როგორ დავამარცხოთ თავის ტკივილი წამლის გარეშე #51
თუ თავი სახლში ყოფნისას აგტკივდათ, გაითვალისწინეთ, რომ მის დასამარცხებლად ძალიან კარგი საშუალებაა ცხელი აბაზანა. თუ გინდათ, რომ თავის ტკივილმა არ შეგაწუხოთ, დალიეთ დიდი რაოდენობით წყალი, რადგან ამ ჩივილის ერთ-ერთი გამომწვევი – ორგანიზმის ასეთ ვითარებაში სისხლის ნაკადის მიწოდება ტვინამდე, ნელდება. როგორც კი თავის ყრუ ტკივილის იგრძნობთ დალიეთ ერთი ჭიქა ცივი წყალი. თუ ტკივილი დეჰიდრატაციით არის გამოწვეული, ის რამდენიმე წუთში გაივლის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად დღის განმავლობაში რვა ჭიქა წყალი მაინც უნდა მიიღოთ. წყლის მიღება განსაკუთრებით აუცილებელია ალკოჰოლის მოხმარების შემდეგ, რადგან ნაბახუსევმა შესაძლოა, სხეულის გამოშრობა გამოიწვიოს. დაისხით ერთი ჭიქა უბრალო ცივი წყალი და დალიეთ აუჩქარებლად, დაახლოებით 15-20 ყლუპით. შემდეგ რამდენიმე წუთით მოდუნდით და ტკივილი ძალიან მალე გაგივლით. თავის ტკივილი ყოველთვის არ მოითხოვს სამედიცინო ჩარევას. გარდა წყლისა, არსებობს არაერთი სხვა საშუალება, რომლითაც შეგიძლიათ, ტკივილს წამლის გარეშეც მოერიოთ. უშუალოდ ტკივილის დროს შეგიძლიათ, თავი და კისერი კარგად ჩაითბუნოთ, მიიღოთ ცხელი შხაპი, დაიდოთ ცხელი სათბური, რადგან სითბო დაჭიმულ კუნთებს მოდუნებაში ეხმარება. თუმცა, ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგჯერ ყინულის დადებაც ეფექტურია – რადგან, მას გამაბუჟებელი ეფექტი აქვს და შესაძლოა, ტკივილის შეგრძნება გააყუჩოს.
ძლიერი თავის ტკივილის თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ თაფლი. მიიღეთ ის ყოველი ჭამის შემდეგ ორი ჩაის კოვზის ოდენობით. თავის ტკივილის შეჩერების შემდეგაც შეჭამეთ კიდევ ერთი სუფრის კოვზი თაფლი, ორგანიზმი მას სწრაფად ითვისებს და ხშირად თავის ტკივილი თაფლის მიღებიდან ნახევარი საათის შემდეგ ქრება. თუ თავის ტკივილი მაინც არ მოგეხსნათ, კიდევ ერთი სუფრის კოვზი თაფლი შეჭამეთ. ის დამამშვიდებლად მოქმედებს ორგანიზმზე და თავის ტკივილსაც შველის.
თავის ტკივილთან ბრძოლის ძალიან ეფექტური საშუალებაა ლავანდის ზეთი. ის, ზოგადად, არაჩვეულებრივი დამამშვიდებელი საშუალებაა. საშუალო ზომის ჯამში ჩაასხით ცხელი წყალი და დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლავანდის ზეთი. აიღეთ პირსახოცი და ამ სითხით დაასველეთ, დაიდეთ თავზე. ისუნთქეთ ღრმად და დახუჭეთ თვალები. შეგიძლიათ, ლავანდის ზეთი გამოიყენოთ მასაჟის საშუალებითაც. საფეთქლის არეში ზეთიანი თითებით გაიკეთეთ მსუბუქი, წრიული მოძრაობები.
ტკივილის გასაყუჩებლად ძალიან კარგი საშუალებაა თვითმასაჟი. ორივე ხელის საჩვენებელი და შუა თითებით დააწექით საფეთქელს და თითებით შეასრულეთ წრიული მოძრაობა რამდენიმე წუთის განმავლობაში. გარდა ამისა, ხელით მოძებნეთ თავის ქალის დასაწყისში არსებული ჩაღრმავება, კისრის ორ ვერტიკალურ კუნთს შორის. დახუჭეთ თვალები, გადაწიეთ თავი უკან და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაიმასაჟეთ ეს ადგილი ორივე ხელის ცერა თითებით. საჭიროა, ყოველდღიურად მიიღოთ მჟავის მეტი რაოდენობა. კონკრეტულად კი ვაშლის ძმარი, რომელიც თავის ტკივილის გარდა, კიდევ ბევრი რამისთვისაა სასარგებლო.
ტკივილის დასამარცხებლად მოამზადეთ სამკურნალო ჩაი: ორმოცდაათ გრამ ჩაის დაუმატეთ ოცი გრამი დაფქული ვალერიანის ძირები, ოცდაათი გრამი გვირილისა და ძირას ნაყოფის ნარევი – ორი ჩაის კოვზი. დაასხით 0, 75 ლიტრი მდუღარე წყალი. დააყოვნეთ ოცი წუთი, გააცივეთ და მიირთვით ნახევარი ჩაის ჭიქა დღეში ორ-სამჯერ.
თავის ტკივილისა და დაძაბულობის მოსახსნელად შეგიძლიათ, გამოიყენოთ მიხაკი. დაფშვენით რამდენიმე თავი მიხაკი და სუფთა ნაჭერში ან ცხვირსახოცში მოათავსეთ. დაიდეთ ის ცხვირისა და შუბლის მიდამოებთან ახლოს, მიხაკის სუნი პირველი სამკურნალო საშუალებაა. ასევე, ერთმანეთში აურიეთ მიხაკის ზეთი და ზღვის მარილი. მიღებული ნარევის დახმარებით გაიკეთეთ მასაჟი შუბლის არეში.
ხალხურ მედიცინას შედეგიანად მიაჩნია, აგრეთვე, შაკიკის მკურნალობაში ვაშლის ძმრის გამოყენების ერთ-ერთი წესი – ორთქლის აბაზანა. ცეცხლზე დადგით ჯამი, რომელშიც ასხია ვაშლის ძმრისა და წყლის თანაბარი ნარევი. დაელოდეთ, სანამ ნელ დუღილს დაიწყებდეს. როცა ორთქლი აუვა, თავი ჯამზე დახარეთ და ასე იყავით, სანამ ორთქლი ცოტად თუ ბევრად ინტენსიური იქნება. ორთქლი 50-ჯერ შეისუნთქეთ, როგორც წესი, ამის შემდეგ თავის ტკივილი ქრება. თუ ის ხელახლა აგიტყდათ, მაშინ ორჯერ უფრო სუსტი იქნება.
ჯინჯერი კიდევ ერთი საშუალებაა თავის ტკივილით გამოწვეული დისკომფორტის მსახსნელად. მას ანთების საწინააღმდეგო ფუნქციები აქვს და ხშირად გამოიყენებენ, როგორც დამამშვიდებელ საშუალებას. თხლად დაჭრილი ჯინჯერის რამდენიმე ნაჭერი მოათავსეთ ჩაიში, გააჩერეთ რამდენიმე წუთით და შემდეგ მიირთვით. ასევე, შეგიძლიათ ჯინჯერის რამდენიმე ნაჭერი წყალთან ერთად მოხარშოთ და სიროფის სახით მიიღოთ ან, უბრალოდ, დაჭრათ ის კუბიკებად და საღეჭი რეზინის მსგავსად ჩაღეჭოთ.
ტკვილის გაგიყუჩებთ შემდეგნაირი ჩაი: აურიეთ 30 გრამი შვიტა, 50 გრამი წითელი კუნელი. მოადუღეთ, როგორც ჩაი და დალიეთ ნახევარი ჩაის ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
ეფექტური ტკივილგამაყუჩებელია დარიჩინი. აიღეთ ორი ჩაის კოვზი დარიჩინი და ერთ ჭიქა თბილ რძეში ჩაყარეთ, კარგად მოურიეთ და მიირთვით. შეგიძლიათ, დატკბობის ეფექტისთვის, დააამატოთ ცოტაოდენი თაფლიც.
თავის ტკივილის დროს, უბრალოდ, დაითბუნეთ ფეხები ცხელი წყლით, დაახლოებით, ოცი წუთის განმავლობაში.
დაიცავით რამდენიმე ზოგადი წესი:
ივარჯიშეთ რეგულარულად, რაც არა მხოლოდ თავის ტკივილის დამარცხებაში, მთელი ორგანიზმის გაჯანსაღებასა და სასურველი გარეგნობის მიღწევაში დაგეხმარებათ.
დაიძინეთ და გაიღვიძეთ ერთსა და იმავე დროს.
იძინეთ საკმარისად, მაგრამ არა გადაჭარბებულად. თავის ტკივილს იწვევს ძილის ნაკლებობაც და გადაჭარბებული ძილიც.
დილით საუზმე აუცილებლად ერთსა და იმავე დროს მიირთვით და ბევრი იარეთ ფეხით.
მკურნალობა კვერცხით
ფრინველის კვერცხი მაღალი კვებითი ღირებულების მქონე პროდუქტია. ის შეიცავს თითქმის ყველა ცნობილ ვიტამინს, რომელთაგან განსაკუთრებით აღსანიშნავია A, D, E, K და P ვიტამინები. კვერცხის გულის თითქმის მესამედს ცხიმები შეადგენს. თუმცა, ძირითადად, კვერცხი საკვები ცილების წყაროა. კვერცხის ცილა და ცხიმი ბიოლოგიურად სრულფასოვან და ადამიანისთვის ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებს მიეკუთვნება. კვერცხი ბევრი დაავადების სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ. მოწამვლით გამოწვეული კუჭ-ნაწლავის ფუნქციური აშლილობის დროს, რეკომენდებულია, კვერცხის ცილას შეათქვიფოთ ერთი ჭიქა ადუღებული წყალი, ცოტაოდენი შაქარი და ყლუპ-ყლუპად დალიოთ. ამოვარდნილობისა და სახსრების სხვა დაზიანებისას, ნატკენ ადგილზე შეიზილეთ ასეთი ნარევი: ერთ კვერცხის ცილას დაამატეთ ერთი სადილის კოვზი ფქვილი და ერთი სადილის კოვზი სპირტი. კარგად მოურიეთ. მალამოს წასმის შემდეგ სახსარი მჭიდროდ შეიხვიეთ ბინტით და მთელი ღამე გაიჩერეთ. კვერცხის ნაჭუჭი გამოიყენება კარიესის, ოსტეოპოროზის, ხერხემლის, ღრძილებიდან სისხლდენის, გაღიზიანებისა და ალერგიის სამკურნალოდ. ასევე, ეფექტურია ასთმის სამკურნალოდ, შეიძლება, არ განგკურნოთ, თუმცა შედეგი ადვილი შესამჩნევი გახდება – მდგომარეობა შეგიმსუბუქდებათ. მედიცინა, ასევე, გვთავაზობს კვერცხის ნაჭუჭით თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების მკურნალობას. ეფექტურია დამწვრობის, გასტრიტისა და დიარეის დროს. ამცირებს კენჭებს თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში. ქათმის კვერცხი კარგად გარეცხეთ თბილი წყლით და საპნით. შემდეგ გაამშრალეთ. პატარა ბავშვებისთვის აუცილებელია კვერცხის 5 წუთით მდუღარე წყალში მოთავსება. გასტერილებულ კვერცხის ნაჭუჭს მოაცალეთ შიგნითა აპკი. ნაჭუჭი კარგად გააშრეთ და დააქუცმაცეთ ფაიფურის სანაყში. ნაჭუჭის ფხვნილს დააწვეთეთ ლიმონის რამდენიმე წვეთი, გააზავეთ მცირე რაოდენობის წყალში და ასე მიიღეთ. მცირე ასაკის ბავშვებისთვის – უმცირესი რაოდენობით, დღეში ერთხელ, 3-4 კვირის განმავლობაში, წელიწადში ორი კურსი. ხოლო, უფროსი ასაკის ბავშვებისთვის, თვე-ნახევრიდან სამ თვემდე, წელიწადში ორი კურსი. ანგინისა და გულძმარვის დროს რეკომენდებულია ახალი, უმი კვერცხის ცილის დალევა. დამწვრობის სამკურნალოდ კარგია ასეთი მალამო: აიღეთ ერთი და იმავე მოცულობის ახალი კვერცხის ცილა, ქაცვის ზეთი და კრაზანას ცხიმი, კარგად აურიეთ. წაისვით დამწვარ ადგილზე, ზემოდან დაიფინეთ ქაღალდის ხელსაწმენდი და დოლბანდით შეიხვიეთ. ნახვევი ყოველდღე იცვალეთ. ეს მალამო სწრაფად აშუშებს დამწვრობას. უმჯობესია, სამკურნალოდ გამოიყენოთ მხოლოდ ქათმის კვერცხის ნაჭუჭი. მას გააჩნია მაღალი თერაპიული აქტივობა და არა აქვს არავითარი თანმხლები გართულებები, მათ შორის, ბაქტერიული დასნებოვნება. ფაღარათის დროს ერთ კვერცხის ცილას შეურიეთ 4 წვეთი იოდი, არ ათქვიფოთ და მცირე ულუფებით, ყლუპ-ყლუპად სვით. ნაწოლების დამუშავება რეკომენდებულია დღეში სამჯერ ასეთი ნარევით: წამოდუღებულ და გაგრილებულ ზეითუნის ზეთს შეურიეთ უმი კვერცხის ცილა და საგულდაგულოდ ათქვიფეთ. კვერცხის ნაჭუჭი კალციუმის ბუნებრივი წყაროა. მართალია, კალციუმს ვხვდებით თაბაშირსა და ნაცარშიც, მაგრამ ნაჭუჭი ერთადერთია, რომელიც ორგანიზმის მიერ თითქმის მთლიანად შეიწოვება და აუცილებელია ფუნქციონირებისთვის. ნაჭუჭის კალციუმი იდენტურია ადამიანის ძვლებისა და კბილებისა, ამიტომ მათი თავსებადობა უნივერსალურია.
რას და როგორ ვუმკურნალოთ დაფნით
დაფნით მკურნალობას დიდი ისტორია აქვს. ის გამოიყენება კუნთების ძლიერი ტკივილის, წყლულების, დამბლის, ნერვული სისტემის დარღვევების სამკურნალოდ. დაფნა ძალიან კარგად მოქმედებს დიაბეტიანებზე. აიღეთ დაფნის 30 ფოთოლი, მოათავსეთ მინის ჭურჭელში, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი. მიღებული ნაყენი მიიღეთ დილაობით, უზმოზე ორი სუფრის კოვზის ოდენობით და შემდეგ, დღეში სამ-ოთხჯერ. რამდენიმედღიანი კურსის შემდეგ, იგრძნობთ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. უკან დაიხევს სახსრების ტკივილი, ნაკლებად შეგაწუხებთ დაღლილობა, გაგიადვილდებათ სუნთქვა და გაგიძლიერდებათ ორგანიზმი. ასევე კარგია ღვიძლის ანთებისა და სტომატიტის დროს. თუ ფეხების ოფლიანობა გაწუხებთ, დაწოლამდე, ყოველდღიურად გაიკეთეთ ფეხის თბილი, დაფნის აბაზანა. ის თქვენს ფეხებს დაეხმარება უკეთ, ვიდრე ძვირად ღირებული და რეკლამირებული მალამოები და დეზოდორანტები. კარგია, თუ დაფნის ფოთლებს უბრალოდ დააწყობთ სამზარეულოში. ასე თავიდან აიცილებთ იქ ტარაკნების არსებობას, რადგან დაფნის სუნს ვერ იტანენ. რა თქმა უნდა, კარგია მისი გამოყენება სოუსებში, როგორც არომატისთვის, ისე ჯანმრთელობისთვის.