რატომ აკრძალა სტალინმა ბულგაკოვის რომანი „ოსტატი და მარგარიტა“ #51
სტალინი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, წინააღმდეგობრივი ფიგურაა და მასზე საუბარი დღემდე აქტუალურია. მისი გარდაცვალებიდან სამოც წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ეს პიროვნება დღესაც ცხოველ ინტერესს იწვევს მთელ მსოფლიოში, როგორც უბრალო ხალხში, ასევე ისტორიკოსებსა და სხვადასხვა სფეროს მკვლევარ-მეცნიერებში. სტალინს დღესაც იკვლევენ, სწავლობენ მის ბიოგრაფიას, აანალიზებენ მის ქმედებებსა და ყველა იმ დასკვნამდე მიდის, რომ ეს იყო ძალიან მაღალი ინტელექტის მქონე, უაღრესად განათლებული ადამიანი.
სტალინს ორი აბსოლუტურად ერთნაირი ბიბლიოთეკა ჰქონდა კუნცევოს აგარაკსა და კრემლის ბინაში. თითოეული 35-35 ათასი წიგნისგან შედგებოდა. სწორედ ამ ბიბლიოთეკის შესწავლამ გააოგნა მისი ბიოგრაფები. სტალინს ჩვევად ჰქონდა, რომ ყოველ წაკითხულ წიგნს, სხვადასხვა გვერდზე საკუთარ კომენტარებს ურთავდა და ამას წითელი და ლურჯი ფანქრებით აღნიშნავდა. სტალინის ბიბლიოთეკაში არსებული პირველი შენიშვნებიანი წიგნი 1889 წლით თარიღდება. ამან მის ბიოგრაფებს საშუალება მისცა, დაედგინათ, რომ ის ათი წლის ასაკიდან უკვე ძალიან აქტიური მკითხველი იყო. ეს წიგნი გახლდათ ილია ჭავჭავაძის პატრიოტული ლექსების მცირე კრებული, გამოცემული 1887 წელს. ამ თხელტანიანი წიგნის შიდა ყდაზე ათი წლის სოსო ჯუღაშვილს წითელი ფანქრით მიეწერა: „დიდებულია და ფრიად სასარგებლო ბატონი ილია ჭავჭავაძის ლექსები“. იმ პერიოდში, ანუ ათი წლის ასაკიდან სტალინი რუსი და ფრანგი მწერლების შედარებით მსუბუქ ნაწარმოებებს ეცნობა. ხოლო 1894-1895 წლებში 15-16 წლის სტალინი საფუძვლიანად ეცნობა ფრანგი განმანათლებლების ნაწარმოებებს, კლასიკურ გერმანულ ფილოსოფიასა და აკრძალულ ლიტერატურას. სხვათა შორის, სტალინის პირად ბიბლიოთეკაში მრავალი ისეთი წიგნი აღმოჩნდა, რომელიც პირადად სტალინის მიერ იყო აკრძალული საბჭოთა კავშირში. იქ იყო მიხაილ ზოშჩენკოს მოთხრობები, ადრეული პასტერნაკი, მანდელშტამი, ბულგაკოვი. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტას“ გვერდებზე გაკეთებული წარწერები. ცნობილია, რომ „ოსტატი და მარგარიტა“ სპეციალურად სტალინისთვის დაბეჭდეს ერთადერთ ეგზემპლარად. დიდი ბელადი აღფრთოვანებული იყო ამ ნაწარმოებით და თითქმის ყოველ გვერდზე წითელი ფანქრით ჰქონდა მიწერილი: „გენიალურია, მახვილგონივრული მიგნებაა“ და ასე შემდეგ. სტალინს განსაკუთრებულად მოსწონდა წიგნის ის ადგილი – დიალოგი, სადაც პილატე აფრანიუსს იუდას მოკვლას ავალებს. სტალინს აგრეთვე ძალიან ახალისებდა ვოლანდის გარემოცვა და ერთ-ერთ გვერდზე მიაწერა: „კოროვიევი, ბეჰემოთი და აზაბელო – ბერიას კრებითი სახე...“ მოწონების მიუხედავად, წიგნის შიდა, პირველ ყდაზე წითელი ფანქრით, რუსულ ენაზე, ლამაზად, დიდი ასოებით მიაწერა: „აიკრძალოს. საბჭოთა ხალხისთვის ამ წიგნის კითხვა ჯერ ადრეა“.
სტალინის ბიოგრაფიის ყველა სერიოზული მკვლევარი თითქმის ერთხმად აღნიშნავს, რომ დიდ ბელადს განსაკუთრებულად ორი წიგნი ხიბლავდა. ნიკოლო მაკიაველის „მმართველი“ („გასუდარ“) და ალექსანდრე დიუმას „გრაფი მონტე კრისტო“. „მმართველის“ შიდა ყდაზე სტალინმა მიაწერა: „პოლიტიკის წარმართვის თითქმის იდეალური რეცეპტი“. ხოლო „გრაფი მონტე კრისტოს“ ბოლო გვერდზე კი, სტალინმა ლურჯი ფანქრით მიაწერა: „დიდებული ნაწარმოებია, თუმცა, დანტესს მეტი სისასტიკე მართებდა“.
სტალინის ბიბლიოთეკაში ბიბლიის ძალიან საინტერესო ეგზემპლარია და ესაა ერთადერთი წიგნი, რომელსაც არანაირი კომენტარი არ აქვს დართული. ეს წიგნი სხვა მხრივაა საინტერესო და საგულისხმოა, რომ მასზე თბილისის ჟანდარმერიის სამმართველოს შტამპია. თავად წიგნი კი შუაში, ნახევრამდეა გახვრეტილი და რამდენიმე ფურცელიც დამწვარია. სწორედ ამ წიგნმა გადაარჩინა 20 წლის იოსებ ჯუღაშვილის სიცოცხლე 1899 წელს. იმ პერიოდში ახალგაზრდა სტალინი ძალიან აქტიურ არალეგალურ ცხოვრებას ეწეოდა და ბაქოდან თბილისში, თბილისიდან ბაქოში არალეგალური ლიტერატურა დაჰქონდა. ერთ-ერთი ასეთი ვოიაჟის დროს, 4 მაისს, ბაქოდან ჩამოსული, არალეგალური ლიტერატურით დატვირთული სტალინი თბილისის რკინიგზის სადგურზე ჟანდარმებმა დააკავეს და ჟანდარმერიის სამმართველოში მიიყვანეს. მას ვინმე, იაკობ ბაქრაძის სახელზე გაცემული, ყალბი პასპორტი აღმოაჩნდა. სანამ ჟანდარმები მის პიროვნებას იკვლევდნენ და არალეგალური ლიტერატურის წარმომავლობას სწავლობდნენ, რომლის პატრონობასაც დაკავებული უარყოფდა, სტალინი საკანში მოათავსეს და მისივე თხოვნით, ჟანდარმერიის ბიბლიოთეკიდან ბიბლია მიუტანეს.
„მე ასტრახანში მოღვაწე მორჩილი ვარ და ბაქოს გავლით, თბილისში იმიტომ ჩამოვედი, ბათუმში გავემგზავრო. ეს ჩანთა კი ვიღაც შუახნის მამაკაცმა გადმომცა ბაქოში და მითხრა, მის წასაღებად ქალი მოვაო. მე არც მინახავს, შიგნით რა დევს“, – ატყუებდა სტალინი ჟანდარმებს, თან ბადრაგის ცვლილებას ელოდებოდა, რომ სამმართველოდან გაპარულიყო. ჟანდარმერიის სამმართველოში ვინმე ვასო ნიკოლაძე მუშაობდა ბადრაგად. ის მარქსისტებს თანაუგრძნობდა. 1899 წლის 5 მაისს, გამთენიისას სწორედ მან გაიყვანა საკნიდან დაკავებული სტალინი და გაუშვა. 20 წლის იოსებ ჯუღაშვილი, რომელიც მშვენივრად იცნობდა თბილისის ქუჩებს, მეტეხის ხიდზე გადავიდა და ღვინის აღმართს აუყვა, რომ ავლაბარში მიმალულიყო. სომხურ ეკლესიასთან ის პოლიციის პატრულს გადეყარა და გაიქცა. პოლიციელებმა სროლა აუტეხეს და ნაგანის ერთ-ერთი ტყვია ბიბლიას მოხვდა. სტალინმა ის ჟანდარმერიის სამმართველოდან წამოიღო და გულის ჯიბეში ედო. ტყვიას სქელმა, დამრეცმა ფურცლებმა შეუცვალა მიმართულება და მარცხნივ წავიდა, თუმცა სტალინის მარცხენა მკლავს მაინც გაჰკრა... მოგვიანებით, სტალინი ღიმილით იხსენებდა იმ საბედისწერო დღეს და ამბობდა: ღმერთმა გადამარჩინაო...
სტალინის ბიბლიოთეკაში საკმაოდ მოზრდილი სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურაა, რომელზეც დიდ ბელადს მეტად კვალიფიციური და მეცნიერებაში ღრმად ჩახედული ადამიანისთვის დამახასიათებელი წარწერები აქვს გაკეთებული. სტალინისვე ბიბლიოთეკაშია აღმოჩენილი „ვეფხისტყაოსნის“ შალვა ნუცუბიძისეული თარგმანი რუსულ ენაზე. ბელადს ის დიდმა ქართველმა მეცნიერმა აჩუქა წარწერით: „პატივისცემით დიდ სტალინს, ყველა ჩვენი გამარჯვების სულისჩამდგმელსა და წინამძღოლს“. იქვე კი, სტალინს წითელი ფანქრით აქვს მიწერილი: „ვიღებ ამ ძღვენს, როგორც მოკრძალებული თანაავტორი“. ეს წარწერა, ისევე, როგორც ნუცუბიძისეული, ქართულ ენაზეა დაწერილი და „ვეფხისტყაოსნის“ რუსულად თარგმნაში სტალინის მონაწილეობის აღმნიშვნელია. ცნობილი ფაქტია, რომ ერთხელ სტალინმა შალვა ნუცუბიძეს „ვეფხისტყაოსნის“ რუსულად ნათარგმნი ერთი თავი მისცა და სთხოვა, შეეფასებინა. ნუცუბიძეს კი ისე მოეწონა სტალინის თარგმანი, რომ თავის თარგმანს დაურთო. თუმცა, რომელი თავია ნუცუბიძისეულ თარგმანში სტალინის ნათარგმნი, დიდ მეცნიერს არავისთვის გაუმხელია.