ომარ კუტივაძე ციხის საკანში იპოვეს მკვდარი, მას ვენები ჰქონდა გადაჭრილი. გივი ბობოხიძე კი, საავადმყოფოს პალატა „ლუქსში” გარდაიცვალა. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მოწამლული იყო.
P.S. ზემოხსენებული საქმის მასალები არასდროს გაუსაჯაროებიათ. თუმცა, ძიება შეწყდა. ბობოხიძის ფინანსური უწყება კი ფარულად გაიყიდა დახურულ აუქციონზე.