დიეტა ცივი დღეებისთვის, მათთვის, ვინც განსაკუთრებულად განიცდის მზის სხივების ნაკლებობას #51
როგორ მოვუაროთ თმას ზამთრის სუსხიან დღეებში
ზამთარში თმა, როგორც წესი, მშრალი, მტვრევადი და დაუმორჩილებელი ხდება. თუმცა, არსებობს რამდენიმე მარტივი ხერხი, რომლის დაცვის შემდეგ თმა უფრო კარგი ხარისხის გახდება და ნაკლებად დაზიანდება.
გამოიყენეთ შესაფერისი შამპუნი და კონდიციონერი
ის შამპუნი, რომელიც ზაფხულში ძალიან მოგწონდათ, შეიძლება ზამთრის გამომშრალ და დაზიანებულ თმას საერთოდ არ მოუხდეს. ამიტომ, შამპუნი სეზონურად უნდა ცვალოთ. უმჯობესია, თუ ზამთარში მშრალი და დაზიანებული თმისთვის განკუთვნილ შამპუნს გამოიყენებთ. ცივ ამინდში, ძალიან კარგია კონციდიონერი, რომელსაც ჩამობანა არ სჭირდება. ერთი მხრივ, ეს დამატებით დაატენიანებს თმას, მეორე მხრივ კი, თმის ცხელი ჰაერით გაშრობისას ან უთოთი დახვევა-გასწორებისას, თმაც დაცული იქნება.
რეგულარულად შეიმოკლეთ თმა
თმის გაშრობა და მტვრევა ღერების ბოლოებიდან იწყება. ამიტომ, უმჯობესია, თუ ექვს კვირაში ერთხელ მაინც შეიმოკლებთ რამდენიმე სანტიმეტრით. ზაფხულობით რეკომენდებული ვადა კი, რვა კვირაა.
ყურადღება მიაქციეთ თავის კანს
გაიკეთეთ ნიღბები ზეითუნის, ჟოჟობას, ჩაის ხის ან ყურძნის წიპწის ზეთისგან. ზეითუნის ზეთს დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ჟოჟობას, ჩაის ხის ან ყურძნის წიპწის ზეთი, შეიზილეთ თავის კანში და მთელი ღამით დაიტოვეთ. დილით კი, შამპუნით ჩამოიბანეთ და კარგად გაიშრეთ.
ებრძოლეთ დამუხტულ თმას
მშრალი თმის კიდევ ერთი პრობლემა დამუხტვაა. თუმცა, დღეს უკვე არსებობს სპეციალური საშუალებები ამის თავიდან ასაცილებლად. შამპუნები, კონდიციონერები, სპეციალური შრატები.
ატარეთ თავსაბურავი
ატარეთ ქუდი იმისთვის, რომ თმა და თავის კანი სიცივისა და ქარის ზემოქმედებისგან დაიცვათ. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ ქუდი არ უნდა იყოს ძალიან მჭიდრო, რომ სისხლის მიმოქცევა არ დაირღვეს.
გაიშრეთ თმა კარგად
არასოდეს გახვიდეთ გარეთ ნესტიანი თმით. დაბალ ტემპერატურაზე წყლის მოლეკულები იყინება, რაც ძალიან აზიანებს თმის სტრუქტურას და თმა უსიცოცხლო, უფერული და მტვრევადი ხდება. გაშრობისას ეცადეთ, მინიმუმამდე დაიყვანოთ ფენის ან თმის უთოს ხმარება. იხმარეთ სპეციალური დამცავი საშუალებები.