მკვლელი ეძებს ფარმაცევტს #51
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-50(833)
***
გენო კოკაია და ჯონ მოზესი გენოს მანქანით მივიდნენ ნუკა ჭყონიას სახლთან. ქილერმა მანქანა მყუდრო ადგილზე გააჩერა. მოზესი მანქანაში დატოვა. თვითონ კი დასაზვერად გაემართა. აბა, რა იცოდა გენომ, რომ მას ონლაინ-რეჟიმში ცნობილი ტელეჟურნალისტი უთვალთვალებდა. გენომ მიდამო ყურადღებით დაზვერა და მოზესის გარეშე გადაწყვიტა ნუკას სახლში შეღწევა. საკეტს ატმიჩკა მოარგო. ხელში მაყუჩიანი პისტოლეტი მოიმარჯვა და ბინაში შევიდა. იმ მომენტისთვის არც ტიტე და ნუკა იყვნენ ოთახში და არც მათი ყოფნის კვალი ჩანდა სადმე, რადგან გამოცდილმა ტიტემ ყველა სამხილი თან წაიღო. მიუხედავად ანას თხოვნისა, ნუკა და ტიტე სახლს არ მოსცილებიან. კედელში იყვნენ დამალულები, სარკის უკან და უზარმაზარ სასტუმრო ოთახში მყოფ გენო კოკაიას სულგანაბულები უთვალთვალებდნენ.
გენომ ყურადღებით დაათვალიერა ბინა და ისევე უჩუმრად წავიდა იქიდან, როგორც შეაღწია. მანქანაში რომ ჩაჯდა, მოზესს უთხრა:
– ტიტე ბუკია საყვარელთან არაა და სხვაგან უნდა ვეძებოთ.
– იქნებ სადმე გავიდნენ?
– სად სადმე? გამორიცხულია. იცის, რომ ეძებენ და სასეირნოდ მოიცლიდა?
– ქალი სადღა იყო?
– ალბათ, სამსახურში. შეიძლება, სხვაგანაც. ამას რა მნიშვნელობა აქვს? მთავარია, რომ ტიტე ბუკია არაა იქ და ეტყობა, საყვარლის სახლზე უკეთესი თავშესაფარი მონახა.
– ვინმემ ხომ არ გააფრთხილა და გაიქცნენ?
გენომ მოზესს გაოცებით შეხედა და ღიმილით უთხრა: მე არ გამიფრთხილებია, ვფიქრობ – არც შენ და მეტი ვინ იცოდა ჩვენი ვიზიტის შესახებ?
– იქნებ, ვინმემ დაგინახა და გააფრთხილა?
– ხუმრობ, ჯონ?
– არა, სერიოზულად გეუბნები.
– არა, ჯონ, არა. ამის შანსი თითქმის არ არსებობს. „ცეერუს“ „სპუტნიკმა“ თუ დაგვაფიქსირა და შემდეგ ტიტეს აცნობეს, სხვა საკითხია... – გენომ მანქანა ადგილიდან დაძრა და ღიმილით გააქნია თავი.
***
ტიტე და ნუკა ფრთხილად გამოვიდნენ სამალავიდან. მაიორს პისტოლეტი ჰქონდა მომარჯვებული. ნუკა კი შიშისგან ცახცახებდა. ტიტემ ძლივს დააწყნარა და უთხრა:
– ტელეფონი ჩართე. ანა, ალბათ, რეკავს და ჭკუაზე არაა, რომ ვერ გვიკავშირდება.
როგორც კი ნუკამ ტელეფონი ჩართო, მაშინვე ანა კიკვაძის კონსპირაციულმა ტელეფონმა დარეკა და ნუკას უთხრა:
– გული გამისკდა. სად ხართ?
ანას ტიტემ უპასუხა:
– დამშვიდდი. ყველაფერი რიგზეა. შეგიძლია, ჩვენთან ფრთხილად მოხვიდე?
– მოვდივარ, – უთხრა ანამ ტიტეს და ტელეფონი გათიშა.
თხუთმეტი წუთიც არ იყო გასული, რომ ანა ნუკა ჭყონიას ბინაში იმყოფებოდა. ნუკამ რომ დაქალი დაინახა, გული აუჩუყდა, ჩაეხუტა, აქვითინდა და იმეორებდა:
– ანა, ძვირფასო, შენ რომ არა, ახლა მე და ტიტე მკვდრები ვიქნებოდით. იცი, რამხელა მაყუჩიანი პისტოლეტი ჰქონდა იმ კაცს, აქ რომ შემოვიდა?
– სახლში საიდუმლო სამალავი გაქვთ? – ჰკითხა ნუკას საზრიანმა ანამ.
– ჰო. აი, ამ სარკის უკან, – ნუკამ ხელით მიუთითა სამალავისკენ და ანას ჰკითხა:
– შენ საიდან შეიტყვე, რომ ჩვენთან მკვლელი მოდიოდა?
– სავარაუდოდ, მკვლელები, – შეუსწორა ანამ ნუკას. ტიტემ კი საყვარელს განუმარტა:
– საიდან შეიტყო და ვიდეოთვალიდან.
– ჰო, ვიდეოთვალიდან, – დაეთანხმა ანა მაიორს, – ვანიკოს დავაყენებინე გუშინ ფარულად. გული მიგრძნობდა, რომ დაგვჭირდებოდა და არც შევმცდარვარ.
– მაინც, რა ხდება ჩვენს თავს? – იკითხა ნუკამ და ტიტეს ჩაეხუტა.
– რა და ტიტეს ეძებენ, რომ მისი მეშვეობით პავლე გოკიელზე გავიდნენ, – მიუგო ანამ.
– საიდან იციან, რომ ტიტე ჩემთანაა?
– ვარაუდით იციან. ახლა, ალბათ, სხვაგან წავიდნენ ტიტეს საძებნად.
– ჩვენი ურთიერთობების შესახებ რა იციან?
– ამქვეყნად არაფერი იმალება, მით უმეტეს, სიყვარული, – ჩაეცინა ანას. ტიტემ კი ჟურნალისტს ჰკითხა:
– ნეტავ, ვინ იყო ის კაცი?
– სულ მალე გვეცოდინება. ჩემს ახლობელს უკვე ვთხოვე ამის გარკვევა და მალე შემატყობინებს. იუსტიციის სახლში მუშაობს და არ გაუჭირდება, – თქვა ანამ და ფრაზა წესიერადაც კი არ ჰქონდა დასრულებული, მისმა ტელეფონმა დაიწკრიალა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ფოსტა მიიღო. ანამ ტელეფონს დახედა და თქვა:
– პრინტერი ხომ გაქვთ სახლში?
– კი, – მიუგო ნუკამ.
– ჰოდა, მომივიდა ინფორმაცია. ამოვბეჭდოთ და წავიკითხავთ, – თქვა ანამ. ხუთიოდე წუთის შემდეგ ის უკვე ხმამაღლა კითხულობდა ამონაბეჭდს:
– ეს კაცია გენო კოკაიაა, ორმოცდახუთი წლის. ცხოვრობს საბურთალოზე. ამ მისამართზე ცოლ-შვილი არ ჰყავს. აქვს მცირე ბიზნესი. შემოაქვს ელექტრომოწყობილობები და უცხოეთში ხშირად მოგზაურობს, – ანამ სურათი დაანახვა წყვილს და დააყოლა, – შესახედაობით თუ ვიმსჯელებთ, ვერც კი იფიქრებ, რომ მკვლელია.
– მე მგონი, უფრო დაქირავებული მკვლელი, – დაამატა ტიტემ.
– ქილერი? – გაიმეორა ანამ.
– ჰო. ქილერი.
– რატომ ფიქრობ ასე. რაიმე ინფორმაცია გაქვს?
– არა, მაგრამ, უცხოეთში რომ ხშირად მოგზაურობს, ამან მიმიყვანა მაგ აზრამდე... როგორც ეტყობა, „ზაკაზებზე” დადის უცხოეთში.
– ღმერთო, ეს რა დღეში ვართ, – ატირდა ნუკა, – დაქირავებული მკვლელიღა გვაკლდა.
– ეს ძალიან აზარტული და საინტერესოა, – თქვა ანამ და დააყოლა, – დაქირავებულ მკვლელთან პირველად მაქვს შეხება.
– რა აზარტული, გაგიჟდი? რა ჯანდაბად მინდა აზარტი, თუკი ყველას დაგვხოცავენ, – აქვითინდა ნუკა. ტიტემ თავზე ხელი გადაუსვა საყვარელს და უთხრა:
– არ უნდა გადაგერჩინე, ძვირფასო და ხიფათსაც თავიდან აიცილებდი.
– რას ამბობ, ტიტე, – ნუკამ ტირილი შეწყვიტა. ტიტეს წელზე მოხვია ხელები, – შენ გარეშე რა მაცოცხლებს.
– კარგი, გეხუმრე, დამშვიდდი, – ტიტე საყვარელს თმაზე მიეფერა, ანამ კი იკითხა:
– ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ ამ სიტუაციაში რა ვქნათ?
– რა სიტუაციაში? – ვერ მიხვდა ნუკა.
– ამ სიტუაციაში, ნუკა. ნუ იბნევი, – თქვა ანამ და დააყოლა, – დაქირავებული მკვლელებისა და კიდევ, ვინ იცის, ვის გარემოცვაში ვართ და რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ერთ ადგილზე დგომა და მარტო დამალვა არაფერს გვარგებს.
– რამე იდეა გაქვს? – ჰკითხა ტიტემ ჟურნალისტს.
– უნდა გავაქტიურდეთ, – მიუგო ანამ.
– მაინც, რას გვთავაზობ?
– რას და, უპირველესად, ზუსტად უნდა გავიგოთ, თუ ვისი დავალებით მოქმედებს ეგ გენო კოკაია და ვინ ჰყავს გვერდით. ამას რომ გავიგებთ, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.
– ამის გაგება რას მოგვცემს? – იკითხა ნუკამ.
– პირველ ყოვლისა, იმას, რომ ის მაინც გვეცოდინება, ვინ გვებრძვის. ჩვენ, ალბათ, რამდენიმე მხარე გვებრძვის და ყველას თავისი ინტერესი აქვს. უფრო სწორად კი, ერთი ინტერესი – კიბოს ფორმულის ხელში ჩაგდება და გაყიდვა. თუ გავიგებთ, ვინ ვინ არის, მათ ერთმანეთთან დავატაკებთ. ჩვენ კი ამით ვისარგებლებთ და დროს მოვიგებთ.
– შემდეგ? – ჰკითხა ანას ტიტემ.
– რა შემდეგ? – თქვა ანამ.
– შემდეგ. ბოლოს რა უნდა ვქნათ? – პროფესორს და მის კიბოს წამალს რა ვუყოთ, რა ბედი ეწევა ამ ყველაფერს?
– რა ვიცი, დრო დაგვანახვებს, – მხრები აიჩეჩა ანამ.
– რას გვანახებს დრო, – ჩაეცინა ტიტეს, – მთელი ომი ამ ფორმულისთვის ხდება და ასე გაგრძელდება იქამდე, სანამ ვინმე ხელში არ ჩაიგდებს ან სხვა რამ არ მოხდება.
– რა სხვა რამ? – იკითხა ნუკამ.
– რადა, პროფესორი და წამლის ფორმულა რომ გაქრეს სამუდამოდ... – თქვა ტიტემ.
– ამის დაშვება არ შეიძლება, – კატეგორიულად განაცხადა ანამ, – რას ამბობ, ტიტე, ბატონი პავლე რომ არ ყოფილიყო, ახლა არც ჩემი მეუღლე იქნებოდა ცოცხალი და არც შენი ძმა. აგრეთვე, არც ისინი, ვინც პროფესორმა გადაარჩინა. მსოფლიოში კი ათეული მილიონობით კიბოიანია და ყველა შველას ელოდება.
– გასაგებია. კი, ცამდე მართალი ხარ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, – თქვა ტიტემ.
– მაშინ შენ თქვი, რა ვქნათ? – ჰკითხა ანამ.
ტიტემ მხრები აიჩეჩა და მიუგო:
– არ ვიცი. ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რაც უფრო მეტხანს გაგრძელდება ეს ამბავი, მით უფრო მეტი სისხლი დაიღვრება და მეტი უბედურება მოხდება.
– გეთანხმები, ტიტე, მაგრამ, სანამ რამეს მოვიფიქრებდეთ, რაც პროფესორთან შეუთანხმებლად არ მოხდება, გოკიელისა და შენს ურთიერთობაზე უნდა ვიზრუნოთ. ამ წამლის ფორმულის მაძიებლებს კი თუ ერთმანეთთან დავატაკებთ, კარგი იქნება.
– თქვი, რისი თქმა გინდა, – უთხრა ტიტემ ანას.
– გენო კოკაიას უნდა დავასხდეთ კუდზე და კარგი იქნება, თუ მის ბინაში მოსასმენ აპარატურას დავამონტაჟებთ. მაგრამ ისე არ უნდა მოვიქცეთ, როგორც თავად გენო მოიქცა, როცა დაიწვა.
– შენ ვანიკოს მიერ დაყენებულ ვიდეოთვალს გულისხმობ?
– კი.
– ანუ, შენ ფიქრობ, რომ შეიძლება, გენოს ეყენოს სახლსა და კორპუსში დაცვის სისტემა?
– კი.
– როგორ გაიგებ ამას?
– ვანიკოს მეშვეობით, – თქვა ანამ, – ვანიკო ელექტრონიკის გენიაა. მას ისეთი აპარატურა აქვს, რომელიც შეუცდომლად ამოიცნობს მოსასმენ აპარატურასა და ვიდეოთვალს. მას კოკაიას კორპუსს შევამოწმებინებ და თუკი ყველაფერი რიგზეა, ბინაში შეღწევაც შეიძლება.
– კარგი, ბატონო. ვთქვათ, კორპუსი სუფთაა. ბინაში რომ იყოს ვინმე?
– ამას იქ რომ მივალთ, მაშინ შევიტყობთ.
– კარგი და, თუკი კორპუსში ვიდეომოწყობილობებია, მაშინ?
– მაშინ ვანიკო მოაწყობს ისე, რომ არ დავიწვათ, – მიუგო ანამ ტიტეს.
გენო კოკაია და ჯონ მოზესი რომ ნუკა ჭყონიას სახლიდან წამოვიდნენ, დანარჩენი მისამართებიც გადაამოწმეს და ტიტე რომ ვერ აღმოაჩინეს, გაწბილებულები დაბრუნდნენ სახლში. შვეიცარიელი სავარძელში ჩაეშვა და მასპინძელს უთხრა:
– ეს რა მოუხელთებელი ვინმეა. რამდენი ვეძებეთ და არსადაა.
– მოუხელთებლები მხოლოდ მკვდრები არიან. ტიტეს კი აუცილებლად ვიპოვით, – მიუგო გენომ მოზესს.
– როდის? დრო არ ითმენს.
– მალე, – თქვა კოკაიამ, – კიდევ რამდენიმე მისამართს ველოდები და ხვალ გადავამოწმოთ.
– გადავამოწმოთ, მაგრამ ინტუიცია მკარნახობს, რომ კვლავ ტყუილად გავირჯებით.
– აბა, არ მოვძებნოთ?
– როგორ არ უნდა მოვძებნოთ, მაგრამ ვგრძნობ, ეგ მაიორი თავის საყვარელთან იმალება.
– ხომ ვიყავი უკვე იქ და მცირედი კვალიც ვერ აღმოვაჩინე, – მხრები აიჩეჩა გენომ.
– შეიძლება, სხვაგან არიან.
– სად სხვაგან?
– არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მაიორი ბუკია თავის საყვარელთან აფარებს თავს, – ჯიუტად გაიმეორა მოზესმა, – მერწმუნე, გენო, მხეცის ყნოსვა მაქვს და არ ვცდები. რამდენჯერაც ასე დავიჟინე რამე, იმდენჯერ მართალი აღმოვჩნდი. არც ამ შემთხვევაში მღალატობს გუმანი და მაგ ნუკა ჭყონიას მეშვეობით უნდა გავიდეთ მაიორზე.
– მაინც, რას მთავაზობ?
– ქალს უნდა ვუთვალთვალოთ და სასურველ ობიექტზე გაგვიყვანს.
– რომ არ გაგვიყვანოს?
– მაშინ, უნდა დავკითხოთ.
– სხვაგვარად რომ ვთქვათ, გავიტაცოთ და ვაწამოთ ხომ?
– დაახლოებით მასე, – დაეთანხმა გენოს მოზესი.
– მართლა რომ არ იყოს შენებურად და ქალი ტყუილად მოვკლათ? – თქვა კოკაიამ, – ალბათ, დამეთანხმები, რომ როდესაც ასეთ აქციას ჩაატარებ, შედეგის მიუხედავად, ბოლომდე უნდა მიიყვანო საქმე და კვალი წაშალო.
– კი. გეთანხმები და წავშლით კიდეც კვალს.
– კი წავშლით, მაგრამ ქალის ტყუილუბრალოდ მოკვლა რომ მოგვიწიოს?
მოზესმა გაოცებით შეხედა გენოს და უთხრა:
– ტყუილუბრალოდ – რატომ? დაგავიწყდა, რამხელა თანხაზეა საუბარი და განა თანხის გამო არ ხოცავ ადამიანებს?
– კი. ფულს ვიღებ ჩემს საქმეში, მაგრამ ყველა შეკვეთას არ ვასრულებ. უდანაშაულო ადამიანი არასდროს მომიკლავს, არც ბავშვი და არც ქალი.
– ნუ მიწყენ, მეგობარო, მაგრამ არაპროფესიონალივით იქცევი. არადა, შენს კვალიფიკაციაში ნამდვილად არ მეპარება ეჭვი. მოდი, სენტიმენტალიზმი გვერდზე გადავდოთ და საქმეს მივხედოთ.
გენო კოკაიას იმ მომენტში ჯონ მოზესის ნაკუწ-ნაკუწ აქნის სურვილი გაუჩნდა და ძლივს შეიკავა თავი, ასე რომ არ მოქცეულიყო. „ამ ნაძირალას მერე ავაორთქლებ“, – გაიფიქრა გენომ, მოზესს კი უთხრა:
– პრინციპში, გეთანხმები. დავაჯდეთ კუდზე იმ ქალს. მანამდე კი ახალი მისამართები გადავამოწმოთ და თუ კვლავ არ გაგვიმართლებს, ვენდოთ შენს ინტუიციას.
– თანახმა ვარ, – გაეღიმა მოზესს და დააყოლა, – ძალიან მომშივდა. ხომ არ გვევახშმა?
***
გუგული ჭაჭია, იგივე დესიატკა, თავის წინამორბედ შაკალაზე ბევრად ჭკვიანი, საზრიანი და დაუნდობელი იყო. სხვებთან შედარებით, მას ის პრივილეგიაც ჰქონდა, რომ ქალი იყო. თანაც, ძალიან კარგი, მიმზიდველი გარეგნობის ქალი და აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ამ „ანგელოზის“ მიღმა, სასტიკი და ვერაგი მკვლელი იმალებოდა. მინისტრის დავალებით, გუგული არა მარტო ჯონ მოზესს ეძებდა, არამედ მაიორ ტიტე ბუკიასაც და როგორც გენო კოკაია, დესიატკაც ნუკა ჭყონიას მეშვეობით შეეცადა ტიტეზე გასვლას და ზუსტად ორი საათის შემდეგ, იმ დროს ეწვია ქალს, როდესაც მისი ცარიელი ბინიდან ხახამშრალი წამოვიდა გენო. საღამოს შვიდი საათი სრულდებოდა. დესიატკა სამოქალაქო სამოსში იყო გამოწყობილი და ორი თავისი მამაკაცი კოლეგაც ახლდა – ისინიც ასევე, სამოქალაქო სამოსში. გუგულიმ იცოდა, რომ ნუკა ტიტეს საყვარელი იყო. ამიტომ ქალის შეშინებასა და მის ამგვარად გამოტეხვას აპირებდა. არ გამორიცხავდა იმასაც, რომ ქალი გაეტაცებინათ და წამებით გამოეტეხათ. თუკი ტიტე ნუკასთან აღმოჩნდებოდა, მაშინ მაიორის ცოცხლად აყვანას გეგმავდა და სწორედ ამიტომ იახლა თან ორი დამხმარე მამაკაცი კოლეგა. სამივე სპეცრაზმელი კარგად იყო შეიარაღებული მსუბუქი ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით, რომლებსაც უზადოდ ფლობდნენ.
გაგრძელება შემდეგ ნომერში