სიყვარული რეანიმაციაში #51
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹27-50(833)
თიკომ ბიჭს ნაძალადევად გაუღიმა და ხელი გაუწოდა.
– რომ დამირეკე, მეგონა, მეხუმრებოდი. ჩვენი ბოლო შეხვედრა, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებრობით დასრულდა. ვიფიქრე, რომ ყველაფერი დამთავრდა.
ქალმა მხრები აიჩეჩა.
– ჯერ არც არაფერი დაწყებულა სერიოზული. მხოლოდ მცდელობა გვქონდა.
– ჰო, თუმცა, შენ რომ მოგენდომებინა, მცდელობა უშედეგო არ იქნებოდა, – გაიცინა გუკამ და თიკოს ლოყაზე მოუსვა ხელი, – კარგი ქენი, რომ დამირეკე და მოხვედი. ანდროც არ არის სახლში. მთელი ბინა ჩვენს განკარგულებაშია, – გუკამ წელზე ხელის მოხვევა და ჩახუტება დაუპირა, მაგრამ ქალმა მისი ხელები მოიშორა.
– მოიცადე. აქ სალაპარაკოდ მოვედი.
– გეყოფა. ჭკვიანი ხარ. მომწონს შენი მოსმენა, მაგრამ ზოგჯერ ძალიან ბევრს ლაპარაკობ.
– შეიძლება. იმიტომ რომ, დაძაბული ვარ, ვნერვიულობ.
– რატომ ნერვიულობ? შენც თავისუფალი ხარ და მეც. ერთმანეთი მოგვწონს, ხელს არაფერი გვიშლის.
– არა, ასე არ არის, გვიშლის, – თიკომ ბიჭს შეხედა, – რაღაც მაინტერესებს და უნდა მითხრა.
გუკამ ამოიოხრა.
– ისევ ცდილობ, მელაპარაკო. კარგი, გისმენ... გისმენ-მეთქი.
– ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. შენს პასუხზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული, – თიკომ ღრმად ჩაისუნთქა.
– იცი, რომ პროკურორივით მელაპარაკები?
– ხომ გითხარი, ვნერვიულობ-მეთქი. როცა ვნერვიულობ, საკუთარ თავს ვერ ვაკონტროლებ.
– მოეშვი და ისე მკითხე, რა გინდა. გპირდები, გულახდილი ვიქნები.
– ჩემთან ურთიერთობა იმიტომ გინდა, რომ გიყვარვარ?
გუკამ შეხედა და გაიცინა.
– რატომ იცინი, ასეთი სასაცილო ვარ?
– არა. იმიტომ ვიცინი, რომ ქალების უმეტესობას ამ სიტყვის არსი საერთოდ არ ესმის.
– რას გულისხმობ?
– დავუშვათ, გითხარი, რომ ასეა. დამიჯერებ? დაიჯერებ, რომ მიყვარხარ?
თიკოს ყოყმანი დაეტყო.
– ხედავ, თურმე, ყველაფერზე პასუხი ვერ მექნება. არც ისეა საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. შემიძლია, ასე გიპასუხო: მე მომწონს შენთან ყოფნა. ვფიქრობ, რომ შენც მოგწონს. რაღაც ურთიერთობა გვაქვს, რომელიც, შეიძლება, კარგად განვითარდეს და სერიოზული გრძნობაც გაჩნდეს. წინასწარ ამას ვერ დაგეგმავ.
– კარგი, გავიგე, – თიკო ადგა და ჩანთა აიღო.
– სად მიდიხარ?
– ხომ გითხარი, გავიგე-მეთქი. ამისთვის ჯერ მზად არ ვარ.
ბიჭმა მხრები აიჩეჩა.
– ჰო, ვიცი... ქორწილი გინდა, თეთრი კაბა, თითზე საქორწინო ბეჭედი და გარანტია იმისა, რომ კუბოს კარამდე მეყვარები...
თიკომ ჩანთა მკერდზე მიიკრა და ისე წავიდა, ბიჭისთვის აღარ შეუხედავს.
***
დავითი თავს შებოჭილად, დათრგუნულად გრძნობდა. საოპერაციოში ყოველთვის თავისუფალი, შემოქმედებითი და ლაღი იყო. ეს ის სივრცე გახლდათ, სადაც ვერავინ შეედრებოდა და შეეცილებოდა – მისი სივრცე, მისი სამფლობელო. დაძაბულობისგან საფეთქელზე სისხლძარღვები დაებერა. შუბლზე ოფლმა გამოჟონა. რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც დისკომფორტს უქმნიდა.
საოპერაციოდან გამოსული, ტანსაცმელს რომ იხდიდა, იმაზე ფიქრობდა, რომ დაიღალა.
– სოსო, ამ პაციენტს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება. ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე წარმოვიდგენდი. რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს. ერთი ექთანი მუდმივად იყოს მასთან. ნებისმიერ დროს დამირეკეთ, თუკი რამეს შეამჩნევთ. გასაგებია?
– გასაგებია ბატონო დავით, პირველად ხომ არ ვიბარებ ნაოპერაციებ პაციენტს. მით უმეტეს, რომ ოპერაციამ მართლაც ძალიან კარგად ჩაიარა.
– ჰო, კარგად ჩაიარა, – დაფიქრებით გაიმეორა დავითმა და შუბლზე მოისვა ხელი.
– კარგად ხართ? ცუდი ფერი გაქვთ.
– კარგად ვარ, კარგად. წვეულების შესახებ იცი?
– დიახ, თიკომ მითხრა. მიპატიჟებისთვის მადლობას გიხდით, მაგრამ მეეჭვება, წამოსვლა შევძლო. კლინიკის დაკეტვა აუცილებელი არ არის. მე ვიმორიგევებ.
– არა. მინდა, მთელი კოლექტივი ერთად ვიყოთ. ერთი დღე არც კლინიკაზე ვიფიქროთ, არც პაციენტებზე და არც ოპერაციებზე.
სოსოს გაეღიმა.
– პირველად მესმის თქვენგან ასეთი სიტყვები.
– ჰო. ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ხვდება, რომ საკუთარ თავზე უნდა იფიქროს. ვიცი, ახლა რასაც მეტყვი, რომ ცოლის შერთვამ შემცვალა. მე კი მგონია, რომ დრომ შემცვალა.
– რას გულისხმობთ, – სოსომ ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ძალიან აინტერესებდა, რას იტყოდა დავითი.
– იმას, რომ ცოლი ადრეც მყავდა. შვილიც გვეყოლა და ერთი შეხედვით, ნორმალური ოჯახი გვქონდა. მაგრამ, მხოლოდ ერთი შეხედვით და ამას ახლა ვაცნობიერებ.
– არ ვიცი. ასეთ საკითხებში გამოცდილება არ მაქვს.
– ჰო, ცოლი არასდროს გყოლია. შეიძლება, ჩემი საქმე არ არის, მაგრამ, მგონი, საყვარელი ქალი შენც გჭირდება.
– რისთვის? – მხრების აჩეჩვით, გულგრილად ჰკითხა სოსომ, – საკუთარ თავზე ზრუნვას ისედაც ვახერხებ. დამხმარე ქალებიც არსებობენ და ხარისხიანი ტექნიკაც.
– კარგი. ვხვდები, რომ ამ თემაზე ლაპარაკი არ გსიამოვნებს, მაგრამ წვეულებაზე აუცილებლად უნდა მოხვიდე.
სოსომ თავი დაუქნია და ოთახიდან გავიდა. დავითმა ტელეფონი აიღო.
– იცი, რომ უკვე მომენატრე? სად ხარ ახლა? მოდი, ასე მოვიქცეთ – ანდროს უთხარი, ტერასაზე მიგიყვანოს. ხომ მოგწონს ეგ ადგილი, ჰოდა, მეც მალე მივალ. ვივახშმოთ და მომიყვები, დღეს რა გააკეთე. ყველაფერი მაინტერესებს. დღეს უკვე გითხარი, რომ მიყვარხარ?
ცისიამ მობილური გათიშა და გაიღიმა.
– დავითი იყო. იცი, ტერასა სად არის? წამიყვანე. დავითიც მოვა.
– გასაგებია, – ანდრომ გოგოს გახედა, – ძალიან უყვარხარ ბატონ დავითს.
– მეც მიყვარს. ერთად კარგად ვართ. სულ ვფიქრობ, როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ის ავარია რომ არ მომხდარიყო და ერთმანეთს არ შევხვედროდით. წარმოგიდგენია? მიხარია, ავარიაში რომ მოვყევი. ამას როდესმე ვიფიქრებდი? – ცისიამ გადაიკისკისა და ლოყაზე ფოსოები გაუჩნდა. ანდრომ მზერა მოარიდა. რამდენიმე წუთით ორივე დუმდა. სიჩუმე ანდრომ დაარღვია:
– ის კაბა ძალიან გიხდებოდა...
– მართლა? ესე იგი, დავითს მოეწონება.
– შეუძლებელია, არ მოეწონოს. მეეჭვება, არსებობდეს მამაკაცი, რომელიც გულგრილი დარჩება ისეთი ლამაზი ქალის მიმართ, როგორიც შენ ხარ, – სრულიად გულწრფელად წარმოთქვა ანდრომ და ერთბაშად იგრძნო, რომ მას და ცისიას შორის ის ბარიერი წაიშალა, რომელიც უფროსის ცოლსა და ხელქვეითს შორის არსებობს ხოლმე. ამას ცისიაც მიხვდა, მაგრამ არ სწყენია.
– კარგი ბიჭი ხარ, ანდრო. დავითი ამბობს, რომ კარგი ქირურგიც იქნები. დღეს მოთმინებით იტანდი ჩემს ხუშტურებს და მინდა, მადლობა გითხრა. იცი რა, მიდი, შენს შეყვარებულს დაურეკე, ტერასაზე მოვიდეს და საღამო ერთად გავატაროთ.
– შეყვარებული არ მყავს.
– არ მჯერა, – გადაიკისკისა ცისიამ, – მეეჭვება არსებობდეს გოგო, რომელიც შენ მიმართ გულგრილი იქნება.
– ეს სამაგიეროს გადახდაა? პასუხია, იმაზე, რაც წეღან გითხარი?
– არა. მართლა მომწონხარ და სიამოვნებით ვიმეგობრებდი შენთან. ჩვენ თანატოლები ვართ, ერთმანეთის კარგად გვესმის.
– მე ასეთი ვარ. ყველასი მესმის, – მხიარულად თქვა ანდრომ, – მაგრამ მხიარული ვახშამი არ გამოვა. უფრო სწორად, თქვენ უნდა ივახშმოთ ერთად, იმიტომ რომ, წყვილი ხართ, ძალიან კარგი წყვილი.
ცისიამ დაეჭვებით შეხედა.
– მართლა ასე ფიქრობ? ანუ, შენთვის ეს მისაღებია?
– რას გულისხმობ?
– ჩემსა და დავითს შორის ასაკობრივ სხვაობას, სხვას რას უნდა ვგულისხმობდე. როცა ერთად ვართ, ხალხი ისე გვიყურებს... თუმცა, მარტო ხალხი კი არა, ჩემი მშობლებიც კი ფიქრობენ, რომ რაღაც სამარცხვინო გვჭირს. წვეულებაც ამიტომ დაიჟინეს და გვაიძულეს. ამით ჩვენი ურთიერთობის გაპრავებას ცდილობენ. აქაოდა, ჩვეულებრივი ცოლ-ქმარია, რამე ცუდი არ წარმოიდგინოთო. როცა ამაზე ვფიქრობ, ვცოფდები და აღარც წვეულება მინდა.
– მეგონა, ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდი, სხვისი აზრი რომ არ აღელვებს.
– რატომ გგონია ასე?
ანდრომ მხრები აიჩეჩა.
– შენ ხომ მთელ სამყაროს ისე დაუპირისპირდი, არ შეგშინებია. არც ბატონი დავითის დაყოლიება იქნებოდა მარტივი. არა, ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ძალიან უყვარხარ, მაგრამ, მგონი, დღესაც ნერვიულობს.
– ჰო, ნერვიულობს. თანამშრომლებიც ამჩნევთ ამას? პრობლემა მისი შვილიცაა, რომელიც ჯერ არ გამიცვნია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, კანფეტი არ არის.
– თავი მის ადგილას წარმოიდგინე და უკეთ გაუგებ.
– ჰო, ვიცი, – ცისიამ გაიცინა, – ახალგაზრდა დედინაცვალი მეც არ მომეწონებოდა. მგონი, მართლა დავმეგობრდით, ისე თავისუფლად ვლაპარაკობ შენთან.
– შეგიძლია, გული ჩემზე მოიოხო ხოლმე. მოვედით, ხვალ რა გეგმები გაქვს? სად უნდა წავიდეთ?
– ვიცი, ჩემ უკან დევნას საოპერაციოში ყოფნა გირჩევნია...
– არა უშავს. საოპერაციოში ყოფნასაც მოვასწრებ.
– კარგი, მაშინ.
დავითმა ცოლს მანქანის კარი გაუღო და ხელი გაუწოდა.
– ნახე, არ დამიგვიანია. გმადლობ, ანდრო, დღეს ძალიან დამეხმარე. ტაქსის ფულს მოგცემ.
– საჭირო არ არის, ცოტას ფეხით გავივლი.
დავითმა მადლიერებით გაუღიმა და ხელი მეგობრულად ჩამოართვა.
***
გუკამ კარი გააღო, ზღურბლზე ნია იდგა.
– ანდრო სახლში არ არის.
– ვიცი. ველაპარაკე უკვე. მოვა. ნუ გეშიანია, არ შეგაწუხებ. ყავასაც თავად მოვიდუღებ.
– შემოდი, – გუკამ გზა დაუთმო და უკან მიჰყვა. ნიამ ჩანთა და პალტო შემოსასვლელში მიაგდო, ოთახში შევიდა და ტახტზე ფეხმორთხმით ჩამოჯდა.
გუკამ დაკვირვებით შეხედა და თავი გადააქნია.
– წავალ, ყავას მოგიტან. არ ვიცი, თქვენთან რა ხდება, მაგრამ აშკარად გამხნევება გჭირდებათ.
– მოიცა, რას გულისხმობ?
– შენ, თიკოს და ანდროს.
– თიკო რა შუაშია?!
– იმ შუაშია, რომ ეტყობა, კლინიკაში ნერვიული ფონია, ყველანი ძალიან გაღიზიანებულები და აფორიაქებულები ხართ.
– თიკო ნახე, აქ იყო? როდის?
– რა მნიშვნელობა აქვს როდის. მთავარი ის არის, რომ ჩემგან გაბრაზებული წავიდა. ერთმანეთს, ალბათ, აღარ შევხვდებით. ვიცი, რომ ეს ტრაგედია არ არის, მაგრამ გული ნამდვილად დამწყდა.
– ასეთი რა გაუკეთე?
– არაფერი, საქმეც ისაა, რომ არაფერი გამიკეთებია. კარგი ქალია, მომწონს, მაგრამ, რაც მას უნდა, მაგის მიცემა არ შემიძლია. იმიტომ არა, რომ არ იმსახურებს, უბრალოდ, არ შემიძლია. აი, შენ, გაცილებით მარტივად გაქვს ყველაფერი.
– შენ ჩემზე არაფერი იცი, ძალიანაც ნუ გამოიდებ თავს. ანდროს რაღა სჭირს?
– თქვენი შეფის ცოლს დაასეირნებს მანქანით.
– ჰო, ეგ ვიცი. საქმეს სჭირდება, – ჩაილაპარაკა ნიამ, – ყავაზე ამბობდი რაღაცას.
– გავიდეთ სამზარეულოში, მეც მინდა. ტორტის ნაჭერიც უნდა იყოს დარჩენილი.
– ტორტის ნაჭერი? რას აღნიშნავდით?
– გუშინ ერთმა ნაშამ მომიტანა.
ნიამ თავი გადააქნია.
– ესე იგი, თიკო შენთან მიმართებაში არ ცდებოდა. გამოუსწორებელი ვინმე ხარ. კარგია, რომ არ მოატყუე მაინც და ისიც დროზე მიხვდა, შენგან რომ უნდა წასულიყო.
– თიკო კარგი ადამიანია. მე მისთვის არაფერი დამიძალებია. ღირსია, ბედნიერი იყოს.
– ჰო, კარგი ადამიანია. როცა ქალზე ამას ამბობენ, იმას გულისხმობენ, რომ უშნოა, – გაიცინა ნიამ, – ოღონდ არ მითხრა, რომ თიკოში რაღაც განსაკუთრებული დაინახე.
– რატომ არ გჯერა. ყველა ქალს შეუძლია, იყოს ლამაზი.
ნიამ გამომწვევად შეხედა და გადაიკისკისა.
– მეც ლამაზი ვარ?
– რა იყო, ხომ არ მეჩალიჩები. გაფრთხილებ, მეგობრის შეყვარებული, ნაშა, ცოლი ჩემთვის მკვდარი თემაა.
– კარგი, ჰო. ნუ გადაირევი. არანაირი ინტერესი არ მაქვს შენ მიმართ. უბრალოდ, მამაკაცის აზრი მაინტერესებდა.
– რა ხდება, ვინმემ უარი გითხრა და დაგიწუნა? – გაიცინა გუკამ. ნიამ ავად შეხედა.
– გირჩევ, არ გამაბრაზო...
– ჰო, ვიცი, რაღაცას ვხვდები. მაგრამ, არაფერს გეკითხებით, არც შენ და არც ანდროს. თუმცა, ეჭვი არ მეპარება, მძღოლად მუშაობა მისი ოცნება არასდროს ყოფილა.
– გუკა, ძალიან ჭკვიანი ბიჭი ხარ და ერთ რჩევას მოგცემ: ნუ ჩაყოფ ცხვირს იქ, სადაც არაფერი გესაქმება. თვითდაზიანებას მიიყენებ და არ მოგეწონება. ახლა კი მიდი და კარი გააღე – ანდრო მოვიდა.
გაგრძელება შემდეგ ნომერში